შაბათს სასტუმრო "ქორთიად მერიოტში", სადაც ჩვენი ნაკრებია დაბანაკებული, "ბორჯღალოსნების" გაცილება მოეწყო, რომელსაც ჟურნალისტებთან ერთად ქომაგები და საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორებიც დაესწრნენ.
პრესკონფერენციის გამართვამდე "ბორჯღალოსნები" ნაკრების მოძღვარმა მამა ილიამ დალოცა.
რიჩი დიქსონი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას მობრძანებისთვის და დიდი მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდით მამა
მსოფლიოს თასისთვის მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. თბილისურმა ეტაპმა კარგად ჩაიარა, თუმცა, ცხადია, ეს საკმარისი არ არის. კიდევ მეტი მუშაობა გვამრთებს. ჯგუფში ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავს და მათთან ღირსეულად თამაში სხვაგვარად წარმოუდგენელია. მოთამაშეებს სრულად აქვთ გათავისებული პასუხისმგებლობა გულშემატკივრებისა და ქვეყნის წინაშე და დარწმუნებული ვარ, ახალ ზელანდიაში მაქსიმუმს გაიღებენ.
მსოფლიო რაგბის უდიდეს ფორუმზე გუნდები, როგორც წესი კარგად მომზადებულები ჩადიან და თავის შესაძლებლობებზე მეტს აკეთებენ. ფიზიკურ მომზადებას სწორედ ამიტომ ვუთმობთ მეტ დროს და ყურადღებას, რადგან თუ გვინდა ახალ ზელანდიაშო ღირსეულად წარვსდგეთ, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე შეგვიძლია.
საფრანგეთში ორ საწვრთნელ შეხვედრას გავმართავთ, საბოლოო 30-კაციან შემადგენლობასაც ამის მერე დავასახელებ. მსოფლიოს თასზე არარეალურ მიზნებს არ ვისახავთ. ამჟამად ჩვენ მხოლოდ პირველი თამაშისთვის ვემზადებით. ამ მატჩში გამოჩნდება რა შეგვიძლია. ალბათ იღაბალმაც მოწყალე თვალით უნდა შემოგვხედოს. ამ პირველ შეხვედრაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მთლიანად ტურნირის მიმდინარეობა.
ცხადია, ქების ღირსია ის გუნდი, რომელმაც 2007 წლის მსოფლიოს თასზე ითამაშა, მაგრამ გარკვეულწილად იმ გუნდმა დაგვაზარალა კიდეც. ახლა საქართველოს ნაკრებს როგორც აუტსაიდერს, არავინ უყურებს და ჩვენმა გუნდმა მოულოდნელობის ეფექტი დაკარგა. ჩვენგან ყველა კარგ თამაშს, სიურპრიზს ელის.
ჩვენი მეტოქეების მწვრთნელებს კარგად ვიცნობ. ამასწინათ შოტლანდიის ინგლისელ თავკაცს, ენდი რობინსონს ვესაუბრე, რომელმაც პირდაპირ მითხრა, რომ ჩვენთან თამაშს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ."
ირაკლი აბუსერიძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას მხარდაჭერისთვის. მზადების თბილისური ეტაპი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. თუმცა წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, ახალ ზელანდიაში ღირსეულად ვითამაშოთ, დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება".
გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:
"რაგბის სპეციალისტი არ ვარ, არც სახელოვანი მორაგბე ვყოფილვარ, არც ნათელმხილველი ვარ და არ ვიცი, ახალ ზელანდიაში რა მოხდება. სამაგიეროდ ძალიან კარგად ვიცნობ ჩვენი ნაკრების მოთამაშეებს. უდიდეს პატივს ვცემ მათ, როგორც საკუთარ შვილებს და ძმებს. თუ როგორი კაცები არიან ისინი, არაერთი წლის მანძილზე მუდმივად ამტკიცებენ. მათ არავის შეხსენება არ სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, ისინი თავს არ დაზოგავენ ჩვენი ერის და ქვეყნის გასახარებლად.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გვერდში გვედგა, გვეხმარებოდა - გულშემატკივრებს, ჟურნალისტებს, სპონსორებს."
პრესკონფერენციის შემდეგ გამართულ ფურშეტზე ქომაგებმა და ჟურნალისტებმა საქართველოს ნაკრებს ახალი ზელანდიისკენ მიმავალი გზა დაულოცეს.
საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ხინჩაგიშვილი, ვასილ კაკოვინი (ორივე-ბრივი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი), ჯაბა ბრეგვაძე (ყოჩები), გოდერძი შველიძე (მონპელიე), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი).
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), ილია ზედგინიძე (კარკერენი), ვახტანგ მაისურაძე (ლა სეინი), გიორგი ნემსაძე (მონტობანი)
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე, გიორგი ჩხაიძე (ორივე-მონპელიე), ზვიად მაისურაძე, გივი ბერიშვილი (ორივე-ლოკომოტივი), შალვა სუთიაშვილი (მასი), დიმოტრი ბასილაია (ობენა), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი).
NN:9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), ბიძინა სამხარაძე (არმია), გიორგი ბეგაძე (ყოჩები)
NN:10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟინიენი), ლაშა მალაღურაძე (ბეზიე), ლაშა ხმალაძე (ლელო)
NN:12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), რეზო გიგაური (ფიჟაკი), ალექსანდრე თოდუა (ლელო)
NN:11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), ლექსო გუგავა (ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (აია)
NN:15: მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდო).
მსოფლიოს თასი
B ჯგუფი
14 სექტემბერი
საქართველო-შოტლანდია
18 სექტემბერი
საქართველო-ინგლისი
28 სექტემბერი
საქართველო-რუმინეთი
2 ოქტომბერი
საქართველო-არგენტინა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"