საქართველო VS უკრაინა - ერთა თასი თბილისში უნდა დარჩეს!

AutoSharing Option
9 ივნისს "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" საქართველოს ნაკრები ერთა თასის წლევანდელი გათამაშების ბოლო მატჩში უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ ტელეტრანსლიაციას 1 არხი შემოგვთავაზებს.

"ბორჯღალოსნებმა" ბოლო ვარჯიში 8 ივნისს გამართეს. ჩვენი გუნდის წვრთნა, ეგრეთწოდებული კაპიტნის ვარჯიში, დახურული იყო და ამდენად სპორტული მედია, მხოლოდ პრესკონფერენციით დაკმაყოფილდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მატჩის მოერე დღეს ჩრდილოეთ ამერიკაში გაემგზავრება, სადაც ორ ტესტ-მატჩს გამართავს აშშ-სა და კანადის ნაკრებებთან.

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ამ შეხევდრას, ისევე როგორც ერთა თასის სხვა მატჩებსაც, არანაკლები ემოციური დატვირთვა ახლავს.
თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ერთა თასი თბილისში დავტოვოთ. ვეცდებით ასპარეზობისას შეტევაში ხელდახელ ვითამაშოთ, მოედნის მთელი ფართი და შერკინების მორაგბეების უპირატესობა სათანადოდ გამოვიყენოთ.

გუნდში ძალიან ბევრი ახალი მოთამაშეა. ცხადია, მათში პოტენციალს რომ არ ვხდავდეთ, ნაკრებში არ გამოვიძახებდით. საქართველოს A ნაკრებს ბრიტანულ ტურნეში ვახლდი და იქ რამდენიმე კარგი მორაგბე შევნიშნე. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ქვეყნის მთავარ გუნდში თამაშს იმსახურებენ.

საფრანგეთში მოთამაშე ლეგინერების ნაწილი ტრავმების გამო დაგვაკლდა. ამიტომაც ვუხმეთ ახალ მოთამაშეებს. მათ შორის ბაჩუკი გუჯარაიძეს. მას გაზაფხულის ტურნირის მატჩების მსვლელობისას ვაკვირდებოდით. 197 სმ სიმაღლის მოთამაშეა, საკმაოდ დიდ პოტენციალს ვხედავთ მასში და ახლა უნდა სცადოს ეროვნულ გუნდში ადგილის დამკვიდრება.

თავიდან ახალი სათამაშო სტილის დანერგვა გაგვიჭირდა. ორი-სამი კვირის განმავლობაში ვარჯიშები რთულად მიმდინარეობდა. მერე ყველაფერი დალაგდა. მორაგბეები თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებდნენ და პიკს რუსეთთან თამაშზე მიაღწიეს. თუ ამ მატჩის შემდგომ პერიოდს განვიხილავთ, უნდა აღვნიშნო, რომ ნაკრების წევრებმა ინდივიდუალური დავალებები, რომელიც მათ მივეცით, ძალიან კარგად შეასრულეს. უფრო დახვეწილად ირჯებიან და, ვფიქრობ, ჩვენს ნაკრებს ბევრად უკეთესად თამაში შეუძლია.

ივნისის ტესტებზე აშშ-სა და კანადის ნაკრებებთან უმძიმესი დაპირისპირება გველის. ვნახე მათი შემადგენლობა და გუნდში 18-18 ისეთი მორაგბე ჰყავთ, რომლებმაც შარშან ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე ითამაშეს. ამასთან ერთად, ისინი თბილისში განცდილი მარცხისთვის რევანშის ასაღებად ემზადებიან.

ჩვენთვის ახლა მთავარია, უკრაინასთან მატჩში ისეთი თამაშის ხარისხი ვაჩვენოთ, რომელიც ამაღლებულ განწყობას, მეტ თავდაჯერებულობას შეგვმატებს. საჭიროა ჩვენს თამაშს მივაგნოთ".


გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:
"უკრაინასთან მატჩი, ფაქტობრივად, არის ივნისის ტესტებზე აშშ-სა და კანადის ნაკრებებთან გასამართი შეხევდრების მოსამზადებელი ეტაპი. ამიტომ, განწყობა არის საბრძოლო, სერიოზული, თუნდაც იმიტომ, რომ ამდენი შრომის შემდეგ მიღწეულის რეალიზება უნდა მოხდეს.

ამასთან ერთად, ერთა თასის ბოლო შეხვედრაში, მოთამაშეთა ძალიან დიდ ჯგუფს ეძლევა შანსი თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინოს.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებს სხვადასხვა მიზეზების გამო 13 მორაგბე აკლია. ეს, ცხადია, ცუდია, თუმცა კურსი, რომელიც წლის დასაწყისში ავიღეთ, გრძელდება. ნაკრების მწვრთნელები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი მოთამაშე ნახონ საქმეში. აუცილებლად გვჭირდება მორაგბეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი, რომლიდანაც კონკრეტულ თამაშზე, კონკრეტულ მოთამაშეებს გამოვიძახებთ.

მსოფლიოს თასის მომავალ გათამაშებამდე საკმაოდ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. შესარჩევი ტურნირის თამაშების გარდა ტესტ-მატჩებშიც ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგეებთან მოგვიწევს ასპარეზობა. წელს ნოემბერში იაპონიასა და ფიჯის ვუმასპინძლებთ. უკვე მიმდინარეობს მუშაობა საიმისოდ, რომ მომავალი წლის ივნისში თბილისში საერთაშორისო ტურნირი გაიმართოს, რომელიც ტრადიციული გახდება.

ყველაზე მეტად, რაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელების საქმიანობაში მოგვწონს, ის არის, რომ ისინი გუნდის თამაშში ნერგავენ კონკრეტულ სქემებს და არ ცდილობენ მოთამაშეებს მოარგონ ის. პირიქით, ეს ნებისმიერ მორაგბეს საშუალებას აძლევს ამ სქემაში ჩაჯდეს. რაც ვარჯიშასას ვნახე, იმედი მომეცა, რომ ამერიკასა და კანადაში "ჩერჩილის თასზე" განცდილი ფიასკო არ გამეორდება. მოვიგებთ თუ ვერა, ამის თქმა ახლა, ძნელია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. წასაგებად იქ ნამდვილად არ მივდივართ.

მინდა ერთი სასიხარულო ინფორმაციაც გაგაცნოთ. საქართველოს რაგბის კავშირი შეუერთდა კოლპაკის ხელშეკრულებას, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენმა მორაგბეებმა შეუზღუდავი რაოდენობით ითამაშონ ბრიტანულ გუნდებში.

ინგლისის რაგბის კავშირმა უკვე დაუგზავნა წერილები თავის კლუბებს, რომელშიც ამცნობს, რომ ქართველი მორაგბეების მიწვევა თავისუფლად შეუძლიათ. ასე რომ, ფანჯარა დიდ ბრიტანეტშიც გაჭრილია"
.

09.06. 17:00 სთ. ერთა თასი. ავჭალის სარაგბო სტადიონი.
საქართველო-უკრაინა
საქართველო: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. მერაბ შარიქაძე, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. ლექსო გუგავა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. რევაზ ბელქანია, 3. ირაკლი მირცხულავა, 4. ვახტანგ მაისურაძე, 5. ბაჩუკი გუჯარაიძე, 6. გიორგი ჩხაიძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ზვიად მაისურაძე.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. დავით ზირაქაშვილი, 18. ბექა ბიწაძე, 19. გიორგი კალმახელიძე, 20. გიორგი ბეგაძე, 21. დავით კაჭარავა, 22. ბექა წიკლაური.

უკრაინა: 15. ვიტალი კრასნოდემსკი, 14. სერგეი მონსრირიოვი, 13. ვიაჩესლავ პნამარენკო, 12. პავლე მასიუკოვი, 11. მაქსიმ კრავჩენკო, 10. მიკოლა დელეგირიოვი, 9. ზურაბ კიკაჩეიშვილი. 1. ოლეგ ლიტვინენეკო, 2. მიკოლა კირსანოვი, 3. ევგენი ჩაიკა, 4. ვიაჩესლავ კრასილნიკი, 5. ოლექსანდრ ცარენკო, 6. დიმიტრი ფედიშინი, 7. ვიტალი ორლოვი, 8. ჯაბა მალაღურაძე.

16. სერგეი სუხიხ, 17. ოლექსანდრ პოლიანსკი, 18. ვიტალი კრამარენკო, 19. ოლექსანდრ ცისისი, 20. მიროსლავ შულიაკი, 21. არტიომ კულიკი, 22. სერგეი ერმოლენკო.

ერთა თასი. 2012 წელი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 5 3 0 2 +33 16
2. რუმინეთი 5 3 0 2 +97 16
3. საქართველო 4 3 0 1 +70 15
4. რუსეთი 5 3 0 2 -47 14
5. პორტუგალია 5 1 0 4 -30 7
6. უკრაინა 4 1 0 3 -123 5

ორი წლის ჯამი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 9 8 0 1 +203 37
2. რუმინეთი 10 6 0 4 +194 32
3. ესპანეთი 10 5 0 5 -50 26
4. რუსეთი 10 5 0 5 -45 25
5. პორტუგალია 10 4 0 6 -15 21
6. უკრაინა 9 1 0 8 -287 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგების ვინმემ ბოდიში მოიხადოს აბსურდული ცხრილების გამოქვეყნებისათვის...ცოტა ტვინი გაანძრიეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
Jigaro
03:36 11-06-2012
0

სიახლეები პოპულარული