დიდი 10. XI ტურის წინ: ვინ იქნება ზამთრის ჩემპიონი?

AutoSharing Option
მომავალ უქმეებზე საქართველოს ჩემპიონატის მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართება. წლეულს ეს ბოლო ტურია და მერე გათამაშება მომავალი წლის თებერვლიდან განახლდება.

მეორე წრის პირველი ტურის შემდეგ კი სატურნირო ცხრილში საინტერესო ვითარება შეიქმნა. სამმა გუნდმა, თბილისის "ლოკომოტივმა", თბილისის "ლელომ" და გორის "ჯიქმა" თანაბარი, 32-32 ქულა დააგროვეს. მათ ერთი ქულით ჩამორჩება ქუთაისის "აია", ამ უკანასკნელზე კიდევ ერთი ქულით ნაკლები აქვს "ბათუმს". სავარაუდოდ, ეს სიის ხუთეულია, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. მეექვსე ადგილზე მყოფი "არმია" ბათუმელებს რვა ქულით ჩამორჩება.

წინა წლებთან, თუნდაც გასულ სეზონთან შედარებით, ძნელი სათქმელია,
ვინ გააღწევს თუნდაც ფინალში, რომ არაფერი ვთქვათ ჩემპიონის ვინაობაზე. შესაბამისად, შეჯიბრება კიდევ უფრო საინტერესო გახდა და თამაშის ხარისხიც, თუნდაც წინა წელიწადთან შედარებით, გაუმჯობესდა. ყოველ შემთხვევაში, მატჩების სანახაობრივი მხარე ბევრად უკეთესი გახდა.

გასულ ტურში, წლევანდელ სეზონში საუკეთესო მატჩი გამართა ბოლო ოთხი სეზონის გამარჯვებულმა "ლელომ". ამ მატჩის რეპორტაჟი ჩვენს გაზეთში უკვე იყო და მასზე აღარ შევჩერდებით. ერთს კი ვიტყვით, რომ ამ გუნდს ნამდვილად აქვს საფუძვლიანი ამბიცია, ზედიზედ მეხუთედ გახდეს საქართველოს ჩემპიონი.

დიდ ინტერესს იწვევდა მე-10 ტურამდე ლიდერად მყოფი ქუთაისის "აიას" დაპირისპირება სტუმრად "ბათუმთან". ზღვისპირა ქალაქში მატჩის დღეს ძალიან ცუდი ამინდი იყო: წვიმდა, ქროდა ძლიერი ქარი. სავარაუდოდ, ორივე გუნდს არ მიეცა საკუთარი ძლიერი მხარეების წარმოჩენის საშუალება. თუმცა მასპინძლებმა 15 ქულა ისე აიღეს, რომ მეტოქე მშრალზე დატოვეს. ქუთაისური გუნდის მიერ მატჩის უქულოდ დამთავრება ცოტა უცნაურიც კია.

მომდევნო ტურში "აია" აუტსაიდერ ბოლნისის "ყოჩებს" უმასპინძლებს, ბათუმელები კი კიდევ ერთ ქუთაისურ გუნდს, "ბაგრატს" დაუხვდებიან.

დაძაბული გამოდგა ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონის, თბილისის "ლოკომოტივის" მატჩი ბოლოსწინა ადგილზე მყოფ თბილისის "არმაზთან". მეტიც, რკინიგზელებმა პირველი ტაიმი წააგეს, თუმცა შესვენების შემდეგ თამაშში გარდატეხა შეიტანეს და მინიმალური სხვაობით - 14:13 გაიმარჯვეს.

"ლოკომოტივს" მომდევნო ტურში არანაკლებ მძიმე ბრძოლა ელის "არმიასთან", რომელსაც პლეი ოფში თამაშის ამბიცია აქვს. არმიელებმა განვლილ ტურში გორის "ჯიქთან" წააგეს - 8:26. გორული გუნდი ერთი ხანობა ლიდერიც იყო, მაგრამ მერე ნელ-ნელა პოზიცია დათმო. ახლა "ჯიქი" "სამხელისუფლებიანობის" ერთ-ერთი წევრია.

"გორელთა მორიგი მეტოქე თბილისის "აკადემიაა", რომელსაც პლეი ოფში მოხვედრის არც თეორიული შანსი დაუკარგავს და არც პრაქტიკული. საამისოდ აკადემიელებს სერიოზული ბრძოლების გადატანა მოუწევთ. არის თუ არა ეს გუნდი ამისთვის მზად, სწორედ "ჯიქთან" ბრძოლაში გამოჩნდება.

დიდი 10. XI ტური
ბათუმი-ბაგრატი
აია-ყოჩები
აკადემია-ჯიქი
არმია-ლოკომოტივი
არმაზი-ლელო

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ლოკომოტივი 10 7 1 2 +46 32 2
2. ლელო 10 6 2 2 +56 32 4
3. ჯიქი 10 6 1 3 +95 32 6
4. აია 10 7 0 3 +33 31 3
5. ბათუმი 10 7 0 3 +39 30 2
6. არმია 10 5 0 5 -13 22 2
7. აკადემია 10 4 0 6 -8 20 4
8. ბაგრატი 10 3 0 7 -45 17 5
9. არმაზი 10 2 0 8 -96 10 2
10. ყოჩები 10 1 0 9 -97 7 3

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული