ირაკლი აბუსერიძე: გამარჯვება ჩვენს ქვეყანას უფრო სჭირდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა გუშინ დილით მასტერტონი დატოვა და ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ პალმერსტონში ჩავიდა. ამ ქალქში, რომელიც "ბორჯღალოსნებისთვის" ახალ ზელანდიაში ბოლო ნავსაყუდელია, ჩვენი ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს. ხვალ ქართველი მორაგბეები ძველ და კარგად ნაცნობ მეტოქეს, რუმინეთის ეროვნულ გუნდს, 2 ოქტომბერს კი არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

პალმერსტონში საქართველოს ნაკრები ნაშუადღევს ჩავიდა. ამჯერად "ბორჯღალოსნებს" ჰაკათი და სხვა მაორული წესჩვეულებებით არავინ დახვედრია. სადილის შემდეგ მორაგბეებმა ორი საათი დაისვენეს და გეზი "ლაინთონის სამხედრო ბაზისკენ" აიღეს, სადაც პირველი ვარჯიში გამართეს.

სასტუმროდან დანიშნულების ადგილამდე დაახლოებით 20 წუთი ვიარეთ. "სამხედრო
ბაზაზე" მისულები თვალებს არ ვუჯერებდით. ისეთი გარემო და კოტეჯები, რაც იქ დაგვხვდა, ჩვენში კრწანისის რეზიდენციაშიც არ არის და წყნეთის აგარაკებზეც იშვიათად მოიძევება.

სარაგბო მოედანზე აღარაფერს ვამბობთ, ის იქ სულ სამია და სამივე შესანიშნავად მოვლილია. ვარჯიში ისევ გარეთ ადამსონის ხელმძღვანელობით დაიწყო, თუმცა ამჯერად, ფიზმომზადების მწვრთნელს, მოთელვით ბიჭები დიდხანს არ "გაუწვალებია".

ტრავმირებულთაგან ირაკლი მაჩხანელის გარდა, ყველამ გუნდთან ერთად ივარჯიშა. დავით ქუბრიაშვილი და დავით ზირაქაშვილი თავს კარგად გრძნობენ და წვრთნაში მონაწილეობა სრული დატვირთვით მიიღეს. ზირაქაშვილი  რიჩი დიქსონმა სარუმინეთოდ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ქუბრიაშვილი ამჯერად განაცხადში არ არის. ვერ ითამაშებს მაჩხანელიც, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უმჯობესდება, მაგრამ ჯერჯერობით ისევ ინდივიდუალურად, ტრენაჟორებზე ვარჯიშობს.

მოთელვის შემდეგ გუნდი ორად გაიყო, უკანახაზელები დონ კასკიმ ჩაიბარა და სტატიკური მდგომარეობიდან შეტევის გაგრძელებაში ავარჯიშა. მორკინალები ამ დროს რიჩი დიქსონის ხელმძღვანელობით დერეფანში თამაშს ხვეწდნენ. "ბორჯღალოსნებმა" თამაშის ამ უმნიშვნელოვანეს კომპონენტში ვარჯიშს საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს. ისინი სხვადასხავა კომბინაციების დამუშავებას ცდილობდნენ, როგორც საკუთარი აუტის, ისე მეტოქის მოწოდებისას.

კიდევ უფრო მეტი დრო დაეთმო ვარჯიშს უკვე გაერთიანებული გუნდით შეტევის ორგანიზებასა და მის ლოგიკურად გაგრძელებაში. მუშავდებოდა სხვადასხვა სათამაშო სიტუაცია, რომლიდანაც მორაგბეებს გამოსავალი დროულად უნდა ეპოვათ. გუნდის სწრაფი გადაწყობა, ერთ ხაზად დაცვა და შეტევა, თამაშის ის დეტალებია, რომლებსაც მატჩში ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ სასტუმროში დაბრუნებულმა რიჩი დიქსონმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც სარუმინეთო შემადგენლობა დაასახელა. ინგლისის ნაკრებთან გამართული მატჩის ძირითად შემადგენლობასთან შედარებით ორი ცვლილებაა.

ტრავმირებული გარემარბის ადგილი ფულბეკმა რეზო გიგაურმა დაიკავა, მის პოზიციაზე კი ლაშა ხმალაძე ითამაშებს, რომელიც ნომინალური მგეზავია. აღსანიშნავია, რომ "პომებთან" მატჩის ის მონაკვეთი, როცა მაჩხანელი დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა, გიგაურმა და ხმალაძემ ზუსტად ასეთი განლაგებით ითამაშეს. უკანა ხაზში ახალი სხვა არაფერია.

შერკინებაში 22-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა შალვა სუთიაშვილი, მის ნაცვლად გიორგი ჩხაიძე ითამაშებს, რომელიც აქამდე სუთიაშვილის დუბლიორი იყო. სათადარიგოთა შორის გამოჩნდნენ შერკინების ბურჯი ვასილ კაკოვინი და გარემარბი ირაკლი ჩხიკვაძე. 22-კაციან განაცხადში ისინი ამ შეჯიბრებაში პირველად მოხვდნენ. სათადარიგოა ასევე მალხაზ ურჯუკაშვილიც, რომელიც ინგლისთან მატჩში განაცხადში არ იყო.

"რუმინეთის ნაკრებს კარგად ვიცნობთ, დიდი ხანია, წელიწადში ერთხელ ვეთამაშებით, ყველა მატჩი დაძაბულ, ძალიან მძიმე ბრძოლაში მიმდინარეობდა. ასე იქნება ახლაც. მიუხედვად ამისა, ყველაფერს ვიღონებთ, რომ მოვიგოთ. ამ მატჩში გამარჯვება ჩვენ ქვეყანას ძალიან სჭირდება," - თქვა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ.

ცხადია, საბრძოლო შემადგენლობა დაასახელა რუმინეთის ნაკრების თავკაცმა რომეო გონტინიაკმაც. "სრეჟარი" საქართველოს ნაკრების წინაშე უძლიერესი შემადგენლობით წარსდგება. გონტინიაკმა სამი დღის წინ ინგლისთან მატჩში შერკინების ორივე ძირითადი ბურჯი დაასვენა, შერკინების კვაჭი მარიუს ტინკუ კი 25 წუთი ათამაშა. ახლა სამივე ძირითად შემადგენლობაშია.

ძირითადი ცხრა ნომრის პოზიცია დაიკავა ახალგაზრდა ფლორინ სურუჯუმ, რომელიც ამ პოზიციაზე მესამე ნომრად მოიაზრებოდა, თუმცა თავი ისე წარმოიჩინა, რომ "სტეჟარისთვის" უმნიშვნელოვანეს მატჩში ძირითად შემადგენლობაში ანდეს ადგილი.

მგეზავად ითამაშებს დანუც დუმბრავა, იონუც დიმოფტემ კი შუამარბად გადაინაცვლა. ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდნენ მესამეხაზელები მიჰაი მაკოვეი და დანიელ კარპო.

შეგახსენებთ, რომ თამაში პალმერსტონში, ხვალ თბილსის დროით 10 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

საქართველო-რუმინეთი
საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. რევაზ გიგაური, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ილია ზედგინიძე, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. გიორგი ჩხაიძე, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
16. გოდერძი შველიძე, 17. ვასილ კაკოვინი, 18. ლევან დათუნაშვილი, 19. გივი ბერიშვილი, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. ირაკლი ჩხიკვაძე, 22. მალხაზ ურჯუკაშვილი.
რუმინეთი: 15. იულიან დუმიტრაში, 14. სტეფან ჩუნტუ, 13. ჩაბა გალი, 12. იონუც დიმოფტე, 11. მადალინ ლემნარუ, 10. დანუც დუმბრავა, 9. ფლორინ სურუჯუ. 1. მიჰაიტა ლაზარი, 2. მარიუს ტინკუ, 3. პაულიკა იონი, 4. ვალენტინე ურსაკე, 5. კრისტიან პეტრე, 6. მიჰაი მაკოვეი, 7. ოვიდიუ ტონიცა, 8. დანიელ კარპო.
16. ბოგდან ზებეგა, 17. სილვიუ ფლორეა, 18. ვალენტინე პოპარლანი, 19. დანიელ იანუსი, 20. ვალენტინ ნიკოლაე, 21. კონსტანტინ გეარა, 22. ფლორინ ვლაიკუ.

B ჯგუფი
სატურნირო მდგომარეობა
1. ინგლისი - 14 ქულა, 2. არგენტინა - 10, 3. შოტლანდია - 10, 4. საქართველო - 0, 5. რუმინეთი - 0.

1 ოქტომბერი
ინგლისი-შოტლანდია
2 ოქტომბერი
საქართველო-არგენტინა

D ჯგუფი
უელსი-ნამიბია 81:7

სატურნირო მდგომარეობა

1. სამხრეთ აფრიკა - 14 ქულა, 2. უელსი - 10, 3. სამოა - 10, 4. ფიჯი - 5, 5. ნამიბია - 0

დღეს

კანადა-იაპონია 08:00
იტალია-აშშ 10:30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული