ადგილობრივი "ბორჯღალოსნები" ერთა თასისთვის უკვე ემზადებიან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 2 თებერვლიდან "ერთა თასის" გათამაშებაში ჩაებმება, რომელიც იმავდროულად, 2015 წელს ინგლისში გასამართავი მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევი ტურნირიცაა. პირველ შეხვედრას "ბორჯღალოსნები" სტუმრად, ბრიუსელში ტურნირის დებიუტანტ ბელგიის ნაკრებთან გამართავენ.

ამ მატჩისთვის მზადებას ქართველი მორაგბეები უკვე შეუდგნენ. ჩვენი ეროვნული გუნდის თავკაცმა მილტონ ჰეიგმა საქართველოში მოთამაშე ნაკრების კანდიდატები, სულ 16 მორაგბე შეკრიბა და "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" კვირაში ორჯერ ავარჯიშებს.

გამოძახებულთა შორის, ძირითადად, უკანახაზელები არიან. მორკინალთაგან ჰეიგმა შერკინების კვაჭები შალვა მამუკაშვილი (არმია) და რეზო ბელქანია (ლელო), ასევე, მესამეხაზელები ბექა ბიწაძე და გიორგი თხილაიშვილი
(ორივე - არმია) გამოიძახა.

სანაკრებო კანდიდატთა სიაში პირველად მოხვდა "არმიას" ცხრა ნომერი, 20 წლის რამაზ ჯინაშვილი. მასზე ერთი წლით უმცროსია ასევე ცხრა ნომრის პოზიციაზე მოთამაშე ვაჟა ხუციშვილი (ხარები). საინტერესო მოთამაშეა ასევე 20 წლის ქუთაისელი გარემარბი გიორგი ფრუიძე.

აღსანიშნავია, რომ გამოძახებულთა შორის ოთხი ფულბეკია. ეს ის პოზიციაა, რომელზეც ეროვნულ გუნდში ყველაზე სერიოზული კრიზისი გვაქვს.

მის აღმოფხვრას ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), საბა ნიკოლავა და ბახვა კობახიძე (ორივე - არმია) შეეცდებიან. ძნელი სათქმელია, ჰეიგი რომელს ენდობა. ბოლო შეხვედრებში ფულბეკად რეგულარულად ყიასაშვილი თამაშობდა.

გამოცდილთაგან "ერთა თასისთვის" ემზადებიან გიორგი ბეგაძე (ბათუმი), გიორგი თხილაიშვილი (არმია), ლაშა ხმალაძე, ლექსო გუგავა (ორივე - ლელო), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი) და მერაბ შარიქაძე (ჰართპური).

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმზე, 2013-2014 წლების "ერთა თასის" გათამაშებების ჯამური შედეგით, პირველ და მეორე ადგილებზე გასულები ავტომატურად მოხვდებიან. მესამეადგილოსანს კი რეპეშაჟის გრძელი გზის გავლა მოუწევს.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა მომავალი კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი.

საქართველოს ნაკრები
გიორგი ბეგაძე (ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები), რამაზ ჯინაშვილი, საბა ნიკოლავა, ბახვა კობახიძე, შალვა მამუკაშვილი, ბექა ბიწაძე, გიორგი თხილაიშვილი (ექვსივე - არმია), ლაშა ხმალაძე, ირაკლი ყიასაშვილი, რეზო ბელქანია, ლექსო გუგავა (ოთხივე - ლელო), მერაბ შარიქაძე (ჰართპური), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), გიორგი ფრუიძე (აია).

ერთა თასი 2013
2 თებერვალი
ბელგია-საქართველო

9 თებერვალი
საქართველო-პორტუგალია

23 თებერვალი
რუსეთი-საქართველო

9 მარტი
საქართველო-ესპანეთი

16 მარტი
რუმინეთი-საქართველო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბექა წიკლაურსაც მიეცით თავის გამოჩენის საშუალება.
ნუგო
14:26 08-01-2013
0
ბექა წიკლაურს მიეცით შანსი.
ნუგო
14:35 08-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული