მილტონ ჰეიგი: ქართველი მორაგბეები პასიურობენ, დადიან და არ დარბიან

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის ტესტებისას ტურნე ჩრდილოეთ ამერიკაში გამართა, სადაც აშშ-ისა და კანადის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდა.

"ბორჯღალოსნებთან" ერთად ამერიკაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიც გაემგზავრა, რომელმაც სოლტ ლეიკ სიტიში მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის გათამაშებაში იასპარეზა.

ამ ტურნირების შედეგების ანალიზსა და მომავლის გეგმებზე სასაუბროდ რაგბის პაბ "არსენალში" საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი მილტონ ჰეიგი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ირაკლი ჭყონია ქომაგებს შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ასეთი შეხვედრები რაგბის მოყვარულებთან ტრადიციულად მნიშვნელოვანი მატჩებისა თუ ტურნირების შემდეგ იმართება და
რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა გულშემატკივრებს ერთგვარად ანგარიშს აბარებს, სამომავლო გეგმებსა და ჩვენი რაგბის პერსპექტივებს ამცნობს.

ამჯერად შეხვედრა ეროვნული ნაკრების ჩრდილოამერიკულ ტურნეზე გამოსვლის შეფასებით დაიწყო.

გიორგი ნიჟარაძე:
"საქართველოს ნაკრებმა აშშ-სა და კანადაში მარცხი განიცადა. ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. წარუმატებელი ასპარეზობის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ივნისში გუნდის ოპტიმალური შემადგენლობის შეკრებას ვერაფრით ვახერხებთ ხოლმე. თუმცა ობიექტურთან ერთად, იყო სუბიექტური მიზეზებიც.

თბილისიდან გამგზავრებამდე ორი დღით ადრე ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული გუნდის საბოლოო შემადგენლობა. ბოლო მომენტში რამდენიმე მესამეხაზელი დაგვაკლდა. ამ პოზიციაზე სერიოზული პრობლემა გვექმნებოდა. ახალგაზრდა მოთამაშისთვის ვიზის საკითხის მოგვარებას ვეღარ ვასწრებდით. ამიტომ ნაკრებში ვეტერან გია ლაბაძეს უხმეს, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა და აშშ-სა და კანადაში შესვლის პრობლემა არ აქვს.

თვით ლაბაძის თამაშმა დაადასტურა, რომ შესანიშნავ ფორმაშია, იმდენად, რომ ახალგაზრდა კონკურენტს აჯობა, რის გამოც ამ უკანასკნელს თამაში არ მოუწია.

დენვერში აღარასდროს ვითამაშებთ. ამის თაობაზე ჩვენი პოზიცია ცალსახად დავაფიქსირეთ. აშშ-ის ნაკრები ამ ქალაქში თამაშამდე ერთი თვით ადრე დაბანაკდა და აკლიმატიზაციის პრობლემები არ ჰქონია. ჩვენი მორაგბეები კი მატჩის პირველი 30 წუთის განმავლობაში ვერ სუნთქავდნენ.

თამაშის დროს ერთმანეთს ვერ ეკონტაქტებოდნენ. მწვრთნელების შენიშვნაზე ხელებით ანიშნებდნენ, ლაპარაკი არ შეგვიძლიაო.

ცალკე თემაა ამერიკელების მასპინძლობა. მატჩის შემდეგ "მესამე ტაიმი" არ ყოფილა. ჩვენი გუნდის ავტობუსი გაფუჭდა და სტადიონიდან სასტუმრომდე ოთხი კილომეტრი ფეხით ვიარეთ.

კანადელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იქ ვითარება რადიკალურად განსხვავებული იყო".

მილტონ ჰეიგი:
"კანადასთან მატჩში, სამწუხაროდ, დასაწყისშივე დიდი სხვაობით ჩამოვრჩით ანგარიშში მეტოქეს. ჩვენი მორაგბეები ცდილობდნენ, ჩქარა აღმოეფხვრათ ეს ჩამორჩენა. ამიტომ სისწრაფეში ხშირად უშვებდნენ შეცდომებს.

დაცვაში სწორი სისტემით ვთამაშობდით. ზუსტად ასე ირჯება ახალი ზელანდიის ნაკრები, ანუ პრობლემა სისტემაში არ არის. აქ უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი, მაგალითად, შებოჭვის სწორად ცოდნა. არსებობს თამაშის ამ ხერხის რვა კომპონენტი, რომლებსაც ახალ ზელანდიაში ბავშვებს ეტაპობრივად ასწავლიან.

ასევე თვალშისაცემია ჩვენი მორაგბეების პასიურობა ბოჭვის შემდეგ. ისინი თამაშს ეთიშებიან ან ნაბიჯებით დადიან და არ გარბიან. ამის გამო დაცვის ხაზში დიდი სივრცე იქმნება, რომელსაც მეტოქე კარგად იყენებს".

Sportall.Geგიორგი ნიჟარაძე:
"ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში მწვრთნელებს მუდამ უწევთ მოთამაშეებთან ელემენტარულ უნარ-ჩვევებზე მუშაობა, რომლებიც მორაგბემ ბავშვობაში, კლუბში უნდა ისწავლოს.

ნაკრებში ვარჯიშზე ნასწავლი და ვარჯიშზევე კარგად შესრულებული ძალიან ხშირად არ გამოდის მეტოქის ასევე კარგად ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში. ამიტომ ჩვენი მორაგბეები ინსტინქტურად აკეთებენ იმას, რაც ბავშვობაში აითვისეს და სწორად თამაშს ვერ ახერხებენ. ამიტომაა საჭირო, ბავშვებს თავიდანვე გამართული რაგბი ვასწავლოთ.

ამასთან ერთად, ტურნეში წარუმატებლობის მიზეზი სათამაშო დისციპლინის დაბალი დონეა. ეს კი, ძირითადად, თამაშის წესების არასრული ცოდნის ბრალია. ჩვენი მორაგბეები ამიტომაც ჯარიმდებიან ძალიან ხშირად. რაგბის კავშირი მალე აამოქმედებს სპეციალურ პროგრამას, რათა მოთამაშეებმა ბავშვობიდანვე ზედმიწევნით იცოდნენ თამაშის წესები".

მილტონ ჰეიგი:
"სამაგიეროდ, ჩვენს გუნდს არანაირი პრობლემა არ აქვს მოედნის მიღმა ქცევის წესების დაცვაში. მეტიც, ამ ასპექტში საქართველოს ნაკრები არის საუკეთესო იმ გუნდებს შორის, რომელთანაც მიმუშავია.

ქართველი მორაგბეები მოედნის მიღმა, საზოგადოებასთან და ერთმანეთთან ურთიერთობაში სამაგალითონი არიან. ეს ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტია, რაც საგრძნობლად მიადვილებს მათთან მუშაობას".

გიორგი ნიჟარაძე:
"ნაკრებში გამოძახებული მოთამაშეები საფრანგეთის ჩემპიონატის სხვადასხვა დივიზიონში ასპარეზობენ და, ცხადია, მომზადების დონეც განსხვავებული აქვთ. ეს ნაკრებში საგრძნობ დისბალანსს ქმნის. ამიტომ გადავწყვიტეთ, საქმეში ჩავრთოთ "კლერმონის" მწვრთნელი ახალზელანდიელი ვერნ კოტერი, რომელიც მილტონ ჰეიგის მეგობარია.

მოლაპარაკება უკვე შედგა - ფედერალ 1 დივიზიონში მოთამაშე ქართველი მორაგბეები თვეში ერთხელ "კლერმონის" ბაზაზე შეიკრიბებიან. მათ ამ კლუბის ფიზმომზადების მწვრთნელი და მილტონ ჰეიგი ავარჯიშებს. ბიჭები მიიღებენ დავალებას, რომელიც ერთი თვის განმავლობაში, მომდევნო შეკრებამდე უნდა შეასრულონ და ასე შემდეგ.

ეს ყოველივე, ცხადია, ფინანსებთანაა დაკავშირებული. გადასახდელია ფიზმომზადების მწვრთნელის ჰონორარი და მოთამაშეთა მგზავრობის ხარჯები. თუმცა ეს ისეთი უმნიშვნელოვანესი საქმეა, რომლისთვისაც ფული აუცილებლად უნდა დავხარჯოთ".

მილტონ ჰეიგი:
"ოქტომბრის ბოლოს თბილისში ჩამოვა ცნობილი ახალზელანდიელი მორაგბე ტანა უმაგა, რომელიც ნაკრების ნოემბრის ტესტებისთვის მომზადებაში დამეხმარება. მეტოქეები საკმაოდ სერიოზული გვყავს. იაპონიისა და ფიჯის ნაკრებებთან იოლი გასეირნება არ გვექნება.

თუმცა ჩვენთვის ამაზე უფრო მნიშვნელოვანია 2015 წლის მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დაძლევა და ინგლისში 12 საუკეთესო გუნდში მოხვედრა, რაც საშუალებას მოგვცემს, მომდევნო, 2019 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში საკვალიფიკაციო ტურნირის გარეშე ვიასპარეზოთ.

ყველა ქართველი მორაგბის შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ და შემიძლია იმ გუნდის მშენებლობა დავიწყო, რომელსაც ზემოთქმული მიზნების განხორციელება შეეძლება".

გიორგი ნიჟარაძე:
"რაც შეეხება ეროვნული ნაკრების ტესტებს, უკვე გადაწყვეტილია, რომ 2013 წლიდან რუმინეთში გასამართი IRB-ის ერთა თასის ფორმატი შეიცვლება და გაიყოფა. ჩატარდება ორი ტურნირი ბუქარესტსა და თბილისში.

პირველში ორი საბაზო გუნდი იქნება რუმინეთისა და რუსეთის ნაკრებები. ხოლო თბილისში საბაზო გუნდები იქნებიან ერთი - საქართველოს ნაკრები, ხოლო მეორეს შეარჩევენ ჩილეს, ურუგვაისა და ნამიბიის ეროვნული ნაკრებებიდან. ამ გუნდებს დაემატებათ სამხრეთ აფრიკის, არგენტინის, ირლანდიისა და იტალიის A ნაკრებები, რომლებიც მონაცვლეობით ითამაშებენ თბილისსა და ბუქარესტში.

ასე რომ, 2013 წლის ივნისში საინტერესო ტურნირს ვუმასპინძლებთ, რომლის დასრულებისთანავე საქართველოს ნაკრები არგენტინაში გაემგზავრება, სადაც ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ნოემბერში კი, როგორც გადაწყვეტილია, თბილისში ისევ კანადისა და აშშ-ის ნაკრებები გვეწვევიან.

ძალაში რჩება IRB-ის დაპირება, რომლის მიხედვითაც, ორ წელიწადში ერთხელ ელიტური ქვეყნების გუნდებს უნდა ვეთამაშოთ. 2014 წლის ნოემბერში ერთ შეხვედრას შინ გავმართავთ კუნძულელთა ერთ-ერთ ნაკრებთან (სამოა, ფიჯი, ტონგა) და სტუმრად ვითამაშებთ იტალიის ან შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან. ამასთან ერთად, გაიზრდება IRB-ისგან დაფინანსება.

სხვა თემაა ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების ასპარეზობა მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე. მიუხედავად იმისა, რომ შედეგი შარშანდელთან შედარებით გაუარესდა, მიმაჩნია, რომ გუნდის თამაშის ხარისხი ბევრად გაუმჯობესდა. ამჟამინდელი თაობა შარშანდელზე უკეთესია და, შესაბამისად, ამ გუნდის უფრო მეტ მორაგბეს აქვს შანსი, ეროვნულ ნაკრებში დაწინაურდეს.

ყველაზე მეტად კი ის მახარებს, რომ მოთამაშეებმა თავადვე სწორად გააანალიზეს საკუთარი შეცდომები. ეს იმედს მაძლევს, რომ წინსვლას და განვითარებას შეძლებენ".

ირაკლი ჭყSportall.Geონია:
"ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირზე ისე გავემგზავრეთ, ფაქტობრივად, სათამაშო პრაქტიკა არ გვქონია.

საბოლოო წარმატების მიღწევა კი დაბალი სათამაშო დისციპლინისა და სხვა მენტალური პრობლემების გამო ვერ მოხერხდა. მორაგბეები სრულიად უწყინარ ვითარებაში არღვევდნენ წესებს.

იაპონიის ნაკრებთან მატჩში კი, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა, პირველი ტაიმის 35 წუთის განმავლობაში სად დარბოდნენ და რას აკეთებდნენ, თვითონაც არ იცოდნენ. თამაშის მერე ვკითხეთ, რა დაგემართათ, ასე რატომ ირჯებოდითო. გვიპასუხეს - არაფერი გვახსოვსო.

ერთი სიტყვით, თავი იჩინა სათანადო სიძლიერის გუნდებთან სათამაშო პრაქტიკის დეფიციტმა. იმ გუნდებთან, რომლებსაც ვჯაბნიდით, ყველაფერი გამოგვდიოდა, ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ, როგორც კი ტოლ-სწორ მეტოქესთან მოგვიწია თამაში და წინააღმდეგობას წავაწყდით, ყველაფერი აირია.

როგორც ჩანს, ეს ყველა ასაკობრივი ნაკრების პრობლემაა და ამის გამოსასწორებლად სერიოზულად გვმართებს გარჯა".

გიორგი ნიჟარაძე:
"ერთი სიტყვით, რაგბის კავშირს საზრუნავი ძალიან ბევრი აქვს. აბსურდულია იმის თქმა, რომ ქართულმა რაგბიმ უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია და მორჩა, იმის იქით არაფერია. ეს ასე არ არის. სამუშაო და დასახვეწი ძალიან ბევრი გვაქვს. ახლა ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როცა ან წინ უნდა გადავდგათ სერიოზული ნაბიჯი, ან უკუსვლა დაიწყება. ამას კი, გარწმუნებთ, არაფრით დავუშვებთ.

საამისოდ, როგორც უკვე ვთქვი, ბევრი სამუშაო გვაქვს. კერძოდ - მალე დაიწყება ბავშვთა მწვრთნელების ლიცენზირება. არალიცენზირებულ მწვრთნელს აეკრძალება სარაგბო ფესტივალებზე გუნდების გაყვანა. რაგბის კავშირი ლიცენზიის გაცემის შემდეგ უზრუნველყოფს ლიცენზირებული მწვრთნელის მუშაობის მუდმივ გეგმიურ და არაგეგმიურ შემოწმებას.

მსაჯობის დონის ამაღლების გარეშე რაგბის განვითარება შეუძლებელია. უნდა შეიქმნას გამართული სისტემა. საამისოდ შევარჩიეთ 30 ახალგაზრდა, რომლებიც მომზადების სპეციალურ კურსს გაივლიან.

ვცდილობთ, რომ მსაჯობის დონის ამაღლებისთვის უცხოელი სპეციალისტებიც მოვიწვიოთ.

დაგეგმილი გვაქვს, რომ ახალგაზრდული ნაკრების უკანახაზელები და მესამე ხაზის მოთამაშეები შევკრიბოთ, რომლებიც კონტრაქტს გააფორმებენ რაგბის კავშირთან და არ ითამაშებენ კლუბებში. ისინი მხოლოდ საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებში იასპარეზებენ და სეზონის განმავლობაში ყველა ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. ეს ხელს შეუწყობს მორაგბეების სათამაშო კლასის ამაღლებას და შეიქმნება 2015 წლის მსოფლიოს თასისთვის ეროვნული ნაკრების სათანადოდ შევსების შესაძლებლობა".

ჩრდილოამერიკულმა ტურნემ ბევრი პრობლემა გამოაჩინა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კანადა-საქართველო 31:12 - "ბორჯღალოსნებს" გაკვეთილი ბარნაბიშიც ჩაუტარეს [+VIDEO]
აშშ-საქართველო 36:20 - ამერიკამ რევანში აიღო
"უმცროსი ბორჯღალოსნები" ტონგასთან დამარცხდნენ
მკითხველის კომენტარები / 5 /
მართალია,საჭიროა უფრო მეთი ყურადღება დაეთმოს ტელე ტრანსლაციებს და დაფინანსებას...ფეხბურთის რეპორტაჟები მინაშვილის კომენტატორობით ჯოჯოხეთია ,როცა თემურ ჯაფარიძე გადმოცემს რეპორტაჟს სიამოვნებით ვუყურებ../სადღა არიან თემურისნაირი კომენტატორები/!..ისე კი მჯერა ჩვენი ბიჭების,საჭიროა უფრო სერიოზულადს მოეკიდოს ყველა რაგბის...
mate
16:44 16-07-2012
0
სათაური არ ემთხვევა შინაარს, მილტონ ჰეიგთმა ყურადღებაა გაამახვილა მხოლოდ " პასიურობა ბოჭვის შემდეგ". და არა მთლიანად თამშზე, ჯობია რომ ბიჭვის შემდეგ ბიჭშები უფრო მალე ჩაეთონ ისევ თამაში, სათაუში კიდე ისეა თითქოს ბიჭები საერთიდ არ დარბიან.
ი.კ.
13:45 16-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული