გორგოძილა - საქართველოს პასუხი ჯონა ლომუს

AutoSharing Option
მსოფლიოს 20 საუკეთესო ქვეყნის ნაკრები ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმისთვის ემზადება. გამალებული სამზადისია თავად ახალ ზელანდიაში. "როუდ შოუ", რომლის დროსაც მსოფლიოს თასი ამ ქვეყნის ქალაქებში ჩამოატარეს, გუშინწინ დასრულდა.

ამ ღონისძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ახალ ზელანდიაში ყველა, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, მოხუცი თუ ჯეელი მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყების მოლოდინით ცხოვრობს.

ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ საკმაოდ აქტიურია ამ მხრივ ვაირარაპას რეგიონი, რომლის ქალაქ მასტერტონშიც საქართველოს ნაკრები ერთ კვირას დაჰყოფს. მასტერტონელები, როგორც უკვე ვწერდით, "ბორჯღალოსნების" ქომაგობას აპირებენ. რეგიონის ცენტრალურმა
გაზეთმა "ვაირარაპას ნიუსმა" ახლახან ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა გორგოძის შესახებ წერილი გამოაქვეყნა სათაურით " გორგოძილა - საქართველოს პასუხი ჯონა ლომუს".

წერილში დეტალურად და ლაკონურადაა მოთხრობილი მამუკას სპორტული ბიოგრაფიისა და კარიერის ყველაზე საინტერესო დეტალების თაობაზე. ამასთან მოკლედაა მოთხრობილი, როგორ ემზადება ჩვენი ნაკრები მომავალი მსოფლიოს თასისთვის.

აღსანიშნავია, რომ მასტერტონში საქართველოს ნაკრებს მოუთმენლად ელიან და ადგილობრივებმა კეტრინ როსიტერ-სტიდის ხელმძღვანელობით "ბორჯღალოსნების" ქომაგთა კლუბი შექმნეს. საორგანიზაციო კომიტეტს ჩვენი ეროვნული გუნდის სტუმრობისას რამდენიმე ღონისძიება აქვს დაგეგმილი. მაგალითად, საქართველოს ნაკრები მასტერტონში 19 სექტემბერს დღის პირველ ნახევარში ჩავა. საღამოს კი ადგილობრივი მაორების რელიგიური ზეიმი გაიმართება. ჩვენ მორაგბეებს მათ სალოცავთან, მარაესთან მიიწვევენ. მათ პატივსაცემად გაიმართება მაორთა ცეკვები. ადგილობრივები ნაციონალური ტანსაცმლით იქნებიან შემოსილნი. მასტერტონის სარაგბო კლუბის მოთამაშეები კი ტრადიციულ საბრძოლო რიტუალ ჰაკას შეასრულებენ.

22 სექტემბერს მასტერტონის ცენტრალუ ქუჩაზე, ქუინ სტრიტზე საქართველოს ნაკრების ამ ქალაქში სტუმრობასთან დაკავშირებით აღლუმი გაიმართება. სკოლის მოსწავლეები, სპორტული კლუბების წარმომადგენლები და უბრალოდ ქალაქის მოსახელობა ჩვენი ნაკრების ფერებში იქნება გამოწყობილი.

გამორიცხული არ არის აღლუმში საქართველოს ნაკრებმაც მიიღოს მონაწილეობა, რაც ადგილობრივებისთვის უდიდესი პატივი იქნება.

24 სექტემბერს დედოფალ ელიზავეტას სახელობის პარკში საქართველოს ნაკრებს ბარბექიუზე დაპატიჟებენ. ეს არის ტიპური ახალზელანდიური პიკნიკი, რომელზეც უხვად იქნება წარმოდგენილი ადგილობრივი სამზარეულოს საუკეთესო ნიმუშები, ჰანგი (მეთოდი, რომლითაც მაორები საკვებს ამზადებენ).

აქვე გაიმართება ეგრეთ წოდებული სახალხო სეირნობა. მინი რაგბის მოედანზე თავიანთ ოსტატობას მასტერტონელი ბავშვები აჩვენებენ. მასპინძლებს იმედი აქვთ, რომ მათ თამაშში ქართველი მორაგბეებიც ჩაერთვებიან.

ამის გარდა სერ ბრაიან ლოჰორი, რომელიც 1987 წელს მსოფლიოს თასზე გამარჯვებული ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, საქართველოს ნაკრებს შინ დაპატიჟებს და გულთბილად გაუმასპინძლდება.

ქალაქ მასტერტონის მერი ჩვენ გუნდს სასტუმროში ეწვევა, რომლის დროსაც ქართველ მორაგბეებს საშუალება მიეცემათ ადგილობრივი წარმოების ღვინო დააჭაშნიკონ და თავად ღვინის მწარმოებლებსაც გაეცნონ. აღსანიშნავია, რომ ეს რეგიონი ახალ ზელანდიაში საუკეთესო ღვინის მწარმოებელ მხარედ ითვლება.

ერთი სიტყვით, რიმინეთის ნაკრებთან მატჩამდე, რომელიც 28 სეტქემბერს მასტერტონიდან 60 კილომეტრით დაშორებულ პალმერსტონში გაიმართება, საქართველოს ნაკრებს საკმაოდ საინტერესო მოვლენებით დახუნძლული წვრთნისა და დასვენების პირობები ექნება. ამ მატჩზე მასტერტონი და მიმდებარე პატარა დასახლებული პუნქტების მცხოვრებლები ჩვენი გუნდის ქომაგები იქნებიან.

მსოფლიოს თასი
14 სეტქემბერი
საქართველო-შოტლანდია

18 სექტემბერი
საქართველო-ინგლისი

28 სექტემბერი
საქართველო-რუმინეთი

2 ოქტომბერი
საქართველო-არგენტინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მართლაც, რა შუაშია სათაური?
David
21:14 07-08-2011
0
რა შუაშია სათაური
dasda
17:42 04-08-2011
0

სიახლეები პოპულარული