მიუხედავად ამისა, "ბორჯღალოსნების" მასტერტონში ყოფნის მეორე დღე პირველზე უფრო საინტერესო გამოდგა. სანამ ამის შესახებ მოგითხრობთ, პირველი დღის ამბების გამოხმაურებაზე გეტყვით.
გაზეთების პირველი ფურცლები საქართველოს ნკრების მორაგბეებისა და ვაირარაპას რეგიონის ბავშვების შეხვედრის სურათებითაა აჭრელებული. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ნაკრები, ფაქტობრივად, ყველაზე პოპულარულია მსოფლიოს თასზე და ყველაგან ძალიან გულღიად, მეგობრულად იღებენ.
აკი გაუკვირდა კიდეც ერთ-ერთ ბრიტანელ ჟურნალისტს ჯერ კიდევ
"საქრთველო ახალი ზდელანდიდან შორსაა, ისინი აქ უცხოელები არიან. წესით, ადგილობრივებთან საერთო არაფერი უნდა ჰქონდეთ, თუმცა მათ მასპინძლები ყველგან სიხარულით ხვდებიან. ხომ ვერ გვეტყვით, რატომ ხდება ასე?"
ამაზე "ბორჯღალოსანთა" თავკაცმა უპასუხა:
- ქართველი ბიჭები ძალიან უბრალონი, უშუალონი არიან ურთიერთობაში. ამასთან, ქართველები, ახალზელანდიელების მსგავსად ძალიან სტუმართმოყვარეები არიან. მათ იციან სტუმარ-მასპინძლობის ფასი. ადგილობრივებს გულღიად, კეთილ დამოკიდებულებაზე სიკეთითვე პასუხობენ. ცხვირს მაღლა არ წევენ და ახალზელანიდელი ქომაგის მიმართ ყურადღებას იჩენენ. ცხადია, ეს ადგილობრივებს ძალიან მოსწონთ".
ქართველი მორაგბეების ქება-დიდებით იწყება "ოტაგო დეილი ტაიმსის" გამხსნელი წერილი. თურმე ნუ იტყვით და სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელს, ენაჭარტალა და ინტრიგან პიტერ დე ფილიერსს დაუჩივლია, ამდენი ჰაკა და ჰარე მაირა რა ამბავია, შევწუხდით, აღარ შეგვიძლიაო.
სტატიის ავტორი, ცხადია, "ბოკეს" თავხედ თავკაცს, რომელმაც ადგილობრივებს ამ გამონათქვამით შეურაცხყოფა მიაყენა, მიწასთან ასწორებს და სამაგალითოდ, თუ როგორ უნდა სცე პატივი ახალზელანდიელი ხალხის ადათ-წესებს, საქართველოს ნაკრები მოჰყავს.
ერთი სიტყვით, "ბორჯღალოსნებმა" თავი არა მარტო კარგი თამაშით, კულტურული ქცევითაც გამოიჩინეს. რაც შეეხება ჩვენი გუნდის თამაშს, საქართველოს ნაკრების მხარდამჭერი წერილები განუწყვეტლივ ქვეყნდება.
გუშინ, 20 სექტემბერს დილით ერთ-ერთ ავსტრალიურ რაგბის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით "საქართველო ამტკიცებს, რომ ღირსია ექვს ერში შესასვლელი კარი გაუღონ". ავტორი მატჩის პერიპეტიებს იხსენებს, რასაც მის მიერ სათაურში გამოთქმული მოსაზრების გასამყარებლად იყენებს.
ბრიტანეთში გამომავალ გაზეთ "სანდი ტაიმსის" სარაგბო მიმომხილველმა სტივენ ჯოუნზმა სტატია ასე დაიწყო.
"კარგი იყო საქართველო. ეს არის ყველაზე სწარაფად განვითარებადი სარაგბო ერი მთელს მსოფლიოში.
საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები ევროპაში დომინირებენ. "ოტაგო სთედიუმზე" მათ ფანტასტიკურად ითამაშეს და საჯარიმოები კარში ზუსტად რომ დაერტყათ, არავინ იცის მატჩი როგორ დამთავრდებოდა.
ანგარიში 41:10 ინგლისის ნაკრების სასარგებლოდ არის ფარსი. ის არ ასახავს იმას, რაც სინამდვილეში მოედანზე ხდებოდა.
დამკვიდრებულია ტენდენცია, რომ სააქართველოს ნაკრების უკანა ხაზი, ეს არის შვიდი კაცი, რომელიც დგას და მორკინალების თამაშს უყურებს. ინგლისთან მატჩში ეს ასე არ იყო.
შაბათს ქართველებმა ინგლისელებზე უკეთ იასპარეზეს. ისინი უფრო ორგანიზებულ, აგრესიულ და შემოქმედებით რაგბის თამაშობდნენ."ამის მერე წერილის ბოლომდე ჯოუნზი ინგლისის ნაკრებს აკრიტიკებს და ბოლოს დასძენს: "მიეცით კიდევ ერთი შანსი საქართველოს ნაკრებს ინგლისის ეროვნულ გუნდს ეთამაშოს და ვნახავთ, ვინც მოიგებს."
ერთი სიტყვით, მსოფლიო იმედის თვალით გვიყურებს. ფიქრობენ, რომ ჩვენი თამაშით რაგბის მამები ბევრ რამეს შეცვლიან.
ჩვენი გუნდის დიდი იმედი აქვს პატარა ქალაქ მასტერტონის მოსახლეობასაც. 20 სექტემბერს "ბორჯღალოსნებს" მიღება ქალაქის მერიაში გაუმართეს. მერის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ სცენა ადგილობრივ სიმღერის გუნდს დაუთმეს, რომელმაც საქართველოს ჰიმნი ჯერ ქართულად იმღერა, მერე კი - ინგლისურად. უნდა ითქვას, რომ ნათარგმნი ორიგინალს არაფრით ჩამოუვარდებოდა.
ცხადია, საქმეში ქართული დელეგაციის წარმომადგენელი, "ქართული ხმების" მომღერალი გივი ჭიჭინაძე ჩაერთო, რომელსაც მაორებმა "ტე ტანე კაი ვაიატა" შეარქვეს, ქართულად ეს ნიშნავს, კაცი, რომელიც მღერის. მან მასპინძლებს იტალიური ოპერიდან ორი არია მიუძღვნა, რამაც, ცხადია, დიდი ოვაციები გამოიწვია.
შეხვედრას ესწრებოდა ლეგენდარული პიროვნება, მასტერტონის მკვიდრი ბრაიან ლოჰორი, რომელიც 1987 წელს გამართულ მსოფლიოს თასზე ახალი ზელანდიის ნაკრების მწვრთნელი იყო. მაშინ "ოლ ბლექსი" ჩემპიონი გახდა და მას შემდეგ მიღწეულის გამეორებას ვერაფრით ახერხებს.
ლოჰორი საქართველოს ნაკრების ლიდერთან, მამუკა გორგოძესთან მივიდა და სახსოვრად მცირე სუვენირი უბოძა, მერე კი საქართველოს ნაკრების მორაგბეებს მიმართა:
"მივესალმები საქართველოს, როგორც ერთ-ერთ სარაგბო ერს. კეთილი იყოს თქვენი მობრაძანება ჩვენს პატარა ქალაქში. მხოლოდ სამი ერია დედამიწაზე, რომლისთვისაც რაგბი ეროვნული თამაშია, ესენია: ახალი ზელანდია, საქართველო და უელსი.
იმედი მაქვს, რომ ახალ ზელანდიაში ყოფნით ისეთივე ნასიამოვნები ხართ, როგორიც ჩვენ თქვენი თამაშის ხილვით. ვიცი, რომ მომდევნო ორი კვირა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თითოეული თქვენგანისთვის. სათამაშო ორი მატჩი დაგრჩათ და ძალიან კარგი იქნებოდა, შინ ორი მოგებით ხელდამშვენებული თუ დაბრუნდებით. თავი წესრიგში თუ არის და სხეულიც ხელს გიწყობთ, ეს აუხდენელი ოცნება სულაც არ არის.
ვაირარაპას მოსახლეობამ და განსაკუთრებით ბავშვებმა თქვენ გულითადი სიყვარულით მიგიღეს. გაკვირვებული დარჩებით, რამდენი ადგილობრივი ქომაგი აპირებს თქვენს გულშემატკივრობას რუმინეთისა და არგენტინის ნაკრებებთან მატჩში.
ჩვენ თქვენთან ვართ და გისურვებთ წარმატებას. იღბალი არ მინდა გისურვოთ, ძლიერ გუნდს იღბალი არ სჭირდება. ის თვითონ ქმნის თავის ბედს. გადით, ითამაშეთ და მოიგეთ. აგერ უკვე სამი თვეა, განა ტყუილად ვატარებთ, თქვენი ქვეყნის დროშით მოხატულ მაისურებს. იმედი მაქვს, ვაიარარაპადან საუკეთესო მოგონებები გაგყვებათ."
ამის შემდეგ მასპინძლებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ მიმართა.
"მადლობა მინდა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისთვის, ჩვენ ნამდვილად ბედნიერები ვართ, რომ დღეს თქვენს პატარა, კოხტა ქალაქს ვსტუმრობთ.
ახალ ზელანდიაში ჩამოსვლის დღიდან აქაურების დიდ ყურადღებას ვგრძნობთ. ქვინზთაუნში, ინვერქარგილსა და დანიდინში მოსახლეობამ დიდი სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა, თუმცა მასტერტონი მაინც გამორჩეულია. ჩვენ აქ რაგბის სათამაშოდ ჩამოვედით, მაგრამ ამასთან ერთად თქვენს კულტურას, ყოფას ვეცნობით. ახალზელანდიელები ფანტასტიკური, ძალიან მეგობრული, ძალიან კეთილი და უაღრესად სტუმართმოყვარე ხალხი ხართ. ამას ფეხის ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ.
ჩვენ ხალხებს, ქართველებს და ახალზელანდიელებს რაგბი გვაერთიანებს. გილოცავთ მსოფლიოს თასის გათამაშების ბრწყინვალედ ჩატარებას. ტურნირი შესანიშნავად არის ორგანიზებული და, ვფიქრობ, ის საუკეთესოა აქამდე გამართულ შეჯიბრებებს შორის."
მერიაში გამართული მიღების შემდეგ "ბორჯღალოსნები" სასტუმროში დაბრუნდნენ, თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა. საღამოს ექვს საათზე ქართული დელეგაციის ორ-ორი წევრი მასტერტონელებმა ოჯახებში გადაიპატიჟეს. ნაკრების მედია მენეჯერ- ლაშა ხურციძეს, "ბორჯღალოსანთა" გარემარბ ირაკლი ჩხიკვაძეს და მე მასტერტონში საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებული ყველა ღონისძიების ორგანიზატორის, კეტრინ სტიდის ოჯახში სტუმრობის პატივი გვხვდა წილად.
ამ ქალბატონზე აუცილებლად ცალკე უნდა ვთქვათ. მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე სამი თვით ადრე, ჩვენი გუნდისთვის მასპინძლობის გასაწევი საორგანიზაციო კომიტეტი სწორედ მისი თაოსნობით შეიქმნა. ამ დროის განმავლობაში უზარმაზარი საქმიანობაა გაწეული, ის რომ მთელი რეგიონი საქართველოს დროშებითაა მოფენილი, სწორედ მისი ძალისხმევის დამსხურებაა.
კეტრინი პროფესიით პედაგოგია და მასტერტონის დაწყებით სკოლაში ასწავლის. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ახალგაზრდობაში რაგბის თამაშობდა და მისი მწვრთნელი სწორედ მომავალი მეუღლე იყო. რაგბის თამაშობს კეტრინის სამივე შვილი, ორი გოგონა და ერთი ვაჟი.
ქალაქგარეთ მდებარე, საკმაოდ მყუდრო ერთსართულიან სახლში კეტრინმა და მისმა ოჯახმა გულთბილი მასპინძლობა გაგვიწიეს. საქართველოს შესახებ არაფერი უკითხავთ, რადგან ბოლო სამი თვის განმავლობაში იმდენი ინფორმაცია დააგროვეს, რომ თითქმის ყველაფერი იცოდნენ.
ცხადია, მთელი ოჯახი საქართველოს ნაკრების ქომაგია. საკმაოდ გემრიელი ვახშმის შემდეგ რაგბიზე, ერთმანეთის გეგმებსა და სხვა ათას წვრილმან საკითხზე ვისაუბრეთ. პატარა ბობის, რომელიც მესამეხაზელობას აპირებს "ოლ ბელქსში" ყვლაზე მეტად შუამარბი მაა ნონუ მოსწონს. ძალიან ქომაგობს ცხრა ნომერ პირი ვიპუსაც და რატომღაც მთელმა ოჯახმა სონი ბილ ვილიამსის ხსენებისას გრიმასა შეკერა - ეგ ხომ მორაგბე არ არისო.
ერთი სიტყვით, მთელი ახალი ზელანდიის ფავორიტი რიჩი მაქოა კეტრინ სტიდის ოჯახისთვის კი იგი "ოლ ბელქსის" ერთი რიგითი მორაგბე აღმოჩნდა. არადა, სადაც არ უნდა გაიხედო ყველგან მაქოას სარეკლამო ბილ ბორდი დგას, ყველა გაზეთისა და ჟურნალის გარეკანზე სწორედ მისი პროფილი ან ანფასია გამოსახული. რიჩი ეროვნული გმირია. ახალზელანდიელებისთვის რაგბი და რიჩი მაქოა ერთი და იგივე სიწმინდეა.
მოკლედ, მასტერტონში გატარებული მეორე დღე შესანიშნავი იყო. დღეს კი ქართველი მორაგბეები პირველ ვარჯიშს გამართავენ და რუმინეთის ნაკრებთან მატჩისთვის მზადებას შეუდგებიან. ტრავმირებულ მორაგბეთაგან შესაძლოა მხოლოდ ირაკლი მაჩხანელმა ვერ ივარჯიშოს, საგანგაშო არაფერია, მაგრამ მას ფეხი მაინც აწუხებს და უახლოეს დღეებში გაირკვევა შეძლებს თუ არა "სტეჟარის" წინააღმდეგ თამაშს.
რაგბი. მსოფლიოს თასი
იტალია-რუსეთი 53:17
C ჯგუფი
1. ირლანდია – 5 ქულა, 2. ავსტრალია – 5, 3. იტალია – 5, 4. აშშ – 4, 5. რუსეთი – 1.
დღეს
იაპონია-ტონგა 11:30
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"