საქართველო-ესპანეთი 61:18 - გმადლობ, აბუ! ყოჩაღ, ბიჭებო! [VIDEO]

AutoSharing Option
9 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ერთა თასის IV ტურის შეხვედრა ესპანეთის ეროვნულ გუნდთან გამართა და ანგარიშით 61:18 გაიმარჯვა.

გარდა იმისა, რომ ამ მატჩში "ბორჯღალოსნებს" ჯგუფში ლიდერობის შენარჩუნება-გამტკიცებისთვის პრემიალური ქულით გამარჯვება სჭირდებოდათ, ესპანელებთან შარშანდელი მარცხისთვის რევანშის აღებაც სურდათ. ამასთან, ეს ნაკრებიდან რეკორდსმენი კაპიტნის ირაკლი აბუსერიძის გაცილების მატჩი იყო...

ერთი სიტყვით, მილტონ ჰეიგის შეგირდებს ჯგუფის ბოლოადგილოსან ესპანელებთან მოტივაცია არ აკლდათ.

შეხვედრის დებიუტი ესპანელების იყო - მეექვსე წუთზე დანიშნული პირველივე საჯარიმო კორი სიმპსონმა ზუსტად დაჰკრა და თავისიანები
დააწინაურა, თუმცა ორიოდე წუთში საპირისპირო მხარეს დანიშნული ჯარიმით მერაბ კვირიკაშვილმა გაათანაბრა - 3:3.

12-ე წუთზე კვლავ სიმპსონმა გაიყვანა ჯარიმით სტუმრები წინ, 22-ეზე კი "მეკომ" ისევ აღადგინა წონასწორობა - 6:6.

ამის შემდეგ შესვენებამდე სტუმრებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს, სამაგიეროდ "ბორჯღალოსნებმა" გაილაღეს. ჯერ 25-ე წუთზე ირაკლი აბუსერიძისა და დავით კაჭარავას კონტრიერიში დიმიტრი ბასილაიამ მეტოქის ჩათვლის მოედანში ლელოს დადებით დაასრულა, შემდეგ კი 28-ე წუთზე თამაზ მჭედლიძესა და კოტე მიქაუტაძესთან ერთად განხორციელებული იერიშის შემდეგ ბურთი მერაბ შარიქაძემ დაამიწა.

კვირიკაშვილს არცერთ შემთხვევაში გაუფუჭებია რეალიზაცია, რასაც 33-ე წუთზე კიდევ ერთი საჯარიმოც მიამატა - 23:6.

მატჩის პირველი ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე "აბუმ" გაიბრწყინა - ფეხით ბრწყინვალედ გადაჰკიდა ფრთაზე, სადაც სამი ქართველი მორაგბის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი ესპანელი იდგა... სტუმარი, რა თქმა უნდა, ვერაფერს გახდა, ლაშა ხმალაძემ კი შეხვედრაში მესამე ლელო დადო. კვირიკაშვილმა კვლავ ზუსტად გარდასახა და ტაიმი 30:6 დასრულდა.

ქართველი მორაგბეების უპირატესობა შესვენების შემდეგაც თვალსაჩინო იყო და აი, 46-ე წუთზე "ბორჯღალოსნებმა" მეოთხე ლელოც მიითვალეს, რომელიც პრემიალურ ქულებს იძლევა. მარცხენა ფრთიდან ქართველთა იერიში ირაკლი მაჩხანელმა დაასრულა.

აქ კი სულ მთლად აირია ესპანეთის ნაკრები და კიდევ სამ წუთში ლევან დათუნაშვილის პასით ნაკრებს მეხუთე ლელო ვასილ კაკოვინმა მოუტანა.

"მეკომ" რეალიზაცია ორივე ჯერზე გააცუდა, თუმცა გული ალბათ არავის დასწყდებოდა, რადგან სხვაობა ამ დროისთვის უკვე ისედაც შთამბეჭდავი იყო - 40:6.

ამის შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს მატჩის სადავეები ცოტა ხნით დაუთმეს და ესპანელებმაც 60-ე წუთზე ლელო დაგვიდეს - თავი მატიას ტუდელამ გამოიჩინა. სტუმრებმა გარდასახვაც გამოიყენეს - 40:13.

და აი, 63-ე წუთზე მოედნიდან საქართველოს ნაკრების კაპიტანი გავიდა, რომელმაც ეროვნულ გუნდში ბოლო მატჩი ჩაატარა.

67-ე წუთზე კი "ბორჯღალოსნებმა" "ლომებს" კიდევ ერთი გაკვეთილი ჩაუტარეს - კვირიკაშვილმა, შარიქაძემ და ხმალაძემ ბურთი გაითამაშეს, შეტევის დასრულება კი დიმიტრი ბასილაიას მიანდეს, რომელმაც მატჩში მეორე ლელო მიითვალა. "მეკომ" ამჯერად გარდასახა - 47:13.

ხუთიოდე წუთში ესპანელებმა ჩვენ ჩათვლის მოედნის სახლოვეს დანიშნული შერკინებიდან იყოჩაღეს და თავიანთ მონაგარს კიდევ ერთი ლელო შემატეს. თუმცა მასპინძლებს სხვაობის კიდევ უფრო გასაზრდელად წუთზე ცოტა მეტი დასჭირდათ - მორიგი იერიში ლელოდ თამაზ მჭედლიძემ აქცია. ბექა წიკლაურმა კი გარდასხვა ზუსტად შეასრულა - 54:18.

მატჩის ბოლო წუთზე ქართველთა იერიშს მეტოქის ჩათვლის მოედანთან ხუთ მეტრში შერკინება მოჰყვა. მასპინძლებმა იძალეს და თამაზ მჭედლიძემ თავის მეორე, საქართველოს ნაკრებისთვის კი მერვე ლელო დადო. ბექა წიკლაურმა რეალიზაცია ზუსტად დაარტყა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 61:18.

მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა და მორაგბეებმა ნაკრებიდან რეკორდსმენი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძეს გაცილება მოუწყვეს.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნა, მომდევნო შეხვედრას კი რუმინეთის ნაკრებთან, ერთი კვირის შემდეგ, ბუქარესტში გამართავს, სადაც გადაწყდება კიდეც 2013 წლის ევროპის ერთა თასის გამარჯვებულის ვინაობა.

ევროპის ერთა თასი. IV ტური
09.03. თბილისი. მ.მესხი
საქართველო-ესპანეთი 61:18
საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. ვასილ კაკოვინი, 2. რეზო ბელქანია, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
16. ირაკლი ნატრიაშვილი, 17. ზურაბ ჟვანია, 18. დავით ზირაქაშვილი, 19. გიორგი ჩხაიძე, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. თედო ზიბზიბაძე, 23. ბექა წიკლაური

ესპანეთი: 15. სესარ სემპერე, 14. ჟულიენ გოია, 13. კარლოს ბლანკო, 12. ხაიმე ნავა, 11. მატიას ტუდელა, 10. კორი სიმპსონი, 9. ხაუნ კერეტო. 1. დავიდ გურგენიძე, 2. ლასა უნაი, 3. ხესუს მორენო, 4. მეთიუ კუკი, 5. ხესუს რეკუერდა, 6. ხუან მაგუნასელაია, 7. გლენ როლსი, 8. ლიონელ პარდო.
16. ავგუსტინ ორტისი, 17. ჯო ჰატჩინსონი, 18. ხუან ნავა, 19. ჯეკი კარტერი, 20. ნიკ მარშალი, 21. ხუან ტუდელა, 22. პაბლო ფეიხოო, 23. ტომ პარკერი.

მსაჯი: სტიუარტ გაფკინი (ირლანდია)

IV ტური

პორტუგალია - რუსეთი 23:31
ბელგია - რუმინეთი 14:32


სატურნირო მდგომარეობა

1 საქართველო 4 4 0 0 126-52 17
2 რუმინეთი 4 4 0 0 105-56 17
3 რუსეთი 4 2 0 2 67-84 9
4 პორტუგალია 4 1 0 3 66-87 5
5 ბელგია 4 0 1 3 60-88 4
6 ესპანეთი 4 0 1 3 63-120 3

16 მარტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი - ბელგია

VideoSportall.Ge
საქართველო - ესპანეთი 61:18 (მიმოხილვა)

ასევე იხილეთ:
მილტონ ჰეიგი: უკანახაზელებმა ისე ითამაშეს, როგორც არასდროს
მკითხველის კომენტარები / 11 /
მეტი სათამაშო დისციპლინა და ნაკლები კინკლაობა, მეტი ტემპი, დეტალებზე მეტი კონცენტრაცია, კონკურენციის ზრდა გუნდში, კლასის დახვეწა. ამას ყველაფერს ერთად თუ მოვახერხებთ დარჩენილ 2 წელიწადში ახალ ზელანდიას ნაღდად გავუწევთ ღირსეულ წინააღმდეგობას 40-50 წუთი და სამარცხვინოთ აღარ წავაგებთ
rezo
17:46 10-03-2013
0
გაიხარეთ მაგრები ხართ.წარმატებები
borjgali
19:27 10-03-2013
0

სიახლეები პოპულარული