საქართველო-რუსეთი 46:0
საქართველო (15-9) ყიასაშვილი (მალაღურაძე 68), თოდუა, კაჭარავა, შარიქაძე (ზიბზიბაძე 61), მაჩხანელი, კვირიკაშვილი, აბუსერიძე (ბეგაძე 68). (1-8) კაკოვინი (ხინჩაგიშვილი 41), ნატრიაშვილი (ბელქანია 55), ქუბრიაშვილი (კაკოვინი 65), ჩხაიძე (ნემსაძე 55), დათუნაშვილი, სუთიაშვილი (ბასილაია 61), ბერიშვილი, გორგოძე.
6ლ: გორგოძე, ჩხაიძე, მაჩხანელი (2), დათუნაშვილი, ნემსაძე. 5გ, 2ს: კვირიკაშვილი.
რუსეთი (15-9) კუშნარიოვი, ბაბაევი, ტრიშინი (გერასიმოვი 59), მაკოვეცკი, ოტრიკოვი, რიაბოვი, იანუშკინი (შაკიროვი 65). (1-8) ვოლკოვი, გასანვი, ზიკოვი (სტურზა 49), ანტონოვი (ბოლტენკოვი 75), კულემინი, ფატახოვი (ბუტენკო 55), გარბუზოვი
მსაჯი: ფ.რეინალი (საფრანგეთი)
"მატჩი 46:0 მოვიგეთ. როგორ ვთქვა, რომ უკმაყოფილო ვარ?! მაგრამ კმაყოფილი მაინც არ ვარ. შედეგი შესანიშნავია, მაგრამ ჩვენი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაში სულაც არ იყო იდეალური.
ყველაფერი ისე ვერ გავაკეთეთ, როგორც გვქონდა დაგეგმილი. მეტი შეგვიძლია. მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა ნაკრებმა თავისი პოტენციალის 30 პროცენტი გამოავლინა.
როცა ყველა ხარვეზს გამოვასწორებთ, იტალიისა და შოტლანდიის ნაკრებების დონის გუნდი გვეყოლება.
"საქართველოს ნაკრები მთვლემარე ურჩხულია, რომელიც მალე გაიღვიძებს და ბევრ ელიტურ გუნდს შიშის ზარს დასცემს", - თქვა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.
რუსეთის ნაკრებთან მატჩში "ბორჯღალოსნებს", მთავარი მწვრთნელის მკაცრი შეფასების მიუხედავად, ყველაფერი გამოსდიოდათ. ჰეიგის მიდგომა გასაგებია, ის კმაყოფილი არასდროს უნდა იყოს, მუდამ უკეთესისკენ უნდა ისწრაფვოდეს. თუმცა ჩვენს გუნდს უკეთესობა უკვე ეტყობა. საქართველოს ნაკრების მორაგბეები გაშლილად და ლაღად ბურთაობენ. თუმცა მატჩის დასაწყისში ცოტა ნერვიულობა ეტყობოდათ და პირველი "ლელოს გამოცხობას" მთელი 24 წუთი მოანდომეს.
მიხეილ მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონი პირთამდე სავსე იყო და ჩვენს ნაკრებს გულხურვალედ მხარს უჭერდა.
"თამაშის წინ ძალიან დაძაბულები ვიყავით, რადგან საქართველოს წინაშე დიდი პასუხისმგებლობა გვქონდა. მგონი კარგად ვითამაშეთ. ვულოცავ გამარჯვებას მთელ საქართველოს. გულშემატკივრების მხრიდან, როგორც ყოველთვის, დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდით, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო", - თქვა მატჩის საუკეთესო მორაგბედ აღიარებულმა, საქართველოს ნაკრების ლიდერმა მამუკა გორგოძემ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, თამაში ცოტა ნერვიულად დაიწყო. ჩვენმა ბიჭებმა, მართალია, თავიდანვე მიიტანეს მეტოქის ლელოზე იერიში, მაგრამ ანგარიშის გახსნა მხოლოდ მერვე წუთზე შეძლეს. მგეზავმა მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმოდან გაიტანა, თუმცა ორიოდ წუთით ადრე ბევრად უკეთესი პოზიციიდან ბურთი კარის ძელებს შორის ვერ გაატარა.
რუსებმა ამის შემდეგ რამდენჯერმე გაიბრძოლეს. მართალია, ჩვენი გუნდის 22-მეტრიან ზონაში ვერ შეაღწიეს, მაგრამ ორჯერ საჯარიმოს დარტყმის უფლება მიიღეს, თუმცა ვერცერთი გამოიყენეს.
"ბორჯღალოსნები" ნელ-ნელა ზეწოლას აძლიერებდნენ. ლელოს გატანა ფულბეკ ირაკლი ყიასაშვილს ორჯერ შეეძლო, თუმცა ერთხელ ბურთი ხელიდან გაუვარდა, მეორედ კი ჩათვლის მოედანში ბურთის დადებისას გვერდით ალამს შეეხო.
ლელოების ანგარიში 24-ე წუთზე გაიხსნა. ჩვენმა მორაგბეებმა მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში საჯარიმოს ნაცვლად შერკინება მოითხოვეს, რომელშიც რუსები ისევ დაჯარიმდნენ. ცხრა ნომერმა ირაკლი აბუსერიძემ სწრაფად გაათამაშა და სამიოდ მეტრი გაიარა. წარმოქმნილი რაკიდან ბურთი მამუკა გორგოძემ აიტაცა და ისე, რომ სამი მოწინააღმდეგე ჩამოეკიდა, ლელოში შეაღწია. კვირიკაშვილმა გარდასახა - 10:0.
ტაიმი ისე მიიწურა, რომ რუსეთის ნაკრების მორაგბეებმა ჩვენი გუნდის 22-მეტრიან ზონაში ერთხელაც ვერ შეაღწიეს. 34-ე წუთზე კი "ბორჯღალოსნებმა" კიდევ ერთი ლელო მიითვალეს. შერკინებიდან, რომელიც მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 15 მეტრში იყო დანიშნული, ბურთი მამუკა გორგოძემ აიტაცა და ათიოდე მეტრი ირბინა, რაკიდან ბურთი აბუსერიძემ მესამეხაზელ გიორგი ჩხაიძეს გაუტანა. ამან შეტევაში ლევან დათუნაშვილი ჩართო. ისიც შებოჭეს. აბუსერიძემ მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე კვირიკაშვილს გაუტანა ბურთი. მეტოქის დაცვის გარღვევა მანაც ვერ მოახერხა. რაკიდან ბურთი ისევ აბუსერიძემ გამოიტანა და ჩხაიძეს ბოლო, შედეგიანი დარტყმა გააკეთებინა. "მეკომ" ისევ გარდასახა - 17:0. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრების უპირატესობა მეტად თვალშისაცემი გახდა. რუსებმა პირველი და ერთადერთი სახიფათო იერიში ჩვენი ლელოს მისადგომებთან მაშინ მიიტანეს, როცა ანგარიში უკვე 39:0 იყო.
43-ე წუთზე კვირიკაშვილმა ანგარიშში სხვაობა ოცამდე გაზარდა. ოთხ წუთში კი ლელოს ჯერიც დადგა. სტუმრების 22-მეტრიანი ზონის ხაზთან წარმოქმნილი რაკიდან ბურთი პირველხაზელმა დავით ქუბრიაშვილმა აიტაცა, ორიოდე მეტრი მოიგო და შებოჭეს. აბუსერიძემ მარცხნივ მოკლე ფრთაზე დაუცველი სივრცე დროულად შენიშნა და ბურთი ფეხით გადაჰკიდა. იქ ყველას გორგოძემ დაასწრო და ლელოში შეაღწია. თუმცა თვითონაც იოლად შეეძლო, მაგრამ ლელო იქვე მიმყოლ გარემარბს, ირაკლი მაჩხანელს გაატანინა. კვირიკაშვილმა ესეც გარდასახა - 27:0.
მორიგი ლელოს სანახავად ქომაგს დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქის 22-მეტრიან ზონაში დერეფანი სუფთად მოიგეს, მოლი შეკრეს, ხუთიოდ მეტრი გაიარეს და მერე მოლს შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი მოსწყდა. ის ლელოდან სამიოდ მეტრში შეაჩერეს. რაკში თამაშისას რუსები დაჯარიმდნენ.
აბუსერიძემ საჯარიმო სწრაფად გაათამაშა და მარცხნივ გრძელ ფრთაზე შუამარბ მერაბ შარიქაძეს გადააწოდა, რომელმაც ზედ კარის პირდაპირ შეუტია. ის ლელოს ხაზიდან ერთ მეტრში შეაჩერეს. წარმოქმნილ რაკში ყველაზე უკეთ მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი გაერკვა და ბურთი ხაზს იქით გადადო. "მეკოს" გარდასახვის გატანა არ გასჭირვებია - 34:0.
ამ ლელოთი საქართველოს ნაკრებმა საპრემიო ქულა გაინაღდა, რასაც ერთა თასისთვის ბრძოლაში ძალიან დიდი, შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.
"ბორჯღალოსნები" ამით არ დაკმაყოფილებულან. 66-ე წუთზე გატანილი ლელო მთლიანად ნაკრების კაპიტნის, ირაკლი აბუსერიძის შექმნილია, რომელმაც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა. დერეფანი მოედნის ცენტრში შეცვლაზე შესულმა მეორეხაზელმა გიორგი ნემსაძემ სუფთად მოიგო და აბუსერიძეს გადააწოდა. ამან ცრუმ მოძრაობით აჩვენა, რომ თითქოს გრძელ ფრთაზე აპირებდა შეტევის გაგრძელებას, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად რუსების დაცვის ხაზს ისე გაუსხლტა ხელიდან, რომ წინააღმდეგობაც არ შეხვედრია.
"აბუმ" 22-მეტრიან ზონის ხაზამდე ირბინა და მერე ბურთი იქვე მიმყოლ ნემსაძეს გაატანა, რომელმაც ლელოში იოლად შეაღწია. კვირიკაშვილს ამჯერად გარდასახვა გაუცუდდა - 39:0.
ჩვენი ნაკრები ამასაც არ დასჯერდა და მატჩის ბოლო წუთზე შეცვლაზე შესული მგეზავის, ლაშა მალაღურაძის ძალისხმევამ გამოიღო ნაყოფი. მან მეტოქის ხაზი მოედნის ცენტრში გაჭრა, 22-მეტრიან ზონამდე ირბინა და მარცხნივ გარემარბ ირაკლი მაჩხანელს გადააწოდა, რომელმაც თამაშს ბოლო წერტილი დაუსვა. კვირიკაშვილმა გარდასახა - 46:0.
მატჩის შემდეგ
მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:
"მთავარი იყო, ამ თამაშში ემოციებს არ ავყოლოდით. დასაწყისში ბიჭები ცოტა ნერვიულობდნენ, თუმცა მერე მოახერხეს დამშვიდება და ემოციების გაკონტროლება. ეს კი გუნდის კაპიტნის, ირაკლი აბუსერიძის უდიდესი დამსახურებაა. ის გამოცდილი, კარგი მორაგბეა, რომლის ავტორიტეტმაც გუნდის მზადებისას ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია.
მინდა გამოვყო ასევე გამოცდილი მორაგბეები: მამუკა გორგოძე, დავით კაჭარავა და ირაკლი მაჩხანელი, რომლებმაც თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს, რაც მატჩის საბოლოო ანგარიშზეც სრულად აისახა".
ირაკლი აბუსერიძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"რუსებთან თამაში მუდამ რთულ, დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობს. არც დღევანდელი მატჩი იყო გამონაკლისი. დიდი მადლობა ქომაგებს, რომლებიც მუდამ გვერდში გვიდგანან და იმედი მაქვს, რომ სხვა მატჩებზეც ასე სავსე ტრიბუნები იქნება".
კინგსლი ჯოუნზი, რუსეთის ნაკრების მწვრთნელი:
"პირველ ნახევარში თითქოს შევძელით ქართველების მძლავრი შერკინების მეტ-ნაკლებად გამკლავება, მაგრამ თამაშის ამ კომპონენტში მეტოქის უპირატესობა კიდევ უფრო საგრძნობი გახდა.
მამუკა გორგოძის შეჩერება დღეს შეუძლებელი იყო, შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი თავის ამპლუაში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მათ გარდა, საქართველოს ნაკრებში ორი-სამი მსოფლიო დონის მორაგბე თამაშობს.
ჩვენი გუნდი ასეთ ძლიერ ნაკრებებთან თამაშში უნდა გაიზარდოს. სხვაგვარად წინ ვერ წავალთ, ვერ განვვითარდებით. გული მწყდება, რომ მშრალი ანგარიშით წავაგეთ. ამაზე, ცხადია, გადაჭედილმა ტრიბუნებმაც იქონია გავლენა. თამაშისას ასეთი სტადიონი რომ გხვდება, ჩათვალე, უკვე ათი ქულით წინ ხარ.
მე უელსელი ვარ და, მაგალითად, როცა "ჰაინეკენის თასზე" "კარდიფ ბლუზი" ირლანდიურ "მანსტერს" ეთამაშება, სტადიონზე ზუსტად ასეთი ატმოსფერო სუფევს. რუსეთში, სამწუხაროდ, ასე არ არის."
* * *
დასანანია, რომ ორგანიზაციულ საკითხებში არსებული პრობლემების გამო მატჩზე დასწრება ვერ მოახერხეს ისეთმა ქომაგებმა, რომლებსაც ბილეთი ნაყიდი ჰქონდათ.
"ვინაიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი ვაკის პარკის მხრიდან დაუცველია, მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე სტადიონს დიდი რაოდენობით უბილეთო ადამიანი მიადგა. დაცვამ კარები დაკეტა და აღარავის უშვებდა. სამწუხაროდ, მათ შორის მოხვდნენ ბილეთიანებიც. მათ თამაშის ხილვა ვერ შეძლეს.
გვინდა ამ ხარვეზის გამო ბოდიში მოვუხადოთ ქომაგებს და ყველაფერს ვიღონებთ, რომ მომავალ მატჩებზე მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდეს" - თქვა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.
* * *
18 მარტს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზაში" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა აუქციონი, სადაც საქართველოს ნაკრების მორაგბეების: მამუკა გორგოძის, ირაკლი აბუსერიძის, დავით ქუბრიაშვილის, გიორგი ჩხაიძის მაისურები, საქართველოს ნაკრების ახალი სათამაშო ფორმა, ჰალსტუხი და რუსეთის ნაკრებთან მატჩის ბურთი გაიყიდა.
გაყიდვიდან შემოსული თანხა 11 800 ლარი საგურამოს ბავშვთა სახლს გადაერიცხება, რომელზეც შეფობა საქართველოს რაგბის კავშირს აქვს აღებული.
აუქციონის შემდეგ იქვე გაიმართა ფოტოხელოვანის, თამუნა ყულუმბეგაშვილის წიგნის პრეზენტაცია, რომელშიც ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასზე საქრთველოს ნაკრების მატჩებისა და ყოფის ეპიზოდებია ასახული.
ერთა თასი
ესპანეთი-რუმინეთი 13:12
უკრაინა-პორტუგალია 35:33
ერთა თასი 2012
ა თ მ ფ წ ბ ქ
1.საქართველო 4 3 0 1 +70 15
2.ესპანეთი 4 3 0 1 +37 14
3.რუმინეთი 2 2 0 2 +26 11
4.რუსეთი 4 2 0 2 -51 9
5.პორტუგალია 5 1 0 4 -30 7
6.უკრაინა 3 1 0 2 -52 5
ორი წლის ჯამი
ა თ მ ფ წ ბ ქ
1.საქართველო 9 8 0 1 +203 37
2.რუმინეთი 9 5 0 4 +123 27
3.ესპანეთი 9 5 0 4 -46 24
4.პორტუგალია 10 4 0 6 -15 21
5.რუსეთი 9 4 0 5 -49 20
6.უკრაინა 8 1 0 7 -216 5
31 მარტი
რუმინეთი-უკრაინა
19 მაისი
რუსეთი-ესპანეთი
9 ივნისი
საქართველო-უკრაინა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"