არგენტინა ფლორიდაშია და კბილებს ილესავს

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქე არგენტინის ეროვნული გუნდი ინტენსიურ ფიზიკურ მომზადებას გადის ფლორიდაში. "პუმების" თავკაცმა სანტიაგო ფელანმა ერთი კვირის წინათ 39 მორაგბეს უხმო.

ცხადია, ისევე როგორც სხვა გუნდები, არგენტინელებიც ამ ეტაპზე მხოლოდ ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებით არიან დაკავებულები. აღსანიშნავია, რომ მათი ვარჯიშები ისეა დაგეგმილი, რომ თითოეული მორაგბე, მისთვის სპეციფიკურ ელემენტებზე მუშაობს.

"დღეს ყველამ ინდივიდუალურად ვივარჯიშეთ, თითქმის ყველა პრობლემატურ დეტალზე გავამახვილეთ ყურადღება და წვრთნებმა ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა.

საგულისხმოა, რომ ყველაფერი სრულადაა მისადაგებული სათამაშო სიტუაციებზე,
რაც ვარჯიშის პროცესს საინტერესოს და, რაც მთავარია, სასარგებლოს ხდის.
მოთამაშეთა კონდიციების გაუმჯობესება დღითიდღე თვალსაჩინო ხდება. ეს კი სტიმულს გვაძლევს და სავარჯიშოდ კიდევ უფრო მოწადინებულები ვართ", - თქვა არგენტინელთა კაპიტანმა ფელიპე კონტეპომიმ.

გუშინ,  13 ივლისს დღის მეორე ნახევარში, არგენტინელმა მორაგბეებმა ძალოსნობის დარბაზში ივარჯიშეს. მერე კი საკმაოდ მომქანცველი დღის შემდეგ, საშუალება მიეცათ ოჯახის წევრებს შეხვედროდნენ და სასტუმროს აუზში ძალები აღედგინათ. არგენტინელები ფლორიდაში კიდევ ორ კვირას დაჰყოფენ და მერე, ევროპაში გადმობარგდებიან.

შეგახსენებთ, რომ "პუმები" მსოფლიოს თასზე პირველ მატჩს 10 ივნისს დანიდინში ინგლისის ნაკრებთან გამართავენ. ბორჯრალოსნებს კი ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრაში 2 ოქტომბერს პალმერსთონში დაუპირისპირდებიან.

არგენტინის ნაკრები
შერკინება: ორაციო აგულა, პატრისიო ალბასეტე, გაბრიელ ასკარეტე, მარკოს აიერსა, გონსალო კამაჩო, მანუელ კარისა, ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე, სანტიაგო ფერნანდესი, ლუკას ამოროსინო, ავგუსტინ გოსიო, ეუსებიო გუნასუ, სანტიაგო გუსმანი, მარიო ლედესმა, ხუან ლეგუზამონი, როდრიგო რონსერო, მარტინ სკელსო, ფედერიკო სანჩესი, ლეონარდო სენატორე, ნიკოლას ვერგალო, ტომას ვალეხოსი, ალფრედო ლანალე, ხუან იმჰოფი, გონსალო ტიესი.
უკანა ხაზი: ანდრეს ბორდოი, ლუკას ბორხესი, მარსელო ბოსხი, მარტინ ბუსტოს მოიანო, მაქსიმილიანო ბუსტოსი, ალეხანდრო კამპოსი, რაფაელ კარბალო, ფელიპე კონტეპომი, ავგუსტინ კრევი, ხულიო ფერიასი, ჯენარო ფესია, ხუან ფიგალო, ავგუსტინ ფიგუორელა, მარიანო გალარზა, ალვარო გალინდო, მარტინ როდრიგესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული