გიორგი ნიჟარაძე: ძალიან მძიმე ერთა თასის გათამაშება გველის

AutoSharing Option
სარაგბო სეზონი ორ კვირაზე მეტია, დასრულდა, თუმცა წლეულს ტრადიციული დაჯილდოების ცერემონიალი და სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესო მორაგბეების გამოვლენა არ გაიმართება.

მიზეზი ძალიან მარტივია. საქართველოს ჩემპიონატი უწინდელისგან განსხვავებული ფორმატით, შემოდგომა-გაზაფხულის პრინციპით მიმდინარეობს და სარაგბო სეზონიც გაისად მაისში მთავრდება. გამარჯვებულებს და საუკეთესოებსაც სწორედ მაშინ გამოავლენენ.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის შეფასება საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ ორიოდ კვირის წინათ გააკეთა. ამჯერად კი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობის ხელმძღვანელთან მომავლის წლის გეგმებზე ვისაუბრეთ.

ცხადია, პირველი თემა შინაური ჩემპიონატი და მასში მოასპარეზე კლუბების, მდგომარეობა
იყო.

Sportall.Ge- ქართული რაგბის ყველაზე დიდი პრობლემა კლუბების მოუწესრიგებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზაა, რომლის გაუმჯობესებაზე რაგბის კავშირი მომავალი წლიდან გაათკეცებული ენერგიით აპირებს მუშაობას. უნდა დავეხმაროთ კლუბებს, რათა სპონსორები მოძებნონ.

მოგვწონს თუ არა, რაგბი საქართველოში პროფესიული ხდება. მოთამაშეებს კლუბებმა უნდა გადაუხადონ ხელფასი, შეუძინონ ეკიპირება, უზრუნველყონ მატჩზე ტრანსპორტირება. წელიწადში საშუალოდ 200-ათასლარიანი ბიუჯეტით ამის სრულფასოვნად განხორციელება შეუძლებელია.

თანაც, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ თანხას გუნდები სახელმწიფოს რაგბის განვითარების პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსებიდან იღებენ.

ზემოაღნიშნული ბიუჯეტი მით უფრო არ არის საკმარისი, თუ გუნდებს განვითარების პროგრამის განხორციელებას მოვთხოვთ. ამ შემთხვევაში მათ უნდა მოიძიონ დამატებითი ფული, რათა დააფინანსონ სპეციალისტების განათლება, შეიძინონ სპეციალური თანამედროვე პროგრამები, ასევე, შესაბამისი სპოტული ინვენტარი და სხვა.

- თუ მდგომარეობის გამოსწორება ვერ მოხერხდა, როგორ ფიქრობთ, რა უარყოფითი დაღი შეიძლება დაასვას ამან ქართულ რაგბის?
- ამ შემთხვევაში მივიღებთ ემიგრაციის კიდევ ერთ დიდ ტალღას. ბევრ კარგ მოთამაშეს, შესაძლოა, ნაკლებად განვითარებულ სარაგბო ქვეყანაში მოუწიოს წასვლა. ისინი ნაკრებისთვის დაკარგულნი იქნებიან. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ.

სპონსორების პოვნა ძალიან ძნელია. ამ საკითხის მოსაგვარებლად კი, უწინარესად, აუცილებელია ვიზრუნოთ მატჩების სატელევიზიო დაფარვისა და გაშუქების გაუმჯობესებაზე. თუ ტელეეთერით, სულ ცოტა, კვირაში ერთხელ მაინც არ გავიდა სიუჟეტი ქართულ რაგბიში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს ჩემპიონატზე და ასე შემდეგ, რომელ სპონსორობაზეა ლაპარაკი.

ეს პრობლემა დროულადაა მოსაგვარებელი და ის არა მარტო რაგბის აწუხებს, ზოგადად, ქართული სპორტის პრობლემაა.

- ფინანსური მოტივაციის გარდა, საკმაოდ მნიშვნელოვანია წმინდა სპორტული ინტერესი. დიდი ხანია, მიდის საუბარი ევროთასების რეორგანიზაციის შესახებ, სადაც ქართულმა თუნდაც ერთმა კლუბმა შესაძლოა "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში იასპარეზოს...
- დიახ, ჩვენ დიდი ხანია, საკუთარ წვენში ვიხარშებით. არადა, საერთაშორისო თამაშების გამოცდილება ქართულ გუნდებს და შესაბამისად, მორაგბეებსაც ძალზედ წაადგებათ.

სამწუხაროდ, ევროთასებზე ქართული გუნდები 2015 წლამდე ვერ ითამაშებენ. ამის ალტერნატივა არის ახალი ტურნირი, რომელშიც სავარაუდოდ საქართველოს, რუსეთის, უკრაინისა და რუმინეთის კლუბები იასპარეზებენ. ინიციატივა რუსეთის რაგბის კავშირმა გამოიჩინა და სპონსორსაც თვითონ მოიძიებს.

ყველა ამ ქვეყნის რაგბის კავშირებს უკვე გავუგზავნეთ ჩვენი მოსაზრება შეჯიბრების გამართვის ფორმატზე და ამჟამად მათგან პასუხს ველოდებით.

ამასთან ერთად, ვცდილობთ, საქართველოში მოვიწვიოთ უცხოური კლუბები, რათა უმაღლესი ლიგის ათივე გუნდს ჰქონდეს საშუალება, საერთაშორისო დონეზე თამაშის გამოცდილება მიიღონ. საბედნიეროდ, ინფრასტრუქტურა სამომავლოდ ამის საშუალებას მოგვცემს. 2013 წელს მწყობრში ჩადგება რუსთავის, მარტყოფისა და დიდი დიღმის სარაგბო კომპლექსები.

დამეთანხმებით, ეს რაგბის განვითარებისთვის სერიოზული ბიძგი იქნება.

- ქართული რაგბის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა კვალიფიციური მსაჯების მცირე რაოდენობაა. რა კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული ამ სფეროში მდგომარეობის გამოსწორების მიზნით?
- 9-10 იანვარს ირლანდიაში მივდივართ, სადაც IRB-სა და ირლანდიის რაგბის კავშირის ხელმძღვანელებს შევხვდებით. გვინდა ვთხოვოთ, რომ გამოგვიგზავნონ რამდენიმე მსაჯი, რომლებიც მატჩების მომსახურებასთან ერთად, ახალგაზრდა ქართველი არბიტრების აღზრდით იქნებიან დაკავებულნი.

ასეთივე თხოვნით ახალი ზელანდიის რაგბის კავშირსაც მივმართეთ. ისინი ჯერ კიდევ ფიქრობენ, ჩვენ კი ძალიან გვეჩქარება. საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრის მატჩებს ეს მსაჯები უკვე უნდა სჯიდნენ.

ჩვენ გვესმის, რომ ასეთი პროგრამის განხორციელება სერიოზულ ფინანსებთანაა დაკავშირებული, რომლის გაღების საშუალებაც არ გაგვაჩნია. ამიტომ IRB-სა და ირლანდიის რაგბის კავშირს ვთხოვთ, რომ მათი მხრიდან ეს იყოს ერთგვარი მხარდაჭერის, დახმარების პროგრამა. ვნახოთ, რა გამოვა.

- როგორ წარიმართება მუშაობა ახალი წლიდან მოზარდ თაობასთან?
- უამრავი პრობლემის მიუხედავად, ამ მიმართულებით სერიოზული წინსვლა გვაქვს. უწინარესად, უნდა აღვნიშნო, რომ შესანიშნავად მუშაობს რაგბის აკადემია. ახლახან რიჩი დიქსონმა გამართა მწვრთნელთა III დონის სემინარი, რომელიც აკადემიაში რეგულარულად ტარდება.

ძალიან კარგი ინიციატივა იყო აკადემიის ბაზაზე 9, 10 და 15 ნომრების სამდღიანი შეკრების გამართვა, რომელსაც ეროვნული ნაკრების თავკაცი რიჩი დიქსონი ხელმძღვანელობდა. სიახლე საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა და გადაწყდა, რომ მსგავსი წვრთნები ყველა პოზიციის მოთამაშეებისთვის რეგულარულად გაიმართება.

ცხადია, ეს მისასალმებელია, რადგან მორაგბეებს წარმოდგენა ექმნებათ, თუ რა მოთხოვნებია საიმისოდ, რათა ნაკრებში მოხვდნენ.

- მოდით, ეროვნულ ნაკრებზეც ვთქვათ. თებერვალში "ბორჯღალოსნები" ერთა თასის გათამაშებაში ჩაებმებიან, რომელიც 2015 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირიცაა...
- ძალიან მძიმე ერთა თასის გათამაშება გველის. კონკურენცია სერიოზული იქნება. ყველა ჩვენი მეტოქე ნელ-ნელა უმატებს, ვითარდება. მათ წარსულის შეცდომები გაითვალისწინეს და სტრატეგია შეცვალეს. ფულსაც ძალიან ბევრს ხარჯავენ.

თუმცა ჩვენგან განსხვავებით, რატომღაც გეზი უცხოელების ნატურალიზაციაზე აიღეს. ესპანეთსა და პორტუგალიას რუმინეთმა და რუსეთმაც მიბაძა. ბელგიის ნაკრებს კი თამამად შეიძლება ეწოდოს საფრანგეთის ერთ-ერთი ნაკრები.

ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. იოლი თამაში არავისთან გვექნება. წლეულს ქვედა დივიზიონიდან ამოსული ბელგიის ნაკრებიც არ იქნება ხელწამოსაკრავი. საკმაოდ კარგი გუნდია და არაფერი აქვს საერთო გერმანიისა და უკრაინის ეროვნულ ნაკრებებთან.

ამასთან ერთად, ჩვენს ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს. ერთა თასზე რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბე გამოჩნდება, თუმცა ძირითადი ტვირთი მხრებზე მაინც გამოცდილ მოთამაშეებს დააწვებათ.

ერთი სიტყვით, ჩვენი მიზანია ერთა თასის მოგება და 2015 წლის მსოფლიოს თასის საგზურის მოპოვება. სხვა შედეგი არ განიხილება. თანაც, აუცილებელია პირველი ადგილი დავიკავოთ, რათა მსოფლიოს თასზე C ჯგუფში (ახალი ზელანდია, არგენტინა, ტონგა და აფრიკის შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული) მოვხვდეთ, რადგან ეს ჯგუფი სხვებთან შედარებით ჩვენთვის ყველაზე მისაღებია.

- მომავალ წელს საქართველოს ნაკრებს საკმაოდ სერიოზული ტესტ-მატჩები ელის...
- ერთა თასის შემდეგ ივნისში ძალიან რთული მატჩი გველის არგენტინაში. ამ ქვეყნის რაგბის კავშირმა ჩვენი ნაკრები სპეციალურად დაპატიჟა და ეს ჩვენთვის დიდი პატივია. ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ იქ მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობა წავიყვანოთ. მით უმეტეს, რომ C ჯგუფში, რომელშიც მოხვედრა გვინდა, არგენტინის ნაკრებიცაა.

მანამდე კი, ივნისის დასაწყისში თბილისში პირველად ჩატარდება საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ტრადიციული გახდება. მასში მონაწილეობას მიიღებს წამყვანი სარაგბო ქვეყნების: არგენტინის, ირლანდიის, სამხრეთ აფრიკისა და იტალიის A ნაკრებებიდან რომელიმე ორი.

ამ შეჯიბრებაში ჩვენი გუნდი ეროვნული ნაკრების სტატუსით ითამაშებს, თუმცა რეალურად A ნაკრები იქნება. ამაზე შეგნებულად მივდივართ, რადგან გვინდა, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდა მორაგბეს მივცეთ თავის გამოჩენის საშუალება.

საქართველოს ეროვნული გუნდის პრობლემა მოკლე სათადარიგოთა სკამია და ამიტომ სწრაფად უნდა გამოიკვეთოს იმ მოთამაშეთა ჯგუფი, რომელიც ამ ხარვეზს გამოასწორებს.

ამის გარდა, ტესტ-მატჩები გვექნება ნოემბერშიც. უკვე გადაწყვეტილია, რომ თბილისში კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებები გვეწვევიან. იანვარში IRB-ში სტუმრობისას ვეცდებით, მესამე მატჩის გამართვის უფლებაც მივიღოთ. მეტოქედ გვინდა, რომ ტონგას ნაკრები იყოს ან რომელიმე კუნძულელი, რომლის თამაშის მანერაც ტონგოელთა სტილს ჰგავს.

Sportall.Ge- წლეულს საქართველოს ნაკრები მილტონ ჰეიგის ასისტენტმა კრის გიბსმა დატოვა. ხომ არ არის უკვე გარკვეული მისი შემცვლელის ვინაობა?
- კრის გიბსის შემცვლელი რამდენად შეიძლება ეწოდოს არ ვიცი, მაგრამ მოლაპარაკებას ტანა უმაგასთან ვაწარმოებთ. ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ გვაქვს.

თუ დავითანხმეთ, მაშინ ის 2013 და 2014 წლებში საქართველოში სამჯერ ჩამოვა: ერთა თასის მსვლელობისას, ივნისისა და ნოემბრის ტესტებზე; 2015 წელს კი, მთელი წელიწადის განმავლობაში გუნდთან ერთად უნდა იყოს.

- დიდი მადლობა ამომწურავი პასუხებისთვის და გისურვებთ წარმატებას ახალ 2013 წელს.
- მინდა ვისარგებლო და თქვენი გაზეთის მეშვეობით მადლობა გადავუხადო ყველა მორაგბეს, მწვრთნელს, მსაჯს, რაგბის კავშირის თანამშრომლებს და ჩვენს ქომაგებს, რომლებიც ერთგულად გვიდგანან მხარში. მინდა ყველას მივულოცო დამდეგი ახალი წელი და დავპირდე, ყველაფერს ვიღონებთ, რომ მომავალშიც არაერთხელ მივანიჭოთ სიხარული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ნიჟარაძე: ქართული რაგბის ინტერესები უმთავრესია
2015 წლის მსოფლიო თასის წი­ლი ნა­ყა­რია: საქართველოს სავარაუდო მეტოქეები
მილტონ ჰეიგი: მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვეთ და გვენ­დეთ
რა სტრატეგიული გეგმა აქვს საქართველოს რაგბის კავშირს? [I ნაწილი]
რა სტრატეგიული გეგმა აქვს საქართველოს რაგბის კავშირს? [II ნაწილი]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული