რუსებისთვის საქართველოს ნაკრები დაუმარცხებელი ურჩხულია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა თასის გათამაშების მესამე ტურის მატჩში სტუმრად სოჭში, რუსეთის ეროვნულ გუნდს 23 თებერვალს დაუპირისპირდება.

"ბორჯღალოსნები" ამ მეტად პრინციპული მატჩისთვის "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ემზადებიან და 20 თებერვალს ღია ვარჯიში გამართეს.

ვარჯიში 10 საათზე იყო დანიშნული, თუმცა გუნდი მოედანზე ნახევარი საათის დაგვიანებით გამოჩნდა.

მილტონ ჰეიგის მიერ გაფართოებულ შემადგენლობაში გამოძახებული ყველა მორაგბე სრულიად ჯანმრთელი იყო და წვრთნაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

სრული დატვირთვით ივარჯიშა მესამეხაზელმა ვიქტორ კოლელიშვილმაც, რომელსაც ყვრიმალი ჰქონდა დაშავებული და შეძლებს თუ არა სოჭში თამაშს, 21 თებერვალს გაირკვევა.

Sportall.Geვარჯიში ტრადიციული
მოთელვით, ოღონდ ამჯერად განსხვავებული, სახალისო სისტემით დაიწყო.

ოცწუთიანი გახურების შემდეგ ჰეიგმა გუნდის ერთ ნაწილს ყვითელი მოსაცმელები ჩააცვა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთთან მატჩში ძირითადი შემადგენლობა იქნება. ის არაფრით განსხვავდებოდა მეორე ტურში პორტუგალიის ნაკრებთან მატჩის შემადგენლობისგან.

15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. თედო ზიბზიბაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.

პირველი ვარჯიში რაკში შესვლას, იქიდან სწრაფად გამოსვლასა და გადაწყობას დაეთმო. სამი მორაგბე რაკში შედის, სწრაფად გამოდის, გადაწყობაც მალევე ხდება და ისევ რაკში შედის.

Sportall.Geამას მოჰყვა სავარაუდო ძირითადი გუნდის დაცვაში ვარჯიში. სათადარიგოები უტევდნენ და ყვითელმოსასხამიანები ცდილობდნენ, მათთვის მოქმედების არეალი შეეზღუდათ.
დაცვაში ჰეიგმა თითქმის მთელი გუნდი ავარჯიშა. ის ხშირად ცვლიდა მორაგბეებს, ისე, რომ ყვითელი მოსასხამით გარჯა ყველას მოუწია.

მერე "ბორჯღალოსნებმა" აქამდე დამუშავებული შეტევის კომბინაციები გაიმეორეს, რომლებიც სათავეს სტატიკური მდგომარეობებიდან, შერკინებიდან და დერეფნიდან იღებდნენ.

აღსანიშნავია, რომ წვრთნაში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს რაგბის კავშირის მიერ მოწვეული ახალზელანდიელი მსაჯი რიჩარდ კელი. ის თამაშის სხვადასხვა ეპიზოდის განსჯას ცდილობდა, რაც ჩვენს მორაგბეებს სათამაშო დისციპლინის დაცვაში ეხმარებოდა.

ვარჯიშის მიწურულს ჰეიგმა ცხრა ნომრები: გიორგი ბეგაძე და ვაჟა ხუციშვილი დაიმარტოხელა და ორმოცმეტრიანი ხაზიდან მეტოქის ზურგს უკან ბურთის აბრაგანით გადატანაში ავარჯიშა.

Sportall.Geმოგვიანებით მათ გარემარბები ირაკლი მაჩხანელი და თამაზ მჭედლიძე შეუერთდნენ, რომლებიც დაკიდებულ ბურთებს იჭერდნენ.

ამ დროს ჰეიგის ასისტენტები ილია მაისურაძე და ილია ზედგინიძე მორკინალებს შერკინების დახვეწაში ეხმარებოდნენ.

ცალკე საკმაოდ დიდხანს ურტყამდნენ კარში სხვადასხვა პოზიციიდან ფულბეკები: მერაბ კვირიკაშვილი, ირაკლი ყიასაშვილი და ბექა წიკლაური.

ამასობაში სოჭში ინტენსიურად ემზადება რუსეთის ნაკრებიც, რომლის გაფართოებულ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა.

ტრავმების გამო საწვრთნელი ბანაკი დატოვეს მაქსიმ კისილიოვმა, ანდრეი გარბუზოვმა და მაქსიმ სტურზამ. მათ ნაცვლად რუსთა უელსელმა მწვრთნელმა კინგსლი ჯოუნზმა მოსკოვის "სპარტაკის" მესამეხაზელი დიმიტრი მალიაკინი და კრასნოდარის "ყუბანის" შერკინების ბურჯი მაგომედ დაუდოვი მიიწვია.

როგორც რუსეთის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ახალგაზრდა დაღესტნელი პირველხაზელი, რომელმაც კლუბის შემადგენლობაში შარშანდელ სეზონში შესანიშნავად იასპარეზა, ნაკრებში "ყუბანის" მთავარ მწვრთნელთან, ალექსანდრ ალექსეენკოსთან კონსულტაციის შემდეგ მიიწვიეს, რადგან შერკინების მარცხენა ბურჯის პოზიციაზე სხვა კანდიდატები: სერგეი პოპოვი, სერგეი ნოვოსიოლოვი და ვლადიმირ ბოტვინნიკოვი ტრავმირებულნი არიან.

Sportall.Geკიდევ ერთ რუსულ სარაგბო ვებგვერდზე, რომელიც ჩვენს კოლეგას სტას კოლპაკოვს ეკუთვნის, საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირებაზე საინტერესო წერილი გამოქვეყნდა სათაურით "ლანცელოტს ურჩხულის დამარცხება შეუძლია?" გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან.

"რაც დრო გადის, მით უფრო ძნელი ხდება, შეარჩიო სიტყვები რუსეთისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების დაპირისპირების თაობაზე.

მატჩის შედეგი ადვილად პროგნოზირებადია, ამ ორ გუნდს შორის სათამაშო დონის სხვაობა სულ უფრო იზრდება, ოპტიმიზმის საფუძველი კი მცირდება.

ყოველ წელიწადს იძულებულნი ვართ, ჩამოვთვალოთ ის უპირატესობები, რაც საქართველოს ნაკრებს გააჩნია.

ამ გუნდის მოთამაშეთა აბსოლუტური უმრავლესობა საფრანგეთის კლუბებში თამაშობს. ნაკრებს ზურგს უმაგრებს მსოფლიოს თასის სამი გათამაშების გამოცდილება და თანაც, რაგბი საქართველოში ერთი უცნაური თამაში არ არის, არამედ შესანიშნავი საშუალებაა, ცხოვრებაში რამეს მიაღწიო.

ცოდვა გამხელილი სჯობს და ყოველივე ამას ემატება ჩვენს სახელმწიფოთა შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა, რომელიც ცეცხლზე ნავთს ქართველებისთვის ასხამს.

ამასთან ერთად, ეჭვი მეპარება, რომ სოჭში რუსეთის ნაკრების მხარდასაჭერად იმის მეხუთედი ქომაგი მივიდეს, რაც საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად შარშან თბილისში ან თუნდაც უფრო ადრე ტრაბზონში მივიდა.

ჰო, კინაღამ დამავიწყდა: თამაში 23 თებერვალს, სამშობლოს დამცველის დღეს გაიმართება, რომელიც მანამდე საბჭოთა კავშირის წითელი არმიის დაარსების დღე იყო.

ჩვენს მეტოქეს მოტივაცია ისედაც არ აკლია და გამარჯვება იმ დღეს, რომელიც მეზობელი სახელმწიფოს სამხედრო ძლიერებას აღნიშნავს, განსაკუთრებულ ხიბლს იძენს.

- შეუძლია თუ არა რუსეთის ნაკრებს 23 თებერვალს დაამარცხოს საქართველოს ეროვნული გუნდი?

- შეუძლია. ოღონდ, თუ რკინაბეტონისებურ სათამაშო დისციპლინას დიდი ეშმაკობაც დაემატება, თუ უკიდურეს თავდადებას მივუმატებთ, მკაცრ გათვლას და ფორტუნაც თუ გაგვიღიმებს.

- ძალიან ბევრი "თუ" ხომ არ გამოვიდა?

- დიახ, ბევრია.

- მაგრამ რა ვქნათ, ჯერჯერობით სხვაგვარად არაფერი გამოდის."

საქართველო
პირველი ხაზი: დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), ირაკლი ნატრიაშვილი (ბრივი), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), შალვა მამუკაშვილი (არმია), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე)
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ტარბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლაშა ლომიძე (მონპელიე).
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (მონპელიე), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (არმია), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი).
#9: გიორგი ბეგაძე (ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ჰართპური), დავით კაჭარავა (როდეზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო).
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი).
#15: ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

რუსეთი
ვასილი არტემევი (ნორსჰემპთონი), მიხაილ ბაბაევი, ალექსანდრ ვოიტოვი, ალექსეი ვოლკოვი, იგორ კლუჩნიკოვი, სერგეი ტრიშინი, ალექსანდრ იანუშკინი (ყველა - ვვა), პაველ ბუტენკო, დიმიტრი გერასიმოვი, ინოკენტი ზიკოვი, იგორ კურაშოვი, ევგენი პრონენკო, ანდრეი ტემნოვი, ალექსეი შერბანი (ყველა - ენისეი), ანდრეი გარბუზოვი, ვიქტორ გრესევი, მაქსიმ კისილიოვი, ალექსეი მაკოვეცკი, ანდრეი ოტროკოვი, ანტონ რიაბოვი, მაქსიმ სტურზა, მაქსიმ ტიმოშუკი (ყველა - კრასნი იარი), ანდრეი იგრეცოვი (ფილი), პაველ კვერნაძე (სპარტაკი), კირილ კულემინი (ლონდონ ველში), იური კუშნარიოვი (ყუბანი), ანდრეი პოლოვალოვი, არტიომ ფატახოვი, სერგეი იანუშკინი (სამივე-აგროუნივერსიტეტი), სერგეი სუგრობოვი (სლავა).

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რუმინეთი 2 2 0 0 +21 8
2. საქართველო 2 2 0 0 +17 8
3. რუსეთი 2 1 0 1 -11 4
4. ბელგია 2 0 1 1 -4 3
5. ესპანეთი 2 0 1 1 -4 3
6. პორტუგალია 2 0 0 2 -19 1

III ტური. 23 თებერვალი
რუსეთი-საქართველო
ესპანეთი-რუმინეთი
პორტუგალია-ბელგია

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჭორი გავრცელდა, საქართველოს ნაკრები თამაშს უთმობსო რუსებს და დამარცხდებიანო პოლიტიკის გამო და თან ტოტალიზატორით ფინანსურ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებენო!!!! არ გაბედოთ დამარცხება არაფრის გამო, თორე ერი ეგრევე შეგიძულებთ!!!!
არ გაბედოთ!!!!!
13:54 21-02-2013
0
არანაერი დათმობა, პოლიტიკა სხვაა, რაგბი ჩვენ ქართულად მოვნათლეთ, ეს უფლის დამადლებული ნიჭია, არ დათმოთ რუსებთან არ გაქვთ უფლება!!!!
mdaaa...
14:48 21-02-2013
0

სიახლეები პოპულარული