"ბორჯღალოსნების" ბრაზილიელი ქომაგი: მინდა, ბრაზილიელებს საქართველო ჩემი თვალით ვანახო

AutoSharing Option
ბრაზილია ის ქვეყანაა, სადაც ნომერ პირველი სპორტი ფეხბურთია და იქ იშვიათად თუ იპოვით რაგბიზე შეყვარებულ გულშემატკივარს. თუმცა არა მხოლოდ რაგბიზე, არამედ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებზე შეყვარებული ადამიანი ვნახეთ.

დიეგო დუბარდი ბრაზილიელი მორაგბე და ფოტოგრაფია. ის უკვე წლებია "ბორჯღალოსნებს" გულშემატკივრობს. 2013 წელს დიეგო არგენტინაში სპეციალურად ჩვენი ნაკრების საგულშემატკივროდ ჩავიდა, 2014 წლის ბოლოს კი საქართველოსაც ესტუმრა.

დიეგომ Sportall.ge-სთან სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

- როდის და რატომ დაიწყე ჩვენი ნაკრების გულშემატკივრობა?
- რაგბის თამაში გვიან, 26 წლის ასაკში დავიწყე. მიზეზი ჩემი ყოფილი შეყვარებულია.
რაგბის თამაში მას სურდა, თუმცა ქალთა ნაკრები არ გვყავს და დავპირდი, რომ დავეხმარებოდი.

თამაში ადგილობრივ კლუბში დავიწყე. თავიდან "ექვსი ერის" თამაშებს ვუყურებდი და ბევრს ვსწავლობდი. 2011 წელს გუნდში პორტუგალიელი მწვრთნელი მოვიდა. მაშინ კაპიტანი ვიყავი და მან მითხრა, თამაშით ქართველს ჰგავხარო...

სახლში მისულმა "ბორჯღალოსნების" რამდენიმე თამაში ვნახე და ვცადე, მსგავსება მეპოვა ჩემსა და მათ შორის. ამის მერე ვარ საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი.

- როგორც ვიცით, ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდი. მოგეწონა? რამდენად გამართლდა შენი მოლოდინები?
- საქართველოს ნაკრებთან ორი დაუვიწყარი მოგონება მაკავშირებს. პირველად, მათ საგულშემატკივროდ 2013 წელს არგენტინაში ჩავედი, 2014 წლის ბოლოს კი თბილისი მოვინახულე და იაპონიასთან მატჩს დავესწარი.

საქართველოში ყოფნის პერიოდში რიჩი დიქსონსა და ედი ჯონსს შევხვდი. მათ გარდა, კიდევ რამდენიმე ქართველი მეგობარი ვნახე, რომლებიც ინტერნეტით გავიცანი.

მიყვარს საქართველოში გატარებული დღეები. ხალხი, ისტორია, სამზარეულო და ღვინო - ძალიან შემიყვარდა ეს ქვეყანა და მომავალში იქ საცხოვრებლად გადასვლას ვგეგმავ. თუ საცხოვრებლად ვერ მოვახერხე, დასასვენებლად მაინც მსურს ჩამოსვლა.

ჩემს მეუღლეს იმდენს ვესაუბრები თბილისზე, რომ ეს ქალაქი მასაც შეუყვარდა. ახლა მან საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა და ეს ჩვენი გეგმების განხორციელებაში მეტად დაგვეხმარება. მე ფოტოგრაფი ვარ და მინდა ბრაზილიელებს საქართველო ბრაზილიელის თვალითვე ვანახო.

- გარდა რაგბისა, რა იცი საქართველოს შესახებ?
- სანამ უშუალოდ დავიწყებდი ისტორიის შესწავლას, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ვიცოდი და ის, რომ საქართველოში იოსებ სტალინი დაიბადა. ახლა ქვეყნის ისტორიასაც ვსწავლობ და ენასაც. ბევრი ქართველი მეგობარი მყავს და ისინი ძალიან მეხმარებიან, წიგნებიც კი გამომიგზავნეს.

რიოს ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძის საგულშემატკივროდ დარბაზში მივედი, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ მასთან ფოტოს გადაღება ვერ მოვახერხე.

- ბრაზილიელები იცნობენ საქართველოს?
- სამწუხაროდ, ბრაზილიელებმა საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი იციან. არადა, მგონია, ქართველები და ბრაზილიელები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, თუნდაც სტუმარმასპინძლობით. ქართველები თავიანთი მემკვიდრეობით ამაყობენ, ბრაზილიელები - კულტურით.

- უკვე წლებია "ბორჯღალოსნებს" გულშემატკივრობ. შენი აზრით, რა შეიცვალა გუნდში ამ ხნის განმავლობაში?
- მილტონ ჰეიგის დამსახურებით, ნაკრებში ახალგაზრდა მორაგბეები დაწინაურდნენ. შეტევის ხაზში მალე ძალიან კარგი ბიჭები გვეყოლებიან, შერკინება კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო რომ გვყავს, ეგ თქვენც გეცოდინებათ. 2017 წელს საქართველოში 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება და ქართული რაგბის განვითარებას, ვფიქრობ, ესეც შეუწყობს ხელს.

ძალიან მომწონს ვასილ ლობჟანიძე და ბექა გორგაძე. დინამიურია გელა აფრასიძეც. ეს ბიჭები თავიანთ სიტყვას აუცილებლად იტყვიან.

მთავარია, ქართველმა ხალხმა შეიყვარა რაგბი. შესაძლოა, ეს კარგი შედეგების დამსახურებაა, მაგრამ რაგბი ქართული სულის სარკეა.

- "ექვსი ერი"... შენი აზრით, უნდა მიგვიღონ თუ არა და რატომ?
- მიღებით კი უნდა მიგვიღონ, მაგრამ "ექვსი ერი" ბიზნესია, იქ ფულია საჭირო. თუ იქნება ფული, აუცილებლად მიგვიღებენ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
დიეგოს მე შევხდი რიოში ოლიმპიადაზე შარშან,აგვისტოში. სურათიც გადავიღეთ ერთად სპორტულ დარბაზში, სადაც ლაშა ტალახაძე გაჩემპიონდა.ეს ფოტო დღესაც დაქვდე ჩემს ფეიზე.
თენგიზი
27 თებერვალი 2017 13:19
0
დიეგო, გაიხარე! კაცური კაცი ხარ!
დევნილი კოლხი
25 თებერვალი 2017 15:14
0
ჯიგარი ხარ , გაიხარე
ირაკლი
24 თებერვალი 2017 22:19
0
რაგბის ფედერაცია მოიწვიეთ ეს ადამინი 20 წლამდელთა პირველობაზე ცტუმრად.
გინო
24 თებერვალი 2017 15:55
0
hemo kargebo megobrebo ar gvinda ivanasi araferi damijeret.tkavs gagvadzrobs mere,hven tviton avkribot.
S.P
24 თებერვალი 2017 09:34
0
მე მგონი, ბრაზილიელებმა ევროპელებზე მეტი იციან საქართველოს შესახებ. ყოველ შემთხვევაში, რიოში სასტუმროს ადმინისტრატორმა თავისით გვკითხა, ქართველები და რუსები ხომ სხვადასხვა ხალხი ხართ და თქვენი ენაც გაქვთო, ევროპელებთან კი ამის ახსნა უმეტესად წყლის ნაყვაა.
სასტუმროში ბრანკოსაც გადავეყარეთ, იმანაც იცოდა ქართველი ფეხბურთელები - მესხი და მეტრეველი მოიკითხა.
ისე კი ბრაზილიელები მაგარი ხალხია! ცოტა დოღრიალა, ჰაიაჰარა და ზედაპირული ხალხია, რომელსაც აშკარად აკლია ევროპული პროფესიონალიზმი, მაგრამ თავისუფალი სულის, გართობის და ტაშ-ფანდურის ხალხია, რომელსაც მცირეც კი ჰყოფნის ბედნიერებისთვის - ოღონდ პიროვნულ თავისუფლებას ნუ წაართმევ, ნუ შეზღუდავ, ბურთს და ცეკვა-თამაშს ნუ აუკრძალავ და უბედნიერესები არიან, მეტი არც უნდათ არაფერი, არც ქონება-სიმდიდრეზე დარდობენ და არც - არაფერზე.
ირაკლი თავაძე
24 თებერვალი 2017 01:46
0
ჩემთვის ქართველი პირველ რიგში ისაა, ვინც ქართველებზე გულით იტყვის "ჩვენ", ვინც საქართველოს მიღწევებზე იტყვის - "ჩვენ მივაღწიეთ". ეს კაცი თუ ამას ამბობს იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა ესე შეუყვარდა და ჟურნალისტის თარგმანში დაკარგულობის ბრალი არაა, მე მას მივიღებ როგორც ქართველს.
ნანას
24 თებერვალი 2017 01:05
0
მიგვიღებენო,გვეყოლებაო-ისე ლაპარაკობს თითქოს ქართველია.თუ ეს ჟურნალისტის ,,დამსახურებაა"
ნანა
23 თებერვალი 2017 16:27
0
სტალინის ლანძღვაში რომ ამოსდის ხალხს სული, გაიგეთ რა თქვა? ცუდი იყო თუ კარგი ქართველი იყო რომელმაც ისტორია დაწერა
rezo
23 თებერვალი 2017 15:34
0
ფული იქნება აბა რა, ივანა აქ არა გვყავს?
peola
23 თებერვალი 2017 14:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული