გიორგი ნიჟარაძე: ვამაყობ ჩვენი ბიჭებით, თუმცა მეტი შეგვეძლო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშებაში, ჯგუფურ ტურნირში ასპარეზობა ერთი გამარჯვებითა და სამი მარცხით დაასრულა.

ჩვენი გუნდის თამაშმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა და თუ მსოფლიოს რაგბის საშეჯიბრო სტრუქტუტრებში ცვლილებები განხორციელდა, ეს უწინარესად "ბორჯღაოსნების" მიერ ნაჩვენები შესანიშნავი თამაშის დამსხურება იქნება.

საქართველოს ნაკრების ახალ ზელანდიაში გამოსვლის შეფასება რაგბის კავშირის პრეზიდენტს, გიორგი ნიჟარაძეს ჯერ კიდევ პალმერსტონში ყოფნიას ვთხოვეთ:

- სანამ საქართველოს ნაკრების თამაშის შეფასებას გავაკეთებ, მინდა შეგახსენოთ, რომ ერთ-ერთ ყველაზე ძნელ ჯგუფში მოვხვდით. ვეთამაშეთ მსოფლიოს რეიტნიგში  მე-4, მე-7 და მე-8 ადგილებზე მყოფ
გუნდებს.
ამასთან, ისიც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ გუნდებს ძალიან იშვიათად, ოთხ წელიწადში ერთხელ ვეთამაშებით, ისიც უშუალოდ მსოფლიოს თასზე, სადაც განსკუთრებული ფორმატია და თანაც ჩვენი დონის გუნდებისთვის ძალიან არახელსაყრელი. ორჯერ მოგვიწია სამდღიანი შუალედით მსოფლიოს გრანდებთან თამაში, რაც ძალზედ რთულია და, ცხადია, ამან ბიჭები ძალიან დაღალა.

- საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასის გათამაშებაში ერთი მატჩი მოიგო. დაამარცხა რუმინეთის ნაკრები.
- ეს უმნიშვნელოვანესი თამაში იყო, ამ მატჩის შედეგზე ბევრად იყო დამიკიდებული ჩვენი მომავალი ადგილი მსოფლიოს სარაგბო ოჯახში. ჩვენსა და რუმინელებს შორის დიდი ხანია პაექრობა არა მარტო მოედანზე მიმდინარეობს. მიდის ბრძოლა ევროპულ და შესაბამისად მსოფლიოს რაგბიში დასამკვიდრებლად.

მაშინ, დასაწყისში, როცა საქართველოს ნაკრების ისტორია იქმნებოდა, ჩვენ ხშირად ვაგებდით რუმინელებთან. ეს ბუნებრივიც იყო, მათ ხომ რაგბის თამაშის თითქმის საუკუნოვანი ისტორია აქვთ. მაგრამ ძალიან მოკლე დროში, ჩვენმა გუნდმა დიდი პროგრესი განიცადა და ის რომ, ახლა რუმინელებზე უკეთესი გუნდი გვყავს, საბოლოოდ მსოფლიოს თასზე მათთან გამარჯვებით დავამტკიცეთ.

რუმინელებთან ბიჭებმა ცოტა ინერვიულეს, რადგან კარგად და ზუსტად ჰქონდათ გაცნობიერებული "სტეჟარისთან" მატჩის მნიშვნელობა. ასე რომ არ ყოფილიყო, დიდი ანგარიშითაც მოვუგებდით.

- რუმინელებთან სწორედ რომ მაღალი სათამაშო კლასის ხრჯზე გამარჯვების შემდეგ იყო არგენტინელებთან მოგებული პირველი ტაიმი. რა დაგვაკლდა მათთან საბოლოო წარმატების მისაღწევად?
- ის რომ ჩვენთან გამარჯვების შემდეგ არგენტინის ნაკრების მოთამაშეები გასახდელში სიხარულისგან ლამის კედლებზე დადიოდნენ, თავისთავად მეტყველებს, იმაზე თუ რა დონეს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა.

ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს, მათ უბრალოდ მეტი აღარ შეეძლოთ, რადგან გამორიცხულია სამ დღეში გუნდმა ძალები სრულყოფილად აღიდგინოს. თან ამდენი ტრავმირებული მოთამაშე გვყავდა. თამაშის წინა დღეს კი ვარჯიშზე ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, დავით ზირაქაშვილი დაგვიშავდა. ერთი სიტყვით, ძალიან ძნელია, ასეთ სიტუაციაში არგენტინის დონის გუნდს ებრძოლო.

თანაც კლასიც თავისას შვება. ყველა თანხმდება იმაში, მათ შორის წამყვანი სარაგბო ქვეყნების რაგბის ხელმძღვანელები, რომ საქართველოს ნაკრებმა ელიტურ გუნდებთან თამაშის გამოცდილების არქონის გამო წააგო. ერთი სიტყვით, დროა მსოფლიოს რაგბიში რადიკალური ცვლილებები დაიწყოს.

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა:
- ამ ცვლილებებზე ფიქრი უწინარესად ჩვენ, წამყვანმა ქვეყნებმა უნდა დავიწყოთ, თუ გვინდა რაგბის განვითარება გაგრძელდეს და არ შეფერხდესო. ის რომ, დღეს საქართველოს ნაკრებმა წააგო არის მაღალი დონის გუნდებთან თამაშის გამოუცდელობის შედეგი.
- ჩემი, ცხადია, სუბიექტური აზრია, რომ არგენტინის ნაკრებთან თამაშის შედეგზე გავლენა მთავარი არბიტრის საკმაოდ ტენდეციურმა მსაჯობამ იქონია.
- არ შემიძლია ხაზგასმით არ აღვნიშნო ცუდი მსაჯობა ამ მატჩში. სიტყვები არ მყოფნის როგორ შევაფასო ირლანდიელი ალან როლანის საქციელი, როგორც კი მეტოქის ნახევარზე გადავდიოდით და გრძნობდა, რომ არგენტინელებს საფრთხეს შევუქმნიდით, უმალვე თამაშს აჩერებდა, გვაჯარიმებდა და შეტევის ორგანიზების საშუალებას არ გვაძლევდა. "ოლ ბლექსის" ერთ-ერთმა ყოფილმა კაპიტანმა, რომელიც, როგორც საპატიო სტუმარი ვიპ-ლოჟიდან ისე ადევნებდა თამშს თვალს, აღნიშნა, რომ ის, რასაც მოედანზე მსაჯი აკეთებს, უბრალოდ აღმაშფოთებელიაო.

თუმცა ამაზე არ უნდა ჩავიციკლოთ, ეს პრობლემა უნდა გადავლახოთ. ეს არის მიზეზი, ლოგიკური კი არის შედეგი. განსხვავება დონეებს შორის მცირდება. სამ გრანდთან ღირსეულად ვითამაშეთ და რომ შევადაროთ სხვა გუნდები, რა სხვაობით დამარცხდნენ ანალოგიურ, წამყვან ელიტარულ გუნდებთან, დავინახავთ, რომ უკვე გაცილებით მაღალ დონეზე ვართ და ამას ყველა აღიარებს.

ძალიან ბევრმა ადამიანმა დიდი შრომა გასწია საიმისოდ, რომ ქართულ რაგბის ასეთი დონისთვის მიეღწია. რისთვისაც ყველას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა.

- როგორც ვიცით, თქვენ ახალ ზელანდიაში დარჩებით მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულებამდე, სადაც IRB-ს მაღალჩინოსნებთან არაერთი შეხვედრა გექნებათ.
- მე ვრჩები ერთი თვე, ამ დროის განმავლობაში პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნება მისაღები. ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაო, რათა შედეგები ჩენთვის სასარგებლო იყოს. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბიჭების ასეთი კარგი თამაშის შემდეგ, ძალიან ბევრი მხარდამჭერი გაგვიჩნდა.

შესაბამისად, შემდეგი ოთხი წელიწადი უნდა გავატაროთ მუხლჩაუხრელ შრომაში. განათლება, სწავლა და სწავლა იქნება ჩვენი საქმიანობის ამოსავალი წერტილი. აგრეთვე მწვრთნელების გაზრდა, მსაჯების, მენეჯერების მომზადება, სპორტული მედიცინის განვითარება და ბევრი თამაში.

უკვე გვაქვს შემოთავაზება ახალი ზელანდიიდან და არგენტინიდან. ჩვენზეა დამოკიდებული რას ავირჩევთ, ეროვნულ ნაკრებს გავაგზავნით, ნაკრებს თუ სხვა გუნდებს.

ეს უკვე საკმაოდ დიდი აღიარებაა, ასეთ შემოთავაზებას რამდენიმე წლის წინათ ვინ გვაღირსებდა? წინადადებები მომავალში კიდევ უფრო მეტი იქნება.

მარტო ის რად ღირს, რომ შვიდი ლეგენდარული ახალზელანდიელი მოთამაშე, მათ შორის შონ ფიცპატრიკი, ოქლენდში ყოფნისას ვახშამზე მიმიწვევენ, სადაც როგრც თვითონ თქვეს, სურთ შემომთავაზონ თანამშრომლობის გარკვეული ფორმა.

არ უნდა გაჩერდეს, რაგბის მხარდაჭერა. პირიქით, ვფიქრობ, საქართველოში ყველამ დაინახა, რომ რაგბი ჩვენი თამაშია, ქართულია. მას ბევრი კარგის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის. ამ ერთი თვის განმავლობაში რაგბის გამო საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო. ახალი ზელანდიის, ამ წამყვანი სარაგბო ქვეყანის მოსახლეობამ შეიყვარა ქართველი მორაგბეები, აქაურ ქართულ დიასპორას სიამაყის გრძნობა გაუჩნდა.

რაგბის შეუძლია ძალიან ბევრი სიკეთის მოტანა. ჩვენი გუნდის თამაში ახალ ზელანდიაში წარმატებული იყო, შეიძლებოდა უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ შინ მაინც თავაწეული და ამაყები ვბრუნდებით. საქართველომ, როგორც რაგბის ქვეყნამ, დაიმკვდირა ადგილი მსოფლიოს რაგბის დიდ ოჯახში და დიდი პატივისცემა დაიმსახურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული