გია ნიჟარაძე: ყველაფერს ვიზამთ, რომ ტანა უმაგამ ჩვენს შტაბში იმუშაოს

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ახალზელანდიელი ტანა უმაგა შესაძლოა, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ განუცხადა.

ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ტანა უმაგა, რომელიც ამჟამად სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა, თბილისში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის მოწვევით იმყოფება.

ის ქართველ უკანახაზელებს 17 და 24 ნოემბერს, იაპონიისა და ფიჯის ნაკრებებთან დაგეგმილი ტესტ-მატჩებისთვის მომზადებაში ეხმარება.

ტანა უმაგა 13 ნოემბერს შევარდენის ბაზაზე მთავარი მწვრთნელის მიერ გამართულ პრესკონფერენციასაც დაესწრო და აღნიშნა, რომ საქართველოში
თავს ძალიან კარგად გრძნობს. ამასთან, მისი თქმით, მზად არის, საჭიროების შემთხვევაში ყველანაირად გვერდში დაუდგეს მის თანამემამულე მილტონ ჰეიგს და საქართველოს ნაკრების წინსვლისთვის ძალა და გამოცდილება არ დაზოგოს.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გია ნიჟარაძის განცხადებით, მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში ტანა უმაგას საქართველოს ნაკრებთან მუშაობის დაწყების შესაძლებლობას მოქმედი კონტრაქტები არ მისცემს, თუმცა სამომავლოდ ეს საკითხი აქტიურად განიხილება.

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტანა უმაგა საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი იყოს", – აღნიშნა გია ნიჟარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ:

"ბორჯღალოსნების" მიზანი იაპონიასა და ფიჯისთან მხოლოდ გამარჯვება იქნება
ნოემბრის ტესტები: იაპონიამ საქართველოს რეიტინგში გაასწრო
მილტონ ჰეიგი: დარწმუნებული ვარ, ტანა უმაგა საქართველოთი აღფრთოვანდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული