მილტონ ჰეიგი: საქართველოს ნაკრების დამარცხება ყველას გაუჭირდება

AutoSharing Option
საქართველოს მორაგებთა ნაკრებმა, რომელიც ერთა თასის წლევანდელი გათამაშებისთვის ემზადება, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ღია ვარჯიში გამართა. გაუსაძლისი სიცივის მიუხედავად წვრთნას საკმაოდ ბევრი ქომაგი დაესწრო.

როგორც უკვე ვწერდით, ამჟამად ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით ვარჯიშობს. მწვრთნელებმა გუნდი ორად გაჰყვეს. პირობითად "ლურჯების" მწვრთნელები კრის გიბსი და ილია ზედგინიძე იყვნენ, "წითლებს" კი მილტონ ჰეიგი და ილია მაისურაძე მოძღვრავდა. გუნდები ასეთი შემადგენლობებით დღეს ორმხრივ თამაშს გამართავენ.

ორივე გუნდმა თითქმის 45 წუთი დაცვაში თამაშის დახვეწას დაუთმო. "წითლების" წვრთნაში ჰეიგი თავა
დაც აქტიურად მონაწილეობდა. ის მორაგბეობისას ამპლუის ცხრა ნომერი იყო და ამ პოზიციაზე თამაშის უნარჩვევები შესანიშნავად აქვს შემორჩენილი.

ამის შემდეგ გუნდებმა, დარჩენილ 45 წუთში ერთად ივარჯიშეს. ჯერ "ლურჯები" უტევდნენ სხვადასხვა სტატიკური მდგომაროებიდან (შერკინება, დერდფანი) და "წითლები" თავს იცავდნენ, მერე კი როლები გაცვალეს.

ნაკრებში გამოძახებულთაგან არ უვარჯიშია მამუკა გორგოძეს, რომელიც საფრანგეთში, "მონპელიეში" დაბრუნდა. ის ესპანეთთან დაპირისპირებაში არ ითამაშებს.

ვარჯიშის დასრულებისთანავე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა პრეკონფერენცია გამართა:

"ცხადია, ყოველთვის სასურველია, რომ მოთამშეები რაც შეიძლება კარგად იყვნენ ფიზიკურად მომზადებულნი. ნაკრების წევრების აბსოლუტური უმრავლესობა საფრანგეთში თამაშობს, შესაბამისად მათი ფზიკური კონდიციები, შეიძლება ითქვას, რომ დამაკმაყოფილებელია.

ამინდმა ძალიან შეგვიშალა ხელი. სავარჯიშიდ ისედაც ცოტა დრო გვქონდა. ორი დღე სპორტულ დარბაზში დავყავით, სადაც მორაგბეები მცირე სტარტეგიული მიზნების მიღწევაში ვავარჯიშეთ. მათ დრო დასჭირდებათ საიმისოდ, რომ დავალება ბოლომდე გააცნობიერონ. დაახლოებით მომავალი კვირის ბოლოს ძირითადი საფუძვლები უკვე ნასწავლი ექნებათ.

საქართველოს ნაკრების კოზირი ღონიერი შერკინების თამაშია. თუმცა თუ გვინდა მაღალი დონის გუნდების დამარცხება, გაშლილი თამაში უნდა ვისწავლოთ. ხელდახელ ბურთაობა, ხაზზე ბურთის ბოლომდე ჩატანა ეს ის თამაშია, რომელსაც წარმატების მოტანა შეუძლია და მაყურებელსაც მოსწონს. ვფიქრობ, რომ ჩვენს ნაკრებს ასე თამაში შეუძლია. Sportall.Ge

ახლა ახალი ოთხწლიანი ციკლი იწყება და საჭიროა, რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გავიცნო. მათთვის ნაკრებთან ერთად ვარჯიში, ეროვნულ გუნდში ინტეგრირების კარგი შანსია.

ესპანეთთან შარშანდელი თამაშის ვიდეოფირი ნანახი მაქვს, თუმცა უახლოეს დღეებში მას დაწვრილებით გავაანალიზებთ და დავსახავთ კონკრეტულ გეგმას, როგორ უნდა ვითამაშოთ ამ გუნდის წინააღმდეგ.

კარგი იქნებოდა უკრაინის ნაკრებთან მატჩი არ გადადებულიყო. თუმცა ისიც კარგია, რომ ვარჯიშისთვის მეტი დრო გვაქვს, ფაქტობრივად, ორკვირიანი შეკრება გამოგვივიდა.

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ შეცდომა არ დავუშვათ და ესპანეთს მოვუგოთ.

თუ შევძელით ჩვენი პოტენციალის გამოყენება, საქართველოს ნაკრების დამარცხება ყველას გაუჭირდება", - თქვა მილტონ ჰეიგმა.

უკვე გადაწყდა, რომ "ბორჯღალოსნები" უკრაინის ნაკრებთან გადატანილ შეხვედრას 9 ივნისს გამართავენ.

* * *
ამასობაში საქართველოს ნაკრების დასახვედრად მონდომებით ემზადებიან ესპანელებიც. "ლომების" თავკაცმა რეჯის სონემ პრესკონფერენცია მოაწყო, რომელზეც სამხედრო კოლეჯის ხელმძღვანელი ვინმე კამილიო ველასკესი ესწრებოდა.

როგორც გაირკვა, სამხედრო კოლეჯსა და ესპანეთის მორაგბეთა ნაკრებს შორის თანამშრომლობა დაწყებულა. სამხედროები ოვალური ბურთით თამაშის ესპანელ ოსტტებს ფსიქოლოგიურ მომზადებაში დაეხმარებიან. მომზადების კურსი ნაკრების მწვრთნელებს უკვე გაუვლიათ და ახლა ჯერი მორაგბეებზე მიდგა.

"საქართველოს ნაკრებს მოვუგებთ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ იმის გარანტიას კი გაძლევთ, რომ ქართველებს ეს თამაში არასდროს დაავიწყდებათ", - უთქვამს კამილიო ველასკესს.

თავად ესპანელთა დამრიგებელი რეჯის სონე მომავალ მატჩზე საუბრისას სიფრთხილეს იჩენს:

"საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. თუმცა ვეცდებით, თუ შანსი მოგვეცა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ახლა მთავარია, ეს სეზონი ნაყოფიერად გამოვიყენოთ საიმისოდ, რომ 2015 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევ ტურნირს, რომელიც მომავალი წლიდან დაიწყება, გუნდი სრულ მზადყოფნაში შეხვდეს", - თქვა მან.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), კარლენ ასეიშვილი (ორიაკი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), ბექა შეყლაშვილი (აჟენი), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), ბექა მეკოკიშვილი (არმია)
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ნემსაძე (ბალან დაჟენი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ვახტანგ მაისურაძე (ლა სეინი).
მესამე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი), გიორგი კალმახელიძე (არმია), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), დიმიტრი ბასილაია (ვალანს დაჟენი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), ბექა ბიწაძე (ბრივი).
#9: ბიძინა სამხარაძე (არმია), გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ირაკლი აბუსერიძე (ოსერი).
#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა მალაღურაძე (ვალანსი).
#12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), გიორგი ჯიმშელაძე (არმია), მერაბ შარიქაძე (აკადემია).
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), გიორგი შკინინი, ალექსანდრე ტუჩაშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე (სამივე-არმია), ალექსანდრე თოდუა (ლელო).
#15: რეზო გიგაური (ბულონი), ბექა წიკლაური (გდინია).

ესპანეთის ნაკრები
ტომ პარკერი (ორდიზია), გლენ როლსი (ვალიადოლიდი), რაიან ლერუ, კრეიგ ლიონსი (ორივე-სანტაბოიანა), ხოსე ბლაკო (ვიგო), ჯონათან ფილიპსი (ლა ვილა), ხესუს მორენო (ლიმოჟი), ადრიან აისტერანი, გაუტიერ გუბუნი, ენტონი პრადალი (სამივე-პერიგო), ხესუს რეკუერდა (ლილი), ფრენკ ლაბე (ბორდო), ჩარლი მელი (ბეზიე), სებასტიან ასკარატი, მატიო პელუშონი (ორივე-ოში), ბენატ ეჩეპარე, მატიო ვისენსანი (ორივე-ტიროსი), მატიო როჩა (ორიაკი), დავით გურგენიძე (კარკასონი), პიერ ბელუნსე (კოლომიე), სებასტიან პიფარდი (სენტ ეტიენი), პიერ გარსია (კასტრი), სერხიო სევილია (კლერმონი), სეზარ სემპერე (ნორსჰემპთონი).

ერთა თასი
4 თებერვალი
უკრაინა-საქართველო (გადაიდო)

11 თებერვალი
ესპანეთი-საქართველო

25 თებერვალი
საქართველო-პორტუგალია

10 მარტი
რუმინეთი-საქართველო

17 მარტი
საქართველო-რუსეთი

სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო - 22 ქულა, 2. რუმინეთი - 16, 3. პორტუგალია - 14, 4. რუსეთი - 11, 5. ესპანეთი - 10, 6. უკრაინა - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული