საქართველო VS ესპანეთი - კაპიტნის გაცილება და რევანშის წყურვილი

AutoSharing Option
9 მარტს ქართველოს ნაკრები ერთა თასის გათამაშების მეოთხე ტურის მატჩში ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლიაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.

თამაშს ირლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი სტიუარტ გაფკინი იქნება.

"ლომები" თამაშს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რის გამოც თბილისში ოთხი დღით ადრე ჩამოვიდნენ და ყველა, მათ შორის კაპიტნის ვარჯიშიც დახურული ჰქონდათ.

ამ შეხვედრას ორივე გუნდისთვის მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ესპანელებმა, რომლებსაც ტურნირის დაწყების წინ დიდი ამბიციები ჰქონდათ, სამი თამაშიდან ორი წააგეს და
ერთში ფრეს დასჯერდნენ. ისინი სამი ქულით ბოლო ადგილზე არიან და თბილისში წაგება, მათ მდგომარეობას კატასტროფულს მიუახლოვებს.

თავის მხრივ, "ლომებთან" გამარჯვებას დიდი ფასი ადევს საქართველოს ნაკრებისთვის. ჯერ ერთი, შარშანდელი მარცხის გამო რევანშია ასაღები, მერე მოგების შემთხვევაში კიდევ უფრო გავიმყარებთ სატურნირო მდგომარეობას და ბოლოს, რაგბიდან ვაცილებთ ღვაწლმოსილ კაპიტანს ირაკლი აბუსერიძეს.

ყოველივე აქედან გამომდინარე "ბორჯღალოსნები" მაქსიმალურად მობილიზებლნი არიან და, წესით, 9 მარტს ქართული რაგბის ქომაგებს ზეიმი უნდა მოუწყონ.

* * *
Sportall.Ge

მატჩის წინა, ბოლო კაპიტნის ვარჯიში ესპანელებმა 8 მარტს დილის ათ საათზე გამართეს. თუმცა პრესკონფერენციაზე ნაშუადღევს, საქართველოს ნაკრების ვარჯიშის შემდეგ გამოცხადდნენ.

იქამდე კი ჟურნალისტების შეკითხვებს "ბორჯღალოსნების" თავკაცმა უპასუხა.

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"რუსეთთან მატჩის შემდეგ სამი მორაგბე დავიმატეთ, ირაკლი აბუსერიძე, ლევან დათუნაშვილი და რეზო ბელქანია.

ძირითადად, შემადგენლობა ისევ ძველებურია. განსხვავება ისაა, რომ ამჯერად ძირითად შემადგენლობაში თამაშს პირველ ხაზში სხვა მორაგბეები იწყებენ.

ვფიქრობ, ვასილ კაკოვინმა და დავით ქუბრიაშვილმა ეს დაიმსახურეს. იგივე შეიძლება ითქვას შერკინების კვაჭ რეზო ბელქანიაზეც, რომელიც მატჩისთვის მზადებისას მონდომებით გაისარჯა, დერეფანშიც ბურთს სტაბილურად აგდებდა. გადავწყვიტეთ, მისთვის შანსი მიგვეცა.

მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი გამოცდილი მოთამაშეა და შეუძლია თავისი ფიზიკური მონაცემებით მორკინალთა თამაში გააძლიეროს. გიორგი ჩხაიძეს საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა. ნაკრებში თამაშს კლუბში ასპარეზობას უნაცვლებდა და ამიტომ ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მივეცით, თანაც ჩვენ მზადების ორკვირიანი ციკლი გვაქვს. მომავალ უქმეებზე ბუქარესტში უმძიმესი თამაში გველის და ნაკრებში დათუნაშვილის გამოძახებისას ესეც გავითვალისწინეთ.

ესპანეთთან შარშანდელი მარცხი მწარედ მახსოვს. ის ჩემი სადებიუტო მატჩი იყო და ამბიცია მახრჩობს, ისე მინდა რევანში ავიღოთ. მთავარია, გუნდმა ჩემს მიერ მიცემული დავალება შეასრულოს და შედეგი თავისთავად მოვა.

მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის რაგბი ვაჩვენოთ. მოედანზე ცოტა ფეხი სხლტის და, იმედია, ეს თამაშში ხელს არ შეგვიშლის".


Sportall.Ge

ბრაის ბევინი, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ესპანეთის რაგბის ფედერაციაში ახალი ხელმძღვანელები მოვიდნენ, მეც ახალი მწვრთნელი ვარ, მოთამაშეთა გარკვეული კონტინგენტიც შეიცვალა და, ალბათ, სწორედ ამან განაპირობა ჩვენი ბოლოდროინდელი არასტაბილური გამოსვლა.

მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვეძლო რუსეთსა და ბელგიაში გამარჯვების მიღწევა. ცოტა უფრო გონივრულად რომ გვეთამაშა, რუმინეთის დამარცხებაც შესაძლებელი იყო.

შარშანდელთან შედარებით ჩვენი ნაკრების შემადგენლობა საგრძნობლად გადახალისდა. ამას სამი მიზეზი აქვს. ჩემი წინამორბედის დროს ნაკრებში ბევრი წარმოშობით ფრანგი თამაშობდა, რომელთა უმრავლესობამაც ამჯერად ესპანეთის ეროვნულ გუნდში თამაშზე უარი განაცხადა. მეორე მიზეზი ის არის, რომ მე თვითონ სხვა მორაგბეებზე გავაკეთე აქცენტი. მესამე კი ტრავმებია, რის გამოც რამდენიმე უკანახაზელი დაგვაკლდა.

საქართველოს ნაკრების თამაში, ცხადია, შესწავლილი გვაქვს. ისევე როგორც თქვენს მწვრთნელებს ჩვენი გუნდის თამაში. ვეცდებით შევუტიოთ ყველა შესაძლო მომენტში. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ფართო არსენალი და მატჩის მსვლელობისას გამოჩნდება რომელს გამოვიყენებთ".


ხუან მაგუნასელაია, ესპანეთის ნაკრების კაპიტანი:
"შარშანდელ მოგებულ თამაშსა და ამ მატჩს შორის პარალელის გავლება არ შეიძლება. მაშინ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასის გათამაშებიდან ახალი დაბრუნებული იყო. გუნდი მოდუნებული გახლდათ, მით უფრო, რომ მატჩს პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ამჟამად სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა. თამაშს სულ სხვა დატვირთვა აქვს, ამიტომ ქართველი მორაგბეები მაქსიმალურად მობილიზებულნი იქნებიან და აბსოლუტურად სხვა, უფრო მაღალი დონის რაგბის შემოგვთავაზებენ".


ევროპის ერთა თასი. IV ტური
09.03. თბილის. მ.მესხი. 15:00
საქართველო-ესპანეთი
საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. ვასილ კაკოვინი, 2. რეზო ბელქანია, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
16. ირაკლი ნატრიაშვილი, 17. ზურაბ ჟვანია, 18. დავით ზირაქაშვილი, 19. გიორგი ჩხაიძე, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. თედო ზიბზიბაძე, 23. ბექა წიკლაური

ესპანეთი: 15. სესარ სემპერე, 14. ჟულიენ გოია, 13. კარლოს ბლანკო, 12. ხაიმე ნავა, 11. მატიას ტუდელა, 10. კორი სიმპსონი, 9. ხაუნ კერეტო. 1. დავიდ გურგენიძე, 2. ლასა უნაი, 3. ხესუს მორენო, 4. მეთიუ კუკი, 5. ხესუს რეკუერდა, 6. ხუან მაგუნასელაია, 7. გლენ როლსი, 8. ლიონელ პარდო.
16. ავგუსტინ ორტისი, 17. ჯო ჰატჩინსონი, 18. ხუან ნავა, 19. ჯეკი კარტერი, 20. ნიკ მარშალი, 21. ხუან ტუდელა, 22. პაბლო ფეიხოო, 23. ტომ პარკერი.

მსაჯი: სტიუარტ გაფკინი (ირლანდია)

საქართველო-ესპანეთი
პორტუგალია-რუსეთი
ბელგია-რუმინეთი

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 3 3 0 0 +31 12
2. რუმინეთი 3 3 0 0 +31 12
3. პორტუგალია 3 1 0 2 -13 5
4. ბელგია 3 0 1 2 -10 4
5. რუსეთი 3 1 0 2 -25 4
6. ესპანეთი 3 0 1 2 -14 3

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გმადლობ, აბუ!
ირაკლი მაჩხანელი: ძველი ტაქტიკით იაპონიასაც მოვუგებდით და ფიჯისაც
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდი კაპიტანი მიდის და ღირსეულად უნდა გავაცილოთ... აბა ჩვენ ვიცით ხალხო:)
PARFIUMER
11:51 09-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული