მილტონ ჰეიგი საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერებს დააკვირდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ნოემბერში თბილისში ორ ტესტ-მატჩს გამართავს. "ბორჯღალოსნების" მეტოქეები იაპონიისა და ფიჯის ნაკრებები იქნებიან.

ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი და ნაკრების მენეჯერი ვასილ აბაშიძე ახლახან საფრანგეთიდან ჩამოვიდნენ, სადაც ათი დღე დაჰყვეს და ქართველი მორაგბეების თამაშებს აკვირდებოდნენ.

ფრანგული ვოიაჟის შესახებ ვასილ აბაშიძე მოგვითხრობს:

"საფრანგეთში ჩვენი ვიზიტის მიზანი საქართველოს ნაკრების მოთამაშეების საქმეში ხილვა, მათთან შეხვედრა და სამომავლო გეგმების გაცნობა იყო.

თავდაპირველად კლერმონში ჩავედით, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის ორი მორაგბე - დავით ზირაქაშვილი და ვიქტორ კოლელიშვილი ასპარეზობს.

დავესწარით მატჩს "კლერმონსა" და
"სტად ფრანსეს" შორის. პარიზული გუნდის სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა შერკინების ბურჯი ზურაბ ჟვანია, თუმცა მას თამაში არ მოუწია. სამწუხაროდ, იმ შეხვედრაში არ უთამაშიათ ზირაქაშვილსა და კოლელიშვილსაც.

კლერმონში სტუმრობა მაინც ნაყოფიერი გამოდგა. ორივე მოთამაშეს შევხვდით და ჩვენი გეგმები გავაცანით.

ვესაუბრეთ ასევე გუნდის მთავარ მწვრთნელს, მილტონ ჰეიგის თანამემამულე ვერნ კოტერს. საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკება გვქონდა კლუბის ხელმძღვანელებთანაც.

სამომავლოდ გამორიცხული არ არის, ჩვენი გუნდის საწვრთნელი შეკრებისთვის "კლერმონის" სარაგბო ინფრასტრუქტურა გამოვიყენოთ.

ამასთან ერთად, დავსახეთ სხვა გეგმებიც, რომელთა თაობაზეც, როცა საბოლოოდ გადაწყდება, მოგვიანებით გაცნობებთ. ერთი სიტყვით, "კლერმონთან", რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება.

ზირაქაშვილი ამ გუნდში დიდი ხანია, თამაშობს და ერთ-ერთი წამყვანი მორაგბეა. კოლელიშვილი კი ძირითად გუნდში წლეულს გადავიდა და მას რამდენიმე თამაშში მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება.

"ვიტოს" პროგრესი აშკარაა, მას სერიოზულად აქვს მომატებული.

კლერმონიდან მონპელიეში გავემგზავრეთ, სადაც "მონპელიესა" და "კასტრის" დაპირისპირება ვნახეთ.

ამ შეხვედრაში მხოლოდ მამუკა გორგოძემ და გიორგი ჟღენტმა ითამაშეს. მატჩის შემდეგ ხუთივე მონპელიელს შევხვდით და ვესაუბრეთ.

მილტონ ჰეიგმა პირადად გაიცნო ჟღენტი, რომელსაც იქამდე არასდროს შეხვედროდა. ასევე - "მონპელიეში" მოთამაშე ახალგაზრდა მორაგბეები, ბექა ლომიძე და გიგი ბაზაძე.

მონპელიედან ისევ კლერმონში დავბრუნდით. ამ ქალაქის მახლობლად "მონლუსონში" შუამარბი რეზო გიგაური ირიცხება და მისი თამაშის ნახვა გვინდოდა.

სამწუხაროდ, რეზომ ტრავმის გამო ასპარეზობა ვერ შეძლო. სამაგიეროდ, უკან დაბრუნებულებმა კოლელიშვილის თამაში ვიხილეთ "კლერმონის" სათადარიგო, ანუ ესპუართა გუნდის შემადგენლობაში.

ჩვენი ინტერესის მომდევნო ობიექტი "ბრივი" იყო. იქ შუა კვირაში ჩავედით და ამიტომ მატჩი ვერ ვნახეთ. იქ მოთამაშე ქართველ მორაგბეებს დავით ხინჩაგიშვილს, ირაკლი ნატრიაშვილსა და გოდერძი შველიძეს დიდხანს ვესაუბრეთ.

ბრივიდან შორს არ არის ტულუზი. ამ ქალაქის გუნდში, რომელიც ფრანგული რაგბის გრანდია, ორი ქართველი - ჯაბა ბრეგვაძე და ვასილ კაკოვინი ირიცხება. ორივე ტრავმირებულია. ჯაბა ჯერ მხოლოდ დარბის, ვასოსაც აღდგენითი პროცედურები აქვს. იმედია, მალე თამაშსაც შეძლებენ.

ტულუზიდან "ტარბში" გადავედით, ნაკრების წევრებს აქაც ვესაუბრეთ და მერე გეზი კასტრისკენ ავიღეთ, სადაც "კასტრისა" და "კლერმონის" შეხვედრას დავესწარით.

ამ მატჩში პირველხაზელებმა ანტონ ფეიქრიშვილმა და დავით ზირაქაშვილმა ითამაშეს. ჰეიგმა, ჟღენტის მსგავსად, ფეიქრიშვილის თამაშიც პირველად ნახა.

მომდევნო დღე შაბათი იყო და ალბიში გავემგზავრეთ. აქ ნაკრების წევრები ალექსანდრე თოდუა და ვახტანგ მაისურაძე თამაშობენ.

სამწუხაროდ, "ორიაკთან" შეხვედრაში ტრავმის გამო მაისურაძემ ვერ ითამაშა. სამაგიეროდ, მოედანზე იყო "ორიაკის" სამივე ქართველი ლევან დათუნაშვილი, კარლენ ასეიშვილი და გიორგი ნაცარაშვილი.

საგულისხმოა, რომ ტრავმირებულ ყველა ქართველ მორაგბეს ერთი და იგივე პრობლემა აწუხებს - ყველას საზარდული სტკივა.

ბოლოს ალბიდან მონ დე მარსანში გავემგზავრეთ, სადაც ახალგაზრდა შუამარბის, თამაზ მჭედლიძის თამაში ვნახეთ ესპუართა შემადგენლობაში.

მას ტრავმა აწუხებდა, ახლახან გამოჯანმრთელდა და ჯერ სათადარიგო გუნდში იასპარეზა. მომავალ უქმეებზე კი "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში ძირითად გუნდში იქნება.

მჭედლიძე ერთ-ერთია იმ ახალგაზრდა მორაგბეთაგან, რომლებითაც ჰეიგი სერიოზულადაა დაინტერესებული.

თამაზს დიდხანს ვესაუბრეთ. მილტონმა მას მიუთითა ხარვეზებზე, უთხრა, რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და რას ველით მისგან.

ერთი სიტყვით, საკმაოდ ნაყოფიერი მგზავრობა გამოგვივიდა. ჰეიგი ზოგიერთი მორაგბის სათამაშო ფორმით ძალიან კმაყოფილი იყო, ზოგის კი ნაკლებად. ყველას ესაუბრა და ნაკრების უახლოესი გეგმები გააცნო.

ვფიქრობ, ეს ყოველივე საბოლოოდ დადებით შედეგს მოგვცემს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაინტერესებს ტულონში აღ ყოფილა?
nino
16:27 13-10-2012
0
ტულონის ქრთველ მოთამაშეებზე რატომ არ ამბობს არაფერს?
nini
16:24 13-10-2012
0

სიახლეები პოპულარული