ინვერქარგილთან ქართველ მორაგბეებს სასიამოვნო მოგონებები არაფრით დააკავშირებს. საქმე მხოლოდ შოტლანდიის ნაკრებთან წაგებაში არ არის. თავად ქალაქი საკამოდ ცივი, უსახური და იმდენად პირქუში იყო, რომ ყველა სულმოუთქმელად ველოდით იქიდან გამგზავრებას.
ახალ ზელანდიაზე, როგორც ეგზოტიკურ ქვეყანაზე, ლეგენდები დადის და ვინმეს ახირებულ ადამიანად რომ არ მოვეჩვენო, საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელი ლიაზონის ნაამბობს მოგითხრობთ და თავად
გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ინვერქარგილს თურმე ცნობილი ჯგუფი "როლინგ სტოუნზი" სტუმრობდა. კონცერტზე რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი შეკრებილა. კკონცერტის მსვლელობისას ჯგუფის წევრებს ჰკითხეს - ჩვენს ქალაქზე რას იტყვითო. ყველა რაღაც განსკუთებულის მოლოდინში იყო, გამოვიდა "როლინგ სტოუნზის" ერთ-ერთი გიტარისტი (არ ახსოვდა რომელი) და თქვა: ეს ქალაქი არის მსოფლიოს უკანალიო.
ინვერქარგილი იქით იყოს და შოტლანდიის ნაკრებთან მარცხის მიუხედავად, რამდენიმე ადგილობრივ გაზეთში საქართველოს ნაკრებზე საკმაოდ კარგი რეცენზია დაიწერა.
მაგალითად, "ოტაგო დეილი ნიუსს" მიაჩნია, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ის გუნდია, რომელიც ფარ-ხმალს არასდროს ჰყრის. ციტირებას თუ გავაკეთებთ ეს ასე ჟღერს:
"საქართველოს ნაკრები უდრეკი გუნდია და ეჭვი არ შეგეპაროთ იმაში, რომ დანებების ნიშნად პირსახოცს ისვრის."
ყველაზე სასიამოვნო კი ისაა, რომ საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩის შემდეგ, გაჩნდა სტატია, რომელშიც ავტორი ევროპის ექვსი ერის გაზრდას ითხოვს. მოსაზრებას, რომელიც ვებ-გვერდ www.rte.ie-ზე გამოქვეყნდა უცვლელად გთავაზობთ.
"საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების მცირე სხვაობით წაგებამ ევროპულ რაგბიში ბევრი კითხვები გააჩინა. იქნებ დროა ექვსი ერის გაფართოებაზე ვიზრუნოთ?
შოტლანდიის ნაკრების ყოფილმა მენეჯერმა ჯონ ბითიმ ეს საკითხი ჯერ კიდევ გასულ კვირაში წამოჭრა BBC-ის ეთერში და საკმაოდ სამართლიანად განაცხადა, რომ შოტლანდიას ეშინია პლეი ოფში თამაში, რომელშიც ექვსი ერის ბოლოადგილოსანი ერთა თასის გამარჯვებულს უნდა დაუპირისპირდეს, რათა მომდევნო სეზონში ელიტაში თამაშის უფლება შეინარჩუნოს.
ბითის ყველაფერში ვეთანხმები და, ვფიქრობ, რომ მსგავსი შიშები, რომ ელიტიდან გავარდება და მეორე დივიზიონის გუნდებთან მოუწევს ასპარეზობა, იტალიასა და უელსსაც აქვს. შესაძლო ფინანსური დანაკარგი, ამ შემთხვევაში, რაგბის საერთაშორისო საბჭოსთვის დიდი იქნება.
ამიტომ გამოსავალი არის ერთი - მოდით, არავინ გავარდეს, ექვსი ერის გუნდებს დავამატოთ ორი საუკეთესო ერთა თასის გათამაშებიდან.
გუნდები ორ ჯგუფში გავანაწილოთ, სამ-სამი ექვსი ერიდან და თითო-თითო ერთა თასიდან. ჯგუფებში ორ-ორმა საუკეთესომ პლეი ოფში გაარკვიოს ურთიერთობა.
ეს სისტემა საშუალებას მისცემს ერთა თასის საუკეთესო გუნდებს კიდევ უფრო განვითარდნენ, რადგან რეგულარულად მოუწევთ თავისზე გაცილებით მაღალი დონის გუნდებთან ასპარეზობა, თანაც ფინანსურადაც მოღონიერდებიან.
თქვენ როგორ ფიქრობთ?"
ერთი სიტყვით, რადგან ამაზე ლაპარაკი უკვე ასე თამამად თავად ბრიტანელებმა დაიწყეს, გამორიცხული არ არის, ცვლილებები მართლაც განხორციელდეს. ერთია, რომ ეს სასიხარულოა, მეორე კი ისაა, რომ ყოველივე საქართველოს ნაკრებს უკავშირდება. 2007 წლის მსოფლიო თასის წინ IRB-ში ფიქრობდნენ გუნდების რაოდენობა ოციდან თექვსმეტამდე შეემცირებინათ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სწორედ "ბორჯღალოსანთა" შესანიშნავი თამაშის გამო აღარ მიიღეს. ამჟამად კი ექვსი ერის გაფართოებაზე ალაპარაკდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"