"ბორჯღალოსნებს" გასამართი ერთი შეხვედრაღა დარჩათ. ჩვენი ნაკრები 9 ივნისს სტუმრად ეთამაშება ჯგუფიდან უკვე გავარდნილ უკრაინის ეროვნულ გუნდს.
პრემიალური ქულის აღების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ოფიციალურად გაიფორმებს ერთა თასზე გამარჯვებას.
ჩვენმა გუნდმა წლეულს ასპარეზობა ესპანეთში განცდილი მოულოდნელი მარცხით დაიწყო. მილტონ ჰეიგთან განვლილი გზის შესახებ საუბარი სწორედ ამ თამაშის განხილვით დავიწყეთ.
- 12 კვირაა, რაც საქართველოში ვიმყოფები. ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მოხდა. ერთა თასის დასაწყისში
- მაინც რამ გამოიწვია ესპანელებთან მარცხი?
- ალბათ იმან, რომ ცუდად მოვემზადეთ. ეს კი უკრაინასთან თამაშის გადადებამ გამოიწვია. ესპანეთში დავინახეთ, რომ იმ მოთამაშეების დონე, ვინც შარშან მსოფლიოს თასზე ითამაშა, გაცილებით მაღალია, ვიდრე დანარჩენების. მადრიდული მატჩის შემდეგ შერკინებაში მხოლოდ ორი მორაგბე დავტოვეთ და მერე ყველა თამაშში გავიმარჯვეთ.
- საქართველოში ჩამოსვლისთანავე თქვით, რომ საჭიროა, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა განსხვავებული თამაშის სტილი აითვისოს. შეძელით ამის მოხერხება?
- ახალი სტილის ათვისებას და ამოქმედებას გარკვეული დრო დასჭირდა. პორტუგალიასთან თამაშამდე ეს ვერ მოვახერხეთ. სწორედ მათთან ვცადეთ მისი ამოქმედება.
ვარჯიშზე რაც უნდა კარგად გამოგდიოდეს, თამაშისას, ფსიქოლოგიური და ფიზიკური წნეხის ქვეშ, მაინც სულ სხვა. ცხადია, ყველაფერი იდეალურად არ გამოგვდიოდა, მაგრამ, ვფიქრობ, საჭიროა მოთმინება. მიუღწეველი არაფერია.
- საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ეროვნულ გუნდს რეკორდული სხვაობით სწორედ თქვენი თავკაცობით მოუგო...
- ეს ძალიან კარგია. რუსებთან გამარჯვება მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ, ვფიქრობ, ეს ნაკრები ერთა თასის გათამაშებაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდი იყო და ამ შედეგით ძალიან გახარებულნი არ უნდა ვიყოთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ნაკრების მდგომარეობით კმაყოფილი არ ვარ.
რუსებთან მატჩის შემდეგ, მომდევნო შაბათს, იტალიის ან შოტლანდიის ნაკრებთან რომ გვეთამაშა, ტოტალიზატორის მოყვარულებს საქართველოს ნაკრებზე ფსონის ჩასვლას ვურჩევდი.
- ჩვენს ნაკრებს ორ თვეში საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩები ელის სტუმრად კანადისა და აშშ-ის ნაკრებებთან...
- დიახ, ასეა და უნდა ვეცადოთ არჩეული კურსი შევინარჩუნოთ. ამერიკა და კანადა მსოფლიოს რეიტინგში ჩვენი მეზობლები არიან - ერთი გვისწრებს, მეორეს კი ჯერჯერობით ვჯაბნით. შესაბამისად, მათთან ძალიან რთული, უმნიშვნელოვანესი თამაშები გვექნება. ვეცდებით, ჩრდილოამერიკულ ტურნეში საუკეთესო შემადგენლობა ვიახლოთ.
განსაკუთრებით გაგვიჭირდება ამერიკაში, რადგან თამაში ზღვის დონიდან ძალიან მაღლა გვიწევს. ამიტომ მზადება, ვფიქრობთ, საქართველოს მაღალმთიანეთში უნდა გავიაროთ.
- როგორ დაახასიათებდით ჩვენს ნაკრებს, სათამაშო რგოლების მიხედვით?
- საქართველოს ნაკრების შერკინების სიძლიერე საყოველთაოდაა ცნობილი. ამიტომ, როცა აქ ჩამოვედით, ეს ჩვენთვის მოულოდნელი სიახლე არ ყოფილა. მაგრამ ნაკლი, რომელიც უმალვე შევნიშნეთ, ელემენტარული უნარ-ჩვევები აღმოჩნდა. ქართველ მორაგბეებს პასის გაცემისა და მიღების ტექნიკაში აქვთ პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ შერკინება ძლიერია, აქაც გამოჩნდა ნაკლოვანებები მსოფლიოს თასზე ასპარეზობისას, განსაკუთრებით კი - რუმინეთთან მატჩში.
კრის გიბსმა სერიოზული სამუშაო გასწია ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ყველამ ვნახეთ, რუმინეთთან ბუქარესტში გამართულ მატჩში ჩვენს შერკინებას რა დიდი უპირატესობა ჰქონდა. გაუმჯობესდა მოთამაშეების უნარ-ჩვევებიც. ვფიქრობ, რომ ყველა ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და თამაში კიდევ უფრო დაიხვეწება.
ცნობილი იყო, რომ საქართველოს ნაკრების უკანა ხაზი ვერ დაიკვეხნიდა საუკეთესო მოთამაშეებით. რაც მე დავინახე, ძალიან ბევრ მორაგბეს აქვს შესანიშნავი პოტენციალი, ბევრი მათგანი ძალიან სწრაფი და მოძრავია. შესაბამისად, ყველანაირი საშუალება გვაქვს, რომ თამაშის იმ სტილზე გადავიდეთ, რომლის დანერგვაც მინდა.
- დიდი ხანია, საქართველოს ნაკრებში პრობლემატურად მიიჩნევა ცხრა ნომრის, მგეზავისა (#10) და ფულბეკის (#15) პოზიციები...
- არ მგონია, რომ დღეს ჩვენ ამ პოზიციებზე პრობლემები გვქონდეს. მერაბ კვირიკაშვილი, ირაკლი აბუსერიძე, გიორგი ბეგაძე და ლაშა მალაღურაძე შესანიშნავად ართმევენ თავს თავიანთ ფუნქციებს. ვფიქრობ, საკმარისი რეზერვი გვაქვს. ამას დაუმატეთ ლაშა ხმალაძეც, რომელსაც ორივე, მგეზავისა და ფულბეკის პოზიციაზე შეუძლია თამაში. მას ივნისის ტესტებზე კიდევ ერთხელ დავაკვირდებით.
ჩვენი თამაშის სტილი მოითხოვს ძალიან სწრაფ, ფიზიკურად ძლიერ ფულბეკს, რომელსაც ფეხით თამაშიც შეუძლია. გიორგი შკინინმა ამ პოზიციას ძალიან კარგად გაართვა თავი. ის ძლიერი, შემტევი მოთამაშეა, თუმცა გარკვეული ხარვეზები აქვს, რისი აღმოფხვრაც შესაძლებელია.
საქართველოს A ნაკრებში განსაკუთრებით მომეწონა ახალგაზრდა ფულბეკი საბა ნიკოლავა. ის ფიზიკურად ძლიერია, სწრაფია და კარშიც შესანიშნავად ურტყამს. ივნისის ტესტებზე არა, მაგრამ მომავალში მას აუცილებლად გამოვიყენებთ. ახალგაზრდულ ნაკრებებში არიან ძალიან კარგი, პერსპექტიული ცხრა ნომრებიც.
ასე რომ, საქმე უსაშველოდ ნამდვილად არ არის. პირიქით, ქართულ რაგბის ნათელი მომავალი აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"