მილტონ ჰეიგს "ბორჯღალოსნების" მზადებაში მსოფლიოს ლეგენდა დაეხმარება

AutoSharing Option
8 ნოემბერს, ნაშუადღევს საქართველოში მსოფლიოს რაგბის ლეგენდა, ახალზელანდიელი ტანა უმაგა ჩამოვა.

ის რაგბის კავშირისა და საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის მოწვევით ჩვენს ეროვნულ გუნდს ნოემბრის ტესტებისთვის მზადებაში დაეხმარება.

ტანა უმაგა საქართველოს ნაკრების მწვრთნელის დიდი ხნის მეგობარია და ახალზელანდიურ კლუბში, "ქაუნთის მანუკაუში" მისი ასისტენტი იყო. თავისი ბრწყინვალე კარიერა სამოური წარმოშობის ახალზელანდიელმა საფრანგეთში, ელიტური, პირველი დივიზიონის "ტულონში" დაასრულა, სადაც "ბორჯღალოსანთა" მესამეხაზელის, გია ლაბაძის მხარდამხარ ასპარეზობდა. "ლაბო" მაშინ ტულონელთა კაპიტანი იყო.

მოგვიანებით უმაგამ მწვრთნელობას მიჰყო ხელი და "ტულონის" უკანა ხაზის დამრიგებლად დაინიშნა. იმხანად
უკვე გუნდში კიდევ ერთი ქართველი, შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი თამაშობდა.

ასე რომ, ჩვენებურებს უმაგა შესანიშნავად იცნობს და მათთან ძალიან კარგი, თბილი ურთიერთობაც ჰქონდა. ეს ფაქტორი, სავარაუდოდ, გადამწყვეტი გამოდგა, როცა საქართველოს ნაკრებთან მოკლევადიან თანამშრომლობას დათანხმდა.

ამას წინათ, "ლელოსთან" სტუმრობისას საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე დაგვპირდა, ნოემბერში სიურპრიზს შემოგთავაზებთო. მაშინ საუბარი ორი მაღალი დონის სპეციალისტის სტუმრობას შეეხო.

ერთი ტანა უმაგა აღმოჩნდა. იქვე ნიჟარაძემ ისიც გვითხრა, მათთან მოლაპარაკებას გავმართავთ, რათა 2015 წლის მსოფლიოს თასზე საასპარეზოდ მზადებაში დაგვეხმარონო.

უმაგა, მისი ავტორიტეტით, შესანიშნავი კანდიდატია; მით უფრო, რომ მისმა გაწვრთნილმა გუნდმა "ქაუნთის მანუკაუმ" თავის დივიზიონში პირველი ადგილი დაიკავა და მომავალი წლიდან ITM-ის თასის გათამაშებაში, ანუ ახალი ზელანდიის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონში, საუკეთესო შვიდეულში იასპარეზებს. ტანამ ამ გუნდთან კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი.

ცოტა რამ მისი სარაგბო ბიოგრაფიიდან: ტანა უმაგა ახალი ზელანდიის ნაკრების წამყვანი მორაგბე და კაპიტანი იყო. მისი წინამძღოლობით "ოლ ბლექსმა" 21 მატჩი გამართა და აქედან 19 მოიგო. სულ უმაგამ ეროვნულ გუნდში 74 კეპი მოიხვეჭა, ზე რაგბის გათამაშებაში კი 111 მატჩი აქვს გამართული.

2000 წელს ის ახალი ზელანდიის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს, 2005 წელს კი IRB-ის სეზონის საუკეთესო მორაგბის ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

ერთი საკმაოდ საინტერესო დეტალი: ტანა ბავშვობიდან რაგბი ლიგით იყო გატაცებული. რაგბიში გადაბარგება მას 1994 წელს მისმა ძმამ მაიკმა ურჩია, რომელიც იმხანად სამოას ნაკრებში თამაშობდა. ხუთი წლის შემდეგ ახალი ზელანდიის ნაკრები ტესტ-მატჩში სამოას ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.

ძმებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს და ტანამ სამოელებს ორი ლელო გაუტანა. "ოლ ბლექსმა" მეტოქე 71:13 დაამარცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული