მასტერტონი საქართველოს ნაკრებს დაემშვიდობა

AutoSharing Option
უქმეები საქართველოს ნაკრებისთვის საკმაოდ საინტერსო და მრავალფეროვანი გამოდგა. შაბათს "ბორჯღალოსნებმა" ორჯერ ივარჯიშეს. დილით ჩვენმა მორაგბეებმა ძალოსნობის დარბაზს მიაშურეს, საღამოს კი გეზი ისევ "ქუინ ელისაბედის პარკის" სარაგბო სტადიონისკენ აიღეს.

ტრავმირებულთაგან გუნდს შეუერთდა ალექსანდრე თოდუა, რომელიც ოთხშაბათს რუმინეთის ნაკრებთან, სავარაუდოდ, ითამაშებს კიდეც. მუხლი აღარ აწუხებდა, მაგრამ დილის ვარჯიშისას წელი იტკინა დავით ზიარაქაშვილმა. ცალკე, ინდივიდუალურად ივარჯიშეს ირაკლი მაჩხანელმა და დავით ქუბრიაშვილმა, თუმცა მათი რუმინელებთან თამაში საეჭვოა.

შაბათის წვრთნა საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა, მორაგბეებმა უშუალოდ თამაშში გამოსაყენებელი კომბინაციების დახვეწაზე იმუშავეს.

კვირა, მასტერტონში ყოფნის ბოლო დღე
ვარჯიშისგან თავისუფალი იყო. "ბორჯღალოსნებმა" გადაწყვიტეს ექსკურისია მოეწყოთ ველინგტონში, რომლიც მასტერტონიდან ერთი საათის სავალზეა.

ახალი ზელანდიის დედაქალაქმა, მიუხედავად იმისა, რომ წვიმიანი ამინდი იდგა, მორაგბეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

დიდი იტერესი გამოიწვია სანაპიროზე, მიწაზე გამოფენილმა ახალი ზელანდიის რაგბის ფოტოისტორიამ. დაახლებით სამასი დიდი ზომის ფოტო დასაბამიდან დღემდე "ოლ ბელქსის" ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
მერე "ბორჯღალოსნები" ველინგტონის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მუზეუმს, "ოკეანიას" ეწვივნენ, სადაც ახალი ზელანდიის მკვიდრი მოსახლეობის, მაორების ისტორია, ყოფითი და კულტურული რელიქვიაა შემონახული. ყველაფერი კი მაორების მომღერალთა გუნდის სიმღერებით დასრულდა.

ველინგტონიდან შინ, სასტუმრო "სოლვეი პარკში" დაბრუნებულ საქართველოს ნაკრებს უკვე მასტერტონელი მაორები ელოდებოდნენ. ადგილობრივებმა კიდევ ერთი სასიამოვნო საღამო მოგვიძღვნეს. ისინი ბორჯღალოსნებს გამოემშვიდობნენ და სამახსოვრო საჩუქრებიც უძღვნეს.

"მოვიდა დრო დაგემშვიდობოთ და გისურვოთ წარმატება რაგბის მსოფლიოს თასის გათამაშების დარჩენილ თამაშებში. ასევე გვინდა გისურვოთ უსაფრთხო მგზავრობა, როდესაც ჩვენს მშვენიერ ქვეყანას დატოვებთ და შინისკენ გაემგზავრებით.

ჩვენთვის დიდი პატივი იყო თქვენი მასპინძლობა. ამ შეხვედრებს მრავალი წლის განმავლობაში გავიხსენებთ და არასოდეს დაგივიწყებთ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სტუმრობა ხანმოკლე იყო, ჩვენ ახლა ახლებურად ვაფასებთ თქვენს კულტურას, ისტორიას, სიმღერას და ხალხს.

რანგიტანეს და კაჰუნგუნუს ხალხს სურთ გადმოგცეთ სპეციალური ტაონგა (საჩუქარი). ძვლის ნაკეთობანი - საგანგებოდ თქვენთვის ხელით გამოთალა ადგილობრივმა ოსტატმა რიბი რიმენემ. ნაკეთობები გვანან ერთმანეთს, მაგრამ თითოეული უნიკალურია. ასეთი იყო ოსტატის ჩანაფიქრი" - თქვა მასტერტონის მაორთა ტომების ბელადმა.
საქართველოს ნაკრების სახელით, გუნდის მედია მენეჯერმა ლაშა ხურციძემ მადლობა გადაუხადა მასტერტონელებს გულითადი მასპინძლობისთვის და აღუთქვა, რომ აქ ნანახი, ადგილობრივთა სითბო, სტუმართმოყვარეობა და სიკეთე, არასაოდეს წაიშლება ქართული დელეგაციის თითოეული წევრის მეხსიერებიდან.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან შეხვედრის საშუალება მომეცა. საქართველოს ნაკრების მასპინძლობისთვის რამდენიმე თვე ვემზადებოდით, ყველანაირად ვეცადეთ თავი ისე გეგრძნოთ, როგორც საკუთარ სამშობლოში. ვფიქრობ, ჩვენ ეს შევძელით.

ქართველი მორაგბეები ჩვენთვის უკვე უცხო ქვეყნის სპორტსმენები აღარ არიან, ისინი ჩვენი ქალაქის, ჩვენი ერის, ჩვენი სულის ნაწილი გახდნენ. იმედი მაქვს, ჩვენც როდესმე გეწვევით თქვენს მშვენიერ ქვეყანაში" - თქვა დამშვიდობებისას მასტერტონში ჩატარებული ღონისძიებების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა კატრინ როსიტერ-სტიდმა.

საქართველოს ნაკრები დღეს დილით მასტერტონს დატოვებს და პალმერსტონში გადაბარგდება, სადაც ორ შეხვედრას გამართავს, 28 სექტემბერს რუმინეთის და 2 ოქტომბერს არგენტინის ნაკრებ გუნდებთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული