"ბორჯღალოსნები" უკრაინის ნაკრებს "ავჭალაში" დაუპირისპირდებიან

AutoSharing Option
ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში საქართველოს ნაკრებს ასპარეზობა სტუმრად უკრაინის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირებით უნდა დაეწყო, თუმცა დიდი ყინვების გამო ეს შეხვედრა გადაიდო და 9 ივნისს დნეპროპეტროვსკში უნდა გამართულიყო.

უკრაინის რაგბის ფედერაციამ გაითვალისწინა საქართველოს რაგბის კავშირის თხოვნა ამ შეხვედრის თბილისში ჩატარების თაობაზე, რაზეც თანხმობა ტურნირის ორგანიზატორმა FIRA AER-მაც განაცხადა.

თამაშის თბილისში გადმოტანის მიზეზი ის არის, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი უკრაინელებთან რკენის შემდეგ ჩრდილოეთ ამერიკაში მიემგზავრება, სადაც 16 და 23 ივნისს ორ შეხვედრას გამართავს, შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ნაკრებებთან.

უკრაინის ნაკრების
ბედი ერთა თასზე გადაწყვეტილია, ის ჩვენს დივიზიონს დატოვებს. მის ნაცვლად კი ბელგიის ეროვნული გუნდი ითამაშებს. ამდენად, სად გაიმართებოდა საქართველოს ნაკრებთან მატჩი, უკრაინელებისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ცხადია, ეს FIRA AER-მაც გაითვალისწინა.

"ბორჯღალოსნები" კი შინ ამერიკული ტურნესთვის მშვიდად მოემზადებიან. აშშ-ისა და კანადის ძლიერ ნაკრებებთან თამაშის წინ უკრაინელებთან დაპირისპირება კარგი სპარინგი იქნება.

ამ მატჩში საქართველოს ნაკრებს აუცილებლად მოგება მართებს, თანაც ისე, რომ პრემიალური ქულაც აიღოს. თუმცა შესაძლოა ეს საჭირო არც გახდეს.

19 მაისს რუსეთის ნაკრები გადატანილ მატჩში ესპანეთის ეროვნულ გუნდს მასპინძლობს და თუ დაამარცხა, მაშინ უკრაინასთან პრემიალურის გარეშე გამარჯვებაც ხელს გვაძლევს.

ამასობაში ცვლილებებია ერთა თასის გათამაშებაში ჩვენი ყველაზე პრინციპული მეტოქის, რუმინეთის ნაკრების ბანაკში. "სტეჟარის" ლიდერმა და კაპიტანმა, შერკინების კვაჭმა მარიუს ტინკუმ სარაგბო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. რუმინეთის რაგბის ფედერაციამ მას ეროვნულ გუნდში შერკინების მწვრთნელობა შესთავაზა, რაზეც 34 წლის აწ უკვე ყოფილი მორაგბე სიხარულით დათანხმდა.

რუმინეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად აქამდე დროებით თავკაცად გამწესებული ჰარი დუმიტრაში დაამტკიცეს. შეგახსენებთ, რომ ის რუმინეთის ნაკრების ფულბეკის, იულიან დუმიტრაშის მამაა.

"ძალიან გამეხარდა, რუმინეთის რაგბის ფედერაციამ ნაკრების შერკინების მწვრთნელობა რომ შემომთავაზა.

საინტერესო სამუშაო მექნება. გუნდში თაობათა ცვლის პროცესი გაჭიანურდა. ბევრი ახალი მოთამაშე გამოჩნდა. მათგან ღირსეულები უნდა შევარჩიოთ, რათა მომავალი წლიდან დასაწყებ მსოფლიოს თასის შესარჩევ ტურნირში წარმატებით ვიასპარეზოთ და 2015 წლის უდიდესი სარაგბო ფორუმის საგზური მოვიპოვოთ" - თქვა მარიუს ტინკუმ.

ცვლილებებია მოსალოდნელი ესპანეთის ნაკრების ბანაკშიც. ამ გუნდს, აგერ, უკვე ორი წელიწადია, ფრანგი რეჟის სონი მოძღვრავს და მისი ხელმძღვანელობით "ლომებმა" პროგრესი განიცადეს. ცხადია, ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ საფრანგეთში.

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანელთა თავკაცს საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე "ბორდო" ეპატიჟება. ბორდოელებმა ელიტაში ადგილი ბოლოსწინა ტურში სტუმრად "ბრივის" დამარცხებით შეინარჩუნეს და, სავარაუდოდ, რეჟის სონიც მათთან გადაბარგდება.

სატურნირო მდგომარეობა
ორი წლის ჯამი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 9 8 0 1 +203 37
2. რუმინეთი 10 6 0 4 +194 32
3. ესპანეთი 9 5 0 4 -46 24
4. პორტუგალია 10 4 0 6 -15 21
5. რუსეთი 9 4 0 5 -49 20
6. უკრაინა 9 1 0 8 -287 5

2012 წელი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რუმინეთი 5 3 0 2 +97 16
2. საქართველო 4 3 0 1 +70 15
3. ესპანეთი 4 3 0 1 +37 14
4. რუსეთი 4 2 0 2 -51 9
5. პორტუგალია 5 1 0 4 -30 7
6. უკრაინა 4 1 0 3 -123 5.

19 მაისი
რუსეთი-ესპანეთი

9 ივნისი
საქართველო-უკრაინა

"უკრაინა ავჭალაში გვეწვევა" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული