საქართველო-არგენტინა 7:25 - მეტი შეგვეძლო, მაგრამ...

AutoSharing Option
"იმედგაცრუებულნი ვართ, ჩვენ გუნდს ნამდვილად შეეძლო უკეთესი შედეგი ეჩვენებინა. რაც მივიღეთ ის არაფრით შეესაბამება იმ ჯაფას და ენერგიას, რომელიც ბიჭებმა ამ თამაშში ჩადეს." - თქვა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა.

საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი გაიღო საკმაოდ ძლიერი მეტოქის, მსოფლიოს თასის წინა გათამაშების მესამეადგილოსნის არგენტინის ნაკრების დასამარცხებლად. პირველ ტაიმში ეს შეძლო კიდეც, თუმცა საბოლოოდ "პუმებმა", რაც ყველაზე გულდასაწყვეტია, მსაჯის დახმარების წყალობითაც, 25:7 მოიგეს და მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც მათი მეტოქე მასპინძელთა გუნდი, ახალი ზელანდიის ნაკრები იქნება.

"ბორჯღალოსნებმა" არგენტინის ნაკრებს დიდი წინააღნდეგობა
გაუწიეს. პირველ ტაიმში ტოლი არაფერში დაუდეს. რამდენჯერმე საკმაოდ კარგი მრავალფაზიანი შეტევის ორგანიზება მოახერხეს. თუმცა, როგორც კი ჩვენი მორაგბეები "პუმების" 22-მეტრიან ზონას მიადგებოდნენ, მსაჯი უმალვე გვაჯარიმებდა, შეტევას გვიშლიდა და ისევ დაცვაში დგომა გვიწევდა.

ირლანდიელმა არბიტრმა ალან როლანმა საქმის თავშივე მოთავება სცადა, მაგრამ მის მიერ დანიშნული საჯარიმოები არგენტინელთა შუამარბმა ფელიპე კონტეპომიმ ჯერ მე-5 წუთზე, მეორე კი მე-13 წუთზე ვერ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ სასარგებლოდ კარში დასარტყმელი ჯარიმა როლანმა მატჩის 38-ე წუთზე დანიშნა და მეტჯერ "ასეთი შეცდომა" აღარ მოსვლია. სამწუხაროდ, ის საჯარიმო საქართველოს ნაკრების ფულბეკმა მალხაზ ურჯუკაშვილმა ვერ გამოიყენა. იმ დროისთვის 5:0-ს ვაგებდით.

მოედანზე იმდენად უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა, რომ ანგარიში მხოლოდ 31-ე წუთზე გაიხსნა.

არგენტინელებმა შეტევის მარჯვენა ფრთაზე აუტი სუფთად მოიგეს და ჯერ შუიდან შემოგვიტიეს, მორკინალების ორი მოკლე დარტყმის შემდეგ, ბურთი მარცხნივ, უკანახაზელებს გაუთამაშეს, რომლებმაც ხელდახელ ბურთაობით გარემარბი ხუან იმოფი ლელოში შეუშვეს. კონტეპომიმ გარდასხვა ვერ გაიტანა.

ანგარიშში დაწინაურება "ბორჯღალოსნებმა" ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე შესძლეს. მოედნის ცენტრში მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ იყოჩაღა. მან ბურთიანად რამდენიმე მეტოქე სამიოდ მეტრი ათრია, მერე სხვა მორკინალებიც წამოეშველნენ.

ბოლოს ცხრა ნომერმა ირაკლი აბუსერიძემ მარჯვენა ფრთაზე ჩვენი გუნდის მოთამაშეების რიცხობრივი უპირატესობა შენიშნა და ბურთი რაკიდან მგეზავ ლაშა ხმალაძეს გაუტანა, რომელმაც შეტევაში მყისვე კიდესკენ გარემარბი ალექსანდრე თოდუა ჩართო. ამან ოცდაათიოდე მეტრი ირბინა და ის იყო უნდა შეებოჭათ, რომ ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედნისკენ ფეხით შეაცურა. იქ კი ყველას ხმალაძემ დაასწრო და ლელოში შეიჭრა. ურჯუკაშვილმა გარდასახა და საქართველოს ნაკრები 7:5 დაწინაურდა. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენებაზე რიჩი დიქსონმა პირველხაზელი ვასილ კაკოვინი შეცვალა, რომელიც დაშავებული ფეხით თამაშობდა. შედეგად, საწყის 10 წუთში შერკინება ძალიან გაუჭირდა, თუმცა მორკინალები ნელ-ნელა დალაგდნენ და თამაში გაათანაბრეს.

მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში არგენტინელები დიდი მონდომებით ცდილობდნენ ლელოს გატანას, მაგრამ რომ ვერაფერს გახდნენ, ალან როლანმა ნაცად ხერხს მიმართა. კონტეპომის 51-ე და მე-60 წუთებზე ორი საჯარიმო დაარტყმევინა და "პუმები" ოთხი ქულით დაწინაურდნენ - 11:7.

მომდევნო ათი წუთი საქართველოს ნაკრების იყო, თუმცა მონაპოვარს ჩვენმა მორაგბეებმა ვერაფერი შესძინეს. დასკვნით ათ წუთში კი ორჯერ 71-ე და 79-ე წუთებზე "პუმებმა" მოედნის საკუთარი ნახევრიდან დაწყებული შეტევა ლელოთი დასრულეს და ჯგუფურ ტურნირში მე-3 გამარჯვება მიითვალეს.

საქართველოს ნაკრებმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა. "ბორჯღალოსნებმა" ერთი თამაში მოიგეს და დანარჩენ სამ შეხვედრაში, მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შემავალ ქვეყნებთან უშეღვათო ბრძოლაში დამარცხდნენ.

მსოფლიო თასი. ახალი ზელანდია
საქართველო-არგენტინა 7:25
საქართველო (15-9) ურჯუკაშვილი (კვირიკაშვილი 63), გუგავა (მალაღურაძე 72), კაჭარავა, ზიბზიბაძე, თოდუა, ხმალაძე, აბუსერიძე (სამხარაძე 65). (1-8) კაკოვინი (შველიძე 41), გიორგაძე (ბრეგვაძე 70), ზირაქაშვილი, დათუნაშვილი (ზედგინიძე 70), მაისურაძე (ნემსაძე 70), ჩხაიძე, კოლელიშვილი, გორგოძე.
ლ: ხმალაძე. გ: ურჯუკაშვილი

არგენტინის (15-9) ამოროსიონო, აგულა, ბოში, კონტეპომი, იმოფი, ფერნანდესი, ვერგალო. (1-8) აიერსა, ლედესმა, ფიგალო, გალარსა, ალბასეტე, კაბელო, ლეგისამონი, სენატორე.
3ლ: იმოფი, კონტეპომი, გოსიო. 2გ: კონტეპომი, ბოში. 2ს: კონტეპომი.

მსაჯი: ალან როლანი (ირლანდია)

მატჩის შემდეგ
რიჩი დიქსონი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ძალიან ხშირად ვჯარიმდებოდით. შემდეგ, მოგვიანებით ვიდეოანალიზისას ვნახავთ  რატომ ხდებოდა ასე. ჩანს ამ კუთხით სერიოზული პრობლემა გვაქვს. არადა, ამ ჯარიმების გამო ბევრჯერ ჩაგვეშელა შეტევა.

ფიზიკურად გუნდმა გაუძლო, მთავარი ეს არაა, მთავარია, რომ ასეთი მაღალი დონის გუნდებთან თამაშის გამოცდილება არ გვეყო.

მე გუნდს ადვილად არ შეველევი. ძალიან შემიყვარდა ჩემი მორაგბეები. მთავარია, ჯანმრთელობამ ხელი შემიწყოს, თორემ მწვრთნელობას ჯერ არ მინდა  თავი დავანებო".

გოდერძი შველიძე:
"2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებასთან შედარებით უკეთ ვითამაშეთ და ამიტომ ამაყები ვართ. ბიჭებს გული დასწყდათ, უკეთესად შეგვეძლო გევთამაშა. ჯერ ისევ პატარები ვართ, გავიზრდებით და შემდეგ მსოფლიოს თასზე უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ."

ლევან დათუნაშვილი:
"პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და მოვიგეთ კიდეც, მაგრამ საბოლოო გამარჯვებამდე ცოტა რაღაც დაგვაკლდა. ალბათ უფრო გამოცდილება არ გვეყო.

არგენტინის ნაკრები ჩვენი დონის გუნდია და შორს აღარ არის ის დრო, როცა არგენტინას, შოტლანდიასა და მაგათ დარ გუნდებს მოვუგებთ."

დავით კაჭარავა:
"პირველ ნახევარში კარგად ვითამაშეთ, ცოტა შეცდომები დავუშვით. მეორეში ცოტა დავიღალეთ, უფრო მეტი შეცდომები დავუშვით და წავაგეთ. ვეცადეთ მოგვეგო, მაგრამ არ გამოგვივიდა."

მამუკა გორგოძე:
"მიუხედავად იმისა, რომ სამი დღის წინ ვითამაშეთ და ენერგია საკამრისად არ გვქონდა შენარჩუნებული, არგენტინის ნაკრებს 60 წუთი ძალიან კარგად ვეთამაშეთ. ის იმდენად ძლიერი არ არის, რასაც ამბობენ. მისი სტილი თამაშის ჩაშლაა. ვფიქრობ, "პუმებთან" მარცხი ასეთ გუნდებთან თამაშის გამოცდიელბის არქონის ბრალია."

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:
"არგენტინის ნაკრების მოთამაშეები ჩვენთან გამარჯვების შემდეგ გასახდელში სიხარულისგან ლამის კედლებზე დარბოდნენ. ის, რომ არგენტინის ნაკრებს ასე უხარია შენთან მოგება, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს.

ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს, მათ უბრალოდ მეტი აღარ შეეძლოთ, რადგან გამორიცხულია სამ დღეში გუნდმა ძალები სრულყოფლად აღიდგინოს. თან ამდენი ტრავმიანი მოთამაშე გვყავს. ბოლო მატჩის წინადღეს კი ვარჯიშზე ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე დავით ზირაქაშვილი დაგვიშავდა. ერთი სიტყვით, ძალიან ძნელია, ასეთ სიტუაციაში არგენტინის დონის გუნდს ებრძოლო.

თანაც კლასიც თავისას შვება. ყველა თანხმდება იმაში, მათ შორის წამყვანი სარაგბო ქვეყნების რაგბის ხელმძღვანელები, რომ დღეს საქართველოს ნაკრებმა ელიტურ გუნდებთან თამაშის გამოცდილების არქონის გამო წააგო. ერთი სიტყვით, დროა მსოფლიოს რაგბიში რადიკალური ცვლიელბები დაიწყოს."

******
ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშებაში ჯგუფური ტურნირი დასრულდა. საინტერსოდ განვითარდა მოვლენები A ჯგუფში, ერთადერთი სენსაცია, ჯერჯერობით, სწორედ ამ ჯგუფის გუნდების მატჩში დაფიქსირდა.

საფრანგეთის ნაკრებმა, რომელიც მსოფლიოს თასის გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტია, მოულოდნელად წააგო ტონგას ნაკრებთან - 14:19. მართალია, ფრანგებისთვის ამ მატჩის შედეგს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ "ლე ბლოსგან" მეტოქისადმი ასეთ უდიერ დამოკიდებულებას არავინ მოელოდა.

ირლანდიის ნაკრები ყოველთვის კარგი გუნდი იყო, მაგრამ მიმდინარე თასის გათამაშებაში "სამყურები," უბრალოდ, შეუდარებელნი არიან. მათ ჯგუფში ყველა თამაში მოიგეს, მათ შორის ტურნირის ფავირიტ ავსტრალიის ნაკრებთან.
მეოთხედფინალში გუნდები ისე დაწყვილდა, რომ ფინალში ერთი ევროპული გუნდი აუცილებლად გავა.

ირლანდიელები ძველ და კარგად ნაცნობ უელსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, საფრანგეთის ეროვნული გუნდი კი ინგლისის ნაკრებთან გაარკვევს ურთიერთობას. ამ წყვილების გამარჯვებულები ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდებიან.

მეორე ოთხეული მეოთხედფინალში სამხრეთ ნახევარსფეროდანაა. ახალი ზელანდიის ნაკრები ჩვენი ჯგუფის მეორეადგილოსან არგენტინას ეთამაშება. სამხრეთ აფრიკა კი ავსტრალიას. ფინალში გასვლის ყველაზე უკეთესი შანსი, ცხადია, "ოლ ბლექსს" აქვს.

A ჯგუფი
ახალი ზელანდია-კანადა 79:15; საფრანგეთი-ტონგა 14:19.
სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 20 ქულა, 2. საფრანგეთი - 11, 3. ტონგა - 9, 4. კანადა - 6, 5. იაპონია - 2.

B ჯგუფი
ინგლისი-შოტლანდია 16:12.
სატურნირო მდგომარეობა
1. ინგლის - 18 ქულა; 2. არგენტინა - 14, 3. შოტლანდია - 11, 4. საქართველო - 4, 5. რუმინეთი - 0.

C ჯგუფი
ავსტრალია-რუსეთი 68:22; ირლანდია-იტალია 36:6
სატურნირო მდგომარეობა
1. ირლანდია - 17 ქულა, 2. ავსტრალია - 15, 3. იტალია - 10, 4. აშშ - 4, 5. რუსეთი - 1.

D ჯგუფი
უელსი-ფიჯი 66:0.
სატურნირო მდგომარეობა
1. სამხრეთ აფრიკა - 18 ქულა, 2. უელსი - 15, 3. სამოა - 10, 4. ფიჯი - 5, 5. ნამიბია - 0.

მეოთხედფინალი
ახალი ზელანდია-არგენტინა, საფრანგეთი-ინგლისი, ირლანდია-უელსი, სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
kargi iqneba cota operatiulebi tu iqnebit, am matchis komentarebi megona Shabat dilasve daideboda.
miTumetes roca amdeni sadao jarimebi iyo. memgonis aset dros operatiuloba am saitis popularobasac caadgeba.
imeda
14:11 03-10-2011
0
მაგარი კარგი გუნდი გვყავს,ცოტაც ვაცალოთ და ძაან მაგრად ითამაშებენ.
sandro samkharadze
23:58 03-10-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული