გორგოძე გუნდის ნამდვილი ლიდერია. "ბორჯღალოსნების" მიერ გამართულ ოთხი შეხვედრიდან ის ორჯერ საუკეთესოდ დაასახელეს. მათ შორის ინგლისის ნაკრებთან წაგებულ მატჩშიც, რომელშიც თითქმის ყოველი მეორე მსოფლიოს დონის ვარსკვლავია. მეგობრებისთვის "გულივერას", ხოლო საერთაშორისო მედიაში "გორგოძილად" ცნობილ ქართველ მესამეხაზელს არგენტინის ნაკრებთან მატჩის შემდეგ ვესაუბრეთ:
- მართალი გითხრათ, ახალ ზელანდიაში გაცილებით მეტს
- ეგ რაც ორგანიზაციას შეეხება. სათამაშო დონე თუ არის ოდნავ მაინც გაზრდილი?
- არა, არა მგონია, რომ გუნდების სათამაშო დონე ოთხი წლის წინანდელზე მეტად გაზრდილიყო. თამაშებიც რაღაც უღიმღამოა. ერთადერთი რაც ძალიან მომეწონა ირლანდიის ნაკრებია. ავსტრალიის ეროვნულ გუნდს ყველაფერში აჯობა და მოუგო. ხომ არიან გუნდები, რომლებიც ბობოლებს ებრძვიან, მაგრამ ბოლოს მაინც ტყდებიან. ირლანდია არ გამტყდარა, ბოლომდე იბრძოლა და მოუგო. ამის გამო, ამ მსოფლიოს თასზე ირლანდიას ვქომაგობ.
- მოდით, საქართველოს ნაკრების მიერ ნათამაშები მატჩები გავიხსენოთ. დავიწყოთ შოტლანდიით.
- მადა ჭამაში მოდისო, ხომ გაგიგიათ- ასე დაგვემართა. რატომღაც ყველას ეგონა, რომ შოტლანდია აუცილებლად უნდა დაგვემარცხებინა. ვერ ვხვდები, რატომ. მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ, ქართველმა გულშემატკივრებმა ამ გუნდს "ყურში მოკიდა ხელი". არადა, შოტლანდიის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია, რაც არგენტინისა და ინგლისის ნაკრებებთან თამაშშიც დაამტკიცა. "სკოტებმა" ორივე შეხვედრაში გამარჯვება ხელიდან მატჩის ბოლო წუთებზე გაუშვეს.
ისე არ გამიგოთ, თითქოს მთლად უშანსო ვიყავით. შეგვეძლო მოგება, მაგრამ მეტოქე ვერ ავიყოლიეთ, ჩვენი თამაში ვერ მოვახვიეთ. პირიქით, იმათ ავყევით თამაშში. ერთი კარგი ის იყო, რომ ლელო არ გავატანინეთ. თუმცა, აქვე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ შოტლანდიასთან მოგება თუ შეიძლებოდა, ასევე შესაძლებელი იყო დიდი ანგარიშით წაგებაც და ეს არავის უნდა გაუკვირდეს, რადგან შოტლანდიის ნაკრები, ყველა ასპექტში, ჩვენზე ძლიერი გუნდია.
ერთი სიტყვით, მაღალი დონის გუნდებთან თამაში აუცილებლად გვჭირდება. ამის გარეშე ვერ განვვითარდებით.
- ინგლისის ნაკრებთან ჩვენმა გუნდმა გაცილებით უკეთ ითამაშა. არადა, "პომები" უფრო ძლიერია.
- ინგლისის ნაკრებთან მოგებას არავინ გვთხოვდა. ამიტომ, ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე გამოვედით და მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიეთ თავს. ანაგარიშმა არავინ მოატყუოს. ინგლისელები ასეთი სხვაობით მოგებას არ იმასხურებდნენ. ყველაზე დიდი ათი ქულის სხვაობით მოეგოთ. ფორტუნამ ზურგი გვაქცია, თორემ გამორიცხული არ იყო, თამაში სრულიად განსხვავებული სცენარით წარმართულიყო.
- რუმინეთის ნაკრებთან ორი განსხვავებული ტაიმი გამოვიდა. რა იყო ამის მიზეზი?
- პირველ ტაიმში თამაში არ გამოგვივიდა. ვერაფრით ავეწყვეთ, ძალიან დიდი იყო ამ შეხვედრის ფასი. იმათმაც საერთოდ მოკლეს თამაში. არ შეიძლება, იმის გამო, რომ შედეგს მიაღწიო, ყველაფერზე წახვიდე. სულ ფეხით ცდილობდნენ ჩვენს მოედანზე ბურთის გადმოტანას.
რუმინეთის ნაკრები ადრე კარგი გუნდი იყო, მაგრამ ახლა ჩვენ აშკარად ვჯობნით. მეორე ტაიმში მაქსიმუმი გავაკეთეთ. რატომღაც მეგონა, რომ თამაშში დაბალი ტემპი იყო, მაგრამ ვიდეოფირი რომ ვნახე, საპირისპირო შთაბეჭდილება დამრჩა. ცუდი მატჩი არ იყო, ბოლო-ბოლო ლელო შეტევის მე-17 ფაზაზე გავიტანეთ.
- პირველი ტაიმის მოგების შემდეგ არგენტინის ნაკრებთან მატჩში მაინც დავმარცხდით.
- მიუხედავად იმისა, რომ სამი დღის წინ რუმინეთის ნაკრებთან ვითამაშეთ და ენერგია საკამრისად არ გვქონდა შენარჩუნებული, არგენტინის ეროვნულ გუნდს 60 წუთი ძალიან კარგად ვეთამაშეთ. ის იმდენად ძლიერი არ არის რასაც ამბობენ. მისი სტილი თამაშის ჩაშლაა. ვფიქრობ, "პუმებთან" მარცხი ასეთ გუნდებთან თამაშის გამოცდიელბის არქონის ბრალია.
- როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე აღწევენ არგენტინელები წარმატებებს?
- "პუმები" წარმატებას უწინარესად თავდადებული თამაშის ხარჯზე აღწევენ. მათი სტილია თამაშის არევა, ღია თამაში. ამ დროს ისინი თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში. რომ ვთქვა, მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთო, არ იქნება სწორი. შოტლანდიის ნაკრები უფრო მაღალი დონის მორაგბეებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ არგენტინელები ბოლომდე, უშეღავათო ბრძოლით გამორჩეულები არიან.
- საქართველოს ნაკრებზე მიმდინარე მსოფლიოს თასზე ბევრი ითქვა და დაიწერა. თქვენ როგორ გგონიათ, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა პროგრესი განიცადა?
- დიახ, პროგრესი ნაკრების თამაშში ნამდვილად არის და ნელ-ნელა კიდევ უფრო ვიზრდებით. თუმცა ეს საკმარისი არ არის და სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"