გია ნიჟარაძე: ბიჭები თითოეულ თამაშში ბოლომდე იბრძოლებენ

AutoSharing Option
26 აგვისტოს "შევარდენის" მორაგბეთა სანაკრებო ბაზაზე რაგბის კავშირის ხელმძღვანელებმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტებს ნაკრების მიერ განვლილ მოსამზადებელ ეტაპზე და მოახლოებულ მსოფლიოს თასზე ესაუბრნენ.

4 სექტემბერს "ბორჯღალოსნები" გეზს ახალი ზელანდიისკენ აიღებენ, 5 სექტემბერს უკვე დანიშნულების ადგილზე იქნებიან, პირველ შეხვედრას კი, 14 სექტემბერს შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ. 18 სექტემბერს ქართველთა მეტოქე ინგლისი იქნება, 28 სექტემბერს რუმინეთი, ხოლო ჯგუფური ეტაპი ქართველთათვის 2 ოქტომბერს, არგენტინასთან ჯახით დასრულდება.

გია ნიჟარაძე: ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი ნაყოფიერად გაიარა და მალე ახალ ზელანდიაში გაემგზავრება. ჩვენ ბიჭებს ურთულეს მეტოქეებთან მოუწევთ
დაპირისპირება და მოდით ვაღიაროთ, რომ ინგლისი, არგენტინა და შოტლანდია უფრო ძლიერები არიან, თუმცა საქართველოს ნაკრები თითოეულ თამაშში ბოლომდე ბრძოლას აპირებს. გუნდში საუცხოო გარემოა, ბიჭები საოცრად მოტივირებულები არიან და ყველა მატჩში ბოლო წამამდე თავდაუზოგავად ითამაშებენ, დანარჩენი კი უშუალოდ იქ, ზელანდიაში გამოჩნდება.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრავმის გამო არავინ გამოგვაკლდეს, რადგან ჩვენი მთავარი პრობლემა სწორედ მოკლე სათადარიგო სკამია. ერთი მოთამაშის დაკარგვაც კი დიდ პრობლემებს შეგვიქმნის. ვნახოთ, იმედი მაქვს, რომ ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ. აქვე, მინდა მთელი სარაგბო ოჯახის სახელით საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატება ვუსურვო. მათ ნამდვილად აქვთ იმის პოტენციალი, რომ სამი თამაში მოიგონ და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

ილია მაისურაძე: საფრანგეთში ჩატარებული მოსამზადებლი პერიოდი და ორი ამხანაგური თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ანგარიშმა არ მოგატყუოთ, ბიჭებს მომატება ნებისმიერ დროს შეეძლოთ, უბრალოდ ტრავმებს ვუფრთხოდით, რადგან დასაკარგი მორაგბეები არ გვყავს.

გარდა ამისა, ბოლომდეც არ გავიხსენით, რადგან ჩვენ თამაშებს მეტოქეთა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთლიანობაში მოსამზადებელმა პერიოდმა კარგად ჩაიარა, იყო განტვირთვის დღეებიც, რაც ძალიან წაგვადგა. სამი დღის ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ ნაკრებს ერთი დღე ვასვენებდით, რამაც უდავოდ გაამართლა. მიმდინარეობს მეტოქეებზე დაკვირვებაც და იმედი გვაქვს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს ყოველმხრივ მომზადებულები შევხვდებით.


საქართველოს ნაკრები 2011 წლის მსოფლიოს თასზე

შერკინება: გოდერძი შველიძე ("მონპელიე", საფრანგეთი), დავით ხინჩაგიშვილი ("ბრივი", საფრანგეთი), ვასილ კაკოვინი ("ბრივი", საფრანგეთი), აქვსენტი გიორგაძე ("კასტრი", საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე ("არმია", თბილისი), დავით ზირაქაშვილი ("კლერმონი", საფრანგეთი), დავით ქუბრიაშვილი ("ტულონი", საფრანგეთი), ვიქტორ კოლელიშვილი ("კლერმონი", საფრანგეთი), დიმიტრი ბასილაია ("ობენა", საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე ("მონპელიე", საფრანგეთი), გივი ბერიშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი), მამუკა გორგოძე ("მონპელიე", საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი ("მასი", საფრანგეთი), ილია ზედგინიძე ("კერკერენი", საფრანგეთი), ვახტანგ მაისურაძე ("ლა სენი", საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე ("მონტობანი", საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი ("ორიაკი", საფრანგეთი).

უკანა ხაზი: ირაკლი აბუსერიძე ("ოსერი", საფრანგეთი), ბიძინა სამხარაძე ("არმია", თბილისი), მალხაზ ურჯუკაშვილი ("გურდონი", საფრანგეთი), ლექსო გუგავა ("ლელო", თბილისი), ლაშა ხმალაძე ("ლელო", თბილისი), ლაშა მალაღურაძე ("ბეზიე", საფრანგეთი), მერაბ კვირიკაშვილი ("ფიჟაკი", საფრანგეთი), რევაზ გიგაური ("ფიჟაკი", საფრანგეთი), ალექსანდრე თოდუა ("ლელო", თბილისი), ირაკლი ჩხიკვაძე ("აია", ქუთაისი), ირაკლი მაჩხანელი ("მაკონი", საფრანგეთი), დავით კაჭარავა ("ნიცა", საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე ("პერიგო", საფრანგეთი).

მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი

იხილეთ ვიდეო

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული