მამუკა გორგოძე: რუმინეთთან მძიმე ბრძოლა გველის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 8 მარტს გამთენიისას რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაემგზავრა, სადაც შაბათს, 10 მარტს, "არკულ ტრიუმფალურზე" ერთა თასის გათამაშების მეოთხე ტურის მატჩში "სტეჟარს" დაუპირისპირდება.

რუმინელებს მსოფლიოს თასზე განცდილი მარცხისთვის რევანშის აღება სწყურიათ. ამასთან ერთად, ამ შეხვედრაში გამარჯვებულს წლევანდელ ტურნირში პირველობამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩება.

თუ რა მნიშვნელობას ანიჭებენ რუმინელები ამ მატჩს, დასტურად ისიც კმარა, რომ რუმინეთის რაგბის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველოს ნაკრების ლიდერ მამუკა გორგოძესთან.

გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:

- რას ფიქრობთ რუმინეთის ნაკრებთან მომავალ მატჩზე?
- რუმინეთის ნაკრები საკმაოდ
ძლიერი გუნდია და ბუქარესტში ძნელი ბრძოლა გველის.

- რა არის საქართველოს ეროვნული გუნდის თამაშის დადებითი კომპონენტები?
- ჩვენი ნაკრები ყოველთვის გამოირჩეოდა მძლავრი შერკინებით, თუმცა ბოლო ხანებში უკანა ხაზმაც სერიოზული პროგრესი განიცადა.

- რა მოგცათ განვლილმა მსოფლიოს თასის გათამაშებამ, სადაც რუმინეთის ნაკრების დამარცხება შესძელით?
- 2003 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებიდან მოყოლებული, ჩვენი ნაკრები განუხრელად პროგრესირებს, დიდ გამოცდილებას იძენს, რაც, ცხადია, კარგია.

შარშან ახალ ზელანდიაში რუმინეთის ნაკრებმა კარგად იასპარეზა და მისი დამარცხება ძალიან გაგვიჭირდა.

- როგორ ფიქრობთ, რუმინელთაგან რომელ მოთამაშეს შეუძლია შეგიქმნათ სერიოზული პრობლემები?
- რუმინეთის ნაკრების ყველა მორკინალი ძლიერი მოთამაშეა. მატჩში გარდატეხის შეტანა თითოეულ მათგანს შეუძლია.

- რით შეიძლება აიხსნას თქვენი გუნდის მარცხი სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან?
- იმ მატჩში ჩვენს გუნდში ბევრმა ახალმა მორაგბემ ითამაშა. ამასთან ერთად, ესპანეთის ნაკრებმაც მოუმატა თამაშს. ეს გუნდი აშკარად პროგრესს განიცდის.

- როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს ნაკრების მომავალი უახლოეს წლებში?
- იმედი გვაქვს, რომ განვვითარდებით, წინ საკმაოდ სერიოზულ ნაბიჯებს გადავდგამთ. იგივეს ვუსურვებ ერთა თასზე მოთამაშე ყველა გუნდს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული