საქართველო-ესპანეთი 61:18 - ერთა თასამდე ერთი ნაბიჯია [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო
"პირველი ათი წუთი ცუდად ვითამაშეთ. ხუთი შეცდომა დავუშვით, რაც ძალიან ბევრია.

პირველი ტაიმის და, ცხადია, მატჩის შედეგითაც კმაყოფილი ვარ, თუმცა უკეთ შეგვეძლო, დავალება შეგვესრულებინა.

კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო და დასახვეწი... თვითონ ბიჭებიც არ იყვნენ კმაყოფილნი, უკეთესად შეეძლოთ თამაში",
- თქვა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

საწყის ათ წუთში საქართველოს ნაკრებმა ესპანელების წინააღმდეგ, რომლებიც სრულიად მოულოდნელად ერთა თასის აუტსაიდერებად მოგვევლინნენ, თამაში მართლაც არეულად დაიწყეს. რამდენიმე შეცდომა ექვსი ქულის ფასად დაგვიჯდა და მე-11 წუთისთვის სტუმრები 6:3-ს გვიგებდნენ.

მომდევნო ათი წუთი
"ბორჯღალოსნებმა" თამაშის დალაგებას და უპირატესობის მეთოდურად მოპოვებას მოანდომეს. 21-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმოდან ანგარიში გაათანაბრა და პირველი ნახევრის დარჩენილ დროში უკვე მთლიანად ჩვენი ნაკრები დომინირებდა.

ესპანელებთან დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრებში ბოლო მატჩი გამართა და ქომაგებმა სათანადო პატივით გააცილეს ირაკლი აბუსერიძე, რომელმაც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თავისი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა. მე-9 წუთზე, როგორც დაგეგმილი იყო, სტადიონზე მისული ქომაგი ფეხზე წამოდგა და "აბუს" ოვაცია მოუწყო.

ესპანეთის ნაკრების რბევა კი 23-ე წუთიდან დაიწყო. მეტოქის მოედნის 40-მეტრიან ხაზთან ახლოს "ბორჯღალოსნებმა" ესპანელთა მორკინალებს რაკში ბურთი წაართვეს. აბუსერიძემ მარცხნივ, მოკლე ფრთაზე შუამარბ დავით კაჭარავას გადააწოდა და მიჰყვა.

22-მეტრიანი ზონის ხაზთან დათომ ბურთი ისევ "აბუს" დაუბრუნა, რომელმაც მარჯვნივ, იქვე მიმყოლი მესამეხაზელი დიმიტრი ბასილაია მოძებნა. მისთვის ხელის შეშლა კი ესპანელებმა ვეღარ შეძლეს. კვირიკაშვილმა გარდასახა - 13:6.

მეორე ლელო, რომელიც საქართველოს ნაკრებმა გაიტანა, მთლიანად აბუსერიძისა და ჩვენი გუნდის ახალგაზრდა თაობის შემოქმედების ნაყოფი იყო. შერკინება "ბორჯღალოსნების" მოედნის ნახევარზე დაინიშნა. იქიდან გამოსული ბურთი აბუსერიძემ მარჯვნივ, მოკლე ფრთაზე გარემარბ თამაზ მჭედლიძეს გაატანა. ამან მოედნის ცენტრამდე ირბინა და შეტევაში შუამარბი მერაბ შარიქაძე ჩართო, რომელიც ორ მოწინააღმდეგეს დაუსხლტა ხელიდან და მხოლოდ 22-მეტრიანი ზონის ხაზთან შეაჩერეს.

იქ წარმოქმნილი რაკიდან ბურთი მეორეხაზელმა კონსტანტინე მიქაუტაძემ აიტაცა. მას ლელომდე ხუთიოდე მეტრი დააკლდა.

ბურთთან დროულად გაჩნდა აბუსერიძე, რომელმაც იქვე, მარცხნივ ისევ შარიქაძეს დაუბრუნა ბურთი. მერაბი ორ მოწინააღმდეგეს არ შეეპუა და ბურთი ლელოში გადადო. კვირიკაშვილმა ისევ გარდასახა და ხუთ წუთში ზედ საჯარიმოც მიაყოლა - 23:6.

ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე მეტოქეს კიდევ ერთხელ ავართვით რაკში ბურთი. ამჯერად მოედნის ცენტრთან ახლოს, ჩვენი მოედნის ნახევარზე პირველხაზელმა ვასილ კაკოვინმა იყოჩაღა. რაკიდან ბურთი აბუსერიძემ გამოიტანა, რომელმაც დროულად შენიშნა ესპანელთა მოშიშვლებული ზურგი და ფეხით მეტოქის ლელოსკენ გადაკიდა. იქ ყველას მგეზავმა ლაშა ხმალაძემ დაასწრო და ჩათვლის მოედანში შეაღწია. კვირიკაშვილმა საკმაოდ რთული პოზიციიდან გარდასახა - 30:6.

ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

ცხადი გახდა, რომ საქართველოს ნაკრები მატჩის სადავეებს ხელიდან არ გაუშვებდა და ერთა თასის მიმდინარე გათამაშებაში მეოთხე გამარჯვებას მიითვლიდა. მეორე ნახევარში "ბორჯღალოსნებს" მინიმუმ ერთი ლელოს გატანა მართებდათ, რათა პრემიალური ქულაც მიეღოთ.

შესვენების შემდეგ, როცა ანგარიშში საგრძნობლად დავწინაურდით, გუნდი მეტად თავდაჯერებულად ათამაშდა და საწყის ათ წუთში საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი ლელოს გატანა მოახერხა.

45-ე წუთზე "ბორჯღალოსნებმა" კლასიკური კომბინაცია გაითამაშეს. მარჯვენა ფრთაზე დანიშნული შერკინებიდან ბურთი ბასილაიამ აბუსერიძეს გამოუტანა. ამან მარცხნივ მგეზავ ლაშა ხმალაძეს გადააწოდა, რომელმაც იერიშში შუამარბი მერაბ შარიქაძე ჩართო. მას ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი წამოეშველა, რომელმაც მეტოქის ხაზი გაჭრა და ზედ ლელოს ხაზთან მისულმა ბურთი მარცხნივ გარემარბ ირაკლი მაჩხანელს გადააწოდა.

ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად, ხელდახელ შესანიშნავი ბურთაობით მოხდა. კვირიკაშვილმა გარდასახვა ვერ გაიტანა - 35:6.

ამას სამ წუთში ჩვენი გუნდის მრავალფაზიანი შეტევა მოჰყვა, რომელიც მოედნის ცენტრთან ახლოს ვასილ კაკოვინის სოლო-რეიდით დაიწყო და მარცხენა ფრთაზე, ალამთან ახლოს მისივე ლელოთი დასრულდა. იერიშში მთელმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. კვირიკაშვილმა გარდასახვა ვერ გაიტანა - 40:6.

ესპანელები ამის მერე საგრძნობლად გააქტიურდნენ. მათი შეტევების სულისჩამდგმელი შეცვლაზე შესული ცხრა ნომერი პაბლო ფეიხოო იყო. 63-ე წუთზე "ბორჯღალოსნები" მარცხენა ფრთაზე რიცხობრივ უმცირესობაში აღმოჩნდნენ და გარემარბმა მატიას ტუდელამ ჩვენს ჩათვლის მოედანში შეაღწია. გარდასახვა მგეზავმა კორი სიმპსონმა გაიტანა - 13:40.

ერთ წუთში მილტონ ჰეიგმა აბუსერიძე შეცვალა. სიმბოლურია, რომ მისი ადგილი თვრამეტი წლის ცხრა ნომერმა ვაჟა ხუციშვილმა დაიკავა, რომელმაც ამ მატჩში მეორე კეპი მოიხვეჭა.

ხუთ წუთში ესპანელებს საპასუხო ლელო გავუტანეთ, რომელიც ისევ ხელდახელ ბურთაობით განხორციელებულ შეტევას მოჰყვა. ხუციშვილმა მარჯვენა ფრთაზე ჩვენი მორკინალების მიერ განვითარებული იერიშის მიმართულება შეცვალა და ბურთი მარცხნივ გამოათამაშა. მეტოქის ხაზი ხმალაძემ გაჭრა და ლელოსთან ათიოდ მეტრში მისულმა უფრო მარცხნივ, კიდესკენ დიმიტრი ბასილაიას გადააწოდა, რომელმაც მეორე ლელო მიითვალა. კვირიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 47:13.

უპასუხოდ არც ესპანელებს დავუტოვებივართ და ამჯერად ლელო მარცხენა ფრთაზე გათამაშებული კომბინაციის შედეგად გაგვიტანეს. თავი შეცვლაზე შესულმა ჯეკი კარტერმა გამოიჩინა. სიმპსონმა ვერ გარდასახა - 18:47.

მატჩის დარჩენილი ათი წუთი ახალგაზრდა გარემარბის, თამაზ მჭედლიძის ბენეფისად გადაიქცა. მან 74-ე წუთზე ეროვნულ ნაკრებში თავისი პირველი ლელო გაიტანა, რასაც თამაშის ბოლო წუთზე მეორეც მიაყოლა.

ორივე ლელო "ბორჯღალოსნების" გუნდური გარჯის შედეგი იყო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა მეტოქეს ბურთი ხელიდან მოედნის ცენტრთან ახლოს გამოაცალა და კონტრშეტევა მარჯვენა, გრძელ ფრთაზე გაგრძელდა, სადაც მესამეხაზელმა ვიქტორ კოლელიშვილმა სცადა ხაზის გაჭრა. ხუციშვილმა წარმოქმნილი რაკიდან ბურთი ხმალაძეს გაუტანა, რომელმაც მეტოქეს კიდევ ერთხელ გაუჭრა ხაზი და მარჯვნივ, კიდესკენ მჭედლიძე ჩართო შეტევაში.

მისთვის ხელი არავის შეუშლია. გარდასახვა შეცვლაზე შესულმა ბექა წიკლაურმა გაიტანა - 54:18.

მატჩის მიწურულს კი ესპანელები საკუთარი ლელოდან ხუთ მეტრში დაჯარიმდნენ. ჩვენმა მორაგბეებმა შერკინება მოითხოვეს. იქიდან ბურთი დიმიტრი ბასილაიამ აიტაცა და შეუტია. ის ზედ ლელოს ხაზთან შეაჩერეს. წარმოქმნილი რაკიდან ბურთი მჭედლიძემ გამოიტანა, ზურგით მდგომმა მოძრაობის მიმართულება შეცვალა და ჩათვლის მოედნის ხაზს იქით გადადო. წიკლაურმა საკმაოდ რთული პოზიციიდან გარდასახა - 61:18.

მატჩის შემდეგ
ბრაის ბევინი, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ვფიქრობ, უკეთესად თამაში შეგვეძლო, მეტად უნდა შეგვეტია, მაგრამ ფეხით ზედმეტად ვირჯებოდით. მეტოქეს ბურთს ვაძლევდით და ისიც კონტრიერიშის წამოწყების შანსს შესანიშნავად იყენებდა.

საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. ერთი-ერთზე კონტაქტისას ჩვენ აშკარად დავთმეთ და ამიტომაც მიაღწია თქვენმა გუნდმა ამხელა უპირატესობას.

საწყის ოც წუთში გავძელით, მაგრამ მერე კონცენტრაცია დავკარგეთ და დავისაჯეთ.

რუმინეთის ნაკრებს ცუდ პირობებში ვეთამაშეთ, მაგრამ მაინც შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ნაკრები უფრო ჩამოყალიბებული, კარგად შეკრული გუნდია".


ხაიმე ნავა, ესპანეთის ნაკრების ვიცე-კაპიტანი:
"საქართველოს ნაკრების მორაგბეები ჩვენზე სწრაფად, ძლიერად და ბევრად უკეთესად გაისარჯნენ. ძალიან კარგი, ძლიერი გუნდია. ვეცდებით, რომ შემდეგი თამაშებისთვის უკეთ მოვემზადოთ. დღევანდელი მარცხი საამისოდ შესანიშნავი გაკვეთილია".

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"კმაყოფილი ვარ გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეების გარჯით, თუმცა მათ ყოველ მატჩში უნდა დაამტკიცონ, რომ ძირითად შემადგენლობაში ეკუთვნით ადგილი.

ხარვეზები, როგორც უკვე ვთქვი, საკმაოდ გვქონდა. კარგი ის იყო, რომ სამჯერ შევძელით მეტოქისთვის ბურთის რაკში წართმევა და კონტრშეტევაზე ლელოს გატანა. ამ კომპონენტზე მომავალშიც ვიმუშავებთ, განსაკუთრებით კი, რუმინელებთან მატჩის წინ.

ამასთან ერთად, მინდა აღვნიშნო, რომ უკანახაზელებმა ისე ითამაშეს, როგორც არასდროს. კმაყოფილი ვარ, თუმცა სასურველი ხარისხისგან ჯერ კიდევ შორს ვართ
.

ირაკლი აბუსერიძე გავაცილეთ. მან უდიდესი სამსახური გაუწია ქართულ რაგბის. ის მენტალურად ახლაც მზად არის სათამაშოდ, მაგრამ ნაკრების მომავლისთვის უკეთესი იქნება, თუ ახალგაზრდა ცხრა ნომრის მომზადებას ახლავე დავიწყებთ.

ვაჟა ხუციშვილი კარგად ჩაერთო თამაშში. მასაც ჰქონდა მცირე ხარვეზები, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და თავისი სანაკრებო კარიერის დასაწყისშია. ის ერთ-ერთია საქართველოში, რომელსაც ბუნებრივად გააჩნია ცხრა ნომრის მოთამაშის ნიჭი.

რუმინეთთან მატჩს, ცხადია, დიდი მნიშვნელობა აქვს. რამდენიმე მორაგბე დაგვიშავდა. ჯერ არ ვიცით, ტრავმები რამდენად სერიოზულია და ამიტომ ძნელი სათქმელია, შეიცვლება თუ არა შემადგენლობა. გვინდა, "ტულუზის" შერკინების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე გამოვიძახოთ. ვფიქრობ, მას რეალურად შესწევს ძალა, მორკინალთა თამაში გააძლიეროს.

ინგლისური გამოთქმაა: "უკეთესობისკენ სავალი გზა არასდროს მთავრდება". ჩვენც ამ გზაზე სიარული უნდა გავაგრძელ
ოთ. თუ მომდევნო მატჩში ოთხი-ხუთი შეცდომით ნაკლებს დავუშვებთ, შეიძლება ჩაითვალოს, რომ პროგრესი გვაქვს".

ევროპის ერთა თასი. IV ტური
09.03. თბილისი. მ. მესხი
საქართველო-ესპანეთი 61:18
საქართველო (15-9) ხმალაძე, მჭედლიძე, კაჭარავა, შარიქაძე, მაჩხანელი, კვირიკაშვილი (წიკლაური 69), აბუსერიძე (ხუციშვილი 64). (1-8) კაკოვინი (ჟვანია 54), ბელქანია (ნატრიაშვილი 54), ქუბრიაშვილი (ზირაქაშვილი 48), დათუნაშვილი, მიქაუტაძე (ჩხაიძე 64), კოლელიშვილი, გორგოძე (სუთიაშვილი 58), ბასილაია.
8ლ: ბასილაია (2), შარიქაძე, ხმალაძე, მაჩხანელი, კაკოვინი, მჭედლიძე (2). 6გ: კვირიკაშვილი (4), წიკლაური. 3ს: კვირიკაშვილი.
ესპანეთი (15-9) სემპერე, გოია (კარტერი 41), ბლანკო (მარშალი 30), ნავა, მ. ტუდელა, სიმპსონი, სერეტო (ფეიხოო 41). (1-8) გურგენიძე (ჰათჩინსონი 53), უნაი (ანაია 58), მორენო (ორტისი 53), კუკი (პარკერი 58), რეკუერდა, მაგუნასელაია (ხ. ტუდელა 58), როლსი, პარდო (მორენო 79).
2ლ: ტუდელა, კარტერი. 2ს,გ: სიმპსონი.
სინბინი: ორტისი.
მსაჯი: სტიუარტ გაფკინი (ირლანდია)

VideoSportall.Ge
საქართველო - ესპანეთი 61:18 (მიმოხილვა)


პორტუგალია-რუსეთი 23:31
ბელგია-რუმინეთი 14:32

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ პ ქ
1. საქართველო 4 4 0 0 +74 1 17
2. რუმინეთი 4 4 0 0 +49 1 17
3. რუსეთი 4 2 0 2 -17 1 9
4. პორტუგალია 4 1 0 3 -21 1 5
5. ბელგია 4 0 1 3 -28 2 4
6. ესპანეთი 4 0 1 3 -57 1 3

V ტური. 16 მარტი
რუმინეთი-საქართველო
ესპანეთი-პორტუგალია
რუსეთი-ბელგია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული