უკვე ვწერდით, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი ჩრდილოეთ ამერიკაში საგრძნობლად გადახალისებული შემადგენლობით გაემგზავრა. ტრავმების გამო ნაკრებს დააკლდნენ გიორგი შკინინი (არმია), დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი), ჯაბა ბრეგვაძე (ტულუზი) და ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი).
საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, რთული სეზონის შემდეგ ისვენებენ: მამუკა გორგოძე (მონპელიე), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), ირაკლი ნატრიაშვილი (ბრივი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ნემსაძე (ტარბი), ბექა შეყლაშვილი (აჟენი).
თამაში "ბორჯღალოსნებმა" თავიდანვე ვერ ააწყვეს. მორაგბეები მოედანზე ნელა, მძიმედ გადაადგილდებოდნენ. მასპინძლებმა საკმაოდ აგრესიულად შემოგვიტიეს და მესამე წუთზე საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს. ანგარიში ფულბეკმა ქრის ვაილზმა გახსნა - 3:0.
იმთავითვე ნათელი გახდა, რომ დაცვაში თამაში ჩვენს მორაგბეებს ძალიან გაუჭირდებოდათ. "არწივები" ამ შეხვედრისთვის სერიოზულად ემზადებოდა და მატჩს მოუთმენლად ელოდა, რათა ორი წლის წინათ თბილისში განცდილი მარცხის გამო რევანში აეღო.
პირველი ლელო ამერიკელებმა მე-9 წუთზე გაგვიტანეს, რომელიც ჩვენი მორაგბეების შეცდომების ჯაჭვის შედეგი იყო.
საკუთარი ჩათვლის მოედნიდან ათიოდ მეტრში დერეფანში ბურთი ქართველ მორაგბეებს უნდა აეგდოთ, თუმცა წესი დაარღვიეს და აუტის მოწოდების უფლება ამერიკელებს გადაეცათ. "არწივებმა" დერეფნიდან მოლის აგორება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. წარმოქმნილი რაკიდან ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე გაათამაშეს. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქე იქაც შეაჩერა. მასპინძლებმა ახლა ბურთი ისევ მარჯვნივ გამოათამაშეს და შუამარბი ენდრიუ სუნიულა ჯერ მესამეხაზელ გიორგი ჩხაიძეს დაუხლტა ხელიდან, მერე კი მეორეხაზელმა ვახტანგ მაისურაძემ და ფულბეკმა ლაშა ხმალაძემ ერთობლივად ვერ შეძლეს მისი შეჩერება. ქრის ვაილზმა ვერ გარდასახა - 8:0.
საპასუხო ლელოს გატანა ჩვენმა მორაგბეებმა ათ წუთში შეძლეს. მეტოქის მიერ საკუთარი ნახევრიდან ფეხით დაკიდებულ ბურთს შუამარბი დავით კაჭარავა მოედნის ცენტრში დაეუფლა და შეუტია.
წარმოქმნილი რაკიდან ცხრა ნომერმა ირაკლი აბუსერიძემ შეტევა მარჯვნივ განაგრძო. აქ მგეზავმა მერაბ კვირიკაშვილმა შეტევაში პირველხაზელი დავით ზირაქაშვილი ჩართო. ისევ რაკი და "აბუმ" ისევ მარჯვნივ, მოკლე ფრთაზე გარემარბ ირაკლი მაჩხანელს გადააწოდა, რომელმაც გარღვევაზე კიდევ ერთი გარემარბი ალექსანდრე თოდუა გაიყვანა. მან 25-30 მეტრი გაირბინა და ის იყო, უნდა შეებოჭათ, რომ იქვე მიმყოლ კვირიკაშვილს გაატანა ბურთი, რომელმაც ლელო გვერდით ხაზთან ახლოს გაიტანა. მანვე გარდასახვა ვერ გამოიყენა - 5:8.
ამის შემდეგ ინიციატივა მასპინძლების ხელში გადავიდა. მათ ტაიმის ბოლომდე კიდევ ორი ლელო და ორი საჯარიმო გაგვიტანეს, რაზეც ჩვენმა გუნდმა მხოლოდ კვირიკაშვილის ერთი საჯარიმოთი უპასუხა - 8:28. თანაც, პირველი ნახევრის მიწურულს სამხრეთაფრიკელმა რეფერიმ საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი გივი ბერიშვილი გაასინბინა და მეორე ტაიმის საწყისი ათი წუთი ჩვენი გუნდი კაცნაკლული დარჩა.
შესვენების შემდეგ ოცქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას, რაც ნებისმიერ მეტოქესთან თამაშში ურთულესი საქმეა, "ბორჯღალოსნები," მართალია, შეეცადნენ, მაგრამ, მაქსიმუმი, რისი მოხერხებაც შეძლეს, ანგარიშის თერთმეტ ქულამდე შემცირებაა.
მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ითამაშა და 12:8 მოიგო, თუმცა საბოლოოდ წარმატებისთვის ეს, ცხადია, საკმარისი არ აღმოჩნდა.
ჩვენმა მორაგბეებმა მეორე ლელო 54-ე წუთზე გაიტანეს. მარჯვენა ფრთაზე, მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში, მორკინალების მიძალებისას ამერიკელები დაჯარიმდნენ. აბუსერიძემ საჯარიმო სწრაფად გაათამაშა და ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე გაიტანა. აქ ჯერ ვახტანგ მაისურაძემ შეუტია, მერე "აბუმ" რაკიდან უფრო მარჯვნივ შერკინების კვაჭი რეზო ბელქანია ჩართო შეტევაში. ისიც შეაჩერეს. აბუსერიძემ შეტევის მიმართულება არ შეცვალა და ამჯერად კიდევ უფრო მარჯვნივ, კიდისკენ შუამარბ მერაბ შარიქაძეს გადააწოდა, რომელიც ამერიკელთა ლელოში შეიჭრა. შეცვლაზე შესულმა მგეზავმა ლაშა მალაღურაძემ ვერ გარდასახა - 13:28.
ამაზე მასპინძლებმა კიდევ ერთი ზუსტი საჯარიმოთი გვიპასუხეს - 31:13. 63-ე წუთზე კი ქართველმა მორაგბეებმა მესამე ლელო მიითვალეს. ბურთი მოედნის ცენტრიდან მეტოქის ჩათვლის მოედნისკენ მალაღურაძემ ფეხით შეაცურა. შარიქაძე და კაჭარავა ამერიკელთა ფულბეკს თავს დაესხნენ, ბურთი აართვეს და შეტევაში შეცვლაზე შესული ირაკლი ყიასაშვილი ჩართეს. ის მოწინააღმდეგემ იქვე შებოჭა. მერე ბურთი ზირაქაშვილმა აიტაცა და ის ლელოს ხაზამდე ერთ მეტრში შეაჩერეს. რაკიდან ბურთი კაჭარავამ აიღო და ჩათვლის მოედანში გადადო. მალაღურაძემ გარდასახვა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 20:31.
თამაშის დასრულებამდე 17 წუთი რჩებოდა. 11-ქულიანი ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად ეს საკმარსი დროა. თუმცა ჩვენმა მორაგბეებმა მონაგარს ვეღარაფერი შემატეს. მეტიც, შეცვლაზე შესული ზვიად მაისურაძე არბიტრმა გაასინბინა. "არწივებმა" ამით ისარგებლა და კიდევ ერთი, მეოთხე ლელო მიითვალა - 36:20.
მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტს ილია ზედგინიძეს დენვერში დავუკავშირდით:
"მწვრთნელთა შტაბმა მატჩის ვიდეოანალიზი მატჩის დასრულების შემდეგ მალევე გავაკეთეთ და ვნახეთ, რომ გუნდმა ორივე ტაიმში ერთმანეთისაგან განსხვავებული თამაში აჩვენა.
პირველ ნახევარში ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით, მეორე შედარებით უკეთესი იყო.
ბიჭებთან საუბრის მერე დავადგინეთ, რომ აკლიმატიზაცია და ძალების აღდგენა ვერ მოახერხეს. ფიზიკურად როცა არ შეგიძლია, აღარც ტაქტიკური მონახაზის შესრულება გამოგდის და არც დაცვა-შეტევის ორგანიზება. ჩვენი სათამაშო სქემა დაახლოებით 40 პროცენტით შესრულდა.
თამაშის წინ მორაგბეებს ასეთი დავალება მივეცით - უნდა მოგვეხერხებინა მოედნის მთელი სიგანის გამოყენება. მორკინალებს მოკლე დარტყმები ახლო-ახლო და ერთი და იმავე მიმართულებით უნდა განეხორციელებინათ. თამაში, ძირითადად, მეტოქის მოედანზე უნდა გადაგვეტანა და როცა საჭიროება მოითხოვდა, ბურთი აუტში გადაგვეგდო, რათა ამერიკელებს კონტრიერიში არ წამოეწყოთ.
ამასთან ერთად, შერკინებას მეტოქისთვის მაქსიმალურად უნდა შეექმნა პრობლემები. დერეფანში მოედნის ჩვენს ნახევარზე პირველი და მეორე ზონა უნდა გადაგვეკეტა, მეტოქის ნახევარზე კი - მეორე და მესამე.
კანადის ნაკრებთან თამაში ერთი კვირის თავზეა და იმედი გვაქვს, რომ ფიზიკური კონდიციებით უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით. ვანკუვერი ზღვის დონიდან ისე მაღლა არ არის, როგორც დენვერი.
შემადგენლობაში, ცხადია, ცვლილებები იქნება. მერაბ შარიქაძე სოლტ ლეიკ სიტიში გაემგზავრება, სადაც ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე იასპარეზებს. ვანკუვერში დაგვემატება მესამეხაზელი შალვა სუთიაშვილი. მიკროტრავმები აწუხებთ ზვიად მაისურაძესა და ლაშა მალაღურაძეს, თუმცა, ვფიქრობ, სერიოზული არაფერია.
ტურნეში 28 მორაგბე გვყავს და ვეცდებით, ყველას მივცეთ თავის გამოჩენის შანსი. ამერიკელებთან თამაშით კმაყოფილნი იმით ვართ, რომ სათადარიგოთა სკამიდან შეხვედრაში ჩართულმა ყველა მორაგბემ გუნდის გაძლიერება შეძლო, ყველამ რაღაც დადებითი შემატა და ამასაც, ცხადია, კანადელებთან მატჩისთვის გავითვალისწინებთ".
ივნისის ტესტები
აშშ-საქართველო 36:20
აშშ (15-9) ვაილზი, ჰიუმი, ემერიკი (ჰოლი 43), ე. სუნიულა, პატერსონი, რ. სუნიულა (ჰოულდერი 78), პეტრი (დევისი 78). (1-9) პტმანი, ბილერი (ესბანი 72), ფრეი (ლიუფაუ 75), სთენფილი, დოილი, მოქეითი (დურუთალო 48), ლავალა, კლევერი.
4ლ: ე. სუნიულა, მოქეითი, პეტრი, პატერსონი. 2გ4ს: ვაილზი.
საქართველო (15-9) ხმალაძე, მაჩხანელი, კაჭარავა, შარიქაძე, თოდუა (ყიასაშვილი 52), კვირიკაშვილი (მალაღურაძე 45), აბუსერიძე (ბეგაძე 72). (1-8) ნარიაშვილი (მირცხულავა 72), ბელქანია (მამუკაშვილი 58), ზირაქაშვილი, ბიწაძე, ვ. მაისურაძე (ზ. მაისურაძე 41), ლაბაძე, ბერიშვილი (თხილაიშვილი 51), ჩხაიძე.
3ლ: კვირიკაშვილი, შარიქაძე, კაჭარავა. ს: კვირიკაშვილი გ: მალაღურაძე.
სინბინი: ზ. მაისურაძე, ბერიშვილი.
მსაჯი: მარიუს იონკერი (სამ. აფრიკა)
სხვა მატჩები
კანადა-იტალია 16:25, არგენტინა-საფრანგეთი 23:20, სამხრეთ აფრიკა-ინგლისი 36:27, ავსტრალია-უელსი 25:23, ახალი ზელანდია-ირლანდია 22:19, ფიჯი-შოტლანდია 16:25.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"