ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი სამია - ფრანგი, ინგლისელი და ახალზელანდიელი

AutoSharing Option
ქართული რაგბისთვის წლევანდელი სეზონი წარმატებული გამოდგა.

ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში "ბორჯღალოსნებმა" შესანიშნავად იასპარეზეს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ პლანეტის სარაგბო თემში მყარად დაიმკვიდრეს ადგილი.

წარმატებული გამოდგა სეზონი ასაკობრივი ნაკრებებისთვის. ორ ასაკობრივ ჯგუფში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ევროპაში პირველობა არავის დაუთმეს.

გარკვეული, საკმაოდ მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა ქართული რაგბის საშინაო მეორნეობაშიც, ყოველივე ამისა და მომავლის გეგმების შესახებ დეტალურად საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე გვესაუბარება.

- წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშება იყო. სეზონის შეფასება, სწორედ ამ
შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების გამოსვლით დავიწყოთ.
- ამთავითვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასზე ზედიზედ მესამედ იასპარეზა, რაც ქართულ სპორტში, სათამაშო სახეობებში უნიკალური მოვლენაა. ეს თავისთავად დიდი წარმატებაა. რაც შეეხება უშაუალოდ ჩვენი გუნდის გამოსვლას მსოფლიოს თასის გათამაშებაში, ამას შეფასება არაერთხელ მოჰყვა და მათ შორის უცხოურ პრესაშიც.

მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ საქართველოს ნაკრბმა კანადის, სამოას, ტონგას და სხვა ქვეყნების ეროვნულ გუნდებთან ერთად, საგრძნობლად შეამცირეს განსხვავება ელიტარულ და ეგრეთ წოდებულ მეორე ეშელონის ქვეყნების სათამაშო დონეს შორის. რომ არა ელიტარულ გუნდებთან თამაშის გამოცდილების სიმწირე, ეს სხვაობა კიდევ უფრო მცირე იქნებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, საყოველთაო აღიარებით ქართული რაგბი ყველაზე სწრაფად პროგრესირებს მთელს მსოფლიოში.

- შეეძლო თუ არა საქართველოს ნაკრებს ახალ ზელანდიაში უკეთესი შედეგის მიღწევა?
- ალბათ შეეძლო. თუმცა, სანამ ამაზე დავიწყებთ საუბარს, ნუ დაგვავიწყდება, როგორი დონის გუნდებთან მოგვიწია თამაში. მარტო სტატისტიკას თუ მოვიშველებთ, გამოვა, რომ მოთამშეთა რაოდენობით, დაფინანსებით, ინფრასტრუქტურით და მთელი სარაგბო მეურნეობით, ჩვენ მათ ძალიან ჩამოვრჩებით. ამას დაუმატეთ ისტორია, ამ ქვეყნების სარაგბო ტრადიციები, ყველა მათგანი რაგბის ლამის ორი საუკუნეა თამაშობს.

ყოველივე აქედან გამომდინარე, აპრიორი უპირატესობა მათ ჰქონდათ. ამიტომ ჩვენ ამოცანად ის დავისახეთ, რის საშუალებასაც რეალობა გვაძლევდა. ჩვენი მიზანი იყო დაგვემარცხებინა რუმინეთის ნაკრები და დანარჩენ მეტოქეებთან ისე გვეთამაშა, რომ სარაგბო სამყაროს პატივისცემა დაგვემსახურებინა. დასახულ მიზანს მივაღწიეთ, რუმინეთსაც მოვუგეთ და დანარჩენ ნაკრებებთანაც ძალიან ღირსეულად ვითამაშეთ.

მაგრამ, ყოველივე ზემოთთქმულის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ უკეთესი შედეგის მიღწევა შეგვეძლო.

- რატომ ვერ შეძლო ეს გუნდმა?
- მრავალი ფაქტორის გამო. გუნდს არ ჰქონდა ელიტურ ქვეყნებთან თამაშის გამოცდილება. ამან გამოიწვია ფსიქოლოგიური პრობლემა.

მოთამშეებს აკლდათ რწმენა, რომ თუნდაც შოტლანდიის ნაკრების დამარცხებას შეძლებდნენ. ამას მოჰყვა გარკვეული პრობლემები თამაშისას. შეცდომები დაუშვეს მწვრთნელებმაც. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ თეორიული მსჯელობაა, პრაქტიკულად კი, იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, მაინც კარგ შედეგს მივაღწიეთ.

ერთი, რაც ყველაზე მთავარია, ახალ ზელანდიაში გამართულმა მსოფლიოს თასის გათამაშებამ ნათლად დაგვანახა, რა არ უნდა ვაკეთოთ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში და რა უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ კიდევ უფრო განვვითარდეთ და წინ წავიდეთ.

- იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ ამის შესახებ?
- უამრავი ნიუანსია. იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო, საჭიროა ნაკრების მწვრთნელების სწორად შერჩევა, მოსამზადებელი პერიოდის სწორად დაგეგმვა და წარმართვა, ფსიქოლოგიური მომზადება, რაც შეიძლება მეტი თამაშის ჩატარება მაღალი დონის გუნდებთან, განსაკუთრებით იმ წელიწადს, როცა მსოფლიოს თასის გათამაშება იმართება. ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც დავინახეთ, გავააანალიზეთ და მის გამოსასწორებლად მუშაობა უკვე დავიწყეთ.

- საყოველთაო შეფასებით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასზე კარგად ითამაშა. თუმცა მწვრთნელი თანამდებობიდან წავიდა. დღესდღეობით ეროვნულ ნაკრებს თავკაცი არ ჰყავს. როდის და ვინ დაინიშნება "ბორჯღალოსნების" დამრიგებლად?
- გადაწყვეტილება მწვრთნელთა შტაბის შეცვლის შესახებ ჯერ კიდევ ახალ ზელანდიაში ყოფნისას მივიღეთ. მათ კონტრაქტი დაუმთავრდათ და, მაგალითად, ჯონ მაგლტონმა, უმალვე "მელბურნ რებლზთან" გააფორმა ხელშეკრულება.

რაც შეეხება ახალი მწვრთნელის დანიშვნას, ეს არის ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესი. მსოფლიოს თასის გათამაშების მიმდინარეობისას გვქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა სხვადასხვა სპეციალისტთან, გავიარეთ კონსულტაციები ყველა დონეზე. ფაქტობრივად, ოქტომბერი და ნოემბერი მოვანდომეთ მწვრთნელის შერჩევას.

განვიხილეთ უმარავი კანდიდატი, თუმცა შერჩევისას ვხელმძღვანელობდით მხოლოდ ერთი კრიტერიუმით. მნიშვნელობა არ აქვს ნაკრების ახალი თავკაცი რომელი ქვეყნიდან იქნება. მთავარია მისი ცოდნა, გამოცდილება, სიახლეები, რომლებიც მან უნდა დანერგოს ქართულ რაგბიში. ამასთან, ის არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ეროვნულ ნაკრებთან მუშაობით, არამედ აქტიურად უნდა ითანამშრომლოს სარაგბო აკადემიასთან და ასაკობრივ ნაკრებებთან.

დღესდღეობით არჩევანი შეჩერებული გვაქვს სამ კანდიდატურაზე, რომლებიც ახალი ზელანდიის, საფრანგეთისა და ინგლისის წარმომადგენლები არიან. გადაწყვეტილებას საბოლოოდ უახლოეს დღეებში მივიღებთ.

- ასაკობრივი ნაკრებები ახსენეთ, როგორი იყო სეზონი ამ გუნდებისთვის?
- აღსანიშნავია, რომ ძალიან კარგი ახალი თაობა მოდის. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა და მომავალ წელს მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფაზე ითაშებს. ერთი წლით უმცროსებმაც ევროპის ჩემპიონატი მოიგეს და გაისად ელიტურ ქვეყნებთან ერთად ჩაებმებიან კონტინენტის პირველობაში, რომელიც პირველად ჩატარდება.

ეს რაც შეეხება სტატისტიკას. ცხადია, ყოველივე ძალიან კარგია, მაგრამ ყველაზე მეტად ის გვახარებს, რომ იზრდება თამაშის ხარისხი. ორივე ნაკრების მორაგბეებმა დაიწყეს ხელდახელ ბურთაობა, სწორად აზროვნება და რაგბის თანამედროვე ელემენტების შესრულება.

- როგორც უკვე თქვით, ამ გუნდებს მომავალ წელს გაცილებით სერიოზულ ტურნირებში მოუწევთ ასპარეზობა.
- დიახ ასეა. წლეულს 18-წლამდელებთან დავით ჩავლეიშვილი და მამუკა ტყეშელაშვილი მუშაობდა, 19-წლამდელებთან კი პირველად უცხოელი სპეციალისტი იან სმიტი დავნიშნეთ, რომელსაც ასისტენტობას ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტები ირაკლი ჭყონია, ზურა ამონაშვილი და ლადო კილასონია უწევდნენ.

გადავწყვიტეთ სრულად გარდავქმნათ სარაგბო აკადემიის მუშაობა. იქ თავს მოვუყრით ყველა გამოცდილ და ახალგაზრდა ქართველ მწვრთნელებს, ასევე მოვიწვევთ უცხოელ სპეციალისტებს, რომლებიც აქტიურად ჩაებმებიან ასაკობრივი ნაკრებებისთვის საუკეთესო მორაგბეების შერჩევაში და კონკრეტული შეჯიბრებისთვის მათ მომზადებაში.

ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ მათთან კოორდინაცია იქნება. სწორედ მან, აკადემიის მწვრთნელებთან ერთად უნდა შექმნას ერთიანი ღერძი, ვარჯიშის დაგეგმვა, წარმართვა, სწორად ფუქციონირება, ეს ყველაფერი ქართველებს სასწავლი გვაქვს.

- საკმაოდ პრობლემატურია საქართველოში ბავშვთა რაგბის განვითარება. ამ მიმართულებით როგორი ხედვა აქვს საქართველოს რაგბის კავშირს?
- ბავშვთა რაგბი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე თემაა. აქ რიჩი დიქსონის განვითარების ჯგუფმა უნდა იმუშაოს აქტიურად. ჩატარდება მწვრთნელთა ლიცენზირება და მომავალში ულიცენზიო მწვრთნელი ბავშვებთან ვეღარ იმუშავებს. ამასთან უნდა განვახორციელოთ მკაცრი მონიტორინგი, როგორ ასრულებენ მწვრთნელები იმ დავალებას, რასაც განვითარების ჯგუფი აძლევს.

აქამდე ბავშვებს არასწორად ვზრდიდით. იმდენად არასწორად, რომ ნაკრებში მოხვედრილებს მწვრთნელები თავიდან ასწავლიდნენ ელემენტარულ ილეთებს. ამიტომ ბავშვთა რაგბი, მათი სწორად აღზრდა, ჩვენთვის ყველაზე დიდ პრიორიტეტად რჩება.

- საქართველოს ჩემპიონატი და თასის გათამაშება ახლახან დასრულდა. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა წინსვლა შინაურ რაგბიში?
- საქართველოს ჩემპონატის დონე აშკარად ამაღლდა. თუნდაც სეზონის მიწურულს გამართული ორი შესნიშნავი ფინალი რად ღირს. თასისთვის გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთის პირისპირ ქვეყნის ჩემპიონი და უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი გუნდი იდგა. თუმცა ეს თამაშს არაფრით ეტყობოდა. მოედანზე დაძაბული, თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ამსთან ერთად, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მსოფლიოს თასზე ეროვნულ ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ცხრა მორაგბემ იასპარეზა.

ყოველივე ამაში დიდი როლი ითამაშა მთავრობის დახმარებამ. იმ საპრიზო ფონდმა, რომელიც რაგბის განვითრების სახელმწიფო პროგრამით იყო გათვალისწინებული, გუნდებს საშუალება მისცა ნაწილობრივ მაინც მოეგვარებინათ ფინანსური და სხვა პრობლემები. შედეგად კი სეზონისთვის უკეთ მომზადებას ახერხებენ.

ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ კლუბების და შესაბამისად ჩემპიონატის დონე, კიდევ უფრო ამაღლდეს. აუცილებლად უნდა გაგრძელდეს სახელმწიფო პროგრამა, ბიზნესმენებმა უნდა ჩადონ ფული რაგბიში. ამასთან, უნდა ვიზრუნოთ მსაჯების, მწვრთნელების, მენეჯერების კვალიფიკაციის ასამაღლებლად. განსაკუთრებით განვიცდით მაღალი დონის მსაჯების ნაკლებობას, სწორედ ამიტომ მითქვამს არაერთხელ, რომ შემდეგი ოთხი წელიწადი ქართულ რაგბიში უნდა დაეთმოს განათლებას.

- რამდენად შეესაბამება სინამდვილეს მოარული ხმები უმაღლესი ლიგის გუნდების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით?
- ამის თაობაზე გამგეობის გაფართოებული სხდომა გაიმართება. სავარაუდოდ, შევთანხმდებით იმაზე, რომ უმაღლეს და პირველ ლიგაში გუნდების რაოდენობა გავზარდოთ და მომავალი სეზონიდან ამ ლიგებში ათ-ათი გუნდი ითამაშებს. ამასთან ერთად, გვინდა გადავიდეთ ჩემპიონატის შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზე, ისევე როგორც ეს მთელს მსოფლიოშია. გუნდების რაოდენობის გაზრდით, გაიზრდება კონკურენციაც, რაც დონის ამაღლებას გამოიწვევს.

კიდევ ერთი არგუმენტი ისაა, რომ სარაგბო სკოლებს ძალიან ბევრი მორაგბე ამთავრებს, რომლებსაც შემდეგ ფაქტობრივად, წასასვლელი არსად აქვთ. გუნდების გაზრდილი რაოდენობით, იზრდება ის არეალი, სადაც მათ შეუძლიათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინონ.

- ყოველივე აქამდე ნათქვამის განხორციელებას შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება. რა ეტაპზეა ამჟამად მშენებარე სტადიონები, სხვა ახალი ბაზების მშენებლობა ხომ არ იგეგმება?
- მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ცხადია, აუცილებელია. მალე დავიწყებთ მოლაპარაკებას რეგიონებში ადგილობრივ მმართველობასთან, რათა თუნდაც სოფლებში არსებულ მარტივი მოედნები კეთილმოაწყონ, ააშენონ გასახდელები, საშხაპეები. ეს პროექტი შესაძლებელია ფეხბურთთან ერთად განვახორციელოთ, რაც რაგბის მასობრივ სპორტად გადააქცევს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ, რაც მეტი იქნება მუნიციპალიტეტების ჩართულობა და დახმარება რაგბის განვითარების საქმეში, მით მალე მივიღებთ ბევრად უკეთეს შედეგებს.

რაც შეეხება მშენებარე სტადიონებს, გეტყვით, რომ მარტყოფში, ასპინძაში, რუსთავსა და დიდ დიღომში მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება. გაისადვე დაიწყება მშენებლობა ბათუმში, ფოთში, სენაკში, თელავსა და გორში.

- გაგრძელდება თუ არა სახელმწიფო პროგრამა?
- გადაწყვეტილებას ამ დღეებში მიიღებენ. ამაზე იქნება დამოკიდებული IRB-ის გადაწყვეტილება. ისინი მზად არიან სტატუსიც გაგვიზარდონ და დაფინანსებაც. ახლა ელოდებიან თვითონ ქვეყანა რა წილს გაიღებს ჩვენში რაგბის განვითარებისთვის.

ამასთან ერთად ყოველდღიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან. მოვუწოდებთ ყველას, აქტიურად ჩაებან ქართული რაგბის განვითარების საქმეში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ ბატონო გიორგი! თქვენ გაგიმარჯოთ, ნამდვილ საქმეს აკეთებთ და შედეგიც სახეზეა! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. აქვე მინდა მივმართო ფეხბურთის მესვეურებს: ბატონი გიორგისგან მაინც აიღეთ მაგალითი და ცოტა რამეში მაინც მიბაძეთ, (თუ ყველაფერში არა!) გეყოფათ ჭამა! როდემდე უნდა გამოხრათ ქართული ფეხბურთი??? "ძვალი" მაინც დატოვეთ თქვე სვავებო!
დევიდ აირონს
14:08 09-12-2011
0
სტადიონებს ივანიშვილი აკეთებს და ესენი იბრალებენ. ბატონო გია ივანიშვილს თუ არ ახსენებ ქართუ ჟგუფი მაინც ტქვი, უმადურობაა ეს კველაფერი თქვენი მხრიდან. ადრე ხომ იძახოდით ქართუ გვიშენებსო?
datiko
19:07 09-12-2011
0

სიახლეები პოპულარული