მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნების" საბრძოლო რაზმი დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 17 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნოემბრის ტესტების პირველ მატჩს იაპონიის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

"ბორჯღალოსნები" თბილისში, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ორშაბათს შეიკრიბნენ და მომავალი ბატალიებისთვის მზადებას შეუდგნენ.

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ახალზელანდიელმა მილტონ ჰეიგმა, რომელსაც ასისტენტობას თანამემამულე ტანა უმაგა უწევს, იაპონიასთან საბრძოლო რაზმი დაასახელა.

შემადგენლობაში სიახლე არაფერია. შერკინებაში კვაჭის (#2) პოზიციაზე არმიელი შალვა მამუკაშვილი ითამაშებს. მისი შემცვლელი კი გამოცდილი ირაკლი ნატრიაშვილი (ბრივი) იქნება, რომელსაც ეროვნულ გუნდში 2011 წლის გაზაფხულის მერე არ უთამაშია.

შერკინების ბურჯები კარგად ნაცადი
დავით ზირა
ქაშვილი (კლერმონი) და დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი) იქნებიან, მეორე ხაზს კი ლევან დათუნაშვილისა (ორიაკი) და გიორგი ნემსაძის (ტარბი) დუეტი გაამაგრებს.

საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება მესამე ხაზიც. გუნდის ლიდერი მამუკა გორგოძე (მონპელიე) შერკინების შემკვრელის პოზიციაზე (#8) ითამაშებს. ფრთებზე კი შალვა სუთიაშვილი (მასი) და ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) დადგებიან.

უკანა ხაზმა კი ამ შემადგენლობით ბოლოს წლევანდელი ერთა თასის გათამაშებაში რუსეთის ნაკრებთან იასპარეზა და საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. შეგახსენებთ, რომ ის შეხვედრა "ბორჯღალოსნებმა" 46:0 მოიგეს.

სოლიდურად გამოიყურება სათადარიგოთა სკამი. თითოეულ მათგანს საფუძვლიანი ამბიცია აქვს, ძირითადი შემადგენლობის მორაგბე ერქვას. ერთადერთი ნაკლებად გამოცდილი შერკინების მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილია (არმია).

ნაკრებში წლეულს დამკვიდრდა ცხრა ნომერი გიორგი ბეგაძე (ბათუმი) და პირველხაზელი მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე). სხვა დანარჩენს მსოფლიოს თასზე ასპარეზობის გამოცდილება აქვს.

საბრძოლო რაზმი დაასახელა იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ენდი ჯოუნზმა. ავსტრალიელმა სპეციალისტმა გუნდში რუმინეთთან მატჩის შემდეგ ერთი ცვლილება განახორციელა:

მესამეხაზელი ტაკეომი იტოს ნაცვლად, ვეტერანი ხიტოში ონო ითამაშებს. ამ 34 წლის მორაგბისთვის საქართველოს ნაკრებთან მატჩი ეროვნულში მოხვეჭილი 62-ე კეპი იქნება.

შეგახსენებთ, რომ რუმინელებთან იაპონიის ნაკრებმა გასულ უქმეებზე ითამაშა და 34:23 მოიგო. ამ გამარჯვების შემდეგ იაპონელებმა მსოფლიოს კლასიფიკაციაში გაგვისწრეს. "ბორჯღალოსნებმა" ამომავალი მზის ქვეყნის შვილებს ადგილი გაუცვალეს და ახლა რეიტინგში მე-16 ადგილზე არიან.

საქართველოსა და იაპონიის ნაკრებებს აქამდე ერთხელ უთამაშიათ. 2006 წლის მაისში "ბორჯღალოსნები" მეტოქეს სტუმრად დაუპირისპირდნენ და 7:32 წააგეს.

თამაში 17 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 15 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

საქართველო-იაპონია
საქართველო: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
16. ირაკლი ნატრიაშვილი, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. ვახტანგ მაისურაძე, 20. გიორგი ბეგაძე, 21. გიორგი თხილაიშვილი, 22. ლაშა ხმალაძე, 23. თედო ზიბზიბაძე.
იაპონია: 15. აიუმუ გორომარუ, 14. ტოშიაკი ჰიორში, 13. ტომოჰირო სენბა, 12. ჰარუმიჩი ტატეკავა, 11. ჰიროტოკი ონოძავა, 10. კოსი ონო, 9. ფუმიაკი ტანაკა. 1. იუსუკე ნაგაე, 2. შოთა ჰორი, 3. კენსუკე ჰატაკეიამა, 4. ჰოტოში ონო, 5. ლუკ თომპსონი, 6. ჰენდრიკ ტუი, 7. მაიკლ ლიტჩი, 8. ტაკაში კიკუტანი.
16. ჰარუკი ოტა, 17. ტაკუმა ასაჰარა, 18. ჰიორში იამასიტა, 19. მაიკლ ბროდჰურსტი, 20. ტიუ ჰოლანი, 21. აცუში ჰივასა, 22. იუ ტამურა, 23. გო არუგა.
მსაჯი: გლენ ჯექსონი (ახალი ზელანდია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული