"ბორჯღალოსანთა" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა "ოლ ბლექსის" სახელოვანი ყოფილი კაპიტანი უკანა ხაზის გასაწვრთნელად მოიწვია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 17 და 24 ნოემბერს ორ ტესტ-მატჩს გამართავს, შესაბამისად, იაპონიისა და ფიჯის ნაკრებებთან. ჩვენი გუნდის მეტოქეები საკმაოდ ძლიერები არიან და ასეთი მაღალი დონის მორაგბისა და იმავდროულად, მოქმედი მწვრთნელის დახმარება ჩვენს ბიჭებს ნამდვილად წაადგებათ.
თბილისის აეროპორტში ტანა უმაგას მოლოდინში ნაკრების მთავარ მწვრთნელს გავესაუბრეთ, რომელიც 8 ნოემბერს გამთენიისას
მილტონ ჰეიგი:
"ტულუზიდან დილით ადრე ჩამოვედით და ცოტა დაღლილები ვართ. საწვრთნელი შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ.
ნაყოფიერი ვარჯიში გამოგვივიდა. ბიჭები შესანიშნავ ფორმაში არიან. მოთამაშეთა ნაწილი ამჟამად თბილისში იმყოფება, დანარჩენები ორშაბათს დაგვემატებიან.
კარგი იქნება, თუ ეს პრაქტიკა, მოკლევადიანი შეკრებები საფრანგეთში რეგულარულად გაიმართება.
სამწუხაროდ, შერკინების მწვრთნელმა კრის გიბსმა ოჯახური პრობლემების გამო დაგვტოვა. ამჟამად ორ ასისტენტი მყავს, ილია მაისურაძე და ილია ზედგინიძე.
გიბსის შემცვლელის მოყვანას არ ვჩქარობთ, რადგან გვინდა, კანდიდატები ყურადღებით შევარჩიოთ და საუკეთესო სპეციალისტზე შევჩერდეთ.
მალე ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის და ისეთი მორაგბისა და მწვრთნელის გამოცდილება, როგორიც ტანა უმაგაა, ძალიან გამოგვადგება.
ის საქართველოში პირველად არის და გვინდა ვაჩვენოთ ქართული სტუმართმოყვარეობა, სამზარეულო, გავასინჯოთ გემრიელი კერძები. დარწმუნებული ვარ, ეს ყოველივე ძალიან მოეწონება.
ასევე, იმედი მაქვს, რომ მოვახერხებთ დავითანხმოთ, რომ ტანა უმაგა 2015 წლის მსოფლიოს თასზე ჩვენს სამწვრთნელო შტაბში იყოს", - გვითხრა მილტონ ჰეიგმა.
ამასობაში აეროპორტის გამოსასვლელში ტანა უმაგაც გამოჩნდა. მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო სპორტსმენმა ძალიან უბრალო, თავმდაბალი და იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა.
ტანა უმაგა:
"საქართველოში რაგბის კავშირის მოწვევით ჩამოვედი. კარგად ვიცნობ თქვენი ნაკრების მწვრთნელს მილტონ ჰეიგს, რომელთან ერთადაც მიმუშავია.
ვიცნობ ასევე რამდენიმე ქართველ მორაგბეს. გია ლაბაძესთან და დავით ქუბრიაშვილთან ერთად ვთამაშობდი კიდეც. ძალიან კარგი მორკინალები არიან.
საქართველოს ნაკრების ოსტატობა კი ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებისას მაქვს ნანახი.
ამ ეტაპზე ჩემი მიზანია, საქართველოს ნაკრებს ნოემბრის ტესტებში დავეხმარო. იმედი მაქვს, ერთობლივი მუშაობა ნაყოფიერი იქნება და წარმატებას მივაღწევთ.
მართალია, დრო ცოტა გვაქვს, მაგრამ ყველანაირად ვეცდები, ჩემი ცოდნა და გამოცდილება ქართველ მორაგბეებს გავუზიარო".
* * *
შეგახსენებთ, რომ ტანა უმაგა ახალი ზელანდიის ნაკრების წამყვანი მორაგბე და კაპიტანი იყო.
მისი წინამძღოლობით "ოლ ბლექსმა" 21 მატჩი გამართა და აქედან 19 მოიგო. სულ უმაგამ ეროვნულ გუნდში 74 კეპი მოიხვეჭა, ზე რაგბის გათამაშებაში კი 111 მატჩი აქვს გამართული. 2000 წელს ის ახალი ზელანდიის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს, 2005 წელს კი IRB-ის სეზონის საუკეთესო მორაგბის ნომინაციაზე იყო წარდგენილი.
წლეულს მისმა გაწვრთნილმა გუნდმა "ქაუნთის მანუკაუმ" თავის დივიზიონში პირველი ადგილი დაიკავა და მომავალი წლიდან ITM-ის თასის გათამაშებაში, ანუ ახალი ზელანდიის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონში, საუკეთესო შვიდეულში იასპარეზებს. ტანა უმაგამ ამ გუნდთან კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი.
* * *
ამასობაში საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა ნაწილი "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" განაგრძობს მზადებას. მილტონ ჰეიგმა ტესტებისთვის გაფართოებული, 32-კაციანი სია გააცხადა.
სამწუხაროდ, ტრავმების გამო დაგვაკლდებიან მესამეხაზელები გიორგი ჩხაიძე (ტარბი) და დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი).
საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ხინჩაგიშვილი, ირაკლი ნატრიაშვილი (ორივე-ბრივი), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), შალვა მამუკაშვილი (არმია).
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ნემსაძე (ტარბი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი).
მესამე ხაზი: ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), შალვა სუთიაშვილი (მასი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), ბექა ბიწაძე, გიორგი თხილაიშვილი (ორივე-არმია).
#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), გიორგი ბეგაძე (ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე), ლაშა ხლამაძე (ლელო).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ჰართფურის კოლეჯი), დავით კაჭარავა (როდეზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), რეზო გიგაური (მონლუსონი)
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), ალექსანდრე თოდუა (ალბი), გიორგი ფრუიძე (აია), თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი).
#15: ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), საბა ნიკოლავა (არმია).
17 ნოემბერი
საქართველო-იაპონია
24 ნოემბერი
საქართველო-ფიჯი
ტანა უმაგა "ბორჯღალოსნებს" დაეხმარება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"