მილტონ ჰეიგი: საქართველოს ნაკრების მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ორი დღეა, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ნოემბრის ტესტებისთვის ემზადება.

"ბორჯღალოსნები" 17 და 24 ნოემბერს, შესაბამისად, იაპონიისა და ფიჯის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდება.

13 ნოემბერს ჩვენმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა, რომელსაც წინ ორი პრესკონფერენცია უძღოდა. მასმედიის წინაშე ჯერ მილტონ ჰეიგი, ტანა უმაგა და რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე წარსდგნენ, მერე კი ისინი საქართველოს 17-წლამდელთა თავკაცებმა დავით ჩავლეიშვილმა და მამუკა ტყეშელაშვილმა შეცვალეს.

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ერთი კვირის წინათ საფრანგეთში მოკლევადიანი საწვრთნელი შეკრება გავმართეთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ ვარჯიშებმა
კარგი სამსახური გაგვიწია. ბევრი რამ დავამუშავეთ. ასე რომ არ ყოფილიყო, იმას, რასაც ამჟამად ვარჯიშებზე ვახერხებთ, ვერ შევძლებდით.

სამწუხაროდ, ხუთი წამყვანი მოთამაშე გვაკლია ტრავმების გამო. მიუხედავად იმისა, რომ კარგი გუნდი გვყავს, ეს მაინც სერიოზული დანაკლისია.

წინ ორი საკმაოდ მძიმე მატჩი გველის. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ მოვიგოთ. ჩვენი მიზანი მუდამ გამარჯვებაა. გვინდა დავანახოთ რაგბის საერთაშორისო საბჭოს, რომ შეგვიძლია იაპონიისა და ფიჯის დონის ნაკრებების დამარცხება.

ორივე გუნდს თამაშის განსხვავებული სტილი აქვს. იაპონიის ნაკრები კარგად შევისწავლეთ. ამ გუნდს შეუძლია, მატჩის მსვლელობისას თამაშის ტაქტიკა რამდენჯერმე შეცვალოს.

ვუყურეთ იაპონიისა და რუმინეთის ნაკრებების დაპირისპირებას. მიმაჩნია, რომ მატჩის მიწურულს რუმინელები დაიღალნენ, რაც მათი სუსტი ფიზიკური მომზადების, ბრალი უნდა იყოს.

ჩვენ ნანახი გვქონდა იაპონელთა მატჩები ივნისში ხუთი ერის გათამაშებაში. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად ისინი უფრო დახვეწილად ასპარეზობენ. თამაშს კიდიდან კიდემდე შლიდნენ და, არა მგონია, ჩვენთან დაპირისპირებისას ამ სტილს უღალატონ.

ამასთან ერთად, ისიც გასათვალის
წინებელია, ვინ არის ჩვენი მოწინააღმდეგის მწვრთნელი და რა შეუძლია მას.

მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრების თამაშის დიაპაზონი გაიზარდა. ახლა ფონს მარტო შერკინების დარტყმებით აღარ გავდივართ.

ჩვენი თამაში უფრო
მრავალფეროვანი გახდა. დარწმუნებული ვარ, რომ თუ გუნდი ბოლომდე დაიხარჯება და მოედანზე საბრძოლო განწყობით გავა, ისეთების ძლევაც შეგვიძლია, იტალიისა და შოტლანდიის ნაკრებები რომ არიან.

ასევე, მთელი ძალების კონცენტრაცია დაგვჭირდება იაპონიის ეროვნული გუნდის დასამარცხებლადაც."


Sportall.Geტანა უმაგა: "ორი დღეა, რაც საქართველოს ნაკრების მორაგბეები გავიცანი. ძალიან კარგი ბიჭები არიან.

ცხადია, ეს დრო ძალიან ცოტაა, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ, მათ ჩემი ცოდნა გავუზიარო. მთავარი ისაა, რომ ყურადღებით მისმენენ და ყველაფერს უმალ ითვისებენ, რაც მათ სამომავლოდ დიდად წაადგებათ.

იცით, რომ თბილისში მილტონ ჰეიგის მოწვევით ჩამოვედი. აქ თავს კარგად ვგრძნობ, ხალხი კარგად მექცევა, რაც ძალიან მსიამოვნებს. ვიმუშავებ თუ არა მსოფლიოს თასის მზადების პერიოდში საქართველოს ნაკრებთან, ახლა ამაზე პასუხის გაცემა ძალიან მიჭირს.

მილტონს, როცა დავჭირდები, მზად ვარ, ნებისმიერ დროს დავეხმარო. ჯერ ტესტები არ გვითამაშია, არ ვიცით, ჩემმა გარჯამ ნაყოფი გამოიღო თუ არა. დაველოდოთ იპონიისა და ფიჯის ნაკრებებთან მატჩებს, ვნახოთ, რა შედეგს მივაღწე
ვთ. ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული".

Sportall.Geგიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:
"ხშირად მესმის ქართველი ქომაგებისგან, რომ იაპონიის ნაკრებთან უნდა გავიდეთ და გადავუაროთ. რატომ ფიქრობენ ასე, არ მესმის. ობიექტურად, ორივე ნაკრები, იაპონიაც და ფიჯიც, ჩვენზე ძლიერია.

თავად განსაჯეთ, იაპონიის ჩემპიონატი სიძლიერის მხრივ მსოფლიოში მეოთხეა. იქ დიდი ფული ჩაიდო და კლუბები კუნძულელებითა და სამხრეთ ნახევარსფეროს ბობოლა სარაგბო ქვეყნების მორაგბეებით გაივსო.

ამასთან ერთად, ნაკრების მთავარი მწვრთნელია უმაღლესი რანგის სპეციალისტი ენდი ჯოუნზი.

ჩვენ ამ თამაშებს განვიხილავთ, როგორც მსოფლიოს თასისთვის მზადების ეტაპს. აქამდე საკუთარ წვენში ვიხარშებოდით და მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმზე მოხვედრილები ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვექცეოდით.

ძნელია, როცა პლანეტის უძლიერეს გუნდებს ოთხ წელიწადში ერთხელ ეთამაშები და ისიც პირდაპირ მსოფლიოს თასზე.

როგორც უკვე აღვნიშნე, იაპონია ძალიან ძლიერი გუნდია. ამიტომ გულშემატკივრების მხარდაჭერა, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წამყვანი მორაგბე გვაკლია, მაინც დიდ ბრძოლას გავუჩაღებთ."


ამის შემდეგ ეროვნული ნაკრების თემა საქართველოს 17-წლამდელთა პორტუგალიაში მიღწეული წარმატებით შეიცვალა.

იქ გამართულ ტურნირში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველი ადგილი დაიკავეს და მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რომელშიც ელიტური ქვეყნების ნაკრებები ითამაშებენ.

დავით ჩავლეიშვილი, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"პორტუგალიაში სამი თამაში გავმართეთ და სამივე მოვიგეთ. პირველი მეტოქე გერმანიის ნაკრები იყო, რომელზეც არავითარი ინფორმაცია არ გაგვაჩნდა.

ამის გამო ჩვენს ბიჭებს თავიდან დაძაბულობა დაეტყოთ, თუმცა მალევე ანგარიში გავხსენით და მატჩის სადავეები ბოლომდე
არ გაგვიშვია ხელიდან.

მერე ბელგიას დავუპირისპირდით, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება, ვითარდება. ამ გუნდში ბევრი ფრანგი მორაგბე თამაშობს და მწვრთნელიც იქაური ჰყავთ. თავიდან ბელგიელებმაც დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, თუმცა მერე კლასითაც და ჯანითაც ვაჯობეთ.

ფინალში მეტოქე მასპინძელი პორტუგალია იყო. ორგანიზატორებმა ყველაფერი იღონეს, რათა პირველობა ჩვენთვის არ დაეთმოთ. თუმცა ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით. ბიჭებმა დავალება ზედმიწევნით კარგად შეასრულეს. შედეგად მოწინააღმდეგესაც ვაჯობეთ და მსაჯსაც.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი თაობაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდის ძლიერი მხარე შერკინებაა, მაინც მოვახერხეთ უკანა ხაზთან შეთანხმებული, სინქრონული თამაშის დალაგება. მეტიც, ლელოების თითქმის 80 პროცენტი სწორედ უკანახაზელებზე მოდის.

მთავარი პრობლემა მაინც სათამაშო პრაქტიკაა. ჩვენ ძალიან წაგვადგა საქართველოში სამხრეთაფრიკული გუნდის სტუმრობა, რომელთანაც სამი მატჩი გავმართეთ. ის შეხვედრები ნაყოფიერად გამოვიყენეთ და ნაკრების თამაში დავალაგეთ.

უკვე მივიღეთ შეთავაზება საფრანგეთის ნაკრებისგან საკონტროლო მატჩის გამართვის თაობაზე. მიმდინარეობს მოლაპარაკება ინგლისელებთანაც. FIRA AER-მა შემოგვთავაზა, მათი ხარჯებით ჩავიდეთ პორტუგალიაში და იქაურებთან ვითამაშოთ.

ერთი სიტყვით, სპარინგ-მატჩები აუცილებელია. ამ შემთხვევაში ბევრად უკეთეს შედეგებს ვაჩვენებთ".


* * *

მალე ეროვნული ნაკრების ვარჯიშიც დაიწყო. გამოძახებულთაგან წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღია საქართველოს ნაკრების ლიდერს მამუკა გორგოძეს, რომელსაც სიცხე ჰქონდა.

Sportall.Geმილტონ ჰეიგმა გუნდი ორად გაჰყო. ერთ ნაწილს, რომელიც სავარაუდოდ ძირითადი შემადგენლობაა, ლურჯი მოსაცმელები გადააცვა, მეორეს კი შავები.

ლურჯები, ანუ სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა ასე გამოიყურება: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ალექსანდრე თოდუა, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.

Sportall.Geმერე უკანახაზელები ტანა უმაგამ დაახლოებით ერთი საათი სხვადასხვა კომბინაციის დამუშავებაში ავარჯიშა. მორკინალები კი, მილტონ ჰეიგის, ილია ზედგინიძისა და ილია მაისურაძის ხელმძღვანელობით, დერეფანში თამაშს ხვეწდნენ.

ვარჯიშის დასკვნით ნაწილში ერთმანეთის პირისპირ ლურჯები და შავები დადგნენ. ჯერ სათადარიგოები, ანუ შავები უტევდნენ. ლურჯები დაცვაში სწრაფად გადაწყობას ცდილობდნენ. მერე გუნდებმა როლები გაცვალეს. წვრთნის ეს ეტაპიც საკმაოდ ხანგრძლივი და ნაყოფიერი გამოდგა.

ბოლოს, ვარჯიშზე უხვად მოსულ ქომაგს ტანა უმაგასთან გასაუბრებისა და ფოტოების გადაღების საშუალებაც მიეცათ.

Sportall.Geსაქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ხინჩაგიშვილი, ირაკლი ნატრიაშვილი (ორივე-ბრივი), ლევან ჩილაჩავა (ტულუზი), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), შალვა მამუკაშვილი (არმია).
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ნემსაძე (ტარბი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი)
მესამე ხაზი: ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), შალვა სუთიაშვილი (მასი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), ბექა ბიწაძე, გიორგი თხილაიშვილი (ორივე-არმია).
#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), გიორგი ბეგაძე (ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე), ლაშა ხლამაძე (ლელო).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ჰართფურის კოლეჯი), დავით კაჭარავა (როდეზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), რეზო გიგაური (მონლუსონი)
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), ალექსანდრე თოდუა (ალბი), გიორგი ფრუიძე (აია), თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი).
#15: ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), საბა ნიკოლავა (არმია).

17 ნოემბერი

საქართველო-იაპონია

24 ნოემბერი
საქართველო-ფიჯი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
14 და 17 ნოემბერს აუცილებელია სავსე ტრიბუნები. ჩვენს ბიჭებს მხარდაჭერა სჭირდებათ. მარტო რუსეთის ნაკრებთან თამაშისას ივსება ტრიბუნები. ასე არ გამოვა. შედეგს ვითხოვთ და თამაშებზე არ დავდივართ. ამ თამაშებზე გამოჩნდება ჩვენი რეალური ძალა. (უმაგაც ჩვენთანაა...)
gia barka
18:00 14-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული