კანადა-საქართველო 31:12 - "ბორჯღალოსნებს" გაკვეთილი ბარნაბიშიც ჩაუტარეს [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
საქართველოს ნაკრების ჩრდილოამერიკული მეორე ტურნე, პირველის მსგავსად, წარუმატებელი გამოდგა.

"ბორჯღალოსნებმა" ორი ტესტმატჩიდან ორივე წააგეს. მეორე შეხვედრა ჩვენმა გუნდმა ბრიტანულ კოლუმბიაში ვანკუვერის მახლობლად, ქალაქ ბარნაბიში კანადის ნაკრებთან გამართა და 12:31 დამარცხდა.

ისევე, როგორც ამერიკელებთან პირველ შეხვედრაში, თამაში თავიდანვე არ აეწყო და 31-ე წუთისთვის კანადელები მშრალი ანგარიშით, 20:0 დაწინაურდნენ. ტაიმი კი მასპინძლებმა 16 ქულის სხვაობით, 23:7 მოიგეს და ასეთი ჩამორჩენის აღმოფხვრა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნახევარში უკეთესად ითამაშეს, ქართველმა მორაგბეებმა ვეღარ მოახერხეს.

კანადელთაგან მატჩის გმირი ავსტრალიური წარმოშობის ფულბეკი ჯეიმ პრიტჩარდი გახდა, რომელმაც
გუნდს 21 ქულა მოუტანა. მის ანგარიშზე ერთი ლელო, ოთხი საჯარიმო და ორი გარდასახვაა. პირველი ლელო "ბორჯღალოსნებმა" მატჩის დასაწყისშივე, მე-5 წუთზე მიიღეს და ეს სამხრეთაფრიკული წარმოშობის გარემარბმა დი თი ეიჩ ფან დერ მერვემ მოახერხა.

"ბორჯღალოსნებმა" თამაში პირველი ტაიმის მიწურულსღა გამოაკეთეს, მაშინ, როცა ანგარიში 0:20 იყო. ქართველთა შეტევა ლელოთი შერკინების პირველხაზელმა მიხეილ ნარიაშვილმა დაასრულა. მგეზავმა მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 7:20. ტაიმის ბოლო წამებზე პრიტჩარდმა საჯარიმო გაგვიტანა და თავისიანები 16 ქულით დააწინაურა.

"დასაწყისშივე რამდენიმე უაზრო შეცდომა დავუშვით, რამაც საშუალება მისცა მეტოქეს, ანგარიშში საგრძნობლად დაწინაურებულიყო. ამიტომ მუდამ მდევრის როლში ყოფნა მოგვიწია" - თქვა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

შესვენების შემდეგ, ძირითადად, საქართველოს ნაკრები უტევდა. ჩვენმა გუნდმა მეტოქის ნახევარზე დროის უდიდესი ნაწილი გაატარა, მეტოქეს ბურთის ფლობაშიც ვაჯობეთ, მაგრამ ხელიდან იმდენად ხშირად გვივარდებოდა, რომ მატჩის კომენტატორმა იხუმრა კიდეც - იმდენი შერკინება დაინიშნა, რომ ამ მატჩში რეკორდი დამყარდაო.

მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დაცვაში შესანიშნავად გაისარჯნენ და ჩვენს გუნდს ლელოს გატანის საშუალება მხოლოდ ერთხელ მისცეს. 67-ე წუთზე, როცა 7:28-ს ვაგებდით, თავი შეცვლაზე შესულმა მესამეხაზელმა შალვა სუთიაშვილმა გამოიჩინა. გარდასახვა ასევე შეცვლაზე შესულმა მგეზავმა ლაშა მალაღურაძემ ვერ გაიტანა - 12:28.

ცხადია, "ბორჯღალოსნების" თავკაცი მილტონ ჰეიგი გუნდის თამაშით უკმაყოფილო იყო.

"გაწბილებული ვარ. ვერაფრით მოვახერხეთ კანადელების ფულბეკის, ჯეიმზ პრიტჩარდის შეჩერება. ძალიან ხშირად ვჯარიმდებოდით, განსაკუთრებით, პირველ ნახევარში. კანადელთა მექულეს მეტი რა უნდოდა, ნებისმიერი წერტილიდან ზუსტად ურტყამდა.

ერთი რამ მაინც კარგი იყო - ძალიან ბევრი
ახალგაზრდა ვათამაშეთ. ისეთ ძლიერ გუნდთან, როგორიც კანადის ნაკრებია, მათ ფასდაუდებელი გამოცდილება შეიძინეს".

ერთი სიტყვით, ჩრდილოამერიკული ტურნე საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებლად დასრულდა. ნათლად გამოჩნდა, რომ საკმარისია, გუნდს რამდენიმე წამყვანი მორაგბე დააკლდეს, ტოლ-სწორ მეტოქეებთან თამაშში უძლური ხდება. მოკლე სათადარიგო სკამი ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა, რაც ერთი ხელის დაკვრით არ გადაიჭრება.

ამასობაში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა, რომელთანაც "ბორჯღალოსნები" ერთი კვირის წინათ 20:36 დამარცხდნენ, ჰიუსტონში იტალიის ეროვნულ გუნდთან 10:30 წააგო.

კანადა-საქართველო 31:12
კანადა (15-9) პრიჩარდი, დიუქი (ჰესლერი 76), თრეინორი, მაკქენზი, ფან დერ მერვე, ევანსი (ჰერნი 79), ფერჰერსთი (ვაითი 54). (1-8) დოლეჟელი (პლეჩი 64), ტიდმენი, მარშალი, სინკლერი, ჰოტსონი (ბექაბუმი 73), არდრონი, დალა (ვულრიჯი 73), კარპენტერი (ფელანი 80).
3ლ: ფან დერ მერვე, პრიტჩარდი, დიუქი. 4ს,2გ: პრიტჩარდი.
საქართველო (15-9) ყიასაშვილი, მაჩხანელი, კაჭარავა, ზიბზიბაძე, გუგავა (თოდუა 56), კვირიკაშვილი (მალაღურაძე 49), აბუსერიძე (სამხარაძე 64). (1-8) ნარიაშვილი (ჩილაჩავა 61), ბელქანია (მამუკაშვილი 56), ზირაქაშვილი, ჩხაიძე, ვ. მაისურაძე (ბერიშვილი 65), ლაბაძე (სუთიაშვილი 49), თხილაიშვილი, ბიწაძე.
2ლ: ნარიაშვილი, სუთიაშვილი. გ: კვირიკაშვილი
მსაჯი: დეივ პირსონი (ინგლისი).

სხვა მატჩები
არგენტინა-საფრანგეთი 10:49, ავსტრალია-უელსი 20:19, ახალი ზელანდია-ირლანდია 60:0, სამოა-შოტლანდია 16:17, სამხრეთ აფრიკა-ინგლისი 14:14.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აშშ-საქართველო 36:20 - ამერიკამ რევანში აიღო
მკითხველის კომენტარები / 6 /
ესენი არ იყვნენ კანადას უნდა დავაპუტოთ ფოთლებიო???თუ ტრაკი არ ქონდათ ჩუმად ყოფილიყვნენ!კანადელებმა ბორჯხაზე რომ ატრიალეს მიკუზულები არსად უთქვამთ არც წინასწარ და არც მერე
sasha
10:52 25-06-2012
0
არა უშავს დავიჭერთ ისევ რუსებს ან უკრაინელებს მოუგებთ მსუყე ანგარიშით და ავტეხავთ ისევ წივილ კივილს ექვსი ერის პირველობაზე დაგვიშვითო ჩვენ წინსვლას დაჟე ახალზელანდიელებიც კი აფასებენო და წავა ბარონ მიუნჰაუზენობა ჯერ ბურთის ხელში დაჭერა ისწავლეთ და მერე იფიქრეთ იტალიაზე და სამოაზე აღარაფერს ვიძახი ბობოლებზე
koka
13:23 25-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული