ლევან მაისაშვილი: "ლელო" მეტოქეებს ბევრ სიურპრიზს შესთავაზებს

AutoSharing Option
გაზაფხულის ტურნირი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის სისტემის ცვლილების გამო ტარდება, ერთი კვირის წინ დაიწყო.

თუმცა პირველი ტურის მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია ბოლო წლებში ქართული საკლუბო რაგბის ერთ-ერთ ლიდერს, თბილისის "ლელოს". გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი რამდენიმე ლელოელთან ერთად საქართველოს A ნაკრების ბრიტანულ ტურნეში იმყოფებოდა.

თბილისში დაბრუნების შემდეგ მაისაშვილს ვარკეთილში, გუნდის ბაზაზე შევხვდით, სადაც გუნდში მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

- სეზონისთვის მზადება ჩვეულებრივ რეჟიმში დავიწყეთ. როგორც ყოველთვის, თავი
დანვე დიდი ყურადღება დავუთმეთ ფიზიკური კონდიციების დახვეწას. "ავჭალის სარაგბო" სტადიონზე ძალოსნობის დარბაზი დავიქირავეთ და იქვე ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვვარჯიშობდით.

- საკონტროლო თამაშების გამართვა თუ მოახერხეთ?
- უამინდობამ ძალიან შეგვიშალა ხელი. ამასთან ერთად, ასაკობრივ ნაკრებში "ლელოს" ხუთი მორაგბეა მივლინებული. ამდენივე მოთამაშე იმყოფებოდა საქართველოს A ნაკრების ტურნეში ბრიტანეთში. მხოლოდ გამგზავრების წინ მოვახერხეთ ერთი საწვრთნელი მატჩის გამართვა უმაღლესი ლიგის დებიუტანტ "ჯიქებთან".

- სეზონებს შორის შესვენებაზე, ალბათ, გარკვეული ცვლილებები მოხდა გუნდის შემადგენლობაში...
- გუნდი დატოვა მგეზავმა უჩა მჭედლიშვილმა, რომელიც "ბათუმი XV"-ში გადაბარგდა და ცხრა ნომერმა ჯიმი ღამბაშიძემ - ის თბილისის "აკადემიის" ღირსებას დაიცავს. ზაფხულში საფრანგეთის ელიტური, მეორე დივიზიონის "ალბიში" გადავა საქართველოს ნაკრების გარემარბი ალექსანდრე თოდუა. ეს გუნდი პირველ დივიზიონში გადასვლისთვის იბრძვის და გამორიცხული არ არის, თოდუა ელიტაში ვიხილოთ.

შევსება საკმაოდ სოლიდური გვაქვს: თბილისის "ყოჩებიდან" ჩვენთან გადმოვიდნენ გარემარბი ირაკლი გეგენავა, პირველხაზელი ბაჩანა გოგიშვილი და მეორეხაზელი ბექა ნიკოლეიშვილი; "თიბისი"-დან დავიმატეთ შერკინების კვაჭი დათო ხიდეშელი; "ლელოში" დაბრუნდა ასევე პირველხაზელი მიხეილ ორაგველიძე.

ამასთან ერთად, ზაფხულიდან საჩემპიონატოდ შემოგვიერთდებიან ტრავმირებული მოთამაშეები: მგეზავი ლაშა ხმალაძე, მესამეხაზელი გიორგი ჭყოიძე და მეორეხაზელი ზურაბ ხორბალაძე.

- როგორც ჩანს, წლეულს გუნდი საკმაოდ მოღონიერდა...
- დიახ, შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ არ მინდა, წინასწარ პროგნოზი გავაკეთო. გაზაფხულის ტურნირს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ. საკმაოდ ბევრ ექსპერიმენტს მივმართავთ. საამისოდ კი ეს შუალედური შეჯიბრება, როგორც იტყვიან, პირდაპირ მისწრებაა. სექტემბრისთვის, როცა ჩემპიონატი დაიწყება, ყველა კითხვაზე პასუხი უნდა მქონდეს.

- თქვენ საქართველოს A ნაკრების მწვრთნელი ხართ, ეროვნული ნაკრების თითქმის ყველა ვარჯიშს ესწრებით. ხომ არ აპირებთ, ჩვენი ნაკრების სათამაშო სტილი "ლელოშიც" დანერგოთ?
- ღია, გაშლილი და სწრაფი თამაში ყოველთვის იყო "ლელოს" თამაშის სტილი. იქიდან გამომდინარე, როგორი შემადგენლობა გვყავდა, ასე ბურთაობა ხან გამოგვდიოდა, ხან არა. ცხადია, ტრადიციას არც ამჯერად ვუღალატებთ. ვეცდებით, ლამაზი რაგბი ვითამაშოთ და მეტოქეებს გარკვეულ სიურპრიზებსაც შევთავაზებთ.

- კლუბი ყველა ასაკობრივი გუნდის შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას?
- დიახ, ჭაბუკთა B ლიგაში ორი გუნდი გვეყოლება, A ლიგაში კი - ერთი, თუმცა მოთამაშეთა რაოდენობა ამ გუნდშიც საკმაოდ ბევრია. ვითამაშებთ საფესტივალო ასაკის ტურნირებშიც. საკმაოდ ბევრი ბავშვთა რაგბის კერა გავხსენით, რაც დროთა განმავლობაში, ვფიქრობთ, კარგ შედეგს მოგვიტანს. გვყავს, ასევე, ესპუართა გუნდიც, რომელიც შესაბამის შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას.

- ასეთი რაოდენობის გუნდების შენახვა, ზოგადად, კლუბის სრულფასოვანი ფუნქციონირება საკმაოდ სერიოზულ თანხებთანაა დაკავშირებული. როგორია "ლელოს" ფინანსური მდგომარეობა?
- ფინანსებში სერიოზული პრობლემები გვაქვს. მართალია, კომპანია "კაპაროლი", როგორც შარშან, წლეულსაც გვეხმარება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. რეალურად უფრო დიდი რაოდენობის ფული გვჭირდება. თავად განსაჯეთ, მარტო შარშან მორაგბეებს თერთმეტი ოპერაცია დასჭირდათ. ამას დაუმატეთ სხვა წვრილი თუ მსხვილი ხარჯები. ერთი სიტყვით, საკმაოდ სერიოზულ სამუშაოს ვატარებთ საიმისოდ, რომ სოლიდური სპონსორი მოვიძიოთ.

- კლუბის ინფრასტრუქტურაზე რას იტყვით?
- დიდ დიღომში საკმაოდ სრულყოფილი ბაზა შენდება. სტადიონის ტრიბუნების საბჯენი უკვე ამოყვანილია. როგორც კი ბეტონის სამუშაოები დასრულდება, მოედნის მოწყობა დაიწყება. მშენებლები გვპირდებიან, რომ ბაზას სექტემბერში ჩაგვაბარებენ.

ამჟამად "ვისოლისა" და "ავჭალის" სარაგბო სტადიონები გვაქვს არენდით აღებული და იქ ვვარჯიშობთ. ვარკეთილის ბაზის მოედანზე კი გვარჯილა შევიტანეთ და ჯერ იქ ვარჯიში არ შეიძლება. მას შემდეგ, რაც დიდი დიღმის ბაზა ექსპლოატაციაში შევა, ეს პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება.

თბილისის ლელო:
პირველი ხაზი: მიხეილ სუჯაშვილი, ბაჩანა გოგიშვილი, გიორგი სანიკიძე, მიხეილ ორაგველიძე, დავით ჯვარშეიშვილი, დავით ბარბაქაძე, ვასილ კვერნაძე, ნიკოლოზ პატარაია, დავით ხიდეშელი.
მეორე ხაზი:Lლაშა აზალაძე, ზურაბ ხორბალაძე, ირაკლი დაუშვილი, ბექა ნიკოლეიშვილი, სანდრო ქოიავა, ნოდარ ჭეიშვილი.
მესამე ხაზი: ვახტანგ მძინარიშვილი, გიორგი ჭყოიძე, ბაჩო კოლელიშვილი, გუჯა სურგულაძე, გიორგი მორგოშია.
#9: გიორგი კაჭარავა, გიორგი ჭინჭარაული, ირაკლი ლოლუა.
#10: ლაშა ხმალაძე.
#12-13: ნონო ანდღულაძე, ალექსანდრე მანჯავიძე, ალექსანდრე ხეცოიძე, გიგა კორკელია.
#11-14: ზურაბ ზაალიშვილი, ლექსო გუგავა, ირაკლი გეგენავა, სანდრო თოდუა, რატი ხუციშვილი, დაჩი კოპაძე.
#15: ირაკლი ყიასაშვილი.

გაზაფხულის ტურნირი
31 მარტი
ლელო-აკადემია (გადაიდო), არმია-ბაგრატი 82:13, არმაზი-ბათუმი XV 20:18,

7 აპრილი
არმია-არმაზი, აკადემია-ბათუმი XV, ლელო-ბაგრატი

21 აპრილი
ბათუმი XV-ლელო, აკადემია-არმია, ბაგრატი-არმაზი

28 აპრილი
არმაზი-ლელო, ბათუმი XV-არმია, ბაგრატი-აკადემია

5 მაისი
არმია-ლელო, ბათუმი XV-ბაგრატი, არმაზი-აკადემია.

სატურნირო მდგომარეობა
1. არმია - 5 ქულა, 2. არმაზი - 4, 3. ბათუმი XV - 1, 4. ლელო - 0, აკადემია - 0, ბაგრატი - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული