"ბორჯღალოსნებმა" გეზი ახალი ზელანდიისკენ აიღეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები დღეს საფრანგეთის ქალაქ ნიცადან, დუბაისა და სიდნეის გავლით, ახალ ზელანდიაში გაემგზავრება. "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს თასისთვის მზადება ჯერ კიდევ ივლისის პირველ დეკადაში თბილისში დაიწყეს. პირველი ეტაპი, რომელიც ორ კვირას გაგრძელდა, მთლიანად ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას დაეთმო.

მერე ჩვენი მორაგბეები თბილისდან საფრანგეთში გაემგზავრნენ, სადაც საკურორტო ქალაქ კანთან ახლოს მდებარე საწვრთნელ ბაზაზე გარეთ ადამსონის ხელმძღვანელობით განაგრძეს ვარჯიში. ერთი კვირა ისევ ფიზმომზადებას დაეთმო. მერე კი საქმეში ჯონ მაგლტონი და რიჩი დიქსონი ჩაერთნენ.

რვა აგვისტოს საქართველოს ნაკრები კლერმონთან ახლოს, პატარა ქალაქ ისუარში გაემგზავრა. სადაც ორი
საწვრთნელი შეხევდრა გამართა. საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტური, მეორე დივიზიონის გუნდებთან "ორიაკთან" და "ბურგუენთან". მატჩებში ჩვენი გუნდი გამარჯვებული გამოვიდა. სამწუხაროდ, ამ შეხვედრებში დაშავდნენ მესამეხაზელი ზვიად მაისურაძე და ცხრა ნომერი გიორგი ბეგაძე, რომლებიც მსოფლიოს თასის მიღმა დარჩნენ.
საფრანგეთში საწვრთნელი შეკრების მიმდინარეობის სანახვად საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე იმყოფებოდა, რომელმაც, შეგახსენებთ, თბილისში დაბრუნებისას თქვა:

" ვფიქრობ, ფიზიკურად გუნდი კარგადაა მომზადებული. მსოფლიოს თასამდე დარჩენილ დროში კი მორაგბეები ტაქტიკურ მონახაზებზე იმუშავებენ. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ორი თამაში საკმარისი არ იყო. სამწუხაროდ, ამის საშუალებას არ გვაძლევს მოკლე სათადარიგოთა სკამი. მეტი თამაში, მეტ ტრავმირებულ მორაგბეს ნიშნავს. ამის ფუფუნება კი ჩვენ არ გვაქვს.

ერთი სიტყვით, ინგლისის, შოტლანდიისა და არგენტინის ნაკრებები ჩვენზე ობიექტურად ძლიერი გუნდები არიან. მიუხედავად ამისა, პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი გუნდის თამაშით შერცხვენილი არ იქნებით."

"ბურგუენთან" მატჩის შემდეგ რიჩი დიქსონმა მოთამაშეებს ერთკვირიანი შვებულება მისცა. გუნდი ორშაბათს ისევ შეიკრიბა და მორაგბეებმა სისწრაფესა და გამძლეობაში ტესტები ჩააბარეს.

"ბორჯღალოსნები" ახალ ზელანდიაში ხუთ სექტემბერს საღამოს ჩავლენ. პირველი ქალაქი, რომელიც ჩვენს გუნდს უმასპინძლებს, ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქი ქვინზთაუნი იქნება. აქ საქართველოს ნაკრები ექვს დღეს დაჰყოფს და მერე კიდევ უფრო სამხრეთით, ინვერქარგილში გემგზავრება, სადაც მსოფლიოს თასის პირველ მატჩში შოტლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ცოტა რამ სტატისტიკის მოყვარულთათვის. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე ზედიზედ მესამედ იასპარეზებს. აქამდე გამართულ რვავე შეხვედრაში მხოლოდ ორმა "ბორჯღალოსანმა" მერაბ კვირკაშვილმა და აქვსენტი გიორგაძემ ითამაშა. ყველაზე მეტი, 35 ქულა ასევე კვირიკაშვილის ანგარიშზეა. ჩვენ გუნდს აქმდე მსოფლიოს თასზე სულ ექვსი ლელო გაუტანია. ისინი დავით დადუნაშვილმა, გიორგი შკინინმა, ირაკლი მაჩხანელმა, დავით კაჭარავამ, ზვიად მაისურაძემ და აქვსენტი გიორგაძემ მიითვალეს.

საქართველოს ნაკრები

I ხაზი: გოდერძი შველიძე (მონპელიე), დავით ხინჩაგიშვილი, ვასილ კაკოვინი (ბრივი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ჯაბა ბრეგვაძე (არმია), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი).
II ხაზი: ილია ზედგინიძე (კარკერენი) გიორგი ნემსაძე (ვალანსი), ვახტანგ მაისურაძე (ლა სეინი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი).
III ხაზი: ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), დიმიტრი ბასილაია (ობენა), გიორგი ჩხაიძე (ლელო), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), შალვა სუთიაშვილი (მასი).
N:9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), ბიძინა სამხარაძე (არმია).
N:10: მერაბ კვირკაშვილი (ფიჟაკი), ლაშა ხმალაძე (ლელო).
N:12-13: ლაშა მალაღურაძე (უგუნდო), რეზო გიგაური (ფიჟაკი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), დავით კაჭარავა (ნიცა).
N:11-14: ლექსო გუგავა, ალექსანდრე თოდუა (ორივე-ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (აია), ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი).
N:15: მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდო).

მსოფლიოს თასი

14 სექტემბერი
საქართველო-შოტლანდია
18 სექტემბერი
საქართველო-ინგლისი
28 სექტემბერი
საქართველო-რუმინეთი
2 ოქტომბერი
საქართველო-არგენტინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ქართული რაგბის მესვეურნო, ერთი თხვნა მაქვს,მგონი ყველა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველიც შემომიერთდება. რამე მოუხერხეთ პირველ არხს, რმ თანამგზავრი არ დაბლკოს რეპორტაჟების დროს,კალათბურთს არ გვაყურებინებენ და ალბათ რაგბიზეც იგივეს იზავენ.გთხოვთ გულთან ახლოს მიიტანეთ ჩვენი თხოვნა.ვრეკავთ მაუწყებლის ტელეფონებზე და პასუხს არავინ გვცემს.
oldcoyot
01:48 04-09-2011
0
ზუსტად არ ვიცი, შეიძლება არ აქვთ უფლება აჩვენონ საქართველოს გარეთ.
Alex
05:46 04-09-2011
0

სიახლეები პოპულარული