"ბორჯღალოსნები" ესპანეთის ნაკრებს "მიხეილ მესხზე" უმასპინძლებენ

AutoSharing Option
ერთა თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე ესპანეთის ეროვნული გუნდია, რომელიც სამი ტურის შემდეგ სამი ქულით ბოლო ადგილზეა.

ესპანეთის რაგბის ფედერაცია ტურნირის დაწყების წინ იმედიანი განწყობით იყო და არაერთხელ ხმამაღლა განაცხადა, რომ 2015 წლის მსოფლიოს თასის საგზურისთვის რეალურად იბრძოლებს.

მეტიც, "ესპანელი ლომების" ახალზელანდიელი თავკაცი ბრაის ბევინი, რომელიც ამ ქვეყანაში 20 წელიწადზე მეტია მუშაობს, ამბობდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდებში მოხვედრა თუ გვინდა, ყველა თამაშში მინიმუმ 35 ქულა უნდა დავაგროვოთო.

თუმცა, მიმდინარე ტურნირის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ესპანელები დასახული მიზნისგან ძალიან შორს არიან.

მათ სამი თამაშიდან ორი წააგეს და ერთშიც ტურნირის დებიუტანტ ბელგიის ნაკრებთან ფრეს დასჯერდნენ. ყველაზე მეტი, 21 ქულა სწორედ ამ მატჩში დააგროვეს.

ერთი სიტყვით, ესპანელები შარშანდელზე უარესად ასპარეზობენ. ამის მიზეზს ნათელი მოეფინა იქაური რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის, ხავიერ გონსალეს კანჩოს მიერ ესპანური "მარკასთვის" მიცემულ ინტერვიუში.

გაირკვა, რომ ესპანეთის ფედერაციის ხელმძღვანელებში არაერთგვაროვანი მოსაზრება არსებობს ეროვნულ ნაკრებში წარმოშობით ესპანელი ფრანგების მიწვევასთან დაკავშირებით.

თავად პრეზიდენტი ამ პროცესის მომხრეა და მიაჩნია, რომ ესპანური რაგბი სწორედ ამ ხერხმა შეიძლება იხსნას სტაგნაციისგან.

სხვაგვარად ფიქრობენ მისი მიწინააღმდეგეები, რომლებიც, უმთავრესად, ფრანგული კლუბების თავგასულობაზე აპელირებენ. ისინი ხშირად მოთამაშეებს არ ათავისუფლებენ და ნაკრების მწვრთნელმა თამაშამდე ერთი კვირით ადრე არ იცის, იქნება თუ არა ესა თუ ის მორაგბე მის განკარგულებაში.

ეს, ცხადია, დამატებით სირთულეებს ქმნის. სწორედ ეს პრობლემა აწუხებს ამჟამად ესპანეთის ნაკრებს. ფრანგული კლუბების სიჯიუტის გამო ბრაის ბევინმა ბევრ კარგ მორაგბეზე თქვა უარი.

როგორც ჩანს, ეს თემა აქტუალურობას კიდევ დიდხანს არ დაკარგავს.

ახლახან ფრანგულ პრესაში გამოქვეყნდა "ტულონის" მულტიმილიონერი პრეზიდენტის, მურად ბურჯელალის ინტერვიუ, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებში მოთამაშე ლეგიონერების თემას მწვავედ შეეხო.

ბურჯელალმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ ლეგიონერებისთვის ანაზღაურების გადახდა უწევს იმ პერიოდშიც, როცა ისინი კლუბის განკარგულებაში არ არიან და თავიანთი ეროვნული გუნდებისთვის ირჯებიან.

"ნეტავ გამაგებინა, რატომ ვხარჯავ ამდენ ფულს ლეგიონერებზე. უკვე მომბეზრდა და დროა, ამ პრობლემის მოგვარებაზე ვიზრუნოთ. გასაოცარია ეს ყველაფერი.

ერთი კვირის წინ "ტულონის" მწვრთნელი ბერნარ ლაპორტი საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ეხვეწებოდა - შერკინების ორი ბურჯიდან ერთი მაინც დამითმეო"
- თქვა მურად ბურჯელალმა ზემოთ ნახსენებ ინტერვიუში.

ეს ორი ბურჯი, რომელსაც ტულონელი მულტიმილიონერი ახსენებს, დავით ქუბრიაშვილი და ლევან ჩილაჩავაა.

ქუბრიაშვილმა რუსეთის ნაკრებთან საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ითამაშა და ლელო გაიტანა, ჩილაჩავა კი, როგორც ჩანს, მილტონ ჰეიგმა "ტულონს" დაუთმო და იმავე დღეს საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა არ უთამაშია.

ესპანეთის ნაკრებთან მატჩს თუ დავუბრუნდებით, ერთი სიახლე ისიცაა, რომ შეხვედრა 9 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

არადა, იყო საშიშროება, თამაში "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გამართულიყო, რომელიც მხოლოდ 2 ათას მაყურებელს იტევს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ყველაფერი იღონა და ახალგაზრდული ნაკრების მატჩის ვადა გადასწია, სტადიონი კი მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუთმო.

ესპანეთი
გაბრიელ ორტისი (ინდეპენდიენტე), სესარ სემპერე (ელ სალვადორი), პედრო მარტინი, გლენ ლუისი (ორივე-ვალიადოლიდი), ხოსე ბლანკო (ვიგო), ხუან ანაია (ატლეტიკო მადრიდი), მეთიუ კუკი (ლა ვილა), მატიას ტუდელა (ტატამი), პაბლო ფეიხოო (ბერა ბერა), უნაი ლასა, ხუან მაგუნასელაია (ორივე-გერნიკა), ნიკოლას მარშალი, კორი სიმპსონი, ხუან ტუდელა (სამივე-ორდისია), ხუან გარსია (არასი), ლიონელ პარდო (ბეზიე), ხუან გოია (ბიარიცი), ჯო ჰატჩინსონი, ხაიმე ნავა (ბურგ ან ბრესი), ხესუს რეკუერდა (ლილი), ხესუს მორენო (ლიმოჟი), ტომ პარკერი (ვანი), დავით გურგენიძე (არმია).

* * *

რუმინეთს სიურპრიზს უმზადებენ
ერთა თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქე და უმთავრესი კონკურენტი - რუმინეთის ეროვნული გუნდი, მორიგ ტურში ტურნირის დებიუტანტს, ბელგიის ნაკრებს ბრიუსელში დაუპირისპირდება.

ბელგიელთა თავკაცმა რიჩარდ მაკინტოკმა იმ მორაგბეთა სია გააცხადა, რომლებიც "სტეჟარის" დაუპირისპირდებიან. "შავი ეშმაკების" განაცხადში ცვლილება არ არის. ფრანგმა სპეციალისტმა ის მოთამაშეები იხმო, რომლებიც გასულ უქმეებზე ლისაბონში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბელგიელებმა დებიუტანტის კვალობაზე შესანიშნავად იასპარეზეს. მათ "ლობუშებს" პირველ ტაიმში მინიმალური სხვაობით, 9:8 მოუგეს, თუმცა შესვენების შემდეგ მასპინძლებმა მაინც შეძლეს გამარჯვების მოპოვება - 18:12.

ბელგიის ეროვნული გუნდი ამჟამად სატურნირო ცხრილში ოთხი ქულით მე-4 ადგილზეა და რუმინეთის ნაკრებთან მატჩში ეცდება თავისი სენსაციური წინსვლის გაგრძელებას.

ბელგია
ალექსის კუფოლო, რაფაელ ოლივიე, მაქსიმ ჯადოტი, მეტიუ ვერშელდენი, სირილ ნანა, ენდრიუ ნეილი, კორენტინ ლეკლუ, ტომას დემოლდერი, ჟულიენ ბერგერი, კარლოს ფიერო, ტიბო ანდრე, გილემ ბრებანტი, გილემ პირონი, ფრდერიკ რონჟე, ალან ვილიამსი, სეპ დებეკერი, ბასტიან ვერმიულენი, ალენ მირიალაკისი, შარლ ფურნო, ჟულიენ მორელი, მიშელ დემოლდერი, სებასტიან გუნსი, კევინ დამსი.

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 3 3 0 0 +31 12
2. რუმინეთი 3 3 0 0 +31 12
3. პორტუგალია 3 1 0 2 -13 5
4. ბელგია 3 0 1 2 -10 4
5. რუსეთი 3 1 0 2 -25 4
6. ესპანეთი 3 0 1 2 -14 3

III ტური. 9 მარტი
საქართველო-ესპანეთი
პორტუგალია-რუსეთი
ბელგია-რუმინეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგრე რა მიშა მესხის სტადიონი,
toko
15:06 01-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული