2011 წლის მსოფლიოს თასი – ხიდი წარსულსა და მომავალს შორის

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშება საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის უკვე ისტორიაა.

ჩვენმა გუნდმა ოთხიდან ერთი თამაში მოიგო და სამი წააგო, თუმცა "ბორჯღალოსნებმა" თავისი თამაშით მსოფლიოს რაგბის მამები დააფიქრა. ყველა, ჟურნალისტი და სარაგბო ფუქციონერი, თანხმდება იმაზე, რომ დროა მსოფლიოს რაგბის შეჯიბრებათა სისტემაში ცვლილებები შევიდეს. ხშირად ისმოდა შეფასება- საქართველოს ნაკრებმა წააგო იმიტომ, რომ ელიტარულ გუნდებთან თამაშის გამოცდილება არ ჰყოფნის.

ეს და სხვა ეპითეტეპი საქართველოს ნაკრების მიმართ უცხოელებს არ დაუშურიათ, თუმცა, ვფიქრობთ, რაგბის ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე საინტერესო საქართველოს ნაკრების თამაშის მთავარი მწვრთნელის რიჩი
დიქსონის შეფასება იქნება.

- უპირველესად საინტერესოა თქვენი მოსაზრება ზოგადად ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშებაზე. ამაღლდა თუ არა მსოფლიოში სათამაშო დონე?
- სათამაშო დონემ საყოველთაოდ აიწია. ზოგადად ძალიან მაღალია თამაშის ხარისხი. გაიზარდა კონკურენტუნარიანი გუნდების რაოდენობაც. მოხარული ვარ, რომ იმ გუნდებს შორის, რომლებიც ელიტარულ სარაგბო ქვეყნებს ცხოვრებას ურთულებენ, საქართველოს ნაკრებიცაა.

ცხადია, ძალიან კარგია, რომ რუმინეთის ნაკრებს მოვუგეთ, მაგრამ ის ჩვენთვის კარგად ნაცნობი გუნდია და მე უფრო მეტად ის მაინტერესებდა, ელიტარულ გუნდებთან როგორ ვითამაშებდით.

- მოდით, თანმიმდევრობით მივყვეთ. შოტლანდიის ნაკრებთან გუნდი თითქოს შებოჭილი გამოიყურებოდა.
- შოტლანდიასთან მატჩში ძალიან შეგვიშალა ხელი პირველი მატჩის სინდრომმა. მოთამაშეები დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ. ყველა მათგანს გათავისებული ჰქონდა, რომ კარგად უნდა ეთამაშა და შედეგიც შესაბამისი მიეღოთ.

"სკოტებს" ლელო არ გავატანინეთ და მთელი თამაშის განმავლობაში დიდ წინააღმდეგობას ვუწევდით. მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ელიტური და მეორე დივიზიონის გუნდების თამაშისას, ჯარიმების დიდმა რაოდენობამ საშუალება არ მოგვცა ჩვენთვის სასურველი შედეგი მიგვეღო.

- თამაშის ხარისხი ინგლისის ნაკრებთან მატჩში ბევრად უკეთესი იყო, ჯარიმებიც მეტოქეზე ნაკლები გვქონდა. "პომებს" ბევრ სხვა სტატისტიკურ მაჩვენებელშიც ვაჯობეთ, ანგარიშში კი ვერა. რატომ მოხდა ასე?
- შეტევაში ჩვენ უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ "პომები" მაღალი კლასის გუნდია და კარგად ეხერხებათ თამაშის გაშლა. თანაც ორი თუ სამი ლელო ელემენტარული შეცდომების გამო გავუშვით.

როგორც უკვე ავღნიშნე, ამ შეხვედრაში ცუდად არ გვითამაშია, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში უპირატესობას ქარს ვატანდით. მარტინ ჯოინსონმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა აღიარა, რომ უმძიმესი თამაში ჰქონდათ ჩვენს ნაკრებთან და შვება იგრძნეს, როცა მათთვის სასიამოვნო შედეგი დაფიქსირდა. "პომებისთვის" ანგარიში კარგი იყო, მაგრამ დაუმსახურებელი.

ერთი სიტყვით, ამ მატჩში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ინგლისის დარი მაღალი დონის გუნდების წინააღმდეგ ღირსეული თამაში შეგვიძლია.

- ბოლო შეხვედრაში არგენტინის ნაკრებს პირველი ტაიმი მოვუგეთ. მეორეში კი, ისევე როგორც ინგლისთან და შოტლანდიასთან, პირწმიდნათ დავმარცხდით.
- არგენტინასთან მატჩში ვერ შევძელით ჩვენი პოტენციალის სრულად წარმოჩენა. ჯარიმების დიდმა რაოდენობამ გვიჩვენა, რომ ამ პრობლემაზე ბევრი სამუშაო გვაქვს. გული მწყდება იმაზე, რომ გუნდმა ვერ მიიღო იმის შესატყვისი შედეგი, რაც ბიჭებმა ენერგია ჩააქსოვეს თამაშში. თუმცა, ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი, ამ მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შემავალ გუნდებთან დაპირისპირებაში, ჩვენი გუნდის გამოუცდელობა გამოდგა. საამისოდ საჭიროა, ელიტარულ გუნდებს რეგულარულად შევხვდეთ.

ვფიქრობ, ქართველი გულშემატკივრები ამაყები არიან თავისი გუნდით. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, როცა ოთხიდან სამი თამაში წავაგეთ, მაგრამ გარწმუნებთ, ჩვენი პოზიცია მსოფლიოს რაგბიში მაღლდება. ამას შენარჩუნება და კიდევ უფრო გამყარება სჭირდება.

- როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს საამისოდ?
- უნდა გაგრძელდეს განვითარების პროგრამის განხორციელება, მწვრთნელთა და ფიზმომზადების სპეციალისტთა აღზრდა. ამასთან გვჭირდება მსაჯთა პროფესიონალიზმის ამაღლებაზე ზრუნვა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ რათა ქართულმა რაგბმა მიაღწიოს თანამედროვე სტანდარტებს. დარწმუნებული ვარ, რომ პატარა საქართველოს დიდი ნახტომის გაკეთება შეუძლია მსოფლიოს რაგბიში.

2011 წლის მსოფლიოს თასზე ჩვენი გუნდის გამოსვლა უნდა იყოს ხიდი წარსულსა და აწმყოს შორის. ყურადღებით უნდა ვიყოთ, იგივე ჟინით და შემართებით გვმართებს მუშაობა, უნდა ვიბრძოლოთ, რომ განვვითარდეთ, რათა კარგი მომავალი გვქონდეს.

ნაკრების ამჟამინდელ მოთამაშეთა უმრავლესობა, ალბათ, მომავალ მსოფლიოს თასზეც იასპარეზებს. ჩვენი ამოცანა კი ისაა, რომ ყველამ ერთად, მუხლჩაუხრელი შრომით განვაგრძოთ განვითარება.

- ანუ, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ნაკრებს 2015 წლის მსოფლიოს თასზეც თქვენ დამოძღვრავთ?
- ეს დამოკიდებულია საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტისა და გამგეობის გადაწყვეტილებაზე. რაც უნდა გადაწყვიტონ, მე ნებისმიერ შემთხვევაში ვრჩები და სანაკრებო რაგბის განვითარების კონსულტანტად განვაგრძობ მუშაობას.

ამასთან არ ვაპირებ მწვრთნელობას თავი დავანებო. ვხედავ, რომ ქართულ რაგბის აქვს დიდი პოტენციალი და წინ დიდი პერსპექტივა იშლება.
- ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების დაცვის მწვრთნელი ჯონ მაგლტონი ტოვებს "ბორჯღალოსანთა" სამწვრთნელო შტაბს. მან  რაგბის ახალ გუნდ "მელბურნ რებლზთან" გააფრომა კოტრაქტი. ეს ჩვენთვის საკმაოდ სერიოზული დანაკარგია.
- ჯონ მაგლტონი ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია. მან კარგი გავლენა იქონია გუნდის თამაშზე. დიდი ცოდნა გადმოგვცა დაცვის ორგანიზების საქმეში. უნდა ვეცადოთ, რომ არ დავუკარგოთ, წყალში არ ჩავუყაროთ ნამუშევარი და რაც გვასწავლა, კარგად დავიმახსოვროთ.

აქვე მინდა აღვნიშნო გუნდის სხვა მწვრთნელებიც, დონ კასკი და გარეთ ადამსონი, რომლებმაც მათზე დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულეს. მთლიანობაში კი ჩვენ მწვრთნელთა ერთი გუნდი ვიყავით და ფაქტობრივად, ყველაფერს ერთად ვაკეთებდით.

- ბოლოს ნაკრების მოთამაშეებზეც მინდა გკითხოთ. როგორ ფიქრობთ, ვინ იყო გამორჩეული მსოფლიოს თასის ამ გათამაშებაში, ვინ გაგიმართლათ იმედი და ვინ პირიქით?
- არ მინდა ვინმე გამოვყო. თითოეული აკეთებდა მაქსიმუმს. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ყველანი ერთნაირად ვმუშაობთ. ცხადია, ზოგმა მეტი ითამაშა, ზოგმა ნაკლები. ეს ბუნებრივიცაა, როცა შერჩეული მოთამაშეები კარგად თამაშობენ, ცდილობ მათ დაეყრდნო და მიეხმარო უფრო განვითარდნენ, პროგრესი განიცადონ. თუმცა, ვფიქრობ, ყველა ჩვენი მოთამაშე ამაყია იმით, რომ ახალ ზელანდიაში იყო და მსოფლიოს თასზე ითამაშა.

მსოფლიოს თასის ეს გათამაშება ჩვენთვის დამთავრდა. მალე ერთა თასი დაიწყება და ვნახოთ, ამ გუნდიდან რამდენი მოთამაშე დარჩება ნაკრებში. შინ რომ დავბრუნდებით, უნდა დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ. მალე 2015 წლის მსოფლიოს თასზე გასვლისთვის ბრძოლა დაიწყება. ასე რომ, წარსულზე მეტად მომავალზე ფიქრი გვმართებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
რიჩი დიქსონი დროა შევცვალოთ. ახალი არაფერი გაუკეთებია გუნდისათვის გუნდმა წინა მსოფლიოზე უკეთ ითამაშა. მთავარი ის არის რომ უდისციპლინობის ზეიმი იყო და ეს მწვრთნელების ბრალია.
zviadi
10:49 04-10-2011
0
ზვიადი- პატივს ვცემ თქვენს აზრს, თუმცა ვერ დაგეთანხმები!
ამ მსოფლიოზე ჩვენმა ნაკრებმა გაცილებით კარგი თამაში აჩვენა ვიდრე ოდესმე!!! უდისციპლინობაშიც ვერ დაგეთანხმებით, ზუსტად დისციპლინის დამსახურება იყო ამდენი პრობლემა რომ შევუქმენით მსოფლიო გრანდებს ;)
აშკარაა ქართული რაგბის წინსვლა.
Giorgi
11:10 04-10-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული