"ბორჯღალოსნები" ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა ერთი კვირით შვებულებაში გაუშვა. ამასთან უკვე ცნობილია, რომ გუნდის 32-კაციან შემადგენლობას ტრავმირებული ზვიად მაისურაძე და გიორგი ბეგაძე გამოაკლდა. დარჩენილი 30 კი ახალ ზელანდიაში გაემგზავრება.
საფრანგეთში ჩვენს ეროვნულ გუნდს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე სტუმრობდა, რომელმაც ნაკრების მზადების პროცესს უშუალოდ მიადევნა თვალი და "ბურგუენთან" მატჩიც იხილა.
"ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასისთვის მზადების ძირითადი
ვფიქრობ, ფიზიკურად გუნდი კარგადაა მომზადებული. მსოფლიოს თასამდე დარჩენილ დროში კი ტაქტიკურ მონახაზებზე იმუშავებენ. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ორი თამაში საკმარისი არ იყო. სამწუხაროდ, ამის საშუალებას არ გვაძლევს მოკლე სათადარიგოთა სკამი. მეტი თამაში, მეტ ტრავმირებულ მოთამაშეს ნიშნავს. ამის ფუფუნება კი ჩვენ არ გვაქვს. მიმაჩნია, რომ მწვრთნელმა სწორი გადწყვეტილება მიიღო, როცა მხოლოდ ორი მატჩის გამართვა იკმარა.
დანარჩენი კი ახალ ზელანდიაში გამოჩნდება. ამჟამად მზადება მიდის პირველი მატჩისთვის შოტლანდიის ნაკრებთან. ეს გუნდი ჩვენზე ობიექტურად ძლიერია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები ძალების ისეთ კონცენტრაციას შეძლებენ და ისეთი თავდადებით ითამაშებენ, რომ სასწაულთან მიახლოებულ მოვლენასთან გვექნება საქმე. ჩვენ ძალიან გვჭირდება შოტლანდიასთან კარგი თამაში.
მერე კი, იქნება ინგლისი, შემდეგ ცოტა დასვენება და რუმინეთისა და არგენტინის ნაკრებებთან ბრძოლა. ერთი რამის თქმა გადაჭრით შემიძლია - საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიაში იმისთვის არ მიდის, რომ მეტოქეებს საჩუქრები ურიგოს. ჩვენთან თამაში არავისთვის იქნება ადვილი.
სამწუხაროა, რომ ტრავმების გამო ნაკრებს ზვიად მაისურაძე და გიორგი ბეგაძე გამოაკლდნენ. ზვიადს მუხლი აქვს საოპერაციო. მიკრო ტრავმები აქვთ ლაშა მალაღურაძეს და ილია ზედგინიძეს, მალხაზ ურჯუკაშვილმა ტრავმა საბოლოოდ ახლახან მოირჩინა.
რაც შეხება თამაშს, ანგარიშს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მეტოქე ყველაფერში დავჩაგრეთ, განსაკუთრებით შერკინებაში. უკანა ხაზელებმა შესანიშნავი ლელო გაიტანეს, ისეთი, რომელზეც ნებისმიერი გუნდი მოაწერდა ხელს. დაცვის ხაზი მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქეს ერთხელაც არ გაუჭრია. ცხადია, არის ხარვეზებიც, რომლის აღმოფხვრაზეც მუშაობა მსოფლიოს თასის დაწყებამდე დარჩენილ დროში გაგრძელდება.
გუნდი ოთხ-ხუთ დღეში ისევ კანში შეიკრიბება და სამ სექტემბრამდე იქ ივარჯიშებს. მერე კი ახალ ზელანდიაში გაემგზავრება."
საქართველოს ნაკრები
I ხაზი: გოდერძი შველიძე (მონპელიე), დავით ხინჩაგიშვილი, ვასილ კაკოვინი (ბრივი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ჯაბა ბრეგვაძე (არმია), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი).
II ხაზი: ილია ზედგინიძე (კარკერენი) გიორგი ნემსაძე (ვალანსი), ვახტანგ მაისურაძე (ლა სეინი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი).
III ხაზი: ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), დიმიტრი ბასილაია (ობენა), გიორგი ჩხაიძე (ლელო), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), შალვა სუთიაშვილი (მასი).
N:9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), ბიძინა სამხარაძე (არმია).
N:10: მერაბ კვირკაშვილი (ფიჟაკი), ლაშა ხმალაძე (ლელო).
N:12-13: ლაშა მალაღურაძე (უგუნდო), რეზო გიგაური (ფიჟაკი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), დავით კაჭარავა (ნიცა).
N:11-14: ლექსო გუგავა, ალექსანდრე თოდუა (ორივე-ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (აია), ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი).
N:15: მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდო).
მსოფლიოს თასი
14 სექტემბერი
საქართველო-შოტლანდია
18 სექტემბერი
საქართველო-ინგლისი
28 სექტემბერი
საქართველო-რუმინეთი
2 ოქტომბერი
საქართველო-არგენტინა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"