მოთამაშის კარიერა
1982-1988 წლები - საუთლენდის პროვინციის ნაკრები
1980 წელი - ახალი ზელანდიის 17-წლამდელთა ნაკრები
1982 წელი - ახალი ზელანდიის 19-წლამდელთა ნაკრები
1985-1987 წელი - "იოჰანსებურგ პირატსი" (სამხრეთ აფრიკა)
1985 წელი - "ლონდონ სქოთიში"
1985-1986 წლები - "ორელი"
1987-1988 წლები - "რიჩმონდი" (ლონდონი)
1990-1996 წლები - "ბეი ოფ პლეტნი", 48 მატჩი, ოთხჯერ კაპიტანი.
სამწვრთნელო კარიერა
2000-2002 წლები - "ბეი ოფ პლენტი" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.
2003-2007 წლები - "ვანგანუის" მთავარი მწვრთნელი.
2000 წელი - ახალი ზელანდიის 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა
2006-2007 წლებში - ახალი ზელანდიის ბავშვთა და მოზარდთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.
2008 წელი - "მაორების" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, "წყნარი ოკეანის ერთა თასის" მფლობელი.
2009-2011 წლები - "მანუკაუ სტილერსის" მთავარი მწვრთნელი და რაგბის განვითარების ხელმძღვანელი. მას აქ ასისტენტობას უწევდა მსოფლიოს რაგბის ლეგენდა ტანა უმაგა.
კრის გიბსი
სამწვრთნელო კარიერა
2002 წელი - წმინდა პეტრეს სკოლა, კემბრიჯი.
2003 წელი - ავამუტუ კოლეჯი, U-14
2004 წელი - ავამუტუ კოლეჯი, U-15
2007 წელი - პირონგია, შერკინების მწვრთნელი
2007 წელი - იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, შერკინების მწვრთნელი. გუნდს ახლდა საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებასა და "წყნარი ოკეანის ერთა თასზე"
2008 წელი - "ვაიკატოს" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი
2009-2011 წლები - "ვაიკატოს" მთავარი მწვრთნელი. ზედიზედ ორჯერ ითამაშა ITM-ის თასის (ახალი ზელანდიის ჩემპიონატი) ფინალში.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს მომავალი წლიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება. საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით "ბორჯღალოსნებს" ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგი უთავკაცებს, მას ასისტენტობას მისი თანამემამულე კრის გიბსი გაუწევს, რომელიც ჩვენი ეროვნული გუნდის შერკინებას გაწვრთნის. ახალზელანდილებთან ერთად იმუშავებს ორი ქართველიც, ილია მაისურაძე და ილია ზედგინიძე.
საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობაში ამ ცვლილებებთან დაკავშირებით რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და კონსულტანტმა რიჩი დიქსონმა, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკეს:
გიორგი ნიჟარაძე: "საქართველოს ნაკრების მომავალ მწვრთნელთან ბოლო დეტალები დღეს დილით შევათანხმეთ და უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ "ბორჯღალოსნებს" ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგი გაწვრთნის, მას ასისტენტობას შერკინების მწვრთნელი კრის გიბსი გაუწევს.
სანამ ამ ორ ადამიანზე კონკრეტულად გიამბობდეთ, მინდა, ცოტა შორიდან დავიწყო. მაშინ, როცა ავსტრალიელი ტიმ ლეინი, რომელიც ძალიან კარგი სპეციალისტი იყო, გარკვეული მიზეზების გამო თანამდებობიდან გავათავისუფლეთ, მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით, ოთხწლიანი ციკლის შუაწელი იყო და ყველა, ასე თუ ისე მაღალი დონის მწვრთნელი გუნდებში უკვე მუშაობდნენ.
სწორედ ამ დროს ვთხოვეთ რიჩი დიქსონს დაგვხმარებოდა, რომელმაც თანხმობა მოგვცა და მწვრთნელთა შესანიშნავი გუნდი შეკრა.
მსოფლიოს თასზე ჩვენი ნაკრების გამოსვლას აღარ შევეხები. ამაზე არაერთხელ საკმაოდ ვრცლად მილაპარაკია. ჩვენ მაშინვე შევთანხმდით, რომ რიჩი დიქსონი ნაკრებს ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშების ჩათვლით უხელმძღვანელებდა. მინდა, გაწეული საქამიანობისთვის მას მადლობა კიდევ ერთხელ ვუთხრა.
ახალი მწვრთნელის ძიება ახალზელანდიაში ჩვენი ყოფნისას დავიწყეთ. მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიდიოდა. კანდიდატებს ახალ ზელანდიაში, სამხრეთა ფრიკაში, საფრანგთსა და დიდ ბრიტანეთში ვეძებდით. ჩვენ გვჭირდებოდა კარგი სპეციალისტი, რომელიც საქართველოში მოიტანდა ცოდნას და დაგროვილ გამოცდილებას ქართული რაგბის განვითარებას მოახმარს. სამომავლოდ სრულიად ახლებური სისტემით ამუშავდება ჩვენი სარაგბო აკადემია, სადაც ეროვნული ნაკრების მწვრთნელმაც უნდა იმუშაოს, როგორც ახალგაზრდულ ნაკრებებთან, ისე კლუბების მწვრთნელებთან.
ყველას კარგად მოეხსენება, რომ ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყნის მდიდარი რაგბის კავშირი. ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია. ამ ხნის განმავლობაში, რაც ახალ მწვრთნელს ვეძებდით სამოცამდე კანდიდატის განაცხადი მივიღეთ. ამათგან საბოლოოდ დარჩა სამი _ ფრანგული, ბრიტანული და ახალზელანდიური მიმართულება.
ძალიან კარგად მესმის იმ ქომაგების, რომლებსაც ეროვნული ნაკრების თავკაცად ისეთი სპეციალისტების ხილვა სურთ, სამხრეთ აფრიკელი ნიკ მალეტი და ახალზელანდიელი გრემ ჰენრი რომ არიან. მალეტთან ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, მას ჯერ კიდევ 2007 წელს საფრანგეთში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ შევთავაზეთ ჩვენთან მუშაობა, მაგრამ გვითხრა ფინანსურად ვერ შემწვდებითო. ასეც არის, ის იმდენად მაღალი დონის სპეციალისტია, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ უმთავრს კანდიდატად მიიჩნევა.
რაც შეეხება ჰენრის, მან "ოლ ბლექსს" მსოფლიოს თასი მოაგებინა და სანაკრებო კარიერის გაგრძელება არ სურს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ამ ადამიანებს მაინც ველაპარაკებოდით, მათ თავისი პოზიცია გამოხატეს და ამით შემოვიფარგლეთ.
ფრანგი სპეცილისტებიდან 7-8 სერიოზული კანდიდატურა განიხილებოდა. დახმარებისთვის საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტს და IRB-ს თავკაც ბერნარ ლაპასესაც მივმართეთ. საბოლოოდ ფურჟერონზე შევჩერდით, რომელიც "მასიში" ქართველ მორაგბეებთან უმუშავია. ცხადია, ჩვენ ბიჭებს მის და სხვა კანდიდატების შესახებაც დავეკითხეთ.
განიხილებოდა ასევე, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელების ნტამაკი-დუტიერის კანდიდადტურაც. ჩვენი მორაგბეები საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეებს ესაუბრნენ მათ შესახებ და უნდა ითქვას, რომ დადებითი ვერაფერი გავიგეთ. ამასთან, ისე გამოვიდა, რომ ფრანგებმა, ბოლო მომენტში ყველამ თვითონ თქვეს უარი. თანაც, ისიც გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს ფრანგი სპეცილისტი, ვისაც უცხოეთში უმუშავია და რაიმე სერიოზული წარმატებისთვის მიუღწევია.
ბრიტანეთიდან კანდიდატი კლაივ ვუდვორდი იყო, უდავოდ ძლიერი სპეციალისტი. ის გენიალური მენეჯერია და დარწმუნებულნი ვართ, ნებისმიერი მიზნის მიღწევაში დიდად დაგვეხმარებოდა. მასთან ურთიერთობა ბოლო წუთამდე გვქონდა, ის აქტიურად გამოხატავდა თავის დაინტერესებას საქართველოს ნაკრებში ემუშავა. როცა ყველაფერზე შევთანხმდით და საქმე ანაზღაურებაზე მიდგა, მან თავის მენეჯერთან დაგვაკავშირა. თანხა, რაც ვუდვორდის მენეჯერმა დაგვისხელა რაგბის კავშირის წლიური ბიუჯეტის ნახევარია. ცხადია, რომ შეთანხემბა არ შედგა.
დაგვრჩა ახალზელანდიელთა კანდიდატურა. ამ ქვეყანაში ყოფნისას რამდენჯერმე შევხვდი ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის ხელმძღვანელებს, ვეძებდით გზას, თუ როგორ დაგვეწყო თანამშრომლობა. კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ ქვეყანაში რაგბი რელიგიის დონემდეა აყვანილი. ახალი ზელანდია, ფაქტობრივად, რაგბის ერთი დიდი ქარხანაა.
მათ ვთხოვეთ რომელიმე ახალზელანდიელი მწვრთნელისთვის რეკომენდაცია გაეწიათ. საქმეში ჩავრთეთ IRB-ც. იმ პირებს, ვისაც შესაფერისი კანდიდატურა უნდა მოეძებნა მარკ იგანთან ერთად შევხვდით. მათ აღგვითქვეს, რომ საქმეს სერიოზულად მოეკიდებდნენ და ორ კვირაში პასუხს გვაცნობებდნენ.
პირველივე შემოთავაზება სწორედ მილტონ ჰეიგი იყო. ჩვენ, ცხადია, მასზე არჩევანი უფრო გვიან შევაჩერეთ. ახალზელანდიელებს ვთხოვეთ კიდევ რამდენიმე კანდიდატი დაესახელებინა. მათ დარწმუნებით გვითხრეს, რომ პასუხს აგებენ ამ ადამიანის კვალიფიკაციაზე, თუმცა სხვა კანდიდატები მაინც შემოგვთავაზეს.
ყოველივე ამის პარალელურად, ჩვენი საქმიანობისგან ავტონომიურად იგივე კანდიდატურა შემოგვთავაზა დავით ზირაქაშვილის "კლერმონის" მთავარმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმაც. ის რომ მაღალი დონის სპეცილისტია, დასტურად ისიც გამოდგება, რომ ახალი ზელანდიის ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია. კოტერმა იცოდა მწვრთნელს რომ ვეძებდით და დათოს საშუალებით დაგვიკავშირდა. გვითხრა, რომ ჰეიგს ძალიან კარგად იცნობს, მასთან უმუშავია კიდეც და საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტიაო.
ერთი სიტყვით, ყოველმხრივი დაკვირვების, რეკომენდაციების შეგროვებისა და მასთან კონტაქტის შემდეგ საბოლოოდ გადაწყდა, რომ ნაკრები მილტონ ჰეიგისთვის ჩაგვებარებინა. ის მორაგბეობისას ცხრა ნომერი იყო და როგოც უკანა ხაზის, ისე შერკინების თამაშშიც კარგად ერკვევა. მილტონი დღემდე ITM-ის თასის გათამაშებაში მოასპარეზე "მანუკაუ სტილერსის" მთავარი მწვრთნელი იყო.
მანვე შემოგვთავაზა ასიტენტის ITM-ის თასის გათამაშების ფინალსიტის, "ვაიკატოს" მთავარი მწვრთნელის კრის გიბსის კანდიდატურა, რომელიც ჩვენს ნაკრებში შერკინებას გაწვრთნის. ამასთან ერთად, უკანა ხაზის გასაწვრთნელად ჰეიგი ჩამოიყვანს ტანა უმაგას, მაშინ, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის.
უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი რანგის მწვრთნელის დანიშვნა არის ლატარეა. ან გაამართლებს, ან არა. ამიტომ კონტრაქტი, რომელსაც 20 იანვარს, მათი საქართველოში ჩამოსვლისას გაფორმდება, 2+2 ან 2+1+1 სოსტემით იქნება გაფორმებული. თვეში ნაკრების მწვრთნელს 9 ათას ევროს გადავუხდით. თანაც, კონტრაქტში ჩადებულია, რომ ერთი წლის თავზე უნდა შევიკრიბოთ და განვიხილოთ, დამაკმაყოფილებელია თუ არა მათი მუშაობა, გადავწყვიტავთ, ეს ის ადამიანები არიან თუ არა, ვინც ნამდვილად გვჭირდება. თუ იმედი არ გაგვიმართლდა, ცხადია, კონტრაქტს გავწყვიტავთ და ამ შემთხვევისთვის სათადარიგო ვარიანტად ირალანდიელი მაიკლ ბრედლი გვყავს, რომელიც საქართველოს ნაკრებში უკვე მუშაობდა.
მას კარგად ვიცნობთ, ძალაინ კარგი მწვრთნელია და ამჟამად შოტლანდიურ "ედინბურგს" წვრთნის. კლუბთან კონტრაქტი, სწორედ ამ დროსითვის უმთავრდება. ასე რომ, ყველანაირად დაზღვეულები ვართ.
თუმცა იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა. ჰეიგი საკმაოდ სერიოზულადაა განწყობილი, იმდენად, რომ საქართველოში ყოფნას წელიწადში შვიდი თვის ნაცვლად, ცხრა თვის განმავლობაში აპირებს. შემოდგომამდე კი ოჯახსაც საქართველოში ჩამოიყვანს. თბილისში საცხოვრებლად გადმობარგებას აპირებს ცოლ-შვილთან ერთად კრის გიბსიც.
ერთი სიტყვით, ისინი პერსპექტივას აქ, ჩვენთან ხედავენ და როცა საქართველოში ჩამოვლენ, ორი კვირის ვადას მივცემთ, რათა საკუთარი ხედვა, ოთხწლიანი პროგრამა წარმოგვიდგინონ."
რიჩი დიქსონი, საქართველოს რაგბის კავშირის კონსულტანტი: "არაერთხელ მითქვამს, რომ რაგბის ეროვნული ნაკრები ფანჯარაა საქართველოსთვის საერთაშორისო ასპარეზზე. გვინდა, რომ ქართული რაგბი იყოს სწრაფად პროგრესირებადი.
ის რომ საქართველოს ნაკრებთან მუშაობით ასეთი დიდი კალიბრის მწვრთნელები დაინტერესდნენ, თვალნათელი დასტურია, თუ რა მაღალ დონზე ავიდა ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე ნაჩვენები თამაშის შედეგად ჩვენი ეროვნული ნაკრები.
იმათთვის, ვინც პირველად იყო წლეულს ახალზელანდიაში ნახა, თუ რას წარმაოდგენს რაგბი ამ ქვეყანაში. აქაურები ბავშვობიდან სიკვდილამდე რაგბით ცხოვრობენ. აქედან გამომდინარე გამოვიტანეთ დასკვნა, რომ ახალზელანდიელი მწვრთნელები ქართულ რაგბის სარგებლობას მოუტანენ.
ცხადია, არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ნაკრებში მუშაობა სპეციფიური საქმიანობაა. ძალიან დიდი მნიშვენლობა აქვს როგორ მოერგებიან ისინი აქაურობას. ჩვენ, ქართველებმა ხელი უნდა შევიწყოთ, რომ მათ აქ მუშაობა გაუადვილდეთ. იმედი მაქვს, რომ მილტონ ჰეიგი და კრის გიბსი წარმატებას მოუტანენ ქართულ რაგბის."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"