"სკოტებს" ახალი სათამაში ფორმა საყოველთაოდ ცნობილმა კოპანია "ქენთერბერიმ" შეუკერა. ამ ფირმის წარმომადგენლები დიდხანს იმყოფებოდნენ შოტლანდიელთა სავარჯიშო ბანაკში და კვართები სრულიად ახალი ტექნოლოგით შეკერეს.
ყველა მოთამაშეს მკერდის არეში სპეციალურად ჩაკერილი განსხვავებული ქსოვილი აქვს, რათა ბურთის კონტროლი გაუადვილდეს. ამასთან, მორკინალებს დამატებითი ხელჩასჭიდი ადგილები აქვთ მხრებსა და წელზე, რათა შერკინებისას უფრო მჭიდროდ მოეკიდონ ერთმანეთს.
ამ სიახლესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ქენთერბერის" პრეზიდენტმა კრის სტივენსონმა: "ეს კომპლექტი ჩვენი ყველაზე თანამედროვე ნაწარმია. ყოველთვის ვცდილობდით რაც შეიძლება გამძლე, თუმცა მაინც მსუბუქი მაისური შეგვექმნა. ვფიქრობ, შოტლანდიელებთან მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით ეს მოვახერხეთ.
ამაყნი ვართ, რომ შოტლანდიის ნაკრებთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც მსოფლიოს თასზე, ისე მისი დასრულების შემდეგაც და ყოველთვის მზად ვართ, დავეხმაროთ."
შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ნაკრები ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსანთა" პირველი მეტოქეა ჯგუფურ ეტაპზე. ჩვენი მორაგბეები "ნარშავებს" 14 სექტემბერს ინვერქარგილში დაუპირისპირდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"