"ბორჯღალოსნების" მიზანი იაპონიასა და ფიჯისთან მხოლოდ გამარჯვება იქნება

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიისა და ფიჯის ნაკრებებთან, შესაბამისად, 17 და 24 ნოემბერს დაგეგმილი ტესტ-მატჩებისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე გადადის. ორივე მატჩი 15:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება.

საფრანგეთში გამართული რამდენიმედღიანი შეკრების შემდეგ გუნდი საწვრთნელ შეკრებას თბილისში განაგრძობს.

13 ნოემბერს შევარდენის ბაზაზე ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართა, რომელსაც გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვარჯიშამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ახალზელანდიელმა მილტონ ჰეიგმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საუბარი შეეხო საქართველოს ნაკრების მზადების პროცესს, მოწინააღმდეგეებსა და ზოგადად, ამ ორი მატჩის
მნიშვნელობას ქართული რაგბისა და საქართველოს ნაკრების გაძლიერების მხრივ.

როგორც რაგბის კავშირის პრეზიდენტმა აღნიშნა, სასიხარულო ფაქტია, რომ ოთხწლიანი მოლაპარაკების შემდეგ რაგბის საერთაშორისო საბჭომ საქართველოს ნაკრებს რეალურად მასზე ძლიერი და მაღალი რანგის გუნდებთან ძალების მოსინჯვის შესაძლებლობა მისცა.

ნიჟარაძის თქმით, იაპონიასა და ფიჯისთან ტესტები საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატისთვის მზადების მნიშვნელოვან ეტაპად განიხილება და გარდა ამისა, მათ შედეგს დიდი მნიშვნელობა ექნება მსოფლიო რეიტინგში ჩვენი გუნდის წინ წაწევის მხრივაც.

როგორც მწვრთნელები, ასევე რაგბის კავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს ნაკრებს ორივე მატჩში რთული ბრძოლა ელის, თუმცა ისინი გულშემატკივარს პირდებიან, რომ როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გუნდი მაქსიმალური შედეგისთვის და მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

მილტონ ჰეიგის განცხადებით, ამისთვის ყველა პირობა არსებობს, მოთამაშეები არიან კარგ ფორმაში და საკმაოდ შედეგიან მომზადების ეტაპებსაც გადიან.

გარდა ამისა, მომავალ მატჩებში საქართველოს ნაკრებისთვის დამატებითი მოტივაცია და წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობა მსოფლიო რაგბის ლეგენდის, ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილი კაპიტნისა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის - ტანა უმაგას მხარში დგომა იქნება.

ის ამჟამად სამწვრთნელო კარიერას ეწევა და თბილისში ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოწვევით იმყოფება. ტანა უმაგა მომდევნო ორი მატჩისთვის საქართველოს ნაკრების უკანა ხაზის მოთამაშეების მომზადებაში იღებს მონაწილეობას.

ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო "დინამოსა" და "ლოკომოტივის" სტადიონის სალაროებში. მათი ფასი 5 და10 ლარია.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ:

ნოემბრის ტესტები: იაპონიამ საქართველოს რეიტინგში გაასწრო
მილტონ ჰეიგი: დარწმუნებული ვარ, ტანა უმაგა საქართველოთი აღფრთოვანდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული