მთავარი მატჩი საქართველოსთანაა

AutoSharing Option
ხვალ დანიდინში, "ოტაგო სთედიუმზე" საქართველოს ნაკრების მორიგი მეტოქე, რუმინეთის ეროვნული გუნდი ჯგუფის ლიდერს, ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.

რუმინელთა თავკაცმა, წარსულში ამ ნაკრების შუამარბმა რომეო გონტინიაკმა, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, "პომების" წინააღმდეგ სათამაშოდ სათადრიგო შემადგენლობა გამოიყვანა. "სტეჟარის" მწვრთნელთა შტაბმა ძირითადი გუნდიდან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ოთხი მორაგბე შეიყვანა.

სათადარიგოთა შორის იქნება გუნდის კაპიტანი, შერკინების კვაჭი მარიუს ტინკუ. მის ნაცვლად "სტეჟარის" მოედანზე მეორეხაზელი კრისტიან პეტრე უხელმძღვანელებს.

22-კაციან შემადგენლობაში არ არის მგეზავი იონუც დიმოფტე, მისი ადგილი დანუც დუმბრავამ დაიკავა, რომლიც წინა ორ შეხვედრაში სათადარიგოთა შორის
იყო.

განვლილ ორ შეხვედრაში გარემარბად ითამაშა იონელ კაზანმა, რომელიც ამჯერად შუამარბად გაირჯება. მას პარტნირობას ძირითადის კიდევ ერთი მორაგბე იულიან დუმიტრაში გაუწევს, რომელიც საათამაშო ამპლუით ფულბეკია. ამ პოზიციაზე აქამდე თადარიგში მყოფი ფლორინ ვლაიკუ დაიაკვებს.

შემადგენლობაში 11 ცვლილების განხორციელება გვაფიქრებინებს, რომ "მუხის ფოთლები" გონებით უკვე საქართველოს ნაკრებთან მატჩში არიან. მათთვის "ბორჯღალოსნებთან" თამაში ამ ტურნირზე ბოლო იქნება და ცხადია, მთელი ძალებით შეგვებრძოლებიან.

თუმცა გონტინიაკს მიაჩნია, რომ მან ისეთი შემადგენლობა შეარჩია, რომელსაც ინგლისელებისთვის ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია.

"ინგლისის ნაკრებთან ბევრი ახალგაზრდა მორაგბე ითამაშებს. ჩვენ მათ ვენდობოდით მსოფლიოს თასის დაწყებამდე და ვენდობით ახლაც.

წინა ორი მატჩი თითქმის ერთი შემადგენლობით ვითამაშეთ. ახლა გვინდა, თავის გამოჩენის საშუალება სხვებსაც მივცეთ. გვინდა, რომ ყველამ მიიღოს სიამოვნება მსოფლიოს თასზე ასპარეზობით, თანაც, წინა შეხვედრაში არგენტინასთან, გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვიყავით" - თქვა რომეო გონტინიაკმა.

რუმინეთის ნაკრები: 15. ფლორინ ვლაიკუ, 14. სტეფან ჩუნტუ, 13. იონელ კაზანი, 12. იულიან დუმიტრაში, 11. ადრიან აპოსტოლი, 10. დანუც დუმბრავა, 9. ლუჩიან სირბუ. 1. ნიკოლაე ნერე, 2. ბოგდან ზებეგა, 3. სილვიუ ფლორეა, 4. ვალენტინე პოპარლანი, 5. კრისტიან პეტრე, 6. სტელიან ბურეა, 7. კოზმინ რატიუ, 8. ოვიდიუ ტონიცა.
16. მარიუს ტინკუ, 17. პაულიკა იონი, 18. მიჰაი მაკოვეი, 19. Gაბრიელ იანუსი, 20. ვალენტინ კალაფეტეანუ, 21. ჩაბა გალი, 22. კატალინ ნიკოლაე.


ცვლილებებს მარტინ ჯონსონმაც მიმართა
ცვლილებებს ვერც ინგლისის ეროვნული გუნდი გადაურჩა. "პომების" თავკაცი, მარტინ ჯონსონი საქართველოს ნაკრებთან მატჩში თავისი შეგირდების გარჯით უკმაყოფილო იყო. ამიტომ მან რუმინეთთან შეხვედრისთვის რამდენიმე ცვლიელბა განახორციელა.

უკანა ხაზიდან ძირითად შემადგენლობაში ადგილი მხოლოდ ოთხმა შეინარჩუნა, ესენია ბენ ფოდენი, კრის ეშტონი, მანუ ტუილაგი და ბენ იანგზი. ჯონსონმა შუამარბად მაიკ თინდოლი დააბრუნა, რომელიც ერთი კვირის წინათ ქვინზთაუნში სკანდალში გაეხვა და საქართველოს ნაკრებთან არ უთამაშია.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მისი მეუღლე, ინგლისის დედოფლის შვილიშვილი, ზარა ფილიპსი ოქლენდში ჩავიდა და ხვალ დანიდინს ესტუმრება. ცხადია, ზარას თავისი მოღალატე ქმრის თამაშის საკუთარი თვალით ნახვა სწადია.

რუმინელებთან გუნდს ისევ ჯონი ვილკინსონი დაგეზავს, ტობი ფლუდმა კი კვლავ სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა. გარემარბი დელონ არმითიჯი კი მარკ კუეტომ შეცვალა. პირველ ხაზში ორი ცვლილებაა, რუმინელებს ალექს კორბშეირო და სტივ ტომსონი დაუპირისპირდებიან. თადარიგში მყოფ ლი მეარსს და დევიდ ვილსონს კი ამ მსოფლიოს თასზე პირველად მიეცემათ თამაშის საშუალება.

ინგლისის ნაკრები: 15. ბენ ფოდენი, 14. კრის ეშტონი, 13. მანუ ტუილაგი, 12. მაიკ თინდოლი, 11. მარკ კუეტო, 10. ჯონი ვილკინსონი, 9. ბენ იანგზი. 1. ალექს კორბშეირო, 2. სტივ ტომსონი, 3. დენ კოლი, 4. ლუის დიკონი, 5. ტომ პალმერი, 6. ტომ კროფტი, 7. ლუის მუდი, 8. ჯეიმზ ჰესკელი.
16. ლი მეარსი, 17. დევიდ ვილსონი, 18. საიმონ შოუ, 19. ტომ ვუდი, 20. რიჩარდ ვაიგსლვორსი, 21. ტობი ფლუდი, 22. დელონ არმითიჯი.

სკოტები გადამწყვეტი ბრძოლისთვის მზად არიან
კვირას, 25 სექტემბერს ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი ორთაბრძოლა შედგება.

ველინგტონში ერთმანეთს არგენტინისა და შოტლანდიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. თუ თამაშს "სკოტები" მოიგებენ, მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებენ, თუ არა და არგენტინას, პლეი ოფში გასასვლელად კიდევ დასჭირდება ერთი გამარჯვების მოპოვება, 2 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებთან მატჩში.

ცხადია, "ნარშავების" მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა "პუმებთან" საბრძოლველად საუკეთესოები შეარჩია.
"ისეთი მორაგბეები შევარჩიე, რომლებსაც არგენტინის ნაკრების დამარცხება რეალურად ხელეწიფებათ. ამ შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და, ცხადია, მთელი სერიოზულობით ვეკიდებით.

2007 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ "პუმებს" ხუთჯერ ვეთამაშეთ. კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, შარშან ბუენოს აირესში ზედიზედ ორჯერ დავამარცეთ კიდეც, თუმცა მათი ამჟამინდელი ნაკრები იმდროინდელზე ბევრად უკეთესია" - თქვა ენდი რობინსონმა.

შოტლანდიის ნაკრები: 15. კრის პატერსონი, 14. მაქსი ევანსი, 13. ნიკ დე ლუკა, 12. გრემ მორისონი, 11. შონ ლამონტი, 10. რუარიდ ჯეკსონი, 9. რორი ლაუსონი. 1. ალან იაკობსენი, 2. სკოტ ლაუსონი, 3. ჯოფ გროსი, 4. რიჩი გრეი, 5. ჯიმი ჰამილტონი, 6. ალასდაირ სტროკოში, 7. ჯონ ბარკლი, 8. კელი ბრაუნი.
16. დაგ ჰალი, 17. ალასდაირ დიკინსონი, 18. ნათან ჰაინსი, 19. რიჩი ვერნონი, 20. მაიკ ბლერი, 21. დენ პარქსი, 22. საიმონ დანიელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული