საქართველო ერთა თასზე პირველია!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა 2011 წლის ერთა თასი, გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიგო. "ბორჯღალოსნებმა" ოთხი თამაშიდან ოთხივეში გაიმარჯვეს და მოწინააღმდეგეთაგან მიუწვდომელნი შეიქნენ.

ჩვენმა გუნდმა ვაკეში, "ლოკომოტივის" გდაჭედილ სტადიონზე ყველაზე რთული მეტოქე, რუმინეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხა - 18:11. თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო საკმაოდ დაძაბული და უშეღავათო გამოდგა. "სტეჟარის" თბილისში რამდენიმე წამყვანი მორაგბე დააკლდა, თუმცა მატჩამდე იმედი ჰქონდათ, რომ გამარჯვებას მიაღწევდნენ. რუმინელებს ოპტიმიზმის საფუძველი ორი კვირის წინათ ბუქარესტში რუსეთის ნაკრების ძლევამ მისცა - 33:3.

თამაშის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ახალ ზელანდიასა და
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. აღსანიშნავია, რომ ორივე ქვეყანა  მსოფლიოს თასის მომავალი გათამაშების მონაწილეა. ამასთან, შეგახსენებთ, რომ წლეულს მსოფლიო რაგბის უდიდესი ფორუმი ახალ ზელანდიაში გაიმართება, 2019 წელს კი - იაპონიაში.

მატჩის საწყის 12 წუთში საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალედ ითამაშა და 15-ქულიანი უპირატესობა ერთი ხელის მოსმით, ერთი ამოსუნთქვით მოიპოვა. მატჩის ამ მონაკვეთმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ საქართველოს ნაკრებს საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია. ოღონდ, ახლა მისაღწევი ისაა, რომ სერიოზულ მეტოქესთან ამ ტემპში, ასე შემართებით გუნდმა მინიმუმ ერთი ტაიმი მაინც ითამაშოს.

მართალია, რუმინელები იქადნებოდნენ, მაგრამ აშკარად ეტყობოდათ, რომ ჩვენ ნაკრებს უფრთხოდნენ და ნერვიულობდნენ. "ბორჯღალოსნებმა" ანგარიში მე-4 წუთზე გახსნეს. ხელსაყრელი სიტუაციიდან საჯარიმო მგეზავმა მერაბ კვირიკაშვილმა გაიტანა.

შვიდ წუთში კი მორკინალებმა შესანიშნავი, სწრაფი შეტევა განახორციელეს. "ჩვენებმა" დერეფანი მეტოქის ლელოდან 25 მეტრში მოიგეს. ცხრა ნომერმა ირაკლი აბუსერიძემ შეტევაში შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი ჩართო, რომელმაც ათიოდე მეტრი გაირა და შებოჭეს. წარმოქმნილ რაკში ბურთი სწრაფად განთავისუფლდა და მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ აიტაცა, ის რუმინელებმა ჩათვლის მოედნიდან ოთხ მეტრში შეაჩერეს. რაკში შეტევის წამომწყები ზირაქაშვილიც ჩაერთო, მან მოულოდნელად მარცხნიდან შეუტია, მის წინ "სტეჟარის" უკანხაზელები აღმოჩნდნენ, რომლებმაც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის შეჩერება ვეღარ შეძლეს. კვირიკაშვილმა გარდასახა - 10:0.

სამართლიანაობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ასეთ დასაწყის, არათუ რუმინელები, რაგბის ქართველი ქომაგებიც არ ელოდნენ. "მუხის ფოთლები", ცოტა არ იყოს, დაბნეულნი ჩანდნენ, თითქოს არ იცოდნენ, რა ეღონათ. ამასობაში კი "ბორჯღალოსნებმა" მორიგი იერიში წამოიწყეს. მარცხენა ფრთიდან ფულბეკმა ბესიკ ხამაშურიძემ შეუტია. მერე მორკინალებმა რამდენიმე დარტყმა განახორციელეს და ბურთი მარჯვენა, გრძელ ფრთაზე შუამარბ თედო ზიბზიბაძეს გაუტანეს. მან მეტოქის დაცვის ხაზი გაჭრა, თუმცა ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში შეაჩერეს. წარმოქმნილი რაკიდან აბუსერიძემ ბურთი სწრაფად გამოიტანა და კიდევ უფრო მარჯვნივ, კიდისკენ ხამაშურიძეს გადააწოდა, რომელმაც ორი რუმინელის წინააღმდეგობა დაძლია და ლელოში შეაღწია. კვირიკაშვილმა ვერ გარდასახა - 15:0.

ამის შემდეგ რუმინელებმა დაცვის თამაშის დალაგება შეძლეს და რამდენიმე კონტრშეტევის ორგანიზებაც მოახერხეს. "სტეჟარიმ" კარგად ნაცად ხერხს მიმართა. ფეხით ზურგს უკან ბურთის დაკიდებით რუმინელებმა ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს. საბოლოოდ სტუმრებმა ოთხი საჯარიმო დარტყმის უფლება მიიღეს, აქედან მათმა მგეზავმა ფლორინ ვლაიკუმ ორი გაიტანა, ერთი კარის ძელებს მიღმა დაარტყა და ერთიც აუტში გადაიტანა - 6:15, ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შესვენების შემდეგ, როცა რუმინელთა თავკაცმა რამდენიმე ცვლილება განახორციელა, "ბორჯღალოსნებმა" მეტი შეცდომა დაუშვეს. თავად განსაჯეთ, ვლაიკუმ ოთხი საჯარიმო დაარტყა და ერთიც ვერ გაიტანა.

ძნელი სათქმელია, რატომ, მაგრამ ფაქტია, საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა მხოლოდ ერთი ტაქტიკური ცვლილება განახორციელეს. შერკინების ბურჯ დავით ხინჩაგიშვილის ნაცვლად თამაშში გიორგი ჟღენტი ჩაერთო. სხვა ცვლილებები იძულებითი იყო, გიორგი ნემსაძემ, ირაკლი ნატრიაშვილმა და გიორგი ჩხაიძემ დაშავებული თანაგუნდელები შეცვალეს. შეუცვლელად, თავიდან ბოლომდე ითამაშა უკანა ხაზმა.

ერთი სიტყვით, მეორე ტაიმში ოდნავ გაგვიჭირდა, თუმცა "ბორჯღალოსნებმა" ანგარიშში სხვაობის გაზრდა მაინც მოახერხეს. 65-ე წუთზე კვირიკაშვილმა საჯარიმო გაიტანა - 18:6. მასვე კარის დალაშქვრის საშუალება კიდევ ერთხელ მიეცა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

"სტეჟარიმ" ტემპს უმატა და მალე მატჩის გადარჩენის შანსი მიეცა. 71-ე წუთზე რუმინელებმა მარჯვენა ფრთიდან შემოგვიტიეს და კიდესთან ახლოს ლელო გაგვიტანეს. თავი შეცვლაზე შესულმა მეორეხაზელმა ვალენტინ პოპირლანმა გამოიჩინა. გარდასახვა ასევე შეცვლაზე შესულმა ვალენტინ კალაფეტეანუმ ვერ გაიტანა - 11:18.

სტუმრებმა ყველაფერი იღონეს მატჩის ბედის ჩარხი სათავისოდ დაეტრიალებინათ, მაგრამ "ბორჯღალოსნებმა" დაცვაში შესანიშნავად ითამაშეს და მეტოქეს რამდენჯერმე სახიფათოდაც შეუტიეს. სამწუხაროდ, ჩვენი მორაგბეები დიდი გარჯით მოპოვებულ უპირატესობას იოლად ანიავებდნენ და სალელოვე შეტევის ბოლომდე მიყვანას ვერ ახერხებდნენ. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა სასურველი ანგარიში შეინარჩუნა და რუმინელებს ანთიმოზ ივერიელის თასთან ერთად, ევროპის ერთა თასიც ჩამოართვა.

მომდევნო მატჩს ჩვენი ნაკრები" 19 მარტს სოჭში, სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონზე რუსეთის ნაკრებთან გამართავს. ამ შეხვედრის შედეგს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა ის, რომ მეტოქე რუსეთის ნაკრებია, უკვე დიდი ხანია, ბევრს ნიშნავს.

საქართველოს ნაკრებმა თბილისში წლეულს ბოლო მატჩი გამართა. "ბორჯღალოსნები" ერთა თასის გათამაშების დასრულების შემდეგ თბილისში ივნისის ბოლოს შეიკრიბებიან და ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასისთვის მზადებას დაიწყებენ.

საქართველო-რუმინეთი 18:11
საქართველო (15-9) ხამაშურიძე, მაჩხანელი, კჭარავა, ზიბზიბაძე, გუგავა, კვირიკაშვილი, აბუსერიძე. (1-8) ხინჩაგიშვილი (ჟღენტი 62), ბრეგვაძე (ნატრიაშვილი 69), ზირაქაშვილი, დათუნაშვილი, ვ.მაისურაძე (ნემსაძე 76), ლაბაძე (ჩხაიძე 35), სუთიაშვილი, გორგოძე.
2ლ: ზირაქაშვილი, ხამაშურიძე. 2ს, გ: კვირიკაშვილი.

რუმინეთი (15-9) დუმიტრაში, ლემნარუ, კაზანი, დესკალუ (გალი 41), ფერკუ, ვლაიკუ (დუმბრავა 80), სურუჯუ (კალაფეტეანუ 66) (1-8) ნერე (დიმა 73), ზებეგა (რადოი 76), დიმა (მარიშკარიუ 56), პეტრე (პოპირლანი 69), ურსაკე (სოკოლი 50), მაკოვეი, იანუსი, კარპო.
ლ: პოპირლანი. 2ს: ვლაიკუ
მსაჯი: დევიდ ვილკინსონი (ირლანდია.

ესპანეთი-პორტუგალია 25:10
ესპანეთი: 15. პედრო მარტინი, 14. ბრის ლაბადი, 13. ხავიერ კანოსა, 12. კარლოს ბლანკო, 11. ხუან კანო, 10. მარტინ ერედია, 9. ადრენ აიესტარანი. 1. ბენატ ოზქუი, 2. ფაბიენ როფი, 3. მატინ ოზქუი, 4. სერხიო სოუტო, 5. ხესუს რეკუერდა, 6. გაუტიერ გიბუნი, 7. მარტინ ასენა, 8. მეთიუ კუკი
16. ხესუს მორენო, 17. როდრიგო მარტინესი, 18. ფედერიკო ნეგრილო, 19. მეთიუ როსა, 20. პაბლო ფეიხოო, 21. ანდონი ხორახურია, 22. იგნასიო მულერი
ლ: აისტარანი. 6ს,გ: ერედია

პორტუგალია: 15. ანტონიო აგილარი, 14. გონსალო ფორო, 13. ფედერიკო ოლივეირა, 12. პედრო სილვა, 11. ბერნარდო სილვეირა, 10. ჯო გარდნერი, 9. ჟოზე პინტუ. 1. კრისტიან სპაშუკი, 2. ლიონელ კამპარო, 3. ჟუან მურე, 4. ჟუან სევერინო, 5. გონსალო უვა, 6. ჟაკ ლერუ, 7. ჟულიენ ბარდი, 8. ტიაგუ ჟირაუ.
16. ბერნარდო დუარტე, 17. ანტონი ალვესი, 18. რუი დორეი, 19. ვასკო უვა, 20. პედრო ლეალი, 21. კარლ მურეი, 22. ადერიტო ეშტევეში.
ლ: სილვეირა. გ,ა: გარდნერი

საქართველოს ნაკრების გაჩემპიონებაში წვლილი შეიტანა ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა, რომელმაც ყველასთვის მოულოდნელად შინ დაამარცხა მეზობელი პორტუგალია - 25:10. მატჩის გმირი "ლომების" მგეზავი მარტინ ერედია გახდა, რომელმაც გუნდს 20 ქულა მოუტანა (ექვსი საჯარიმო და ერთი გარდასახვა).

უკრაინა-რუსეთი 5:41
უკრაინა:15. სერგი მონასტურიოვი, 14. მაქსიმ კრავჩენკო, 13. სერგიი გარკავი, 12. ანდრიი გოლიშევი, 11. ოლეგ კოსარევი, 10. სერგი ცერკოვნი, 9. ზურაბ კიკაჩეიშვილი. 1. სერგიი შუხიხი, 2. მიკოლა კირსანოვი, 3. ივან ზალიზნიაკი, 4. ვიაჩესლავ კრასილნიკი, 5. ოლექსანდრ ტარსენკო, 6. ვიტალი ორლოვი, 7. ოლექსანდრ ლომაკინი, 8. ჯაბა მალაღურაძე
16. ევგენი ჩაიკა, 17. ოლექსანდრ პოლიანსკი, 18. ედუარდ ვერტილეცკი, 19. რუსლან რადჩუკი, 20. ოლექსანდრ მიშინოვი, 21. გიორგი გეგიძე, 22. პავლო მასიუკოვი
ლ: კირსანოვი.

რუსეთი: 15. იგორ კლუჩნიკოვი, 14. ვასილი არტემევი, 13. ანდრეი კუზინი, 12. ალექსეი მაკოვეცკი, 11. ვლადიმირ ოსტროუშკო, 10. კონსტანტინ რაჩკოვი, 9. ალექსანდრ შაკიროვი. 1. სერგეი პოპოვი, 2. ვლადისლავ კორშუნოვი, 3. ივან პრიშეპენკო, 4. ალექსანდრ ვოიტოვი, 5. ანდრეი გარბუზოვი, 6. ანდრეი ტემნოვი, 7. არტიომ ფატახოვი, 8. ვიჩესლავ გრაჩოვი.
16. ალექსანდრ ხროკინი, 17. ალექსეი ტრავკინი, 18. ევგენი მატვეევი, 19. ალექსეი პანასენკო, 20. ალექსანდრ იანუშკინი, 21. იური კუშნარიოვი, 22. იგორ გალინოვსკი.
6ლ: გრაჩოვი, შაკიროვი, ფატახოვი, არტემევი, ოსტროუშკო, გალინოვსკი. 4გ: რაჩკოვი (3), კლუჩნიკოვი. ს: რაჩკოვი

საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქეს, რუსეთის ეროვნულ გუნდს  სტუმრად ოდესაში, უკრაინის ნაკრებთან პრობლემა არ შექმნია. აღსანიშნავია, რომ ექვსი ლელოდან პირველი რუსთა ნაკრებში მიბრუნებულმა ვეტერანმა ვიაჩესლავ გრაჩოვმა გაიტანა. მგეზავად ითამაშა კიდევ ერთმა ვეტერანმა კონსტანტინ რაჩკოვმაც.

უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში კი სამმა ქართველმა იასპარეზა - ჯაბა მალაღურაძემ, ზურაბ კიკაჩეიშვილმა და გიორგი გეგიძემ.


ერთა თასი
V ტური, 19 მარტი
რუსეთი-საქართველო, რუმინეთი-ესპანეთი, პორტუგალია-უკრაინა.

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 4 4 0 0 +127 18
2. რუსეთი 4 2 0 2 +8 10
3. ესპანეთი 4 2 0 2 -27 10
4. პორტუგალია 4 2 0 2 -7 9
5. რუმინეთი 3 1 0 2 +16 6
6. უკრაინა 3 0 0 3 -117 0.




.


მკითხველის კომენტარები / 2 /
ისე იმ დიდ ევროპულ ექვსეულში როდემდე უნდა იყვნენ ხელშეუხებლად ისეთი ნაკრებები როგორებიცაა იტალია, ირლანდია ან შოტლანდია? განსაკუთრებით იტალია, არაა დრო გამოწვევა მიიღონ? ან შვიდეულად გადააკეთონ მაინც ...
Tregu
04:32 15-03-2011
0
აუ რაებს ბაზრობტ სჰოტლანდიის მეორე ნაკრებმა ტავზე რო გადაგვახია ტუ გახსოვტ? და სჰოტლანდიამდე კიდე 20 წელი ვერ მივალტ..ინგლის ეტამაშება ტანაბრად და მოუნდა ამატ..ცოტა ზირს დაესჰვიტ ან პორტუგალიასტან და რუმინეტტან ტამაჰსი ვის მოეწონა?ვინც რაგბი არიცის იმას კი და რაგბი ზალა და ურაზე რო გონიათ
0

სიახლეები პოპულარული