ესპანეთთან საბრძოლო რაზმი დღეს გაცხადდება

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის გათამაშებისთვის მზადებას "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" განაგრძობს.

"ბორჯღალოსნები" ჯერ ისევ გაფართოებული შემადგენლობით ვარჯიშობენ. ნაკრების ახალზელანდიელი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი იმ 24 მორაგბეს, რომლებიც ესპანეთში გაემგზავრებიან, დღეს დაასახელებს.

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ მზადებას ესპანელები გუშინ შეუდგენენ. მათი თავკაცის, რეჟის სონეს მიერ ერთი კვირის წინ გაცხადებულ გაფართოებულ შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. ქართული წარმოშობის შერკინების ბურჯი დავით გურგენიძე ტრავმირებულია და მის ნაცვლად ჯო ჰატჩინსონი იხმეს. ფრანგულმა კლუბმა "ბორდომ" არ გაანთავისუფლა შერკინების კვაჭი ფრენკ ლები, რომელიც ბიარიცელმა არტეა დელ გეტხომ შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ
"ლომების" რიგებში ისევე როგორც შარშან, ამჯერადაც ბევრია ფრანგული და ბრიტანული გვარის მორაგბეები. ძნელი სათქმელია, ამჟამად როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან გასულ სეზონში სონეს მიერ აღებულმა ამ კურსმა არ გაამართლა და ესპანელები სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე არიან.

ამასობაში რუმინეთის რაგბის ფედერაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც FIRA AER-ს უკრაინასთან მატჩის გადადებას სთხოვს.

რუმინეთში, ისევე როგორც მთელს აღმოსავლეთ ევროპაში დიდი ყინვებია. რუმინელებმა 4 თებერვალს პორტუგალიის ეროვნულ გუნდთან საკმაოდ ექსტრემალურ პირობებში ითამაშეს, თუმცა ამჯერად გადაწყვიტეს, ზედმეტ რისკს თავი აარიდონ და შეხვედრა მოგვიანებით გამართონ. მით უფრო, რომ უკრაინის ნაკრები არ არის ის გუნდი, რომელმაც "სტეჟარის" შეიძლება პრობლემები შეუქმნას. ბოლო სიტყვა FIRA AER-ზეა.

სანამ "ბორჯღალოსნები" ერთა თასის წლევანდელი გათამაშების პირველი მატჩისთვის ემზადებიან, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და საერთაშორისო ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელი ლაშა ხურციძე ამერიკის შეერტებული შტატების ქალაქ ლას ვეგასში იმყოფებიან, სადაც მომავალი წლიდან გასამართი მეორე დონის გუნდების ტურნირზე იმსჯელებენ.

ამ ღონისძიებაზე, რომლის ორგანიზატორიც რაგბის საერთაშორისო საბჭოა (IRB) ასევე იმყოფრებიან კანადის, იაპონიის, რუსეთის, რუმინეთის, ფიჯის, ტონგას, სამოას, ნამიბიისა და აშშ-ს რაგბის ხელმღვანელები. მათთან ერთად მომავალი ტურნირის დეტალების განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ IRB-ს განვითარების ხელმძღვანელი მარკ იგანი, კომერციული დირექტორი ჰიუ მორგანი, რეგიონალური განვითარების მენეჯერი ტომ ჯონსი და ტურნირების მენეჯერი ფილიპ ბურდარიასი.

ესპანეთის ნაკრები
ტომ პარკერი (ორდიზია), გლენ როლსი (ვალიადოლიდი), რაიან ლერუ, კრეიგ ლიონსი (ორივე-სანტაბოიანა), ხოსე ბლაკო (ვიგო), ჯონათან ფილიპსი (ლა ვილა), ხესუს მორენო (ლიმოჟი), ადრიან აისტერანი, გაუტიერ გუბუნი, ენტონი პრადალი (სამივე-პერიგო), ხესუს რეკუერდა (ლილი), არტეა დელ გეტხო (ბიარიცი), ჩარლი მელი (ბეზიე), სებასტიან ასკარატი, მატიო პელუშონი (ორივე-ოში), ბენატ ეჩეპარე, მატიო ვისენსანი (ორივე-ტიროსი), მატიო როჩა (ორიაკი), ჯო ჰატჩინსონი (კარკასონი), პიერ ბელუნსე (კოლომიე), სებასტიან პიფარდი (სენტ ეტიენი), პიერ გარსია (კასტრი), სერხიო სევილია (კლერმონი), სეზარ სემპერე (ნორსჰემპთონი).

ერთა თასი
11 თებერვალი
ესპანეთი-საქართველო, პორტუგალია-რუსეთი, რუმინეთი-უკრაინა (გადაიდო).

სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო - 22 ქულა, 2. რუმინეთი - 20, 3. პორტუგალია - 14, 4. რუსეთი - 11, 5. ესპანეთი - 10, 6. უკრაინა - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული