სხვა ზელანდია სად არის?

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის წლევანდელი გათამაშების მასპინძელი ახალი ზელანდია მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული, ეგზოტიკური და იმავდროულად ძალიან თანამედროვე, სტუმართმოყვარე და კეთილშობილი ხალხით დასახლებული ქვეყანა აღმოჩნდა. ამას საქართველოს ნაკრების მორაგბეები, რომლებიც ორი დღეა ამ ულამაზეს ქვეყანაში იმყოფებიან, ყოველი ფეხის ნაბიჯზე გრძნობენ.

"ბორჯღალოსნებმა" პირველი ბანაკი ახალი ზელანდიის სამხრეთში, საკურორტო ქალაქ ქვინზთაუნში დასცეს. თუმცა მანამადე, საკმაოდ მომქანცველი, გრძელი გზა გაიარეს. ახალი ზელანდიელების გამორჩეულობას, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას თავისი ქვეყნისადმი, მიწა-წყლისადმი, უცხოელი სტუმარი საზღვარის გადაკვეთისთანავე იგრძნობს.

საოცარია, მაგრამ ოფიციალურადაა აკრძალული ქვეყანაში კვების პროდუქტების, ცხოველების საკვებისა და ჭუჭყიანი, ტალახიანი ფეხსაცმლის
შეტანა. თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან ქვეყანაში რაიმეს შეტანას აპირებთ, ის აუცილებლად დეკლარაციაში უნდა შეიტანოთ, თუ არადა, ან დიდი ჯარიმის გადახდა მოგიწევთ, ან სულაც ციხეში ჯდომა.

რატომ იკრძალება ახალზელანდიაში ჭუჭყიანი ფეხსაცმელი? ცნობილია, რომ ეს ქვეყანა ერთადერთია დედამიწაზე, სადაც რეპტილიების რამდენიმე სახეობის გარდა, ქვეწარმავლები არ ბინადრობენ. ერთი სიტყვით, სუფთა მიწაა და ადგილობრივი მოსახლეობა ყველანაირად ცდილობს, ეს სისუფთავე შეინარჩუნოს, ვინმემ რაიმე ახალი მიწის სახეობა არ შეიტანოს, რომელიც ათსგვარი ბინძური ცხოველისა თუ მწერის სახეობის გაჩენას გამოიწვევს.

საინტერესოა, რომ, რაც უნდა საოცარი იყოს, ახალზელანდიელები ბევრი რამით გვანან ქართველებს.

სტუმართმოყვარეობის შესახებ უკვე გითხარით. მათ, განსაკუთრებით კი აბორიგენ მოსახლეობას, მაორებს, ძალიან უხარიათ თუ მათ ენაზე რამეს ეტყვით. ისინი ყველას უსვამენ ერთ კითხვას - როგორ მოგწონთ ჩვენი ქვეყანა? როცა პასუხობ, რომ გარშემო ყველაფერი ფანტასტიკურია, თვალებში ნაპერწკალი უკრთით, სახე უბრწყინავთ და კმაყოფილნი ათას მადლობას გიხდიან.

ჰო, და რაც მთავარია, ყველა ახალზელანდიელს ღრმად სწამს, რომ მათზე ჭკვიანი და ძლიერი ამ ქვეყანაზე არავინ არის. მათ სამშობლოზე უკეთესი ქვეყანა არ არსებობს. ერთი სიტყვით, სხვა ზელანდია სად არის... ცხადია, ყოველივე ეს, ახალზელანდიელებს, ისევე როგორც ჩვენ, ქართველებს, საკუთარი ქვეყნის მიმართ ასე უსაზღვრო სიყვარულის გრძნობის გამო ჰგონიათ.

საკმაოდ დიდი ყურადღება ექცევა და პატივს სცემენ ტრადიციებს, წინაპრების ხსოვნას. ეს კი ეროვნული თვითშეგნების გარდა, მათ ცხოვრების თავისებურ, ყველასაგან გამორჩეულ წესს უნარჩუნებს. შრომისმოყვარეობა, თითოეული ახალზელანდიელის ერთ-ერთი ყველაზე დადებითი თვისებაა. ქვეყანა ძირითადად, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის ხარჯზე ცხოვრობს.

თუმცა, როგორც გაირკვა, ბოლო ხანს ახალზელანდიელებს თნამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების შექმნასა და დახვეეწაში დიდი წვლილი მიუძღვით. ამ სფეროში, განსაკუთრებით კინოინდუსტრიასთან თანამშრომლობაში, მათ მსოფლიოში წამყვანი პოზიციები უჭირავთ.

მაგალითისთვის, ისიც კმარა, რომ ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ბიუჯეტით მრავალმილიონიანი ფილმის, "ავატარის" სპეცეფექტები, სწორედ ახალ ზელანდიაშია დამზადებული. ასე რომ, ჩვენთვის (და არა მარტო ჩვენთვის) ეს შორეული ქვეყანა ყველანაირად ცდილობს მსოფლიოს განვითარების რიტმს არ ჩემორჩეს, რასაც მხოლოდ მუხლჩაუხრელი, ბეჯითი შრომის წყალობით აღწევს კიდეც.

ქართველები, ძალიან ცოტა, მაგრამ მაინც ცხოვრობენ ახალ ზელანდიაში. ყველაზე ცნობილი მათ შორის დედა-შვილი მზია და მარინა კანდელაკები არიან, რომლებიც ოქლენდში სახლობენ და ყველსა და სულგუნს აწარმოებენ.

ქვინზთაუნში მასპინძლებმა კიდევ ერთი ქართველი, სანდომოიანი ქალბატონი მზია ხმალაძე გაგვაცნეს, რომელიც მსოფლიოს თასზე ჩვენი გუნდისთვის თარჯიმნად დაუქირავებიათ. ის მეუღლესთან ერთად ველინგტონში ცხოვრობს და ამ ქალაქის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს.

პირველი დღიდან მოყოლებული ქალბატონი მზია გუნდს გვერდიდან არ სცილდება და ადგილობრივებთან ურთიერთობაში ეხმარება. თუმცა დასახმარებელიც ბევრი არაფერია. აქ მზად არიან ყველას, განსაკუთრებით კი მორაგბეებს, რომლებსაც გასაგები მიზეზების გამო უდიდეს პატივს სცემენ, ნებისმიერი პრობლემა უსწრაფესად მოუგვარონ.

ჩვენი გუნდის ვიზიტი ქვინზთაუნში, როგორც უკვე ვწერდით, ადგილობრივების საკმაოდ ამაღელვებელი დახვედრით დაიწყო. ბიჭები დადებითი ენერგიით დაიმუხტნენ, მიხვდნენ, რომ აქ, ამ შორეულ ქვეყანაში, მათ გულშემატკივრები ჰყავთ. თუმცა, სასტუმროში მისულებს ერთი უსიამოვნო სიურპრიზი მაინც  ელოდათ. სამწუხარო გაუგებრობის გამო ავსტრალიურ კომპანია "კუგას" მიერ შეკერილი სპორტული ფორმა (სათამაშო, სვარჯიშო, ცივილიური) ადგილზე არ დაგვხვდა. არადა, კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ყველაფერი მოგვარებულია და ეკიპირებას სასტუმროში მიიღებთო.

მოგვიანებით, საქართველოს ნაკრების მენეჯერთა მცდლობით პრობლემა მოგვარდა და ტვირთი ქვინზთაუნში მოიძიეს.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო "ბორჯღალოსანთა" ახალ ზელანდიაში ყოფნის მეორე დღე. ჩვენ გუნდს ოფიციალური მიღება - "ველქამ ფართი" გაუმართეს. ბორჯღალოსნებს ადგილობვრმა ხელისუფლებამ და IRB-ის დიდმოხელემ, სიდ მილარმა უმასპინძლა.

მიღება საკმაოდ საინტერესო ცერემონიალით - მაორების საბრძოლო ცეკვით, "კივი ჰაკათი" გაიხსნა. ამ ტრადიციას, აბორიგენი მოსახლეობის კულტურას, შეხვედრაზე საკმაოდ დიდი დრო დაეთმო. მასპინძლებმა ტრადიციის თანახმად თავიანთი ხალხის მოკლე ისტორია სიმღერით გაგვაცნეს. არსებული წესის მიხედვით, ჩვენ გუნდს სიმღერითვე უნდა ეპასუხა.

"ბორჯღალოსნებმა" ქართული დელეგაციის ერთ-ერთ წევრთან, "ქართული ხმების" მომღერალ გივი ჭიჭინაძესთან ერთად, "ჩიტი გვრიტი მოფრინავდა" იმღერს. რამაც, ცხადია, დამხვდურებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
სიდ მილარმა, რომელიც მსოფლიოს თასის გათამაშების დირექტორია, ისიც კი თქვა, "თუ ისევე თამაშობთ, როგორც მღერით, მსოფლიოს ჩემპიონები გახდებითო."

საქართველოს ნაკრებს სიტყვით მიმართა მაორების ადგილობრივი ტომის ბელადმა:
"ვიცით, რომ ქვეყანას, საიდანაც თქვენ ჩამოხვედით ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს. იმედი გვაქვს, რომ მოგწონთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენი წინაპრები აქ ექვსასი წლის წინ მოვიდნენ და დასახლდნენ. ცუდი გემოვნება არ ჰქონიათ. დამეთანხმებით, ფანტასტიკური ადგილია.

ჩვენ ბევრი საერთო გვქონია. თანაბარი გვყოლია ქვეყნის მოსახლეობა. ქართველები, ისევე როგორც ჩვენ, ლუდით თურმე მხოლოდ მტრების სადღეგრძელოს ამბობენ. ერთი სიტყვით, რაც უფრო მეტს ვკითხულობ ვიკიპედიაში საქართველოს შესახებ, მით უფრო მომწონს ეს ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი წინაპრები ახლა, აქ ჩვენთან ერთად არიან, გვიცქერენ და ჩვენთან ერთად ხარობენ.

იმედი მაქვს მსოფლიოს თასის გათამაშებაში, ერთი გუნდის გარდა, ყველას მოუგებთ. განსკუთრებით კარგად უნდა დაუხვდეთ ავსტრალიელებს. ინგლისი კი, პატივი დაგვდეთ და აუცილებლად დაამარცხეთ."

უხუცესმა მაორიმ საქართველოს ნაკრების კაპიტანს, ირაკლი აბუსერიძეს, სუვენირად ადგილობრივი მადნეულისგან დამზადებული სკულპტურა გადასცა, რომელიც იქვე აკურთხეს. როგორც ბელადმა თქვა, საჩუქარი იმ მასალისგანაა დამზადებული, რომელსაც მხოლოდ ახალ ზლანდიაში მოიპოვებენ.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ ახალზელანდიელებს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის:
"ერთს ნამდვილად გპირდებით. ჩვენი გუნდი ყველაფერს იღონებს, რათა ისე ითამაშოს, რომ ქართველმა ერმა მისით იამაყოს. ასევე ამაყნი იქნებით თქვენც, რადგან დღეიდან, მიგვაჩნია, რომ ჩვენც თქვენი ნაწილი ვართ."

ირაკლი აბუსერიძე:
"ძალიან კარგი, სასიამოვნო შეხვედრა იყო. ნელ-ნელა ვეცნობით ადგილობრივების კულტურას, რაც ჩვენსას ბევრ რამეში ჰგავს, თუნდაც სტუმართმოყვარეობა ავიღოთ. შესანიშნავი ბუნება აქვთ.

რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, ყველაფერს ვიღონებთ, რომ მსოფლიოს თასზე წარმატებულად ვიასპარეზოთ და ეროვნული ნკრების კვართი ღირსეულად ვატაროთ."

დავით კაჭარავა:
"ახალზელანდიური კულტურის შესახებ კი გვსმენია, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ყველანი გაკვირვებული დავრჩით.ხვალიდან ვარჯიშს დავიწყებთ, მალე პირველი თამაშიც გვექნება და ყველაფერს ვიღონებთ, რომ გულშემატკივრები გავახაროთ."

სადილის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ფოტოსესია ჰქონდა. საღამოს კი გუნდმა ძალოსნობის დარბაზში ივარჯიშა. მოედანზე პირველ ვარჯიშს "ბორჯღალოსნები" დღეს, 7 სექტემბერს გამართავენ.

მსოფლიოს თასი

14 სექტემბერი
საქართველო-შოტლანდია

18 სექტემბერი
საქართველო-ინგლისი

28 სექტემბერი
საქართველო-რუმინეთი

2 ოქტომბერი
საქართველო-არგენტინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


Sportall.Ge
Sportall.Ge



მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან სასიამონვო წასიკითხი სტატიაა :)
dato
14:14 07-09-2011
0
akurebinet qartvel pexburtelebs regbis chempionati.egeb kacobis natamali shercheniat da shercxvet. tunca ar mgonia...
chveni regbistebi gaascoreben micastan kvelas,inglissac ki!
benga
09:02 08-09-2011
0

სიახლეები პოპულარული