მილტონ ჰეიგი: საქართველოში საკმაოდ დიდ პოტენციალს ვხედავ

AutoSharing Option
გუშინ თბილისში ჩამოვიდნენ საქართველოს მორაგებთა ნაკრების ახალზელანდიელი მწვრთნელები მილტონ ჰეიგი და კრის გიბსი.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნების" თავკაცის პოსტზე შოტლანდიელ რიჩი დიქსონს მილტონ ჰეიგი შეეცვლის, კრის გიბსი კი მისი ასისტენტი იქნება, რომელიც ძირითადად შერკინების მოთამშეებთან იმუშავებს. ჰეიგის თანამშემწეები იქნებიან ასევე ილია მაისურაძე და ილია ზედგინიძე.

ახალზელანდიელი მწვრთნელები ნაკრების გარდა სარაგბო აკადემიაშიც იმუშავებენ, სადაც სწავლება ახალი სისტემით წარიმართება. ჰეიგი და გიბსი სემინარებს ჩაუტარებენ როგორც ასაკობრივი ნაკრებების, ისე ქართული კლუბების მწვრთნელებს. ხელშეკრულების მიხედვით, ყოველი წლის ბოლოს რაგბის კავშირი მწვრთნლების მუშაობას შეაფასებს, რომლის შედეგადაც
გადაწყვეტს, გაუგრძელოს თუ არა კონტრაქტი ახალზელანდიელებს. 

"ბორჯღალოსნების" ახალმა მწვრთნელებმა მოკლე კომენტარები აეროპორტშივე გააკეთეს.

მილტონ ჰეიგი: "საქართველოს ნაკრები კარგი, ძალიან საინტერესო გუნდია. ეს თქვენმა ნაკრებმა ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაშიც დაამტკიცა. გუნდის ყველა თამაშს ყურადღებით დავაკვირდი და საკმაოდ დიდი პოტენციალი დავინახე. სწორედ ამიტომ დავთანხმდი საქართველოს ნაკრებში მუშაობაზე.

ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ერთად კიდევ უფრო წარმატებულად ვიასპარეზოთ საერთაშორისო არენაზე."

კრის გიბსი: "საქართველოს ნაკრებში მუშაობა კარგი შესაძლებლობაა ჩვენი ცოდნა გამოვამჟღავნოთ. ვფიქრობთ, ამ გუნდს კარგი მომავალი აქვს. ჩვენთვის პატივია ასეთი სერიოზული გამოწვევის მიღება."

დღეს ახალზელანდიელი მწვრთნელები რაგბის კავშირის პრეზიდენტ - გიორგი ნიჟარაძესთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ვლადიმერ ვარძელაშვილმა მიიღო.

მინისტრთან შეხვედრაზე, რომელსაც ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - დავით ნამგალაური, რაგბის კავშირის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი - ბაჩო ხურციძე, ეროვნული ნაკრების მენეჯერი - ვასილ აბაშიძე და ეროვნული გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი - რიჩი დიქსონი ესწრებოდნენ, საუბარი იყო რაგბის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესრულებაზე და ასევე ახალზელანდიელი მწვრთნელების მხრიდან ეროვნულ ნაკრებთან მუშაობაზე.

საქართველოს ნაკრები ერთა თასის წლევანდელი გათამაშების პირველ მატჩს 4 თებერვალს, დნეპროპეტროვსკში გამართავს უკრაინის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ქართველი მწვრთნელი ზაზა ლეჟავა თავკაცობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ახალ მწვრთნელებს!!!
ჯაბა ბრეგვაძე ტულუზამ ჯოკრად დაიმატა და ნაკრების ჰულერი საფრანგეთის ყველაზე ძლიერ და ტიტულოვან გუნდში ითამაშებს, კარგი იქნებოდა სტატიას თუ მოამზადებდით...
http://www.le10sport.com/rugby/france/top14/bregvadze-joker-du-stade-toulousain-57417
omar korgazakhia
15:31 21-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული