გუნდები, ცხადია, სერიოზულად ემზადებიან მომავალი ბატალიებისთვის და ექვსიდან სულ ცოტა, ხუთს, მსოფლიოს უდიდეს სარაგბო ფორუმზე მოხვედრა აქვს მიზნად დასახული.
"ერთა თასის" გათამაშების ორგანიზატორია FIRA AER, რომელიც ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე დაარსდა და მას შემდეგ ევროპის კონტინენტზე რაგბის ხელმძღვანელობს.
ვფიქრობთ, ურიგო არ იქნება, თვალი გადავავლოთ ისტორიას, რომელშიც დიდ როლს ჩვენი გუნდის უმთავრესი
პირველი ევროპული ტურნირი FIRA AER-მა, რომლის ვიცე-პრეზიდენტადაც ახლახან საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე აირჩიეს, 1935 წელს იტალიის დედაქალაქ რომში გამართა. იქ ერთმანეთს ფრანგები და იტალიელები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება მაშინ მასპინძლებს დარჩათ.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ევროპულ ბატალიებს ბერლინმა, პარიზმა და ბუქარესტმა უმასპინძლეს. რუმინელებმა სამივე ტურნირში იასპარეზეს და მხოლოდ ბუქარესტში შეძლეს საპრიზო ადგილის დაკავება.
1952-54 წლებში ტურნირს "ევროპის ჩემპიონთა თასი" დაარქვეს და მასში გამარჯვებას მუდამ საფრანგეთის ნაკრები აღწევდა. აღსანიშნავია, რომ FIRA AER-ის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებში არც მაშინ და არც მერე, ბრიტანულ გუნდებს არასდროს უთამაშიათ.
თერთმეტწლიანი შესვენების შემდეგ ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშება 1965 წელს განახლდა და რვა წელიწადი იარსება. ამ რვა გათამაშებიდან საფრანგეთმა შვიდი მოიგო, ერთხელ კი თასი რუმინელებს ხვდათ. ეს იყო 1968 წელს, როცა "მუხის ფოთლებმა" პირველად შეძლეს "ლე ბლოს" დამარცხება - 15:14.
აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის ტურნირში ჩეხოსლოვაკიის, პოლონეთისა და გერმანიის ნაკრებები ასპარეზობდნენ და არცთუ ურიგოდ.
ამის შემდეგ შეჯიბრებას კიდევ ერთხელ შეეცვალა სახელი და უბრალოდ "FIRA AER-ის თასი" დაარქვეს. ამ ტურნირმა 1997 წლამდე იარსება. 18 გათამაშებიდან ცამეტი საფრანგეთის ნაკრებმა მოიგო, ოთხი რუმინეთის ეროვნულმა გუნდმა და ბოლოს 1997 წელს გამარჯვება იტალიელებს დარჩათ.
აღსანიშნავია, რომ რუმინეთის ნაკრები ამ პერიოდში იმდენად მოღონიერდა, რომ საფრანგეთის ეროვნულ გუნდს, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ოთხჯერ მოუგო. 1974 წელი: რუმინეთი-საფრანგეთი -15:10, 1976 წელი: რუმინეთი-საფრანგეთი - 15:12, 1980 წელი: რუმინეთი-საფრანგეთი - 15:0, 1982 წელი: რუმინეთი-საფრანგეთი - 13:9.
საგულისხმოა, რომ საფრანგეთის 1982 წლის ფორმაციის ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესოა ამ ქვეყნის რაგბის ისტორიაში. აი, ისიც:
15. სერჟ ბლანკო, 14. მიშელ ფაბრი, 13. ფილიპ სელა, 12. პიერ შადებეში. 11. პატრიკ ესტევი, 10. დიდიე სკამბერაბერო, 9. პიერ ბერბიზიე. 1. პიერ დოსპიტალი, 2. ფილიპ დინტრანსი, 3. რობერ პაპარემბორი, 4. დანიელ რევე, 5. ჟან კონდომი, 6. ჟან-პიერ რივე, 7. ლორან როდრიგესი, 8. ჟან-ლუკ ჟუანელი.
რაგბის პროფესიულ რელსებზე გადასვლის შემდეგ სხვაობა რუმინეთისა და საფრანგეთის ნაკრებების დონეს შორის გაიზარდა. თუმცა ამას მხოლოდ რაგბის გაპროფესიონალებას ვერ დავაბრალებთ. გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოს რუმინეთში ტრაგიკული მოვლენები განვითარდა, რის შემდეგაც ამ სოციალისტური ქვეყნის დიქტატორი ნიკოლა ჩაუშესკუ და მისი მეუღლე დახვრიტეს.
საყოველთაოდ ცნობილი იყო, რომ ჩაუშესკუ სპორტს დიდ ყურადღებას უთმობდა და, ცხადია, ამით რაგბის რუმინული სამყაროც სარგებლობდა.
მას შემდეგ ამ ქვეყნის რაგბის ნაკრები მუდმივად კრიზისს განიცდის, მისი სათამაშო დონე ეცემა. იქამდეც კი მივიდნენ, რომ 2011 წლის მსოფლიოს თასზე მოსახვედრად "მუხის ფოთლებს" რეპეშაჟის, ანუ დამამშვიდებელი ტურნირის გავლა მოუწია.
1997 წელს იტალიის ნაკრები დააწინაურეს და უფრო მაღალი რანგის ტურნირში, "ხუთი ერის" გათამაშებაში მექვსე ერად დაუშვეს. FIRA AER-მა კი დიდხანს არ იფიქრა და 2000 წელს პირველად ჩაატარა ტურნირი, რომელსაც "ევროპის ერთა თასი" დაარქვა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ევროპაში რამდენიმე ახალი სარაგბო ერი გაჩნდა. მათ შორისაა საქართველოც, რომელიც დღემდე რუმინელთა ყველაზე მრისხანე მეტოქედ რჩება. ცხადია, სათვალავიდან გამოსარჩენი არც რუსეთის ნაკრებია.
თავიდან "ერთა თასის" გამარჯვებული ორი წლის ჯამში ვლინდებოდა, 2009 წლიდან კი ეს წესი შეიცვალა და საუკეთესო გუნდი ყოველ წელიწადს სახელდება.
ყველაზე მეტჯერ "ერთა თასი" საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა. "ბორჯღალოსნებმა" ამ ტურნირში ხუთჯერ გაიმარჯვეს, ოთხჯერ იპირველეს რუმინელებმა და ერთხელ პორტუგალიის ნაკრებმა.
რუმინეთის ნაკრების ოქროს თაობა: 15. ვასილიე იონი, 14. სორინ ფუიკუ, 13. მიჰაი ჰოლბანი, 12. ადრიან ლუნგუ, 11. მარიან ალდეა, 10. სტელიან პოდარასკუ, 9. მირჩა პარასკივი. 1. იონ ბუკანი, 2. მირჩეა მუნტეანუ, 3. კონსტანტინ დინუ, 4. გეორგიე დარაბანი, 5. გოერგიე კარაგეა, 6. ფლორინ მორარიუ, 7. ენცი სტოიკა, 8. გეორგიე დუმიტრუ.
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს აქამდე 16-ჯერ უთამაშიათ. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს რვაჯერ მოუგეს და ამდენჯერვე დამარცხდნენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მეტოქეების წარდგენა: ერთა თასზე "ბორჯღალოსნებს" "შავი ეშმაკებიღა" აკლდა
რუმინეთი-საქართველო 13:19 - სტადიონი ამათ დიდგორზე აუშენეთ! [+VIDEO]