რიჩი დიქსონი: თამაშის ხარისხის გაუმჯობესება უფრო მნიშვნელოვანია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტების პირველი შეხვედრა გასულ უქმეებზე იაპონიის ეროვნულ გუნდთან გამართა და ბოლო წამებზე გაშვებული არეკნით 25:22 წააგო.

"ბორჯღალოსნები" მორიგ შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 24 ნოემბერს არანაკლებ ძლიერ ფიჯის ნაკრებთან გამართავენ. თუმცა იქამდე განვლილი მატჩის პერიპეტიების ანალიზი სარაგბო ექსპერტებს ვთხოვეთ.

რიჩი დიქსონი, საქართველოს რაგბის კავშირის კონსულტანტი:

"უწინარესად მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ნაკრები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად შეიკრიბა, რასაც ვერ ვიტყვით იაპონელებზე.

ისინი დიდი ხანია, ერთად არიან და მატჩამდე ერთი კვირით ადრე ბუქარ
ესტში რუმინელებთან თამაში და მათი დამარცხებაც მოასწრეს. ეს ცხადია, მათ გარკვეულ უპირატესობას აძლევდა.

იაპონიის ნაკრები ხშირად ეთამაშება სამხრეთ ნახევარსფეროს წარმომადგენლებს. მათი სათამაშო სტილი ასეთია, ბურთს რომ ხელში მოიგდე
ბენ, დიდხანს ინარჩუნებენ და შეტევის ორგანიზებას ასე ცდილობენ.

საქართველოს ნაკრებმა ამას დიდი მოთმინებითა და დაცვაში დისციპლინით უპასუხა. მეტოქის სათამაშო სტილიდან გამომდინარე, სტატიკური მდგომარეო
ბა ძალიან ცოტა შეიქმნა, ეს კი ჩვენი მორაგბეებისთვის უჩვეულო იყო.

ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან კარგი გაკვეთილი იყო იაპონელებთან ასპარეზობა. რადგან ასეთი მეტოქე საკუთარი თამაშის განვითარებაში გვეხმარება, ვინაი
დან ჩვენი უპირატესობა შერკინებაა და სტატიკური მდგომარეობები კი ცოტა გვქონდა, საინტერესო იყო გვენახა, როგორ ავითარებდნენ ქართველი მორაგბეები შეტევას.

ცხადია, რომ სამომავლოდ, რაც შეიძლება ბევრი ისეთი გუნდი უნდა მოვიწვიოთ სათამაშოდ, როგორიც იაპონიის ნაკრებია. ეს მხოლოდ სარგებლობას მოგვიტანს.

თავიდანვე ჩანდა, რომ ძალიან მძიმე თამაში იქნებოდა, მით უფრო, რომ საქართველოს ნაკრებს მოსამზადებლად ცოტა დრო ჰქონდა. თუმცა მეტოქეები დაახლოებით თანაბარი ძალისანი
არიან და მატჩის ბედი შეხვედრის ბოლო ფაზაში გადაწყდა.

შარშან, ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასის გათამაშების მსვლელობისას ვცდილობდი, დამერწმუნებინა IRB-ის ხელმძღვანელები იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი ტესტი გვათამაშონ მაღალი დონის გუნდებთან.

ამიერიდან გვექნება შესაძლებლობა, ვეთამაშოთ ისეთ გუნდებს, რომლებიც ჩვენი დონის არიან და კარგად არ ვიცნობთ.

დარწმუნებული ვარ, ნოემბრის ტესტები და ივნისის ტურნირი, რომელიც თბილისში გაიმართება, ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ნაკრების განვითარებისთვის.

რა თქმა უნდა, იაპონიასთან მატჩის შემდეგ მოთამაშეები და მწვრთნელები გაწბილებულნი იყვნენ, მაგრამ მომავალი მატჩისთვის უფრო შეგულიანდებიან და უფრო მეტად მობილიზებულნი იქნებიან.

მომდევნო მეტოქე, ფიჯის ნაკრები სრულიად განსხვავებულ რაგბის თამაშობს. საინტერესო შეხვედრა იქნება. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებისთვის თამაშის ხარისხის გაუმჯობესება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული მატჩის ანგარიში.

ჩვენი გუნდი ახლა განვითა
რების პროცესშია და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა მსოფლიოს თასის მომავალ გათამაშებაში კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გავხდეთ.

ეს, ცხადია, გრძელვადიანი მიზანია. გვაქვს აგრეთვე მოკლევადიანი მიზანიც. მალე მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირი დაიწყება და საინტერესო სანახავი იქნება, როგორ ითამაშებს საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტების შემდეგ, შეძლებს თუ არა ის, კიდევ უფრო გააუმჯობესოს თამაშის ხარისხი".


თემურ ბენდიაშვილი, თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი:

"ამ თამაშმა გვიჩვენა, რომ საქართველოს ნაკრები უფრო მაღალი დონის გუნდი ყოფილა, ვიდრე იაპონიის ეროვნული ნაკრებია. ჩვენ ბევრად უკეთესი ათლეტები და მოთამაშეები გვყავს. წესით, ეს თამაში მინიმუმ 20 ქულის სხვაობით უნდა მოგვეგო.

იაპონელებს კარგად რაც გამოსდიოდათ, რაკიდან ბურთის სწრაფად გაწმენდა და ხაზზე გატანა იყო. რამდენიმეფაზიანი იერიშების ორგანიზებასაც ახერხებდნენ.

ვფიქრობ, რომ ჩვენს
მორაგბეებს ეგონათ, მეტოქეს ჯანით დაჯაბნიდნენ, რატომღაც უნდოდათ, იაპონელები გადაეჯეგათ. იმის გაკეთება კი, რასაც იაპონელები აკეთებდნენ, საქართველოს ნაკრებსაც შეეძლო, მაგრამ რატომღაც არ ისურვეს.

ხაზზე ბურთი ორჯერ გაიტანეს და ორივეჯერ უპირატესობა მიიღეს. მაშასადამე, ასე თამაში შესაძლებელი იყო, ჩვენს
გუნდს აქვს მაგის პოტენციალი.

სამწუხაროდ, რაკიდან ბურთი ძალიან ნელა გამოგვქონდა, რის გამოც მეტოქე დაცვაში გადაწყობას ახერხებდა.

სხვა არის ტაქტიკური მიკრო-შეცდომები, თუმცა, მიუხედავად ამისა, იაპონელების დამარცხება მაინც შესაძლებელი იყო.

მეტიც, გამარჯვების მოსაპოვებლად ისიც კი საკმარისი იქნებოდა, რასაც დავით ზირაქაშვილი შერკინებაში თავის ვიზავის უშვებოდა. დროულად რატომ არ გამოჰქონდათ ბურთი შერკინებიდან, ვინ მისცა ასეთი დავალება, არ ვიცი.

ფიჯის ნაკრები სულ სხვა გუნდია. თუ იმას ვერ გავაკეთებთ, რაშიც ძლიერნი ვართ, ვერ მოვუგებთ. ფეხით უაზროდ არ უნდა დავარტყათ. ვითამაშოთ იმ ტაქტიკით, რაც შეგვიძლია. თუნდაც ახალ ზელანდიას ეთამაშებოდე, რაც შეგიძლია, ის უნდა გააკეთო. შესაძლოა მაინც წააგო, მაგრამ არ გაბითურდები."


ნიაზ მამრიკიშვილი, საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი:

"ორივე გუნდი ცდილობდა, აქცენტი თამაშის თავის ძლიერ მხარეზე გაეკეთებინა. ჩვენი სიძლიერე გასაგებია, რომ მორკინალების დარტყმებით თამაშია.

სწორედ ამ გზით მოიპოვებდნენ ქართველი მორაგბეები უპირატესობას და, როცა რიცხობრივ უმრავლესობას აღწევდნენ, ცდილობდნენ ბურთის გათამაშებას.

იაპონიის ნაკრები საოცრად ორგანიზებული გუნდი გამოდგა. მთელი თამაშის განმავლობაში მრავალფაზიანი შეტევების ხარჯზე ცდილობდნენ მოედნის მთელი სიგანის გამოყენებას.

ეს სის
ტემა სწორედ მათი მწვრთნელის, ავსტრალიელი ედი ჯონსის შექმნილია და მისი იდეების რეალიზაცია იაპონელმა მორაგბეებმა შესანიშნავად შეძლეს.

ძალიან ცუდია, რომ მიწევს მსა
ჯობის თემაზე ლაპარაკი. არბიტრმა უამრავი შეცდომა დაუშვა, განსაკუთრებით მატჩის ბოლო ათი წუთის განმავლობაში. სამწუხაროდ, მისი საქციელი ჩემზე ტოვებს "ზემოდან ინსტრუქციამიცემული მსაჯის" შთაბეჭდილებას.

მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებს ცუდად არ უთამაშია. გუნდს ეტყობოდა პირველი თამაშის სინდრომი. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მორაგბეები ფიჯის ნაკრებთან უფრო ორგანიზებულად გაირჯებიან".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-იაპონია 22:25 - დავღეჭეთ, მაგრამ ვერ გადავყლაპეთ
მკითხველის კომენტარები / 2 /
არაფერი არ არის გასაკვირი იმაში რომ ჩვენებს ჯერჯერობით არ გამოზდით გაშლილი თამაშის ჩვენება რადგან აქამდე გვქონდა კონკრეტულად ჩვენი ტაქტიკა და თAმაშის სტილი აიღე და მიეძალე რაც თანამედროვე რაგბში შედეგს ვერ მოგვიტანს აქედან გამომდინარე გაშლილ და ხელით თამაშს შეიძლება ითქვას ეხლა ვსწავლობთ
0
ძალიან მიკვირს როგორც ახალი ზელანდია ინგლისი და ასე შემდეგ გაშლილ თამაშლ თამაშობენ ხან ერთ მხარეზე გადააქვთ ბურთი ხან მეორეზე და წინ მიიწევენ ჩვენები კი ჯიქურ შერკინებით მიიწევენ წინ და იმიტომაც არაფერი გამოდით გაშალონ თამაში და უფრო მეტი შანსი ექნებათ მოგების
misha
23:22 22-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული